„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.10.2022
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/193/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-8 მუხლის მე-19 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმულირებით: „ე) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდის ან/და სხვა ფინანსური ინსტრუმენტის ემისია, მართვა (მათ შორის, საპენსიო და საინვესტიციო ფონდების ან დანაზოგთა სხვა კოლექტიური და ინდივიდუალური სქემების ფორმირება, მათში ფინანსური ინსტრუმენტების აკუმულირება, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის და საპენსიო კომპანიის საქმიანობა), განკარგვა, განთავსება (მათ შორის, მესამე პირებთან, გარანტირებულ და არაგარანტირებულ საფუძვლებზე), ნომინალურ მფლობელობაში მიღება/გადაცემა, სესხება/გასესხება დროებით (რეპოს) საფუძველზე, ადმინისტრირება, მათ შორის, რეგისტრაცია (რეესტრის ფორმირება/წარმოება), გადაცემა, დაბლოკვა/განბლოკვა, დატვირთვა/განტვირთვა, სხვა დეპოზიტარული (მათ შორის, სპეციალური დეპოზიტარის) და კასტოდიანური (შენახვა და აღრიცხვის წარმოება) ოპერაციები, მათი სამართლიანი ღირებულების დადგენა, აგრეთვე ფინანსური გირაოს გაცემა/მიღება/მართვა;“. 3. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1 - ღ2“ ქვეპუნქტები: „ღ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით;“; ღ2) „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მზღვეველს, აქტივების მმართველ კომპანიასა და საპენსიო კომპანიას ამავე კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით;“. 4. 82-ე მუხლის პირველ ნაწილის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული თანხები;“; ბ) “ბ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ4“ ქვეპუნქტი: „ბ4) ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემაში: ბ4 ა) მონაწილის მიერ ან/და მის სასარგებლოდ წლის განმავლობაში ჯამურად 6000 ლარამდე განხორციელებული საპენსიო შენატანი; ბ4.ბ) მონაწილის მიერ საპენსიო სქემაში მონაწილეობის შედეგად მიღებული სარგებელი, გარდა პენსიის გაცემამდე საპენსიო სქემის შეწყვეტისას საპენსიო აქტივების გატანის შემთხვევისა; ბ4 გ) მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას, ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლისას ან შესაძლებლობის შეზღუდვისას მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო შენატანი პროგრამული გატანით ან ანუიტეტის ფორმით მიღებისას. ამასთან, პენსიის ერთიანი გატანის შემთხვევაში, გარდა ბენეფიციარის მიერ პენსიის გატანისა, დაბეგვრას ექვემდებარება „ბ4.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის ფარგლებში განხორციელებული შენატანი ამ კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განაკვეთით; 5. 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისას – დამქირავებლის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის მოცულობა;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) დამქირავებლის მიერ დაქირავებულის სასარგებლოდ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო სქემაში განხორციელებული შენატანის მოცულობა.“. 6. 154-ე მუხლს პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი: „ჟ) აქტივების მმართველი კომპანია, მზღვეველი ან საპენსიო კომპანია - „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საპენსიო სქემის მონაწილისათვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების გაცემისას.“. 7. 238-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 ნაწილი: „14. ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებზე“. 8. 309-ე მუხლს 133-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 134-ე ნაწილი: „134. იმ იურიდიული პირების მიერ, რომლებიც „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობას, 2024 წლიდან განხორციელებულ განაცემებზე ვრცელდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ურთიერთობებთან დაკავშირებული ამ კოდექსით განსაზღვრული ნორმები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის პირველ იანვარს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს მოქმედი რედაქცია ფაქტობრივად არის უმოქმედო, რადგან ის არ ასახავს საერთაშორისოდ აღიარებულ იმ პრინციპებს, რომლებიც აუცილებელია კერძო ნებაყოფლობითი საპენსიო ბაზრის ეფექტური ფუნქციონირებისათვის. აღნიშნული კი მოიაზრებს, როგორც კერძო საპენსიო სქემების მონაწილეთათვის შესაბამისი წამახალისებელი მექანიზმების გაჩენასა და ეფექტური საზედამხედველო ჩარჩოს დაწესებას, ისე კერძო დაგროვებითი საპენსიო საქმიანობის მოქნილ და ეფექტურ სტრუქტურას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ყველა მოქალაქეს (დამსაქმებლებს, დასაქმებულებსა და ნებისმიერ სხვა პირს) საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გაწევრიანდნენ კერძო საპენსიო სქემებში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შემუშავდა „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო ბაზრის განვითარება, აღნიშნულ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა, გრძელვადიანი ინვესტიციების წახალისება და მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვა. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით ძალადაკარგულად იქნება გამოცხადებული „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით და მიზნად ისახავს მისი განხორციელების უზრუნველყოფას შესაბამისი საგადასახადო რეჟიმის ამოქმედებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმისათვის რომ ნებაყოფლობითმა კერძო საპენსიო სქემებმა რეალურად შეძლონ ჩანაცვლებადობის კოეფიციენტის ზრდა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაში წვლილის შეტანა, და ასევე რომ გაუწიონ კონკურენცია დაგროვებით საპენსიო სქემას, მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი საგადასახადო ჩარჩოს შემოღება. დღეს ნებაყოფილობითი კერძო პენსიები რომლებიც მოქმედებენ „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ სარგებლობენ იგივე შეღავათებით, რითაც დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეები. შესაბამისად, დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედებისას, იმ მომენტისათვის არსებული კერძო საპენსიო სქემებიდან მოხდა მონაწილეთა და შესაბამისად საპენსიო აქტივების ერთჯერადი დიდი გადინება, რაც გამოწვეული იყო (ა) დაგროვებითი საპენსიო სქემების სავალდებულო ხასიათით და (ბ) საგადასახადო შეღავათით რასაც მონაწილეები დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულობით მიიღებდნენ. შესაბამისად, იმისათვის, რომ დამატებით გავზარდოთ ჩანაცვლებადობის კოეფიციენტი, მეტი საგადასახადო სტიმულის არსებობა არის საჭირო. მაგალითისთვის ევროკავშირსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებში (OECD countries) ჩანაცვლებადობის კოეფიციენტი 60-70 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. საქართველოში კი საშუალო გათვლებით, 35 წლიანი სამუშაო სტაჟის შედეგად, სადაც პენსიაზე გასული მოქალაქე უნივერსალურ სახელმწიფო პენსიასთან ერთად (დღეის მდგომარეობით საშუალოდ 260 ლარი) ასევე დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობით, სადაც საშუალო ხელფასის (1,368 ლარის) 0.5-დან 1-ის ჯეროვან შემოსავალს ღებულობს, საპენსიო ასაკში გასვლისას 40-55 პროცენტის ჩანაცვლებადობის კოეფიციენტს მიიღებს. შესაბამისად უზრუნველყოფილი სიბერის მიზნის მისაღწევად და დასავლური და განვითარებული ქვეყნების სტანდარტებთან დასაახლოვებლად მნიშვნელოვანია დამატებითი საპენსიო დანაზოგის სტიმულის შექმნა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემაში ჩართული მონაწილეები შეძლებენ შემოსავლის დამატებითი ნაწილი, რომელიც როგორც წესი ყოველთვიური ხარჯის გაღების შემდეგ რჩებათ (discretionary income), მიმართონ სარგებლიან საპენსიო დანაზოგებს. საპენსიო რეფორმა, თავისი არსით გრძელვადიან შედეგსა და მიზანზეა ორიენტირებული, შესაბამისად ზემოთხსენებული ჩანაცვლებადობის კოეფიციენტის ზრდა დამოკიდებული იქნება ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების წარმატებაზეც. სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, აგრეთვე იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც მოქმებდეს ე.წ. მეორე სვეტის - სავალდებულო დაგროვებითი პენსია, ნებაყოფილობითი კერძო პენსიების ე.წ. მესამე სვეტის პენსიების განვითარებას სჭირდება გარკვეული დრო. კანონპროექტით დადგენილი საგადასახადო შეღავათის ზღვრების დაწესებით, მოლოდინია რომ ამოქმედებიდან 5-7 წელიწადში საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ფიზიკურ პირთა აქტივების 30-40 პროცენტი მიემართოს ამგვარ საპენსიო დანაზოგებს. გრძელვადიანი ლარის მობილიზება და დანაზოგი თავის მხრივ იქნება განთავსებული ინსტიტუციურ ინვესტორებთან, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს და აღიშნულ აქტივებს ეკონომიკის პროდუქტიული განვითარებისათვის მიმართავს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი პროგრესული საგადასახადო რეჟიმის მიზნით და საპენსიო კონტრიბუციის კერძო ნებაყოფლობით საპენსიო სქემებში მონაწილეთა მოზიდვისათვის იმგვარ საგადასახადო რეჟიმს ადგენს, რომელიც მსგავსი იქნება დაგროვებითი პენსიის ფარგლებში არსებული საგადასახადო რეჟიმისა. აღნიშნული საგადასახადო რეჟიმი კერძო ნებაყოფილობითი საპენსიო სქემების შემთხვევაში იქნება შემდეგნაირი: საპენსიო შენატანებზე გადასახადი (contribution) ნახევრად გათავისფულებული (quasi-exempt), გადასახადი მოგებაზე (investment income) გათავისუფლებული (exempt) და გადასახადი საპენსიო ბენეფიტების გატანაზე (benefits) გათავისუფლებული (exempt). მართალია, აღნიშნული სისტემა მსგავსია მეორე პილარისათვის დამახასიათებელი საგადასახადო რეჟიმისა, სადაც სამივე გადასახადზე სრული გათავისუფლებაა (ე.წ. E-E-E სისტემა), ნებაყოფლობითი გარკვეულწილად კერძო პენსიის ბუნებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მისი განსხვავებულად იმპლემენტირება, რომელიც განხორციელდება შემდეგნაირად: საპენსიო შენატანებზე გადასახადები: შენატანები საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლდება გარკვეული თანხის ოდენობის ფარგლებში - 6,000 ლარი წლიურად, ხოლო თუ ჯამური წლიური შენატანები განხორციელდება აღნიშნულ ლიმიტზე მეტი ოდენობით, ამ შემთხვევაში ასეთი შენატანები დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით - ანუ მონაწილე არ ისარგებლებს საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებით წყაროსთან. კერძო ნებაყოფლობით პენსიებში მონაწილეთა მოზიდვისათვის და გრძელვადიანი დანაზოგების მობილიზება/სტიმულირებისათვის მიზანშეწონილია წლიური ლიმიტი (ზედა ზღვარი) განისაზღვროს 6,000 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ მონაწილე შეიძლება სარგებლობდეს ორი და მეტი სხვადასხვა საპენსიო სქემით, ამგვარად ლიმიტი უნდა გავრცელდეს კუმულატიურად მონაწილის მიერ ყველა კერძო ნებაყოფლობით სქემაში მონაწილეობაზე. გადასახადები მოგებაზე: კერძო ნებაყოფლობითი საპენსიო აქტივების ინვესტირებით მიღებული მოგება, ისევე როგორც დაგროვებითი პენსიის საპენსიო აქტივების მიერ გამომუშავებული მოგება, გათავისუფლებულია საგადასახადო ვალდებულებებისაგან. აღნიშული მიდგომა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკითაა აღიარებული და მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც საპენსიო აქტივი წარმოადგენს გრძელვადიანი ინვესტიციის განხორციელების ინსტრუმენტს, რომლით სარგებლობაზეც საპენსიო სქემის მონაწილე გარკვეული ვადით (პენსიაზე გასვლამდე) უარს ამბობს. ამგვარი გრძელვადიანი ინვესტიცია ემსახურება ფინანსური ბაზრების განვითარებას, აძლიერებს საინვესტიციო მოგებით მიღებულ სარგებელს და ხელს უწყობს საპენსიო აქტივების მთლიან ზრდას და აღნიშნული გენერირებული მოგების ეკონომიკაში უკან ჩაბრუნებას და ზრდას. საპენსიო ბენეფიტებზე (გატანაზე) გადასახადები: საპენსიო ბენეფიტები, ანუ თანხა რომლის გატანასაც საპენსიო სქემის მონაწილე შეძლებს, უნდა ექცეოდეს ისეთივე საგადასახადო რეჟიმის ქვეშ, როგორშიც დაგროვებითი საპენსიო ბენეფიტები ექცევა. შესაბამისად გატანილი საპენსიო ბენეფიტები გათავისუფლდება საგადასახადო ვალდებულებებისაგან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბენეფიტების გატანაზე ზემოაღნიშნული საგადასახადო რეჟიმი უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საპენსიო აქტივების კანონით განსაზღვრული წესების შესაბამისად გატანის შემთხვევაში, რაც საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ანუიტეტის სახით გატანას, პროგრამულ გატანას, ასევე საპენსიო ასაკამდე 5 წლით ადრე გატანის შესაძლებლობას ან შესაძლებლობის შეზღუდვისას და გარდაცვალების შემთხვევაში ბენეფიტის მიღებას გულისხმობს. საგულისხმოა, რომ საპენსიო აქტივების გატანა რომელიმე ზემოთ განსაზღვრული კანონისმიერი ფაქტის დადგომის გარეშე გამოიწვევს როგორც კონტრიბუციის საშემოსავლო გადასახადისაგან, ასევე საპენსიო აქტივებით გენერირებული მოგების გადასახადისაგან გათავისუფლების შეზღუდვას. აგრეთვე, იმისათვის რომ კერძო ნებაყოფლობითმა პენსიამ შეასრულოს თავისი მიზანი, რაც წარმოადგენს მონაწილისათვის უზრუნველყოფილი სიბერის შექმნას, კანონისმიერად განსაზღვრული ერთიანი გატანის შემთხვევაში, მონაწილეზე გავრცელდება შედარებით გამკაცრებული საგადასახადო წესი, კერძოდ მონაწილის კონტრიბუციებზე განხორციელებული ლიმიტის ფარგლებში შეღავათი ასეთ შემთხვევაში აღარ იმოქმედებს და საპენსიო აქტივების ის ნაწილი რომელიც კონტრიბუციებისაგან შედგება დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთით, ამის საპირწონედ ასეთი ერთიანი გატანისას არ დაიბეგრება მოგება, რომელიც საპენსიო აქტივებით იქნა გამომუშავებული საპენსიო ანგარიშის მოქმედების განმავლობაში. კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს სხვა ტექნიკური დეტალების მოწესრიგებას, როგორიც არის ძველი კანონის ტერმინოლოგიის ჩანაცვლებას ახლით, ნებაყოფლობით კერძო პენსიასთან დაკავშირებული კვალიფიცირებას, საგადასახადო საქმიანობის ფინანსურ საიდუმლოებასთან მომსახურება/ოპერაციად დაკავშირებული დებულებების გათვალისწინებას ნებაყოფლობითი კერძო პენსიებისათვის, საგადასახადო აგენტის პირების განსაზღვრას, მონაწილის საპენსიო აქტივების საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების არ გავრცელებას და გარდამავალი პერიოდის მანძილზე ძველ სქემებთან მიმართებით რეჟიმზე მითითებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა 2024 წლის პირველ იანვარს, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი ადამიანი ჩაერთვება ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემებში. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით აღნიშნულ საპენსიო სქემებში მოსახლეობის დიდი რაოდენობის ჩართვას გარკვეული დრო სჭირდება, შესაბამისად ამჟამინდელი გათვლებით, კანონის ამოქმედებიდან 5 წლის ვადაში თუ შემოსავლის მქონე მოსახლეობის მთელი შემოსავლის მოცულობის1 30 პროცენტი იქნება ათვისებული ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემებში და თუ ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო აქტივების გრძელვადიანი დანაზოგის მობილიზება იქნება წლიურად 140 მილიონი ლარის ფარგლებში მაშინ ბიუჯეტის სავარაუდო შემოსულობებით იქნება წლიური დანაკლისი შესაბამისი 0.50 პროცენტის ფარგლებში. სრული საგადასახადო კერძოდ, დაშვებულია რომ შემოსავლიანობის დიაპაზონის ყველა ჭრილში ქვეყანაში მაქსიმალური დამატებითი დანაზოგის ათვისება შესაძლებელია იყოს 900 მილიონ ლარამდე წელიწადში. აღნიშნული არ ითვალისწინებს კანონპროექტით დათქმულ 6,000 ლარის საშემოსავლო შეღავათს შენატანებზე, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ქვეყანაში მაქსიმალური წლიური დამატებითი დანაზოგი 400 მილიონ ლარამდე ჩამოდის. აღნიშნული კლება გამოწვეულია იმით, რომ შემოსავლიანობის მაღალი დიაპაზონის მქონე მოსახლეობაში მაქსიმალური ნომინალური წლიური კონტრიბუციის ზღვარის დაწესებით, რაც 6,000 ლარს წარმოადგენს, ამ შემოსავლიანობის ჯგუფის სქემაში კონტრიბუციის ის ნაწილი, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს სახელმწიფო საშემოსავლო ნაწილზე ნომინალურად ჩაკეტილია. ანუ თუ ამ ჯგუფის ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემაში კონტრიბუცია აღემატება წლიურ საშეღავათო ზღვარს, შეღავათს ზემოთ გაკეთებული კონტრიბუცია დაექვემდებარება საშემოსავლო განაკვეთით დაბეგვრას. ამრიგად, 1 გაანგარიშებულია შემოსავლების სამსახურის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით და მოიაზრებს 2022 წლის მეორე კვარტლის ყველა დიაპაზონის იმ ადამიანთა საშუალო რაოდენობას ვინც ამ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში მიიღო შემდეგი წყაროსთან დაბეგვრადი განაცემის ტიპი: ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, მომსახურების ანაზღაურება, მოგება, როიალტი, იჯარის მომსახურების ანაზღაურება, ამხანაგობის დასაბეგრი მოგების წილის მფლობელზე გაცემული შემოსავალი. კანონპროექტით გათვალისწინებული ზღვარი კეტავს წლიურ მაქსიმალურ კონტრიბუციას საპენსიო სქემებში 400 მილიონი ლარის ოდენობით. როგორც აღინიშნა პირველი 5 წლის თავზე მოსალოდნელია, რომ სქემამ აითვისოს მაქსიმალური კონტრიბუციის 30%-ის მოცულობა, რაც თავის მხრივ 120 მილიონ ლარს წარმოადგენს, ხოლო მასზე შეღავათის ფარგლებში არგავრცელებული 20 პროცენტიანი განაკვეთის საშემოსავლო გადასახადი 24 მილიონს, ეს კი თავის მხრივ 2021 წლის პირდაპირი საგადასახადო შემოსულობების 0.5%-ს წარმოადგენს. სხვა მხრივ კანონპროექტს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზეგავლენა არ ექნება. კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე აისახება ასევე იმ ჩანაწერით, რომელიც მიუთითებს, რომ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებზე“. აღნიშნული ჩანაწერი ერთის მხრივ მონაწილის ინტერესებისა და საკუთრების დაცვას ემსახურება, ხოლო მეორე მხრივ ექნება ნეგატაიური გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან საპენსიო აქტივებზე გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები ვერ გავრცელდება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას თუ რომელიმე უწყება აღნიშნული ბიუჯეტის დონეებიდან არ დააფუძნებს ისეთ ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემას, სადაც მონაწილეების სასარგებლოდ გასაკეთებელი კონტრიბუცია იქნება ბიუჯეტით გათვალისწინებული. აღნიშნული ამ კანონის პროექტის მომზადების ფარგლებში არ არის დაფიქსირებული. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: მოსალოდნელია კანონპროექტი ზეგავლენას იქონიებს იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც გადაწყვეტენ ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემაში ჩართვას. ზეგავლენა აისახება ამ პირების მიერ ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის სასარგებლოდ ყოველთვიურად, ან გარკვეულ დროს განხორციელებული შენატანებით. კერძოდ, ფიზიკურ პირებს, რომლებიც ამ სქემაში მიიღებენ მონაწილეობას დააკლდებათ ინდივიდუალურად განსაზღვრული შენატანების ოდენობა შემოსავლის იმ ნაწილიდან, რომლიდანაც გადაწყვეტენ ამ შენატანის გაკეთებას. აღნიშნული ამავე დროს აისახება მათთვის გრძელვადიან სარგებლად, რაც კანონპროექტის მიზნიდან გამომდინარე საკმაოდ გრძელვადიან დანაზოგში უნდა აისახოს. საშუალოდ ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემაში, სრული საპენსიო სარგებლის მისაღებად დაგროვება ხორციელდება სამუშაო სტაჟის განმავლობაში რაც 35 წელი შეიძლება იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ სქემა ნებაყოფლობითია, მონაწილეს სქემიდან გასვლა შეეძლება ნებისმიერ დროს, თუმცაღა ძირითადი კანონით (ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ კანონი) გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მონაწილე ვეღარ ისარგებლებს ამ კანონით დადგენილი შეღავათებით. საპენსიო დანაზოგის სრული შეღავათით მიღება შესაძლებელი იქნება - საპენსიო ასაკის მიღწევისას, კანონითა და სქემით გათვალისწინებული ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლის შემთხვევაში (საპენსიო ასაკამდე მაქსიმუმ 5 წლით ადრე) ან შესაძლებლობის შეზღუდვისას. პენსიის გატანა შესაძლებელი იქნება ასევე სამი გზით, რომლებსაც განსხვავებული შედეგი ექნება აგრეთვე მონაწილისათვის. კერძოდ მონაწილეს შეეძლება პენსია მიიღოს ერთიანი გადახდით, პროგრამული გატანით და ანუიტეტის ყიდვით. ერთიანი გადახდის შემთხვევაში მონაწილის საპენსიო აქტივები დაიბეგრება განხორციელებულ შენატანებზე. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი ამგვარ გატანაზე არ იმოქმედებს, ვინაიდან კანონის მიზანი არის მონაწილისათვის უზრუნველყოფილი სიბერის შექმნა და ჩანაცვლებადობის კოეფიციენტის ზრდა, ხოლო ერთიანი გატანის შემთხვევაში აღნიშნული მიზნის მიღწევა არ იქნება შესაძლებელი და მიზნის მიღწევის წახალისების საპირისპირო შედეგიც დადგება. მიუხედავად ამგვარი რეჟიმისა ერთიან გატანაზე, მონაწილის საპენსიო აქტივებით გამომუშავებული მოგება არ დაიბეგრება. თვალსაჩინოებისათვის იმ შემთხვევაში თუ მონაწილე 35 წლის მანძილზე აგროვებს ყოველთვიურად ერთი და იგივე რაოდენობის თანხას სქემაში და ამ პერიოდის მანძილზე მისი პორტფელის საშუალო შემოსავლიანობა წარმოადგენდა 10%, მისი საპენსიო აქტივებით გამომუშავებული მოგება ამ პერიოდის მანძილზე სრული საპენსიო აქტივების 85%-ს შეადგენს. პროგრამული გადახდის შემთხვევაში მონაწილე ისარგებლებს ყველა შეღავათით, მისი კონტრიბუცია, მოგება და გატანა არ დაექვემდებარება გადასახადს კანონით განსაზღვრული ფარგლების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს მხოლოდ შენატანებზე წლიურ 6,000 ლარის ლიმიტს. ანუიტეტის შემთხვევაში, ფაქტობრივად მონაწილე მზღვეველს მიყიდის თავის საპენსიო აქტივს და სანაცვლოდ მიიღებს მზღვეველისაგან ანუიტეტურ პროდუქტს, რომელიც მხარეთა მოლაპარაკების და სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით შეიძლება ითვალისწინებდეს გარანტირებულ პენსიას/გადასახადს მონაწილისათვის სიცოცხლის ხანგრძლივობით ან სხვა მექანიზმს შეთანხმებისამებრ. ანუიტეტიც საგადასახადო კუთხით პროგრამული გატანის მსგავს რეჟიმს ექვემდებარება. აღსანიშნავია რომ, გარკვეულ შემთხვევებში სქემას შესაძლოა ზეგავლენა გააჩნდეს სხვა ფიზიკურ პირებზე. კერძოდ, მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მისი კუთვნილი საპენსიო აქტივები შეიძლება მიემართოს მის მიერ სიცოცხლეში განსაზღვრულ ბენეფიციარზე ან თუ ასეთი ბენეფიციარი არ იყო განსაზღვრული სამოქალაქოს სამკვიდრო წესებით. ასეთ შემთხვევაში აღსანიშნავია რომ გარდაცვლილი სქემის მონაწილის საპენსიო აქტივების გატანა ბენეფიცირზე/მემკვიდრეზე მოხდება სრული შეღავათების გათვალისწინებით და ერთიანი გატანით ან ბენეფიციარი/მემკვიდრის პირად ნებაყოფლობით კერძო საპენსიო ანგარიშზე გადატანით. რაც შეეხება ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემაში ჩართულ იურიდიულ პირებს, იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელიც გადაწყვეტს მონაწილის სასარგებლოდ შენატანის გაკეთებას, დამსაქმებელი აღნიშნულს გაატარებს ხარჯად, რაც მის ფინანსურ ანგარიშგებებში მისთვის იქონიებს ზოგადად ნეგატიურ ზეგავლენას. ეს თავის მხრივ დამატებით ფინანსური სარგებელი იქნება სქემის იმ მონაწილეებისათვის, ვის სასარგებლოდაც დამსაქმებლები აღნიშნულ შენატანს განახორციელებენ. აღსანიშნავია აგრეთვე კანონპროექტით გათვალისწინებული საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-14 ნაწილი, რომელიც დამატებით იცავს სქემის მონაწილეებს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან, რაც დადებითად აისახება მონაწილის საპენსიო აქტივებზე და მეტად დაცულს გახდის მათ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის განსაზღვრას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. შეფასება: გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან და მიმართება საქართველოს ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის (ADB) ადგილობრივმა ექსპერტმა ვენერა (ნინო) სუქნიძემ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.