„სამრეწველო ემისიების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.12.2022
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/240/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამრეწველო ემისიების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-06
ბიუროს ნომერი 218

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი სამრეწველო ემისიების შესახებ თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის რეგულირების საგანი 1. ამ კანონის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიების პრევენცია ან სადაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, ემისიების შემცირება და კონტროლი, ასევე, ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია. 2. ეს კანონი განსაზღვრავს დაბინძურების გამომწვევი სამრეწველო საქმიანობებისთვის ინტეგრირებული ნებართვის გაცემის წესს, პირობებს და ამ პირობების შესრულების კონტროლს, ასევე, სახელმწიფო ორგანოებისა და ფიზიკური/იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს. 3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის I დანართით გათვალისწინებულ, დაბინძურების გამომწვევ სამრეწველო საქმიანობებზე, წვის დანადგარებზე და ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოებზე. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევით საქმიანობებზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაბინძურება - საქმიანობის შედეგად მავნე ნივთიერებების, ვიბრაციის, სითბოს ან ხმაურის პირდაპირი ან არაპირდაპირი გავრცელება ატმოსფერულ ჰაერში, წყალში ან მიწაში, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს, გამოიწვიოს ქონების დაზიანება, შეზღუდოს გარემოს შემადგენელ ელემენტებზე ხელმისაწვდომობა; ბ) საქმიანობის განმახორციელებელი - პირი, რომელსაც სურს ამ კანონის I დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება ან ახორციელებს აღნიშნულ საქმიანობას; გ) გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები - გარემოსდაცვითი ნორმები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით; დ) ზოგადი სავალდებულო წესები - ემისიის ზღვრული მნიშვნელობები და სხვა პირობები დარგობრივ დონეზე, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იქნას უშუალოდ ინტეგრირებული ნებართვის პირობების განსაზღვრის მიზნით; ე) ნივთიერება - ნებისმიერი ქიმიური ელემენტი და მისი ნაერთები, გარდა რადიოაქტიური ნივთიერებებისა და ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა; ვ) სახიფათო ნივთიერება - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ნივთიერება ან/და ნარევი; ზ) მონიტორინგი - გარემოს შემადგენელი ელემენტების (მიწა, წყალი, ჰაერი) ხარისხობრივი მდგომარეობის გაზომვა, დაკვირვება და ანალიზი; თ) ემისია - სტაციონარული ან დისპერსიული წყაროებიდან ნივთიერებების, ვიბრაციის, სითბოს ან ხმაურის პირდაპირი ან არაპირდაპირი გავრცელება ატმოსფერულ ჰაერში, წყალში ან მიწაში; ი) სტაციონარული წყარო - დაბინძურების იდენტიფიცირებული ადგილი, რომლიდანაც ხდება დამაბინძურებლების გარემოში გავრცელება ორგანიზებული ნაკადის სახით; კ) დისპერსიული წყარო - დაბინძურების არეალი, რომლიდანაც ხდება დამაბინძურებლების გარემოში გავრცელება არაორგანიზებული ნაკადის სახით; ლ) ემისიის ზღვრული მნიშვნელობა - ემისიის გარკვეული პარამეტრებით გამოხატული მასა, კონცენტრაცია ან/და დონე, რომლის გადამეტებაც დაუშვებელია დროის გარკვეულ პერიოდში ან პერიოდებში; მ) საზოგადოება - ერთი ან ერთზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; ნ) დაინტერესებული საზოგადოება - საზოგადოება, რომელიც დაინტერესებულია ინტეგრირებული ნებართვის გაცემასთან ან მისი პირობების განახლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებით, ან რომელზეც ახდენს ან შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს ასეთმა გადაწყვეტილებამ. დაინტერესებულ საზოგადოებას მიეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის მიზნებიც დაკავშირებულია ქვეყანაში გარემოს დაცვის ხელშეწყობასთან; ო) ინტეგრირებული ნებართვა - ამ კანონის მე-15 მუხლის გათვალისწინებით გამოცემული აქტი, რომელიც ინტეგრირებულ ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა, ეფუძნება დასკვნებს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედებას მთლიანობაში, მათ შორის, ემისიებს ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში, ნარჩენების წარმოქმნას, ნედლეულის გამოყენებას, ენერგოეფექტურობას, ხმაურს, ავარიების პრევენციას, მონიტორინგისა და საქმიანობის შეწყვეტის შემდგომ საქმიანობის განხორციელების ადგილის აღდგენა/რემედიაციის ღონისძიებებს; პ) ინტეგრირებულ ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობა - ამ კანონის I დანართით გათვალისწინებული ერთი ან ერთზე მეტი საქმიანობა, ან სხვა ნებისმიერი მათთან უშუალოდ (მათ შორის ტექნიკურად) დაკავშირებული საქმიანობა იგივე ადგილზე, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ემისია ან დაბინძურება. ასევე, წვის დანადგარის მოწყობა, ნარჩენების ინსინერაცია ან თანაინსინერაცია; ჟ) პირი - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირი; რ) დანადგარი - სტაციონარული ტექნიკური ერთეული, რომლის მეშვეობით ხორციელდება ინტეგრირებულ ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობა; ს) არსებითი ცვლილება - ტექნოლოგიის, ექსპლუატაციის პირობების ცვლილება, გაფართოება (მათ შორის წარმადობის გაზრდა), რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება იქონიოს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. არსებით ცვლილებად ასევე ითვლება საქმიანობის ფარგლებში ამ კანონის I დანართში მითითებული ზღვრების სულ მცირე გაორმაგება; ტ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა - საქმიანობების და მათი განხორციელების მეთოდების განვითარების ყველაზე ეფექტიანი და მოწინავე ეტაპი, რომელიც ინტეგრირებული ნებართვის ისეთი პირობების (ემისიის ზღვრული მნიშვნელობები და სხვ.) დადგენის საშუალებას იძლევა, რომლებიც მიმართულია ემისიებისა და მთლიანობაში გარემოზე ზემოქმედების პრევენციისკენ, ხოლო სადაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, შემცირებისკენ; უ) ტექნიკა - გამოყენებული ტექნოლოგია, ასევე ობიექტის დაპროექტების, მშენებლობის, ტექნიკური მომსახურების, ექსპლუატაციისა და ექსპლუატაციიდან გამოყვანის მეთოდები; ფ) ხელმისაწვდომი ტექნიკა - ტექნიკა, რომლის განვითარების დონეც იძლევა მისი გამოყენების საშუალებას შესაბამის სამრეწველო სექტორში, ხარჯსარგებლიანობის გათვალისწინებით, განურჩევლად იმისა, აღნიშნული ტექნიკის გამოყენება ან შემუშავება ხდება თუ არა საქართველოში. იმ პირობით, რომ ეს ტექნიკა, მიზანშეწონილობის ფარგლებში, ეკონომიკურად და ტექნიკურად ხელმისაწვდომია საქმიანობის განმახორციელებლისათვის; ქ) საუკეთესო - ყველაზე ეფექტიანი, გარემოს დაცვის თვალსაზრისით; ღ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის სახელმძღვანელო - ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე ევროპის კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც შედგენილია განსაზღვრული საქმიანობისთვის და აღწერს გამოყენებულ ტექნიკას, არსებული ემისიებისა და მოხმარების დონეებს, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის განსაზღვრისთვის გათვალისწინებულ მეთოდებს ასევე დასკვნებს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ და ნებისმიერ ახალ ტექნიკას, ამ კანონის III დანართში ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით; ყ) დასკვნები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ - საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის სახელმძღვანელო დოკუმენტის იმ ნაწილებს, სადაც განსაზღვრულია დასკვნები საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებით, მათი აღწერილობა, გამოყენების შესაძლებლობა, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები, შესაბამისი მოხმარების დონეები, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, საქმიანობის განხორციელების ტერიტორიის სათანადო რემედიაციის ღონისძიებები; შ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები - ემისიის დონეების დიაპაზონი, რომელიც მიღებულია საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ან საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის კომბინაციის ნორმალურ საექსპლუატაციო პირობებში გამოყენების შედეგად, როგორც ეს აღწერილია დასკვნებში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ და გამოხატულია საშუალო მაჩვენებლის სახით დროის გარკვეული პერიოდისთვის, განსაზღვრულ სტანდარტულ პირობებში; ჩ) ინოვაციური ტექნიკა - სამრეწველო საქმიანობისთვის განკუთვნილი ტექნიკა, რომელმაც მისი კომერციულად განვითარების შემთხვევაში შესაძლოა უზრუნველყოს გარემოს დაცვის მაღალი დონე ან გარემოს დაცვის მინიმუმ იგივე დონე და ხარჯების უფრო მეტად დაზოგვა, არსებულ საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან შედარებით; ც) საბაზისო ანგარიში - ინფორმაცია ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების სახიფათო ნივთიერებებით დაბინძურების მდგომარეობის შესახებ; ძ) გარემოსდაცვითი ინსპექტირება - საქმიანობის ადგილზე დათვალიერება, შემოწმება და შესაბამისი რეაგირება; წ) საწვავი - ნებისმიერი მყარი, თხევადი ან აირადი წვადი მასალა; ჭ) წვის დანადგარი - ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობა, სადაც ხდება საწვავის ჟანგვა, ამ გზით წარმოქმნილი სითბოს გამოყენების მიზნით; ხ) ნარჩენების ინსინერაციის საწარმო – სტაციონარული ან მობილური ტექნიკური ობიექტი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების თერმული დამუშავებისთვის, გამოყოფილი წვის სითბოს აღდგენით ან მისი აღდგენის გარეშე, ნარჩენების დაჟანგვით (ოქსიდაციით) ინსინირების გზით, აგრეთვე სხვა თერმული დამუშავების პროცესით, როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური დამუშავება, თუ ამ პროცესის შედეგად მიღებული ნივთიერებები ინსინირებულია; ჯ) ნარჩენების თანაინსინერაციის საწარმო – სტაციონარული ან მობილური ტექნიკური ობიექტი ან მოწყობილობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ენერგიის მიღება ან მატერიალური პროდუქტის წარმოება, რომელიც ნარჩენებს ძირითად ან დამატებით საწვავად იყენებს ან რომელშიც ნარჩენები თერმულად მუშავდება განთავსებისათვის, დაჟანგვით (ოქსიდაციით) ინსინირების გზით, აგრეთვე სხვა თერმული დამუშავების პროცესით, როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური დამუშავება, თუ ამ პროცესის შედეგად მიღებული ნივთიერებები ინსინირებულია; ჰ) სამინისტრო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ჰ1) მინისტრი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ჰ2) სააგენტო- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო; ჰ3) სააგენტოს უფროსი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი; ჰ4) ცენტრი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოსადაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი; ჰ5) დეპარტამენტი - სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. მუხლი 3. სამრეწველო ემისიების პრევენციისა და კონტროლის სფეროში კომპეტენტური ორგანოები სამრეწველო ემისიების პრევენციისა და კონტროლის სფეროში: ა) სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) სააგენტოს კომპეტენციაა ინტეგრირებული ნებართვის გაცემა, გაუქმება, პირობების შეცვლა და მასთან დაკავშირებული საკითხები; გ) ცენტრის კომპეტენციაა ამ კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის, ასევე, შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა; დ) დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. მუხლი 4. ინტეგრირებულ ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის პრინციპები 1. ინტეგრირებულ ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება დაუშვებელია ინტეგრირებული ნებართვის გარეშე. 2. იმ შემთხვევაში, თუ ინტეგრირებულ ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობა ასევე ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, საქმიანობაზე გაიცემა ინტეგრირებული ნებართვა, ამ კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, ხოლო გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგად განსაზღვრული პირობები აისახება ინტეგრირებულ ნებართვაში. 3. თუ საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა ინტეგრირებულ ნებართვაზე დამოკიდებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის რომელიმე სტადიის დასრულება, აღნიშნული ლიცენზია/ნებართვა შეიძლება ძალაში შევიდეს ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის შესაბამისი სტადია შეიძლება დასრულდეს მხოლოდ ინტეგრირებული ნებართვის მიღების შემდეგ. 4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიით/ნებართვით არ შეიძლება დადგინდეს ინტეგრირებული ნებართვის საწინააღმდეგო სალიცენზიო/სანებართვო პირობები. სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და ინტეგრირებული ნებართვით განსაზღვრული პირობების ერთმანეთთან შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ინტეგრირებული ნებართვით განსაზღვრულ პირობებს ენიჭება. 5. ინტეგრირებულ ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობა უნდა განხორციელდეს შემდეგი პრინციპების მიხედვით: ა) დაბინძურების წინააღმდეგ ყველა სათანადო პრევენციული ღონისძიების გატარება; ბ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენება; გ) მნიშვნელოვანი დაბინძურების გამოწვევის თავიდან აცილება; დ) ნარჩენების მართვა კანონმდებლობით განსაზღვრული ნარჩენების მართვის იერარქიის შესაბამისად; ე) ენერგიის ეფექტური გამოყენება; ვ) აუცილებელი ზომების მიღება ავარიების შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად და სხვა შესაძლო ინციდენტების/ავარიების პრევენციის მიზნით; ზ) საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში აუცილებელი ზომების მიღება დაბინძურების ნებისმიერი რისკის თავიდან ასაცილებლად და საქმიანობის განხორციელების ადგილის აღდგენა, ამ კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად. მუხლი 5. დასკვნები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ 1. დასკვნები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, სამინისტროს წარდგინებით. აღნიშნული დასკვნები ეფუძნება ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ შესაბამის დასკვნებს. 2. ინტეგრირებული ნებართვის პირობები განისაზღვრება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის საფუძველზე. 3. იმ შემთხვევებში, როდესაც საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნაში არ არის გათვალისწინებული საქმიანობა ან საწარმოო პროცესი ან/და საქმიანობის ან ცალკეული საწარმოო პროცესის გარემოზე ყველა შესაძლო ზემოქმედება, ინტეგრირებული ნებართვის პირობები განისაზღვრება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის საფუძველზე, ამ კანონის III დანართით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, საქმიანობის განმახორციელებლისთვის წინასწარი შეტყობინებით. 4. როდესაც ინტეგრირებული ნებართვის პირობები დგინდება ისეთ საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკაზე დაყრდნობით, რომელიც არ არის აღწერილი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნაში, ეს ტექნიკა უნდა განისაზღვროს ამ კანონის III დანართში მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით და ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. 5. იმ შემთხვევაში, როდესაც საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებით არ არის გათვალისწინებული ემისიის დონეები, სააგენტომ ინტეგრირებული ნებართვის პირობებით უნდა უზრუნველყოს, რომ ტექნიკამ დააკმაყოფილოს გარემოს დაცვის ისეთი დონე, რომელიც დასკვნებში აღწერილი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ექვივალენტურია. მუხლი 6. ემისიის ზღვრული მნიშვნელობები 1. ინტეგრირებულ ნებართვაში განსაზღვრული ემისიის ზღვრული მნიშვნელობები ეფუძნება დასკვნებს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ, რომელიმე კონკრეტული ტექნიკის ან ტექნოლოგიის გამოყენების მოთხოვნის გარეშე. 2. ამ კანონის II დანართით განსაზღვრული დამაბინძურებელი ნივთიერებებისთვის ემისიის ზღვრული მნიშვნელობები დგინდება ინტეგრირებული ნებართვის პირობით. 3. ემისიის ზღვრული მნიშვნელობები და სპეციალური წესები წვის დანადგარებისთვის, ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოებისთვის, ასევე იმ საქმიანობებისთვის, რომლებიც ორგანულ გამხსნელებს იყენებენ, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებებით. 4. ინტეგრირებულ ნებართვაში საქმიანობისთვის განსაზღვრული ემისიის ზღვრული მნიშვნელობები არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებულ ემისიის დონეებს, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. ინტეგრირებულ ნებართვაში განსაზღვრული ემისიის ზღვრული მნიშვნელობები დგინდება ემისიის გარემოში მოხვედრის წერტილისთვის. აღნიშნული ემისიის ზღვრული მნიშვნელობების დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ამ წერტილამდე ნივთიერებების განზავება. 6. სააგენტო უფლებამოსილია ემისიის ზღვრული მნიშვნელობები დამატებით შეავსოს ან შეცვალოს ექვივალენტური პარამეტრებით ან ტექნიკური ღონისძიებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს დაცვის ექვივალენტურ დონეს. 7. იმ შემთხვევაში, როდესაც გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები მოითხოვს უფრო მკაცრ პირობებს, ვიდრე ის პირობები, რომლებიც მიიღწევა საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დანერგვის/გამოყენების გზით, სააგენტო უფლებამოსილია ინტეგრირებული ნებართვით დაადგინოს დამატებითი ღონისძიებები. დამატებითი ღონისძიებები შესაძლოა მოიცავდეს ინტეგრირებული ნებართვის უფრო მკაცრ პირობებს. მუხლი 7. ემისიის ზღვრული მნიშვნელობებიდან გადახვევა 1. სააგენტო უფლებამოსილია დააწესოს ემისიის ზღვრული ნაკლებად მკაცრი მნიშვნელობები მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი ხარჯთსარგებლიანობის ან/და სხვა ეკონომიკური ანალიზი აჩვენებს, რომ საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული ემისიების დონეების მიღწევა, როგორც ისინი აღწერილია დასკვნებში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ, გამოიწვევს არათანაბარზომიერად მაღალ ხარჯებს გარემოსდაცვით სარგებელთან შედარებით, შემდეგი მიზეზების გამო: ა) საქმიანობის განხორციელების გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ან ადგილობრივი გარემო პირობები; ბ) საქმიანობის ტექნიკური მახასიათებლები. 2. სააგენტო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი არ ექნება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მნიშვნელოვან უარყოფით ზემოქმედებას. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება წვის დანადგარებზე, ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოებზე და საქმიანობებზე, რომლებიც იყენებენ ორგანულ გამხსნელებს. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ემისიის ზღვრული მნიშვნელობები ექვემდებარება სააგენტოს მიერ პერიოდულ შეფასებას/გადახედვას, ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ინტეგრირებულ ნებართვაში ცვლილების შეტანის პროცესში. 6. ინტეგრირებული ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის მიზნებისთვის ინოვაციური ტექნიკის გამოცდა/გამოყენების შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ინტეგრირებული ნებართვის მფლობელისთვის დაუშვას გამონაკლისი ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-6 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით და ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებიდან. ამასთან, ინოვაციური ტექნიკის გამოცდა/გამოყენების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 (ცხრა) თვეს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ინტეგრირებული ნებართვის მფლობელი ვალდებულია დააკმაყოფილოს ემისიის დონეები, ან შეწყვიტოს აღნიშნული ტექნიკის გამოცდა/გამოყენება. 7. სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს ემისიის ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც განსხვავდება ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული მნიშვნელობებისგან, სიდიდეების, დროის პერიოდებისა და სტანდარტული პირობების თვალსაზრისით. ასეთ შემთხვევაში სააგენტო, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, შეაფასებს ემისიების მონიტორინგის შედეგებს, რათა უზრუნველყოს, რომ ნორმალურ საექსპლუატაციო პირობებში ემისიები არ აღემატებოდეს საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებულ ემისიის დონეებს. მუხლი 8. საბაზისო ანგარიში 1. საბაზისო ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება ვრცელდება იმ საქმიანობაზე, რომელიც ითვალისწინებს სახიფათო ნივთიერებების გამოყენებას, წარმოებას ან გარემოში გავრცელებას. 2. საბაზისო ანგარიში უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას საქმიანობის განხორციელების ადგილის გამოყენების (ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ასევე წარსულში გამოყენების) შესახებ; ბ) ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებზე ჩატარებული კვლევების შედეგების შესახებ არსებულ ინფორმაციას, რომელიც ასახავს მათ მდგომარეობას ანგარიშის შედგენის დროს ან/და ინფორმაციას იმ ახალი კვლევების შედეგების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია საქმიანობის განხორციელებით ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების შესაძლო დაბინძურებასთან; გ) GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატებს (shp ფაილთან ერთად), რომელშიც აღნიშნულია დაბინძურების წყარო/წყაროები. მუხლი 9. ზოგადი სავალდებულო წესები 1. საქართველოს მთავრობა ადგენს ზოგადი სავალდებულო წესებს ამ კანონის I დანართით გათვალისწინებული საქმიანობებისთვის, რაც უზრუნველყოფს ინტეგრირებულ მიდგომას და გარემოს დაცვის ისეთ დონეს, რომელიც ცალკეული ინტეგრირებული ნებართვის პირობების მეშვეობით მიღწევადი დონის ექვივალენტურია. 2. ზოგადი სავალდებულო წესები დაფუძნებული უნდა იყოს საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკაზე, კონკრეტული ტექნოლოგიის ან ტექნიკის მითითების გარეშე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამ კანონის მე-5-მე-6 მუხლებთან შესაბამისობა. 3. ზოგადი სავალდებულო წესები ექვემდებარება განახლებას საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის განვითარების გათვალისწინებისა და ამ კანონის მე-17 მუხლთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. მუხლი 10. ინციდენტის/ავარიის პრევენცია და მათი შედეგების შერბილება 1. ნებისმიერი ინციდენტის/ავარიის შემთხვევაში, რომელიც ზემოქმედებას ახდენს გარემოზე, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია: ა) სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით, დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტს და მიაწოდოს მას შესაბამისი ინფორმაცია; ბ) დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები ინციდენტის/ავარიის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად და სხვა შესაძლო ინციდენტის/ავარიის პრევენციისთვის. 2. დეპარტამენტი უფლებამოსილია, საქმიანობის განმახორციელებლისაგან მოითხოვოს სათანადო დამატებითი ზომების მიღება, რომლებიც აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების შემცირების და შემდგომი შესაძლო ინციდენტის/ავარიის პრევენციისთვის. 3. გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებასთან და შესაბამის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. თავი II ინტეგრირებული ნებართვის გაცემა მუხლი 11. ინტეგრირებული ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1. განაცხადი ინტეგრირებული ნებართვის მისაღებად (შემდგომში - განაცხადი) და თანდართული დოკუმენტაცია სააგენტოს წარედგინება ელექტრონული ფორმით. 2. განაცხადი, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციისა, უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) ინფორმაცია საქმიანობის განხორციელების ადგილის შესახებ, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად); ბ) ინფორმაცია საქმიანობისა და გამოყენებული მოწყობილობა/დანადგარების შესახებ; გ) ინფორმაცია ნედლეულის, დამხმარე და სხვა მასალების, ასევე მოხმარებული/წარმოებული ენერგიის შესახებ; დ) ინფორმაცია ემისიის წყაროების, პროგნოზირებადი ემისიებისა და მათი გარემოზე ზემოქმედების შესახებ; ე) ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული საბაზისო ანგარიში (საჭიროების შემთხვევაში); ვ) ინფორმაცია შემოთავაზებული ტექნოლოგიის შესახებ, მათ შორის, ემისიების პრევენციის, ან სადაც ეს შეუძლებელია - შემცირებისთვის გამოყენებული ტექნიკის შესახებ; ზ) ნარჩენების მართვის საკითხები, მათ შორის, ნარჩენების წარმოქმნის პრევენციის, ნარჩენების ხელახალი გამოყენებისთვის მომზადების, რეციკლირებისა და აღდგენის ღონისძიებები; თ) საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია იმ სხვა დამატებითი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც იგეგმება ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ, ინტეგრირებულ ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის პრინციპებთან შესაბამისობის მიზნით; ი) გარემოში ემისიების მონიტორინგის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები; კ) შეთავაზებული ტექნოლოგიის, ტექნიკისა და ღონისძიებების განმცხადებლის მიერ შესწავლილი ძირითადი ალტერნატივები; ლ) საქმიანობის შეწყვეტისას საქმიანობის განხორციელების ადგილის აღდგენასთან, რემედიაციასთან და შემდგომ მოვლასთან დაკავშირებული შეთავაზებული ღონისძიებები; მ) ამ პუნქტის „ა“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოკლე არატექნიკური რეზიუმე. 3. განაცხადს უნდა დაერთოს ინტეგრირებული ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში, ასევე, დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი). 4. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტითა და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში განაცხადს ასევე უნდა დაერთოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. 5. განაცხადში ასახული ინფორმაცია საჯაროა. თუ განაცხადი შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან/და პერსონალურ ინფორმაციას, იგი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ერთი განაცხადით მოითხოვოს ამ კანონის I დანართით გათვალისწინებულ საქმიანობაზე და მასთან უშუალოდ დაკავშირებულ სხვა საქმიანობაზე ერთი ინტეგრირებული ნებართვის მიღება იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობები იგივე ადგილზე ხორციელდება და უშუალოდ (მათ შორის, ტექნიკურად) ურთიერთდაკავშირებულია. 7. ინტეგრირებული ნებართვის მოსაკრებელი შეადგენს 5 000 ლარს (დაჩქარებული წესით მომსახურების საფასური - 2 500 ლარი). განაცხადის განხილვაზე და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევებში გადახდილი მოსაკრებელი უკან არ ბრუნდება. მომსახურების გაწევის საფასურის გადახდისა და მისი დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 8. განაცხადის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 12. ინტეგრირებული ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება 1. ინტეგრირებული ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით. დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში ინტეგრირებული ნებართვა გაიცემა ამ კანონის მე-13-მე-15 მუხლებით დადგენილ ვადებში. 2. ინტეგრირებული ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს: ა) ექსპერტიზას; ბ) საზოგადოებისა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას. 3. განაცხადის რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში: ა) სააგენტო უზრუნველყოფს საექსპერტო კომისიის შექმნას; ბ) ცენტრი უზრუნველყოფს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ცნობის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას (მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას) და შესაბამისი მუნიციპალიტეტ(ებ)ის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას; 4. სააგენტო უფლებამოსილია, ინტეგრირებული ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული ხარვეზის დადგენის შესახებ. ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა სააგენტოს შეუძლია საქმიანობის განმახორციელებლისგან მოითხოვოს დამატებითი მონაცემების წარმოდგენა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაბნევის ან/და ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა რაოდენობის ანგარიში, თუ ამგვარი მონაცემები აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად. დამატებითი მონაცემების წარმოდგენამდე ინტეგრირებული ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ვადები ჩერდება. დამატებითი მონაცემების სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. 5. სააგენტო განაცხადს განიხილავს ამ კანონის მოთხოვნებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. ამ კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები. მუხლი 13. საექსპერტო კომისია 1. ამ კანონით გათვალისწინებული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით სააგენტოს უფროსი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ქმნის საექსპერტო კომისიას, რომელიც განაცხადის წარდგენიდან 60 სამუშაო დღის ვადაში (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში - 35 სამუშაო დღის ვადაში) ამზადებს შესაბამის საექსპერტო დასკვნას. 2. საექსპერტო კომისია შედგება ექსპერტებისაგან. ექსპერტი შეიძლება იყოს სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ექსპერტი. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სააგენტოს უფლება აქვს საექსპერტო კომისიის წევრად მოიწვიოს უცხო ქვეყნის სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი) ან მოქალაქეობის არმქონე პირი. 3. საზოგადოებრივი ექსპერტი ექსპერტიზის პროცესში სააგენტოს მიერ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობს. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურებას სააგენტო ახორციელებს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ან საკუთარი შემოსავლებიდან. საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 4. საექსპერტო კომისიის ფუნქციებია: ა) ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ექსპერტიზა და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მომზადება; ბ) ექსპერტიზის პროცესში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება. 5. საექსპერტო კომისიის წევრები უფლებამოსილი არიან ადგილზე დაათვალიერონ და შეისწავლონ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ტერიტორია. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნულ ტერიტორიაზე საექსპერტო კომისიის წევრების შეუფერხებელი გადაადგილება. 6. საექსპერტო კომისია უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანოსგან მიიღოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. საექსპერტო კომისიის მუშაობის შედეგები აისახება ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც ამზადებს საექსპერტო კომისია და ხელს აწერენ საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე და საექსპერტო კომისიის წევრები. 8. საექსპერტო კომისიის მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა სარეკომენდაციოა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი გათვალისწინება სააგენტოსთვის სავალდებულო არ არის. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებაზე უარი უნდა დასაბუთდეს. მუხლი 14. ინტეგრირებული ნებართვის გაცემის პროცესში საზოგადოების მონაწილეობა 1. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ცნობა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) განსახილველი საკითხის არსი და მოკლე აღწერა; ბ) საკითხის განხილვის ფორმატი; გ) საჯარო განხილვის ჩატარების დრო, ადგილი და წესი; დ) იმ ვებგვერდის მისამართი, რომელზეც ხელმისაწვდომია ეს განაცხადი და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია. 2. ცენტრი, საზოგადოების მონაწილეობის მიზნით, უზრუნველყოფს საჯარო განხილვის ჩატარებას განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 75-ე სამუშაო დღისა (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში - არაუგვიანეს 47-ე სამუშაო დღისა). 3. საჯარო განხილვის ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელია ცენტრი. საჯარო განხილვის პროცესს წარმართავს, საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს და მის სისწორეზე პასუხისმგებელია ცენტრის წარმომადგენელი. 4. საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში, ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებით. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში, ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება - საჯარო განხილვა ტარდება ცენტრის მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში, ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. 5. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. საჯარო განხილვას უნდა ესწრებოდეს საქმიანობის განმახორციელებელი ან/და ინტეგრირებული ნებართვის მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომამზადებელი პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს წარმომადგენელი. 6. საზოგადოებას უფლება აქვს განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 85-ე სამუშაო დღისა (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში - არაუგვიანეს 57-ე სამუშაო დღისა) ცენტრს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები: ა) წერილობით; ბ) ზეპირად, საჯარო განხილვის დროს; გ) ელექტრონული საშუალებით. 7. საჯარო განხილვის წესი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად, დგინდება მინისტრის ბრძანებით. 8. სააგენტო ინტეგრირებული ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში უზრუნველყოფს წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვას და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მხედველობაში იღებს მათ. 9. სააგენტო ინტეგრირებული ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით. 10. სააგენტო მიღებულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს, მათი მიღებიდან (ხოლო საჯარო განხილვისას დაფიქსირებული შენიშვნების შემთხვევაში - საჯარო განხილვის შესახებ ოქმის შედგენიდან) 5 სამუშაო დღის ვადაში (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში - 3 სამუშაო დღის ვადაში) საჭიროების შემთხვევაში უგზავნის საქმიანობის განმახორციელებელს და განუსაზღვრავს არაუმეტეს 10 სამუშაო დღის (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში - არაუმეტეს 5 სამუშაო დღის) ვადას, შენიშვნებზე საკუთარი მოსაზრებების წარმოსადგენად. 11. საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ცენტრი სააგენტოს უგზავნის საჯარო განხილვის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 12. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეპიდემიის/პანდემიის დროს, კანონით განსაზღვრული საჯარო განხილვა ტარდება ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: ა) დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით; ბ) ჰიბრიდული ფორმატით (ამ მუხლით განსაზღვრულ ადგილზე საჯარო განხილვის კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარება, რაც უზრუნველყოფს საჯარო განხილვაში საზოგადოების დისტანციურ მონაწილეობას). მუხლი 15. ინტეგრირებული ნებართვის გაცემა 1. თუ საქმიანობა აკმაყოფილებს ამ კანონის და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებს, სააგენტო ინტეგრირებულ ნებართვას გასცემს განაცხადის დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 120 სამუშაო დღის ვადაში (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში - 80 სამუშაო დღის ვადაში), ხოლო ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას – იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. 2. ინტეგრირებული ნებართვის გაცემისას სააგენტომ მხედველობაში უნდა მიიღოს: ა) საექსპერტო კომისიის დასკვნა; ბ) საქმიანობის განხორციელების ადგილის დათვალიერების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგები (შესაბამის შემთხვევებში); გ) გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები და ემისიის ზღვრული მნიშვნელობები; დ) გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზიანის პრევენცია და შერბილება; ე) დაინტერესებული საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები; ვ) საქმიანობა/დანადგარის ტექნიკური/ეკონომიკური მახასიათებლები, მისი გეოგრაფიული მდებარეობა და არსებული მდგომარეობა, ასევე, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დასადგენად საჭირო სხვა მონაცემები. 3. ინტეგრირებული ნებართვის გაცემიდან, გადახედვიდან, განახლებიდან ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი გადაწყვეტილების და საზოგადოების მონაწილეობის შედეგების შესახებ ინფორმაციის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 4. ინტეგრირებული ნებართვა გაიცემა განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. ინტეგრირებული ნებართვის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 6. საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააგენტოს მიერ გაცემული ინტეგრირებული ნებართვა, თუ მიიჩნევს, რომ არ იყო უზრუნველყოფილი ამ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი მონაწილეობა ან სხვაგვარად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. მუხლი 16. ინტეგრირებული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 1. ინტეგრირებული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტოს უფროსი იღებს: ა) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) თუ საქმიანობის განხორციელების შეთავაზებული ტექნიკა/ტექნოლოგია არ წარმოადგენს საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკას და საქმიანობის განმახორციელებელმა არ წარმოადგინა ემისიის ზღვრული მნიშვნელობებიდან გადახვევის დასაბუთება, ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. მუხლი 17. ინტეგრირებულ ნებართვაში ცვლილების შეტანა 1. სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, ხელახლა განიხილოს ინტეგრირებული ნებართვის პირობები და აუცილებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს გადაწყვეტილება ინტეგრირებულ ნებართვაში ცვლილების შეტანის საჭიროებაზე, შემდეგ შემთხვევებში: ა) როდესაც საქმიანობა ან საწარმოო პროცესი არ არის გათვალისწინებული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნაში და საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა განვითარდა იმგვარად, რაც უზრუნველყოფს ემისიების მნიშვნელოვან შემცირებას; ბ) ექსპლუატაციის უსაფრთხოება მოითხოვს სხვა ტექნიკის/ტექნოლოგიის დანერგვას; გ) საქმიანობასთან დაკავშირებით გამოიცა საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ახალი დასკვნები, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; დ) საქმიანობის შედეგად გამოწვეული დაბინძურება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საჭიროებს ინტეგრირებული ნებართვით დადგენილი ემისიის ზღვრული მნიშვნელობების გადახედვას, ან ემისიის ახალი ზღვრული მნიშვნელობების განსაზღვრას; ე) შეიცვალა გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები, რომელთა საფუძველზეც საჭიროა ინტეგრირებული ნებართვის პირობების გადახედვა; ვ) ნებართვაში ცვლილების შეტანა აუცილებელია ნებართვის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ინტეგრირებული ნებართვის პირობებს განიხილავს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნების დამტკიცებიდან 4 წლის ვადაში. სააგენტო საქმიანობის განმახორციელებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის ფარგლებშიც საქმიანობის განმახორციელებელმა, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, უნდა უზრუნველყოს სააგენტოში სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენა, ამ კანონის მე-11-მე-15 მუხლების შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი თავისუფლდება ინტეგრირებული ნებართვის მოსაკრებლის გადახდისგან. 3. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს აცნობოს საქმიანობის განხორციელების პროცესში დაგეგმილი ნებისმიერი ცვლილების ან გაფართოების შესახებ, რომელმაც შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ან გარემოზე. ცენტრი, ამ ინფორმაციის წარმოდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას. დაინტერესებულ საზოგადოებას უფლება აქვს, საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები წარმოადგინოს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ,,გ” ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ინტეგრირებულ ნებართვაში ცვლილების შეტანის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან, ასევე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო 60 (სამოცი) დღის ვადაში დაადგენს, ცვლილება წარმოადგენს თუ არა არსებით ცვლილებას. მიღებულ გადაწყვეტილებას ცენტრი 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. 5. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, 30 სამუშაო დღის ვადაში, შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ინტეგრირებულ ნებართვაში, თუ: ა) დაადგენს, რომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება ან გაფართოება არ არის არსებითი ცვლილება; ბ) დეპარტამენტის მიერ ინსპექტირების საფუძველზე გამოვლინდება საქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული მდგომარეობის შეუსაბამობა ინტეგრირებულ ნებართვაში ასახულ გარემოებებთან და სააგენტო დაადგენს, რომ აღნიშნული შეუსაბამობა არ არის არსებითი. მოცემულ შემთხვევაში ინტეგრირებულ ნებართვაში ცვლილება შეიძლება განხორციელდეს საქმიანობის განმახორციელებელის თანხმობით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინტეგრირებულ ნებართვაში ცვლილების შეტანამდე, ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას, 5 სამუშაო დღის ვადაში. დაინტერესებულ საზოგადოებას უფლება აქვს, საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები წარმოადგინოს 15 სამუშაო დღის ვადაში. სააგენტო განიხილავს წარმოდგენილ შენიშვნებს და მოსაზრებებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მხედველობაში იღებს მათ. მიღებულ გადაწყვეტილებას ცენტრი 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. 7. თუ სააგენტო დაადგენს, რომ ცვლილება არსებითი ცვლილებაა, უნდა გაიცეს ახალი ინტეგრირებული ნებართვა. ასეთ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, სააგენტოში წარმოადგინოს ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია. 8. იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ინტეგრირებულ ნებართვაში ასახულ გარემოებებს და აღნიშნულ შეუსაბამობას გარემოს ზიანი არ გამოუწვევია, თუ საქმიანობის განმახორციელებელი ინტეგრირებულ ნებართვაში ცვლილების შეტანის თხოვნით, საკუთარი ინიციატივით, მიმართავს სააგენტოს, მას არ დაეკისრება ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. მუხლი 18. ინტეგრირებული ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა 1. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ინტეგრირებული ნებართვა სხვა პირს სრულად გადასცეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ინტეგრირებული ნებართვის გადაცემა გულისხმობს როგორც უფლებების, ისე შესაბამისი ვალდებულებების გადაცემას. 2. ინტეგრირებული ნებართვის გადამცემი (საქმიანობის განმახორციელებელი) და ინტეგრირებული ნებართვის მიმღები ვალდებული არიან სააგენტოს მიმართონ ერთობლივი განცხადებით, რომელშიც აღინიშნება გადასაცემი ინტეგრირებული ნებართვის რეკვიზიტები. განცხადებას უნდა ერთვოდეს: ა) საქმიანობის განმახორციელებელი და ინტეგრირებული ნებართვის მიმღები სუბიექტების ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები (ფიზიკური პირისთვის); ბ) ხელშეკრულება, ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ინტეგრირებული ნებართვის გადაცემის ფაქტს. 3. სააგენტო ინტეგრირებული ნებართვის გადაცემის შესახებ განცხადებას იხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ინტეგრირებული ნებართვის გადაცემის შესახებ გამოიცემა სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ინტეგრირებული ნებართვის გადაცემის შესახებ სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე სააგენტო გასცემს ახალ ინტეგრირებულ ნებართვას, რომელსაც ცენტრი 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. 4. ინტეგრირებული ნებართვის მიმღები ვალდებულია, შესაბამისი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების ამოქმედების მომენტიდან. მუხლი 19. ინტეგრირებული ნებართვის გაუქმება 1. ინტეგრირებული ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, არის: ა) საქმიანობის განმახორციელებელის მიერ ინტეგრირებული ნებართვის გაცემიდან 5 (ხუთი) წლის ვადაში ინტეგრირებული ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის არდაწყება; ბ) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ, ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა; გ) საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დეპარტამენტის მიერ საქმიანობის განმახორციელებლისთვის განსაზღვრულ ვადაში საქმიანობის შეჩერების საფუძვლების აღმოუფხვრელობა. 2. ინტეგრირებული ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. სააგენტო უფლებამოსილია ინტეგრირებული ნებართვა არ გააუქმოს იქამდე, სანამ საქმიანობის განმახორციელებელი სრულად არ შეასრულებს საქმიანობის განხორციელების ადგილის აღდგენა/რემედიაციისთვის ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრულ ღონისძიებებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას ცენტრი მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. 5. სააგენტო დაუყოვნებლივ ატყობინებს საქმიანობის განმახორციელებელს, ასევე შესაბამის დაინტერესებულ ორგანოებს, ინტეგრირებული ნებართვის გაუქმების პროცედურის დაწყების და მისი მიზეზების შესახებ. 6. საქმიანობის განმახორციელებელს უფლება აქვს, ინტეგრირებული ნებართვის გაუქმების პროცედურის დაწყების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის შეტყობინებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. 7. ინტეგრირებული ნებართვის გაუქმების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედებას. მუხლი 20. საქმიანობის შეწყვეტა 1. ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტისას, საქმიანობის შეწყვეტამდე, საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა შეაფასოს საქმიანობის განხორციელების ადგილზე სახიფათო ნივთიერებებით ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების მდგომარეობა. 2. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ საქმიანობის განხორციელებამ გამოიწვია საბაზისო ანგარიშით დადგენილ მდგომარეობასთან შედარებით ნიადაგის ან/და მიწისქვეშა წყლების დაბინძურება, საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა მიიღოს საჭირო ზომები ამ დაბინძურების აღმოსაფხვრელად, რათა უზრუნველყოს საქმიანობის განხორციელების ადგილის საბაზისო ანგარიშში მითითებულ მდგომარეობამდე აღდგენა, ტექნიკური განხორციელებადობის შემთხვევაში. 3. თუ საქმიანობის განმახორციელებელს არ მოეთხოვება საბაზისო ანგარიშის მომზადება, საქმიანობის შეწყვეტისას მან უნდა მიიღოს საჭირო ზომები, რათა საქმიანობის განხორციელების ადგილი მნიშვნელოვან საფრთხეს აღარ უქმნიდეს ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს, ნიადაგისა ან/და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების გამო. 4. ინტეგრირებული ნებართვის მფლობელი ვალდებულია, საქმიანობის შეწყვეტამდე სულ მცირე 6 (ექვსი) თვით ადრე, შეატყობინოს სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტის განზრახვის შესახებ. მუხლი 21. ინტეგრირებული ნებართვების ელექტრონული სისტემა 1. სააგენტო უფლებამოსილია შექმნას ინტეგრირებული ნებართვების ელექტრონული სისტემა. 2. ინტეგრირებული ნებართვების ელექტრონული სისტემის წარმოების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. თავი III მონიტორინგი და კონტროლი მუხლი 22. მონიტორინგის მოთხოვნები 1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია შეასრულოს ინტეგრირებული ნებართვით გათვალისწინებული პირობები. აღნიშნული პირობების შესრულების მდგომარეობის თაობაზე მონიტორინგის შედეგებს საქმიანობის განმახორციელებელი, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, წარუდგენს სააგენტოს, ამავე ნებართვით დადგენილ ვადაში. 2. ემისიებთან დაკავშირებული მონიტორინგის მოთხოვნები (მათ შორის, გაზომვის მეთოდოლოგია, სიხშირე, შეფასების პროცედურა) უნდა ეფუძნებოდეს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. პერიოდული მონიტორინგის სიხშირე დგინდება ინტეგრირებულ ნებართვაში, სააგენტოს მიერ, ინდივიდუალურად, ან ზოგად სავალდებულო წესებში. მიწისქვეშა წყლებისთვის პერიოდული მონიტორინგი უნდა განხორციელდეს სულ მცირე 5 (ხუთ) წელიწადში ერთხელ, ხოლო ნიადაგისთვის - სულ მცირე 10 (ათი) წელიწადში ერთხელ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი მონიტორინგი დაფუძნებულია დაბინძურების რისკის სისტემატურ შეფასებაზე. 4. ცენტრი საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ათავსებს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის: ა) სააგენტოში წარმოდგენილი ემისიის მონიტორინგის შედეგებს, ინტეგრირებული ნებართვის პირობების შესაბამისად; ბ) ინფორმაციას საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ამ კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად მიღებული ზომების შესახებ - საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში. 5. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, ინტეგრირებული ნებართვის გაუქმებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში შეინახოს ინტეგრირებულ ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი ხელმისაწვდომობა. 6. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა ინტეგრირებული ნებართვით გათვალისწინებული პირობების დარღვევაა. მუხლი 23. ინტეგრირებული ნებართვის პირობების შესრულების კონტროლი 1. ინტეგრირებული ნებართვის პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს დეპარტამენტი. 2. დეპარტამენტი შეიმუშავებს გარემოსდაცვითი შემოწმების ეროვნული სტრატეგიის პროექტს, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული სტრატეგია ექვემდებარება პერიოდულ გადახედვას და განახლებას. 3. გარემოსდაცვითი შემოწმების ეროვნული სტრატეგია უნდა მოიცავდეს: ა) მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების ზოგად შეფასებას; ბ) შესამოწმებელი საქმიანობების ჩამონათვალს; გ) გეგმიური გარემოსდაცვითი შემოწმების პროგრამების შედგენის პროცედურებს; დ) ინფორმაციას კონტროლის განმახორციელებელ სხვადასხვა ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში). 4. გარემოსდაცვითი შემოწმების ეროვნული სტრატეგიის საფუძველზე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს, დეპარტამენტი შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ყოველწლიური გარემოსდაცვითი შემოწმების პროგრამას. 5. შემოწმების სიხშირე დაფუძნებული უნდა იყოს გარემოსდაცვითი რისკების შეფასებაზე და არ უნდა აღემატებოდეს 1 (ერთი) წელიწადს ყველაზე მაღალი რისკის მქონე საქმიანობებისთვის და 3 (სამი) წელიწადს - ყველაზე დაბალი რისკის მქონე საქმიანობებისთვის. 6. შემოწმებისას ინტეგრირებული ნებართვის პირობებთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ამ შემოწმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში უნდა განხორციელდეს განმეორებითი ინსპექტირება. 7. გარემოსდაცვითი რისკების შეფასება ეფუძნება, სულ მცირე, შემდეგ კრიტერიუმებს: ა) შესაბამისი საქმიანობების პოტენციური და ფაქტობრივი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, ემისიების დონეებისა და სახეობების, ადგილობრივი გარემოს თავისებურებებისა და ავარიების რისკის გათვალისწინებით; ბ) ინტეგრირებული ნებართვის პირობებთან შესაბამისობის ისტორია. 8. გარემოსდაცვითი რისკების შეფასების მეთოდოლოგიას ამტკიცებს მინისტრი. 9. არაგეგმიური ინსპექტირება ტარდება: ა) დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების, მუნიციპალიტეტების, ორგანიზაციების, მოქალაქეების მომართვების/საჩივრების (მათ შორის, „ცხელ ხაზზე“ შემოსული ინფორმაციის), შეტყობინებების და სხვა წყაროებიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე; ბ) ავარიული სიტუაციების შემთხვევაში, მათ შორის, ავარიული ემისიების წარმოშობის საფუძველზე; გ) ინტეგრირებული ნებართვის პირობების დარღვევის აღმოსაფხვრელად და კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისთვის დადგენილი პირობების შესრულების გადამოწმების მიზნით; დ) ინტეგრირებული ნებართვის გაცემამდე, ინტეგრირებული ნებართვის ხელახალ განხილვამდე ან განახლებამდე, შესაბამისობის დადგენის მიზნით (საჭიროების შემთხვევაში). 10. ინსპექტირების შემდეგ დეპარტამენტის მიერ დგება ინსპექტირების ანგარიში, რომელშიც აისახება მოპოვებული ინფორმაცია ინტეგრირებული ნებართვის პირობებთან შესაბამისობის თაობაზე და ასევე, ინფორმაცია ინტეგრირებული ნებართვის პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. 11. ინსპექტირების ანგარიში საქმიანობის განმახორციელებელს წარედგინება ინსპექტირების დასრულებიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) თვის ვადაში. 12. დეპარტამენტი უზრუნველყოფს ინსპექტირების შედეგების საჯარო ხელმისაწვდომობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 24. ინტეგრირებული ნებართვის პირობების დარღვევა 1. ინტეგრირებული ნებართვის პირობების დარღვევის შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია: ა) აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტს, სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით; ბ) დაუყოვნებლივ მიიღოს ინტეგრირებული ნებართვის პირობების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებები; გ) განახორციელოს დეპარტამენტის მიერ მისთვის განსაზღვრული ის დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია ინტეგრირებული ნებართვის პირობებთან შეუსაბამო გარემოებების აღმოსაფხვრელად. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც ინტეგრირებული ნებართვის პირობების დარღვევა უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ან ქმნის გარემოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედების საშიშროებას, დეპარტამენტი (დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი), საქმიანობის განმახორციელებელის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების სრულად განხორციელებამდე, აჩერებს შესაბამისი დანადგარის/მოწყობილობის ან მისი შესაბამისი ნაწილის ექსპლუატაციას. 3. სააგენტო უფლებამოსილია, ინტეგრირებული ნებართვის პირობების დარღვევის შემთხვევაში, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გააუქმოს ინტეგრირებული ნებართვა. თავი IV ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუხლი 25. საქმიანობის განხორციელება ინტეგრირებული ნებართვის გარეშე საქმიანობის განხორციელება ინტეგრირებული ნებართვის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარიდან 30 000 ლარამდე. მუხლი 26. ინტეგრირებული ნებართვის პირობების შეუსრულებლობა ინტეგრირებული ნებართვის პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდე. შენიშვნა: 1. ინტეგრირებული ნებართვით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დეპარტამენტის მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას. 2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით დეპარტამენტის მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვეევათა კოდექსის“ 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დეპარტამენტის მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად განმეორებით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით. დაჯარიმებას ამ მუხლით მუხლი 27. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება 1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება ხორციელდება ამ კანონითა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ დადგენილი წესით. 2. ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს ამ კანონით დადგენილი ვალდებულებებისაგან. 3. ამ კანონის 25-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს დეპარტამენტი. 4. რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ამ კანონის 25-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. 5. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დამრღვევის მიერ, კანონმდენბლობით დადგენილი წესით, შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში. თავი V გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 28. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები 1. ამ კანონის I დანართით გათვალისწინებული დაგეგმილი საქმიანობები, ასევე ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოები ექვემდებარებიან ინტეგრირებულ ნებართვას 2026 წლის 1 სექტემბრიდან; 2. ამ კანონის I დანართით გათვალისწინებული არსებული საქმიანობები, ასევე ინსინერაციისა და თანაინსინერაციის არსებული საწარმოები, რომლებზეც გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში გაცემულია შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულისამართლებრივი აქტი, საჭიროებს ამ კანონით დადგენილი წესით ინტეგრირებული ნებართვის მიღებას, შემდეგი ვადების მიხედვით: ა) ამ კანონის I დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები - 2029 წლის პირველ მარტამდე; ბ) ამ კანონის I დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები - 2029 წლის პირველ სექტემბრამდე; გ) ამ კანონის I დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები - 2030 წლის პირველ მარტამდე; დ) ამ კანონის I დანართის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები - 2030 წლის პირველ სექტემბრამდე; ე) ამ კანონის I დანართის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები, ასევე, ინსინერაციის და თანაინსინერაციის საწარმოები - 2031 წლის პირველ მარტამდე; ვ) ამ კანონის I დანართის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები - 2031 წლის პირველ სექტემბრამდე. 3. ამ კანონის I დანართით გათვალისწინებული არსებული საქმიანობები, ასევე ინსინერაციის და თანაინსინერაციის არსებული საწარმოები, რომლებზეც გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში არ არის გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საჭიროებს ამ კანონით დადგენილი წესით ინტეგრირებული ნებართვის მიღებას, 2028 წლის პირველ სექტემბრამდე. 4. ინტეგრირებული ნებართვის გაცემამდე სავალდებულოა სააგენტოს წარმომადგენლების (საჭიროების შემთხვევაში, ასევე ექსპერტების) ადგილზე გასვლა და საქმიანობის განხორციელების ტერიტორიის დათვალიერება. 5. ინტეგრირებულ ნებართვას დაქვემდებარებულ იმ საქმიანობებზე, რომლებზეც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მიზნით განცხადება სააგენტოში წარდგენილია 2026 წლის პირველი ივნისიდან 2026 წლის პირველ სექტემბრამდე, სააგენტო გასცემს ინტეგრირებულ ნებართვას, ამ კანონით დადგენილი წესით. 6. სააგენტო უფლებამოსილია ინტეგრირებული ნებართვის გაცემის პროცესში გადახედოს გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში გაცემულ შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს და შეიტანოს მასში ცვლილება. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის პირობებისა და ინტეგრირებული ნებართვის პირობების ერთმანეთთან შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ინტეგრირებული ნებართვის პირობებს ენიჭება. მუხლი 29. ამ კანონის საფუძველზე მისაღები და გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები 1. 2026 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილებები: ა) ,,წვის დანადგარების შესახებ”; ბ) ,,იმ საქმიანობების შესახებ, რომლებიც იყენებენ ორგანულ გამხსნელებს”; გ) „ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების შესახებ“. დ) „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები“ და შემდგომ უზრუნველყოს მათი პერიოდული განახლება. 2. 2026 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ა) „ინტეგრირებული ნებართვის განაცხადისა და ინტეგრირებული ნებართვის ფორმების დამტკიცების შესახებ“; ბ) „გარემოსდაცვითი რისკების შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“. 3. შესაბამისი დაწესებულებების წარდგინებით საქართველოს მთავრობამ ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ სამართლებრივი აქტების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა. მუხლი 30. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი-27-ე მუხლებისა და I-III დანართებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი-27-ე მუხლები და I-III დანართები ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დანართი I საქმიანობების ნუსხა ამ დანართში მოცემული ზღვრები ძირითადად ეხება საწარმოო სიმძლავრეებს ან წარმადობებს. იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე ობიექტზე ხორციელდება ზღვრების შემცველ ერთსა და იმავე საქმიანობის პუნქტში მოყვანილი განსხვავებული წარმადობის მქონე რამდენიმე საქმიანობა, უნდა მოხდეს მათი წარმადობების შეკრება. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების შემთხვევაში აღნიშნული გაანგარიშება ვრცელდება ამ დანართის 5.1, 5.3 (ა) და 5.3 (ბ) პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობათა დონეზე. 1. ენერგიის წარმოება 1.1. საწვავის წვა დანადგარებში („ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართელოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში გამოყენებული დანადგარების გარდა), რომელთა ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრეა 50 მეგავატი ან მეტი; 1.2. ნავთობისა და გაზის გადამუშავება; 1.3. კოქსის წარმოება; 1.4. გაზიფიკაცია ან გათხევადება: (ა) ქვანახშირის; (ბ) სხვა მყარი საწვავის ისეთ დანადგარებში, რომელთა ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრეა 20 მეგავატი ან მეტი. 2. ლითონების წარმოება და დამუშავება 2.1. ლითონური მადნის (სულფიდური მადნის ჩათვლით) გამოწვა ან აგლომერაცია; 2.2. თუჯის ან ფოლადის წარმოება (პირველადი ან მეორადი დნობა), უწყვეტი ჩამოსხმის ჩათვლით, რომლის წარმადობა საათში 2.5 ტონას აღემატება; 2.3. შავი ლითონების დამუშავება: (ა) ცხელი გლინვის დგანების ექსპლუატაცია, საათში 20 ტონაზე მეტი არარაფინირებულ ფოლადის წარმადობით; (ბ) სამჭედლო უროების ექსპლუატაცია, რომელთა ენერგია თითოეული უროსთვის 50 კილოჯოულს, ხოლო მოხმარებული თბოუნარიანობა 20 მეგავატს აღემატება; (გ) დამცავი გამდნარი ლითონური დანაფარის დატანა, სადაც არარაფინირებული ფოლადის მოხმარება საათში 2 ტონას აღემატება; 2.4. შავი ლითონების სამსხმელო საამქროების ექსპლუატაცია, რომელთა საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 20 ტონას აღემატება; 2.5. ფერადი ლითონების დამუშავება: (ა) არარაფინირებული ფერადი ლითონების წარმოება მადნიდან, კონცენტრატებიდან ან მეორადი ნედლეულიდან მეტალურგიული, ქიმიური ან ელექტროლიტური პროცესების საშუალებით; (ბ) ფერადი ლითონების, მათ შორის აღდგენილი პროდუქტების გამოდნობა (ლეგირების ჩათვლით) და ფერადი ლითონების სამსხმელო საამქროების ექსპლუატაცია, სადაც გამოდნობის სიმძლავრე ტყვიისა და კადმიუმისთვის დღე-ღამეში 4 ტონას ან ყველა სხვა ლითონისთვის დღე-ღამეში 20 ტონას აღემატება. 2.6. ლითონების ან პლასტიკური მასალების ზედაპირული დამუშავება ელექტროლიტური ან ქიმიური პროცესების გამოყენებით, სადაც დასამუშავებლად გამოყენებული აბაზანის მოცულობა 30 მ3-ზე მეტია. 3. მინერალური ნედლეულის გადამუშავება 3.1. ცემენტის, კირის და მაგნიუმის ოქსიდის წარმოება: (ა) ცემენტის კლინკერის წარმოება მბრუნავ გამოწვის ღუმელებში, რომელთა საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 500 ტონას, ან სხვა ღუმელებში, რომელთა საწარმოო სიმძლავრე დღეღამეში 50 ტონას აღემატება; (ბ) კირის წარმოება ღუმელებში, რომელთა საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 50 ტონას აღემატება; (გ) მაგნიუმის ოქსიდის წარმოება ღუმელებში, რომელთა საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 50 ტონას აღემატება. 3.2. აზბესტის ან აზბესტშემცველი პროდუქციის წარმოება; 3.3. მინის, მათ შორის მინის ბოჭკოს წარმოება, სადაც გამოდნობის სიმძლავრე დღე-ღამეში 20 ტონას აღემატება; 3.4. მინერალური ნივთიერებების გამოდნობა, მათ შორის მინერალური ბოჭკოს წარმოება, სადაც გამოდნობის სიმძლავრე დღე-ღამეში 20 ტონას აღემატება; 3.5. კერამიკული პროდუქციის, კერძოდ, კრამიტის, აგურის, ცეცხლგამძლე აგურის, ფილების, კერამიკული ნაკეთობების ან ფაიფურის წარმოება გამოწვის გზით, სადაც საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 75 ტონას აღემატება ან/და ღუმელის ტევადობა 4მ3-ზე მაღალია და სადაც თითოეულ ღუმელში ჩანატვირთის სიმჭიდროვე 300 კგ/მ3-ზე მეტია. 4. ქიმიური მრეწველობა 4.1. ორგანული ქიმიური ნივთიერებების წარმოება: (ა) მარტივი ნახშირწყალბადები (სწორხაზოვანი ან ციკლური, ნაჯერი ან უჯერი, ალიფატური ან არომატული რიგის) წარმოება; (ბ) ჟანგბადშემცველი ნახშირწყალბადების წარმოება, როგორიცაა სპირტები, ალდეჰიდები, კეტონები, კარბონმჟავები, რთული ეთერები და მათი ნარევები, აცეტატები, მარტივი ეთერები, პეროქსიდები და ეპოქსიდური ფისები; (გ) გოგირდშემცველი ნახშირწყალბადების წარმოება; (დ) აზოტშემცველი ნახშირწყალბადების წარმოება, როგორიცაა ამინები, ამიდები, აზოტნაერთები, ნიტრონაერთები ან ნიტრატ-ნაერთები, ნიტრილები, ციანატები, იზოციანატები; (ე) ფოსფორშემცველი ნახშირწყალბადების წარმოება; (ვ) ჰალოგენშემცველი ნახშირწყალბადების წარმოება; (ზ) მეტალორგანული ნაერთების წარმოება; (თ) პლასტიკური მასალების (პოლიმერები, სინთეზური და ცელულოზის საფუძველზე მიღებული ბოჭკო) წარმოება; (ი) სინთეზური კაუჩუკის წარმოება; (კ) საღებავების და პიგმენტების წარმოება; (ლ) ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების და სურფაქტანტების წარმოება. 4.2. არაორგანული ქიმიური ნივთიერებების წარმოება: (ა) აირების წარმოება, როგორიცაა ამიაკი, ქლორი ან ქლორწყალბადი, ფტორი ან ფტორწყალბადი, ნახშირბადის ოქსიდები, გოგირდნაერთები, აზოტის ოქსიდები, წყალბადი, გოგირდის დიოქსიდი, კარბონილქლორიდი (ფოსგენი); (ბ) მჟავების წარმოება, როგორიცაა ქრომის მჟავა, ფტორწყალბადმჟავა, ფოსფორმჟავა, აზოტმჟავა, მარილმჟავა, გოგირდმჟავა, ოლეუმი, გოგირდოვანი მჟავები; (გ) ფუძეების წარმოება, როგორიცაა ამონიუმის ჰიდროქსიდი, კალიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი; (დ) მარილების წარმოება, როგორიცაა ამონიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორატი, კალიუმის კარბონატი, ნატრიუმის კარბონატი, პერბორატი, ვერცხლის ნიტრატი; (ე) არალითონების წარმოება, ლითონის ოქსიდები ან სხვა არაორგანული ნაერთები, როგორიცაა კალციუმის კარბიდი, სილიციუმი, სილიციუმის კარბიდი. 4.3. ფოსფოროვანი, აზოტოვანი ან კალიუმიანი სასუქების (მარტივი და კომპლექსური სასუქების) წარმოება; 4.4. მცენარეთა დაცვის საშუალებების ან ბიოციდების წარმოება; 4.5. ფარმაცევტული პროდუქციის, მათ შორის შუალედური პროდუქტების წარმოება; 4.6. ფეთქებადი ნივთიერებების წარმოება. 5. ნარჩენების მართვა 5.1. დღე-ღამეში 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების განთავსება ან აღდგენა, რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე შემდეგ ოპერაციას: (ა) ბიოლოგიური დამუშავება; (ბ) ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება; (გ) შერევა, 5.1 და განხორციელებამდე; 5.2 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ოპერაციის (დ) გადაფუთვა, 5.1 და 5.2 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ოპერაციის განხორციელებამდე; (ე) გამხსნელების აღდგენა/რეგენერაცია; (ვ) არაორგანული მასალების რეციკლირება/აღდგენა, გარდა ლითონების ან ლითონის ნაერთებისა; (ზ) მჟავების ან ფუძეების რეგენერაცია; (თ) იმ კომპონენტების აღდგენა, რომლებიც დაბინძურების შესამცირებლად გამოიყენება; (ი) კატალიზატორებიდან კომპონენტების აღდგენა; (კ) ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ნარჩენების ხელახალი გამოხდა ან სხვაგვარი ხელახალი გამოყენება; (ლ) ზედაპირული ჩაშვება; 5.2. ნარჩენების განთავსება ან აღდგენა ნარჩენების ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საწარმოებში: (ა) არასახიფათო ნარჩენების შემთხვევაში - როდესაც წარმადობა აღემატება 3 ტონას საათში; (ბ) სახიფათო ნარჩენების შემთხვევაში - როდესაც წარმადობა აღემატება 10 ტონას დღე-ღამეში; 5.3. ა) დღე-ღამეში 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის განთავსება, რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ოპერაციას, ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდასთან დაკავშირებული საქმიანობების გარდა: ა.ა) ბიოლოგიური დამუშავება; ა.ბ) ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება; ა.გ) ნარჩენების წინასწარი დამუშავება ინსინერაციის ან თანაინსინერაციის მიზნით; ა.დ) წიდის და ნაცრის დამუშავება; ა.ე) ლითონის ნარჩენების, მათ შორის ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების და ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი კომპონენტების დამუშავება დამქუცმაცებელ დანადგარში. ბ) დღე-ღამეში 75 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის აღდგენა, ან აღდგენა და განთავსება, რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ოპერაციას, ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდასთან დაკავშირებული საქმიანობების გარდა: ბ.ა) ბიოლოგიური დამუშავება; ბ.ბ) ნარჩენების წინასწარი დამუშავება ინსინერაციის ან თანაინსინერაციის მიზნით; ბ.გ) წიდის და ნაცრის დამუშავება; ბ.დ) ლითონის ნარჩენების, მათ შორის ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების და ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი კომპონენტების დამუშავება დამქუცმაცებელ დანადგარში. თუ ნარჩენების დამუშავებისთვის ხორციელდება მხოლოდ ანაერობული დაშლა, წარმადობა უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 100 ტონას. 5.4. 25 000 ტონაზე მეტი მთლიანი წარმადობის ნაგავსაყრელები, ასევე ნაგავსაყრელები, სადაც ხორციელდება დღე-ღამეში 10 ტონაზე მეტი ნარჩენის მიღება, გარდა ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელებისა; 5.5. 50 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ დანართის 5.4 პუნქტით, 5.1, 5.2, 5.4 და 5.6 პუნქტებით გათვალისწინებული ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებამდე, გარდა ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე მათი დროებითი შენახვისა; 5.6. სახიფათო ნარჩენების მიწისქვეშ შენახვა, 50 ტ-ზე მეტი მთლიანი წარმადობით. 6. საქმიანობის სხვა სახეები 6.1. სამრეწველო დანადგარებზე შემდეგი პროდუქციის წარმოება: (ა) ცელულოზა მერქნიდან ან სხვა ბოჭკოვანი მასალებიდან; (ბ) ქაღალდი ან მუყაო, დღე-ღამეში 20 ტონაზე მეტი წარმადობით; (გ) ხის პანელები: ორიენტირებულ-ბურბუშელოვანი ფილები, მერქან-ბურბუშელოვანი ფილები ან მერქან-ბოჭკოვანი ფილები, დღე-ღამეში 600 მ3-ზე მეტი წარმადობით. 6.2. საფეიქრო ბოჭკოს ან ქსოვილების წინასწარი დამუშავება (გამოხარშვა, გამოთეთრება, მერსერიზაცია) ან ღებვა, დღე-ღამეში 10 ტონაზე მეტი დამუშავების სიმძლავრით; 6.3. ტყავის თრიმლვა დღე-ღამეში 12 ტონაზე მეტი მზა პროდუქციის წარმადობით; 6.4. (ა) სასაკლაოების ექსპლუატაცია, სადაც ტანხორცის წარმოების მოცულობა დღე-ღამეში 50 ტონას აღემატება; (ბ) სურსათის ან ცხოველთა კომბინირებული საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი (წინასწარ დამუშავებული ან დაუმუშავებელი) ნედლეულის დამუშავება ან გადამუშავება, შეფუთვის გარდა: ბ.ა) მხოლოდ ცხოველური წარმოშობის ნედლეული (გარდა რძისა), დღე-ღამეში 75 ტონაზე მეტი მზა პროდუქციის წარმადობით; ბ.ბ) მხოლოდ მცენარეული წარმოშობის ნედლეული, დღე-ღამეში 300 ტონაზე მეტი მზა პროდუქციის წარმადობით, ან დღე-ღამეში 600 ტონაზე მეტი წარმადობით იმ შემთხვევაში, თუ დანადგარი წელიწადში მუშაობს ზედიზედ არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში; ბ.გ) ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ნედლეული, როგორც კომბინირებული, ასევე ცალკეული პროდუქტის სახით, სადაც მზა პროდუქციის წარმადობა აღემატება დღე-ღამეში: 75 ტონას თუ A უდრის 10-ს ან მეტია; ან [300- (22,5 × A)] ტონას ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, აქ ‘A’ აღნიშნავს მზა პროდუქციის წარმადობაში ცხოველური წარმოშობის მასალის წილს (წონის პროცენტული მაჩვენებლის სახით). პროდუქტის საბოლოო წონაში შეფუთვის გათვალისწინება არ ხდება. ეს ქვესექცია არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ნედლეულს მხოლოდ რძე წარმოადგენს. (გ) მხოლოდ რძის დამუშავება და გადამუშავება, როდესაც დღე-ღამეში მიღებული რძის რაოდენობის საშუალო წლიური მაჩვენებელი აღემატება 200 ტონას. 6.5 ცხოველთა ტანხორცის ან ცხოველური ნარჩენების განთავსება ან რეციკლირება, როდესაც დამუშავების სიმძლავრე დღე-ღამეში 10 ტონას აღემატება; 6.6. ინტენსიური მეფრინველეობა ან მეღორეობა: (ა) 40000-ზე მეტი სადგომით ფრინველისთვის; (ბ) 2000-ზე მეტი სადგომით (30 კგ-ზე მეტი) სახორცე ღორებისთვის, ან (გ) 750-ზე მეტი სადგომით დედა ღორებისთვის (ნეზვებისთვის). 6.7. ნივთიერებების, საგნების ან პროდუქტების ზედაპირული დამუშავება ორგანული გამხსნელებით, კერძოდ, მოპირკეთების, ბეჭდვის, დანაფარის დატანის, გაუცხიმოვნების, ჰიდროიზოლაციის, დაკალიბრების, შეღებვის, გასუფთავების ან გაჟღენთვის მიზნით, სადაც ორგანული გამხსნელების მოხმარების მოცულობა აღემატება საათში 150 კილოგრამს ან წელიწადში 200 ტონას; 6.8. ნახშირბადის ან ელექტროგრაფიტის წარმოება, ინსინერაციის (წვის) ან გრაფიტიზაციის გზით; 6.9. ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) ნაკადების დაჭერა ამ კანონით გათვალისწინებული ობიექტებიდან, გეოლოგიური დასაწყობების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, გარდა ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული საქმიანობისა, რომელიც რეგულირდება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით; 6.10. მერქნისა და მერქნული პროდუქტის დაცვა ქიმიკატების გამოყენებით, სადაც წარმადობა დღე-ღამეში 75 მ3-ს აღემატება, გარდა მერქნის სილურჯისგან დაცვის მიზნით დამუშავებისა; 6.11. ამ კანონის I დანართით განსაზღვრული საქმიანობების შედეგად ჩაშვებული ჩამდინარე წყლების გაწმენდა დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების საშუალებით, გარდა ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებისა. დანართი II დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩამონათვალი ჰაერი 1. გოგირდის ორჟანგი და გოგირდის სხვა ნაერთები; 2. აზოტის ოქსიდები და აზოტის სხვა ნაერთები; 3. ნახშირჟანგი; 4. აქროლადი ორგანული ნაერთები; 5. ლითონები და მათი ნაერთები; 6. მტვერი, წვრილი ნაწილაკების ჩათვლით; 7. აზბესტი (შეწონილი ნაწილაკები, ბოჭკოები); 8. ქლორი და მისი ნაერთები; 9. ფტორი და მისი ნაერთები; 10. დარიშხანი და მისი ნაერთები; 11. ციანიდები; 12. ნივთიერებები და ნარევები, რომელთაც გააჩნიათ დადასტურებული კანცეროგენული და მუტაგენური თვისებები, ან თვისებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს რეპროდუქციაზე ჰაერის საშუალებით; 13. პოლიქლორირებული დიბენზო-დიოქსინები და პოლიქლორირებული დიბენზოფურანები. 14. კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მავნე ნივთიერებები. წყალი 1. ჰალოგენ-ორგანული ნაერთები და ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა წარმოქმნას ასეთი ნაერთები წყლის გარემოში; 2. ფოსფორორგანული ნაერთები; 3. კალაორგანული ნაერთები; 4. ნივთიერებები და ნარევები, რომელთაც გააჩნიათ დადასტურებული კარცინოგენური და მუტაგენური თვისებები, ან თვისებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს რეპროდუქციაზე წყლის გარემოში ან მისი საშუალებით; 5. მდგრადი ნახშირწყალბადები და მდგრადი და ბიოაკუმულირებადი ორგანული ტოქსიკური ნივთიერებები; 6. ციანიდები; 7. ლითონები და მათი ნაერთები; 8. დარიშხანი და მისი ნაერთები; 9. ბიოციდები და მცენარეთა დაცვის საშუალებები; 10. შეწონილ მდგომარეობაში; 11. ნივთიერებები, რომლებიც მონაწილეობენ ეუტროფიკაციაში (კერძოდ ნიტრატები და ფოსფატები); 12. ნივთიერებები, რომლებსაც გააჩნიათ უარყოფითი ზემოქმედება ჟანგბადის ბალანსზე (და იზომება ისეთი პარამეტრებით, როგორიცაა ჟანგბადის ბიოქიმიური მოთხოვნილება (BOD), ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნილება (COD) და ა.შ.); 13. წყლის შესახებ შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული დამაბინძურებელი ნივთიერებები. დანართი III საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის განსაზღვრის კრიტერიუმები 1. მცირე ნარჩენების მქონე ტექნოლოგიის გამოყენება; 2. ნაკლებად სახიფათო ნივთიერებების გამოყენება; 3. ტექნოლოგიური პროცესის დროს წარმოქმნილი და გამოყენებული ნივთიერებების, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ნარჩენების აღდგენისა და რეციკლირების ხელშეწყობა; 4. შედარებადი პროცესები, ობიექტები ან ექსპლუატაციის მეთოდები, რომლებიც წარმატებით იქნა გამოყენებული სამრეწველო მასშტაბით; 5. ტექნოლოგიური მიღწევები და ცვლილებები სამეცნიერო ცოდნასა და ცნობიერებაში; 6. ემისიების სახე, ზემოქმედება და მოცულობა; 7. ახალი და არსებული დანადგარების ექსპლუატაციაში შეყვანის თარიღები; 8. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დანერგვისთვის საჭირო ვადა; 9. ნედლეულის (წყლის ჩათვლით) სახე, გამოყენება და ენერგოეფექტურობა; 10. გარემოზე ემისიების საერთო ზემოქმედებისა და რისკების პრევენციის ან მინიმუმამდე შემცირების საჭიროება; 11. ავარიების პრევენციისა და გარემოზე მათი ზემოქმედების შედეგების მინიმუმამდე შემცირების საჭიროება; 12. საჯარო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამრეწველო ემისიების შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით (შემდგომში „ასოცირების შეთანხმება“) საქართველომ იკისრა ვალდებულება, უზრუნველყოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა. „ასოცირების შეთანხმების“ ფარგლებში საქართველომ აიღო ვალდებულება, თავისი კანონმდებლობა ეტაპობრივად, განსაზღვრულ ვადებში, დაუახლოვოს სამრეწველო დაბინძურებისა და სამრეწველო საფრთხეების სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობას. ამ მიზნით ეროვნულ კანონმდებლობაში ჰარმონიზებული უნდა იქნეს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ 2010 წლის 24 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/75/EU დირექტივის (შემდგომში - „ევროდირექტივა“) შესაბამისი დებულებები. კერძოდ, „ასოცირების შეთანხმების“ მიხედვით, უნდა მოხდეს: - კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა; - სამრეწველო ობიექტების განსაზღვრა, რომლებიც შესაბამის ნებართვას საჭიროებენ; - ინტეგრირებული სანებართვო სისტემის ჩამოყალიბება (მუხლები 4-6, 12, 17(2), 21 და 24 და დანართი IV); - სანებართვო პირობებთან შესაბამისობის მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება (მუხლი 8, 14(1)(d) და 23(1)); - საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დანერგვა, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის სახელმძღვანელოებში მოყვანილი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნების გათვალისწინებით (მუხლი 14 (3-6) და 15 (2-4)); - წვის ქარხნებისთვის გაფრქვევის ზღვრული ნორმების ლიმიტების დაწესება (მუხლი 30 და დანართი V); - გარდამავალი ეროვნული გეგმების შემუშავება არსებული ქარხნებიდან მთლიანი ყოველწლიური ემისიის შემცირების მიზნით (არსებული ქარხნებისათვის ემისიის ზღვრული მნიშვნელობების დაწესება ნებაყოფლობითია) (მუხლი 32). აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზნით, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების სფეროში ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოებისა და მისი იმპლემენტაციის მიზნით“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე დაძმობილების პროექტის (GE 14 ENI EN 02 16 (GE/24) ფარგლებში, ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით, „ევროდირექტივის“ მოთხოვნების შესაბამისად, შემუშავდა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან, „ევროდირექტივასთან“ საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზებისთვის საჭიროა ახალი სამართლებრივი რეჟიმის შექმნა (მათ შორის, ახალი სახის ნებართვისა და მასთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღება, აგრეთვე, სხვა საკითხების მოწესრიგება, რაც საკანონმდებლო რეგულირებას მოითხოვს), საჭიროა მიღებული იქნეს სამრეწველო ემისიების მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტი და მასთან ერთად, საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში, ასევე ცვლილებები შევიდეს სხვა შესაბამის კანონებშიც. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, სამრეწველო საქმიანობებიდან გარემოს დაბინძურების პრევენციისა და შემცირების მიმართულებით ჩამოყალიბდება ევროკავშირის კანონმდებლობის და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ადგენს ინტეგრირებული ნებართვის ფლობის ვალდებულებას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების პოტენციალის მქონე ისეთი სამრეწველო საქმიანობებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია „ევროდირექტივის“ პირველი დანართით (აღნიშნული საქმიანობები განისაზღვრება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტითაც). კანონპროექტი ეყრდნობა „ევროდირექტივის“ შემდეგ პრინციპებს: ● ინტეგრირებული მიდგომა: ობიექტების რეგულირება ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედებას მთლიანობაში (მათ შორის, ემისიებს ჰაერში, წყალსა და ნიადაგში), ნარჩენების წარმოქმნას, ნედლეულის გამოყენებას, ენერგოეფექტურობას, ხმაურს, ავარიების პრევენციასა და ექსპლუატაციის ადგილის აღდგენას (ობიექტის საბოლოო დახურვის შემდგომ). ● საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა (Best available techniques - BAT): ინტეგრირებული ნებართვების გაცემა და ემისიის ზღვრული მნიშვნელობები ეფუძნება დასკვნებს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ და ევროპის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის სახელმძღვანელო დოკუმენტებს (BREFs). ● მოქნილობა: ნებართვის გამცემ უწყებას უჩნდება შესაძლებლობა, რომ განსაზღვროს ემისიის ნაკლებად მკაცრი ზღვრული მნიშვნელობები იმ კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც შეფასება გვიჩვენებს, რომ საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან (როგორც ისინი აღწერილია დასკვნებში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ) დაკავშირებული ემისიის დონეების მიღწევა გამოიწვევდა გარემოსდაცვით სარგებლებთან მიმართებაში არაპროპორციულად მაღალ ხარჯებს, გეოგრაფიული მდებარეობის, ან ადგილობრივი გარემოსდაცვითი პირობების, ან ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების გამო. ● გარემოსდაცვითი სახელმწიფოებმა უნდა შექმნან შემოწმების სისტემა: გარემოსდაცვითი შემოწმებების სისტემა და შეადგინონ შემოწმების გეგმები. ობიექტებზე ვიზიტები უნდა განხორციელდეს მინიმუმ ყოველ 1-3 წელიწადში ერთხელ, სიხშირის დასადგენად რისკზე დამყარებული კრიტერიუმების გამოყენებით. ● საზოგადოების მონაწილეობა: საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და საზოგადოების ინფორმირება მისი შედეგების შესახებ, ნებართვების მიღებაზე განაცხადების, გაცემული ნებართვების, ემისიების მონიტორინგის შედეგების ხელმისაწვდომობის გზით. კანონპროექტი ეფუძნება „ევროდირექტივის“ პირველ-მე-2 თავებს, შესაბამის (პირველი, მე-2, მე-3, მე-4) დანართებს. კანონპროექტი განსაზღვრავს ინტეგრირებულ ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალს, ადგენს ინტეგრირებული ნებართვის გაცემის წესს, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის განსაზღვრის კრიტერიუმებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის პრინციპებს. რაც შეეხება „ევროდირექტივის“ მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 თავებსა და შესაბამის დანართებში (მე-5, მე-6, მე-7 და მე-8) აღწერილ სპეციალურ დარგობრივ დებულებებს წვის დანადგარების შესახებ, ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის შესახებ და იმ საქმიანობების შესახებ, რომლებიც იყენებენ ორგანულ გამხსნელებს, ისინი დამტკიცდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით (საქართველოს მთავრობის დადგენილებები). კანონპროექტის პირველი დანართით გათვალისწინებული გარკვეული საქმიანობებისთვის (ენერგიის წარმოება, ლითონების წარმოება და დამუშავება, მინერალური ნედლეულის გადამუშავება, ქიმიური მრეწველობა, ნარჩენების მართვა) სავალდებულო იქნება ინტეგრირებული ნებართვა, რომელსახც გასცემს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). ინტეგრირებული მიდგომის პრინციპი გულისხმობს ასევე შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებლისთვის მხოლოდ ერთი საავტორიზაციო დოკუმენტის ინტეგრირებული ნებართვის არსებობას, რომელშიც გაერთიანდება ყველა გარემოსდაცვითი საკითხი და რომელიც ჩაანაცვლებს ყველა შესაბამის აღმჭურველ აქტს. აღნიშნული მიდგომა საქმიანობის განმახორციელებელს მნიშვნელოვნად შეუმცირებს ბიუროკრატიულ ტვირთს და ნებართვის გამცემ ორგანოსთან ურთიერთობის პროცესში დახარჯულ რესურსებს. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, ზემოაღნიშნულ საქმიანობათა უმრავლესობა, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მიხედვით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის გავლას და შესაბამისად, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას საჭიროებს. ასეთი საქმიანობებისთვის ინტეგრირებული სანებართვო სისტემის ამოქმედების შემდეგ გაიცემა მხოლოდ ინტეგრირებული ნებართვა, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგად განსაზღვრული პირობები. ახალი სისტემა იმუშავებს „ერთი სარკმლის“ პრინციპით და იმ საქმიანობის განხორციელებით დაინტერესებული პირი, რომელიც ექვემდებარება როგორც ინტეგრირებულ ნებართვას, ისე, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ერთიანი განაცხადით მიმართავს სააგენტოს და ამ კანონით დადგენილი პროცედურის მიხედვით აიღებს ერთ ნებართვას (ინტეგრირებული ნებართვა). ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი საკითხი, რომელიც კანონპროექტით ინერგება, არის ე.წ. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გათვალისწინება. კერძოდ, ინტეგრირებული ნებართვის პირობები უნდა დაეფუძნოს საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა არის საქმიანობის განხორციელების და შესაბამისი მეთოდების განვითარების ყველაზე ეფექტიანი და მოწინავე ეტაპი, რომელიც ინტეგრირებული ნებართვის ისეთი ეფექტიანი და მოქნილი პირობების (ემისიის ზღვრული მნიშვნელობები და სხვ.) დადგენის საშუალებას იძლევა, რომლებიც მიმართულია როგორც ემისიების, ისე, მთლიანად გარემოზე ზემოქმედების პრევენციისკენ, ხოლო სადაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია შემცირებისკენ. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ინტეგრირებული ნებართვის პირობების საფუძვლად გამოყენების პრინციპი, დღესდღეობით ქვეყანაში მოქმედი მოძველებული გარემოსდაცვითი ნორმებისგან განსხვავებით, უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების რეგულირებას არამხოლოდ მთლიანად საწარმოდან, არამედ იძლევა თითოეული, ემისიის ინდივიდუალურ წყაროებზე ქმედითი ინტერვენციის საშუალებას. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დანერგვით გაჩნდება ასევე გარემოს დისპერსიული დაბინძურების წყაროების (მაგ: ნაგავსაყრელები, ფერმები) რეგულირების უფრო ეფექტიანი მექანიზმი. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დარგობრივი ინფორმაცია თავმოყრილია საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის სახელმძღვანელოებში, რომელთა შემუშავებაც ხდება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და სამრეწველო სექტორს შორის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკების შესახებ ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე. აღნიშნულ დინამიურ პროცესს წარმართავს დაბინძურების ინტეგრირებული პრევენციისა და კონტროლის ბიურო (IPPC), რომელიც განთავსებულია ქ. სევილიაში (ესპანეთი). აღნიშნული სახელმძღვანელოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები, რომლებიც მტკიცდება ევროკავშირის შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტაციას. მიერ და წარმოადგენს გამომდინარე იქიდან, რომ ტექნოლოგიები ვითარდება, ხოლო მათი გამოყენების მეთოდები იცვლება და იხვეწება, შესაბამისად, სახელმძღვანელოების/დასკვნების განახლებაც უწყვეტი პროცესია. დასკვნების განახლების პროცესს თან უნდა სდევდეს სააგენტოს მიერ გაცემული ინტეგრირებული ნებართვის გადახედვის/განახლების პროცესი. შესაბამისად, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი სისტემა უზრუნველყოფს ახალ ტექნოლოგიებზე სამრეწველო სექტორის მუდმივ ორიენტირებულობას და ქვეყანაში „მწვანე ეკონომიკის“ სტიმულირებას. მნიშვნელოვანია, რომ საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ახალი დასკვნების გამოქვეყნების შემდეგ, საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკაზე დაფუძნებული, გაცემული ინტეგრირებული ნებართვაც პერიოდულ გადახედვას დაექვემდებარება. შესაბამისად, გაჩნდება ცვლილებებზე მორგებული და პროგრესზე ორიენტირებული ინტეგრირებული ნებართვების „ცოცხალი“ და ქმედითი სისტემა (განსხვავებით ამჟამად მოქმედი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისგან, რომელიც სავალდებულო გადახედვას და კორექტირებას არ ითვალისწინებს). აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტის მიხედვით, ინტეგრირებულ ნებართვას დაექვემდებარება არამხოლოდ ახალი საქმიანობები, არამედ არსებული ობიექტებიც (მათ შორის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე საქმიანობები). ინტეგრირებული სანებართვო სისტემა დაგეგმილი საქმიანობებისთვის, კანონპროექტის მიხედვით, ამოქმედდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან, ხოლო არსებული საქმიანობებისთვის - 2029 წლიდან 2031 წლამდე, ეტაპობრივად, სექტორების მიხედვით. ამასთან, სააგენტო ასევე უფლებამოსილი იქნება, ინტეგრირებული ნებართვის გაცემის პროცესში გადახედოს ამ კანონის ამოქმედებამდე გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში გამოცემულ შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათში ცვლილება შეიტანოს. ამასთან, გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პირობებისა და ინტეგრირებული ნებართვის პირობების ერთმანეთთან შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ინტეგრირებული ნებართვის პირობებს მიენიჭება. ასეთი მექანიზმის დანერგვა არსებული რეალობის/გარემოებების მაქსიმალური გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ნებართვას დაქვემდებარული საქმიანობების სისტემატურ ჰარმონიზებას შესაბამის გარემოსდაცვით ნორმებთან/სტანდარტებთან. კანონპროექტით მთავრობას ასევე ენიჭება უფლება, ცალკეული დარგებისთვის განსაზღვროს ზოგადი სავალდებულო წესები. ზოგადი სავალდებულო წესები წარმოადგენს დარგობრივ დონეზე განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებს, ექსპლუატაციის პირობებს, ემისიის ზღვრული მნიშვნელობების დიაპაზონს და სხვა პირობებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იქნას უშუალოდ ინტეგრირებული ნებართვის პირობების განსაზღვრის მიზნით. ზოგადი სავალდებულო წესები უზრუნველყოფს სამრეწველო სექტორის თანაბარ პირობებში ჩაყენებას. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ახალი სისტემა, შესაბამისი გარემოებების შემთხვევაში, ასევე არ გამორიცხავს (ითვალისწინებს), საწარმოებთან ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობასაც. განსხვავებით დღეს მოქმედი რეგულაციებისგან, კანონპროექტი ადგენს ემისიის ზღვრული მნიშვნელობებიდან გადახვევის შესაძლებლობას და იძლევა ემისიის ნაკლებად მკაცრი ზღვრული მნიშვნელობების დადგენის შესაძლებლობას. ახალი სისტემა ინტეგრირებული ნებართვის მფლობელი ობიექტებისთვის, ინოვაციური ტექნიკის გამოცდა/გამოყენების მიზნით, ასევე განსაზღვრავს გარკვეული წახალისების მექანიზმსაც. ასეთ შემთხვევაშიც, სააგენტო უფლებამოსილია ინტეგრირებული ნებართვის მფლობელისთვის დაუშვას გამონაკლისი ემისიის ზღვრული მნიშვნელობებიდან. ამავდროულად, სააგენტო უფლებამოსილია, ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებთან ერთად, საწარმოს დამატებით დაუწესოს, ან საერთოდ ჩაანაცვლოს ისინი შესასრულებლად სავალდებულო ექვივალენტური პარამეტრებით, ან ტექნიკური ღონისძიებებით, რომლებიც გარემოს დაცვის ექვივალენტურ დონეს უზრუნველყოფენ. ექვივალენტური პარამეტრები და ტექნიკური ღონისძიებები გულისხმობს ყველა იმ ფაქტორს/პარამეტრს, რომელიც იწვევს ან დაკავშირებულია ემისიის წარმოქმნასთან (აირჰაერნარევის მოცულობითი სიჩქარე, ტემპერატურა, დანადგარების ექსპლუატაციის სხვადასხვა რეჟიმები, ცხოველთა და ფრინველთა კვების სხვადასხვა სქემები, საწყობებისა და სანაყაროების ოპერირების წესები და ა. შ.). მოცემული მიდგომა, რომელიც გამომდინარეობს „ევროდირექტივიდან“, ქმნის მოქნილ მექანიზმს ერთის მხრივ ისეთი დანადგარების (ემისიის სტაციონარული წყაროების) სრულყოფილი რეგულირებისთვის, სადაც ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებთან შესაბამისობის ზუსტი კონტროლი შეუძლებელი, რთული ან არასაიმედოა (შედარებით ძველი დანადგარები), ხოლო მეორეს მხრივ - შესაძლებელს გახდის, მოხდეს ემისიების რეგულირება დისპერსიული წყაროებიდან, სადაც ემისიების გაზომვა და შესაბამისად, ზღვრული მნიშვნელობების დაწესება შეუძლებელია. ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა ქმედითი ინსტრუმენტია, რომელიც მაქსიმალურად ერგება და ითვალისწინებს გარემოს მდგომარეობის კუთხით არსებულ რეალობას. შესაბამისად, ტერიტორიებზე, სადაც ადგილი აქვს გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივ ნორმებთან შეუსაბამობას, ან მოდელირების შედეგად გამოიკვეთება ასეთი რისკი, ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილი იქნება, ინტეგრირებული ნებართვით დამატებითი ღონისძიებები დაადგინოს. დამატებითი ღონისძიებები შესაძლოა მოიცავდეს უფრო მკაცრი ინტეგრირებული ნებართვის პირობებს, ვიდრე ის პირობები, რომლებიც მიიღწევა საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დანერგვის/გამოყენების გზით. აქვე ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ მოცემული მიდგომა არ განსხვავდება დღეს არსებულისგან, როცა ემისიების ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენა ასევე გარემოს ხარისხობრივი ნორმების გათვალისწინებით ხდება. კანონპროექტის მიხედვით, ინტეგრირებული ნებართვის განაცხადისა და ინტეგრირებული ნებართვის ფორმები მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება, რაც ინტეგრირებული ნებართვის მაძიებელს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ამ კანონით დადგენილი პროცედურების გავლას და ნებართვის გამცემთან ურთიერთობას. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი სისტემა ასევე გულისხმობს სათანადო მონიტორინგისა და კონტროლის წარმოებას, მათ შორის, ინტეგრირებული ნებართვით განსაზღვრული პირობების თვითმონიტორინგს. კანონპროექტის მიხედვით, ემისიებთან დაკავშირებული მონიტორინგის მოთხოვნები (მ.შ. გაზომვის მეთოდოლოგია, სიხშირე, შეფასების პროცედურა) უნდა ეფუძნებოდეს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ინტეგრირებული ნებართვის პირობების შესრულების კონტროლს განახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. კონტროლის სისტემა დაფუძნებული იქნება გარემოსდაცვითი რისკების შეფასებაზე და შემოწმებების სიხშირე იქნება განსხვავებული, შესაბამისი საქმიანობებიდან გამომდინარე პოტენციური რისკების გათვალისწინებით. კანონპროექტი ასევე უზრუნველყოფს ინტეგრირებული ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ინფორმაციის მაქსიმალურ საჯაროობას და საზოგადოების ჩართულობას ინტეგრირებული ნებართვის გაცემის პროცედურის ყველა ეტაპზე. კანონპროექტით, სამინისტროს სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (შემდგომში „ცენტრი“) უზრუნველყოფს ინტეგრირებული ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი განაცხადის შესახებ ინფორმაციის, ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას (მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას). აგრეთვე „ცენტრი“ უზრუნველყოფს საჯარო განხილვის ჩატარებას. ასევე, საკუთარ ვებგვერდზე განათავსებს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს გახდის ემისიის მონიტორინგის შედეგებს, საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში - ასევე, ინფორმაციას საქმიანობის განხორციელების ადგილის აღდგენის ზომების შესახებ და სხვ. რაც შეეხება ინტეგრირებული ნებართვის გაცემის ვადებს: სააგენტო ინტეგრირებულ ნებართვას გასცემს შესაბამისი განაცხადის რეგისტრაციიდან 120 სამუშაო დღის ვადაში (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში - 80 სამუშაო დღის ვადაში). აღნიშნული 120დღიანი ვადა შეირჩა ევროპის ქვეყნების გამოცდილების და კანონმდებლობის ანალიზის გათვალისწინებით. მაგალითად გერმანიას, ინტეგრირებული სანებართვო პროცედურისთვის, დადგენილი აქვს 6-დან 12-თვემდე ვადა, ნიდერლანდების სამეფოს - 6-თვე (რომლის გახანგრძლივებაც შესაძლებელია ერთხელ, მაქსიმუმ 8 თვემდე). ჩეხეთის რესპუბლიკაში სანებართვო პროცედურისთვის გათვალისწინებულია 45-დან 90 დღემდე, ხოლო ესპანეთის სამეფოს გალიციის რეგიონში - არანაკლებ 10 თვე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნებართვის გაცემისთვის კანონპროექტით შეირჩა 120 სამუშაო დღე (დაახლოებით 6 თვე). ინტეგრირებული ნებართვის გაცემის კანონპროექტით განსაზღვრული ზემოაღნიშნული ვადა უზრუნველყოფს საზოგადოების უფრო ეფექტიან ჩართულობასაც, ვინაიდან საზოგადოებას ეძლევა საკმარისი დრო, საკუთარი მოსაზრებების/შენიშვნების წარსადგენად. კანონპროექტი შედგება 5 თავის, 30 მუხლის და 3 დანართისგან (დანართი I - ინტეგრირებულ ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობების ნუსხა; დანართი II - დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩამონათვალი; დანართი III - საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის განსაზღვრის კრიტერიუმები). პირველი თავი (ზოგადი დებულებები). ამ თავში მოცემულია კანონის რეგულირების საგანი, ტერმინთა განმარტებები, განსაზღვრულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების უფლებამოსილება სამრეწველო ემისიების პრევენციისა და კონტროლის სფეროში, ჩამოყალიბებულია ინტეგრირებულ ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების პრინციპები. როგორც უკვე აღინიშნა, კანონპროექტს შემოაქვს საერთაშორისო კანონმდებლობაში და პრაქტიკაში დამკვიდრებული ახალი ტერმინები: „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა“, „საუკეთესო ხელმისაწვდომის ტექნიკის სახელმძღვანელო“, „დასკვნები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ“, „ემისიის ზღვრული მნიშვნელობები“, „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები“, „საბაზისო ანგარიში“, „ზოგადი სავალდებულო წესები“, რომლებიც წარმოადგენს გარემოს დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის (IPPC) სისტემის იმპლემენტაციის უმთავრეს ელემენტებს და მნიშვნელოვანია „ევროდირექტივის“ იმპლემენტაციისთვის. კანონპროექტის სიახლეს წარმოადგენს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ინტეგრირებული ნებართვის მისაღებად საბაზისო ანგარიშის (ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების სახიფათო ნივთიერებებით დაბინძურების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის) წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ვრცელდება იმ საქმიანობებზე, რომლებიც ითვალისწინებს კანონპროექტის II დანართით გათვალისწინებული კონკრეტული დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოყენებას, წარმოებას ან გარემოში მოხვედრას. საბაზისო ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საქმიანობის განხორციელების ადგილის გამოყენების შესახებ და ხელმისაწვდომობის შემთხვევაში - ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებზე ჩატარებული კვლევების შედეგების შესახებ არსებულ ინფორმაციას. იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობის განხორციელება საბაზისო ანგარიშით დადგენილ მდგომარეობასთან შედარებით ნიადაგის ან/და მიწისქვეშა წყლების დაბინძურებას გამოიწვევს, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებული იქნება მიიღოს საჭირო ზომები ამ დაბინძურების აღმოსაფხვრელად, რათა უზრუნველყოს აღნიშნული ადგილის საბაზისო ანგარიშში მითითებულ მდგომარეობამდე აღდგენა (ტექნიკური განხორციელებადობის შემთხვევაში). კანონპროექტის მოცემული თავი ადგენს ასევე ემისიის ზღვრული მნიშვნელობებიდან გადახვევის წესს და განსაზღვრავს საქმიანობის განმახორციელებლისთვის ინციდენტის/ავარიის პრევენციისა და მათი შედეგების შერბილების ვალდებულებებს. მეორე თავი (ინტეგრირებული ნებართვის გაცემა). ამ თავში განსაზღვრულია ინტეგრირებული ნებართვის გაცემის წესი. კერძოდ, დადგენილია მოთხოვნები გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო განაცხადთან დაკავშირებით და განსაზღვრულია ადმინისტრაციული წარმოების წესი, რომელიც მათ შორის, მოიცავს საექსპერტო კომისიის შექმნისა და ინტეგრირებული ნებართვის გაცემის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ეტაპებს. კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ინტეგრირებულ ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობა ასევე ექვემდებარება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, საქმიანობაზე გაიცემა ინტეგრირებული ნებართვა. ასეთ შემთხვევაში წარმოდგენილ განაცხადს უნდა დაერთოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად მომზადებული გზშ-ის ანგარიში და ნებართვის გაცემის პროცედურა წარიმართება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის შესაბამისად, ხოლო გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგად განსაზღვრული პირობები შესაბამისად აისახება ინტეგრირებულ ნებართვაში. მეორე თავი ასევე ადგენს ინტეგრირებული ნებართვის გაცემისა და ნებართვის გაცემაზე უარის თქმის პირობებს. მოცემულ თავში ასევე განსაზღვრულია ის კონკრეტული გარემოებებიც, რომლებიც გაცემულ ინტეგრირებულ ნებართვაში ცვლილების შეტანის საფუძველს წარმოადგენს, მათ შორის: როდესაც საქმიანობა ან საწარმოო პროცესი არ არის გათვალისწინებული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნაში და საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა განვითარდა იმგვარად, რაც უზრუნველყოფს ემისიების მნიშვნელოვან შემცირებას; ექსპლუატაციის უსაფრთხოება მოითხოვს სხვა ტექნიკის/ტექნოლოგიის დანერგვას; საქმიანობასთან დაკავშირებით გამოიცა საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ახალი დასკვნები, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; საქმიანობის შედეგად გამოწვეული დაბინძურება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საჭიროებს ინტეგრირებული ნებართვით დადგენილი ემისიის ზღვრული მნიშვნელობების გადახედვას, ან ემისიის ახალი ზღვრული მნიშვნელობების განსაზღვრას; შეიცვალა გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები, რომელთა საფუძველზეც საჭიროა ინტეგრირებული ნებართვის პირობების გადახედვა; ნებართვაში ცვლილების შეტანა აუცილებელია ნებართვის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ინტეგრირებულ ნებართვაში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა იქნება ეფექტიანი და მოქნილი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ტექნიკურ პროგრესთან და გარემოსდაცვითი რეგულაციების ცვლილებებთან ეტაპობრივ ადაპტირებას. მეორე თავი მოიცავს ასევე მუხლებს ინტეგრირებული ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემის, ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ინტეგრირებული ნებართვის სხვა პირისთვის სრულად გადაცემას. აღნიშნული მიდგომა ითვალისწინებს „ევროდირექტივის“ და საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნების პრინციპებს აგრეგაციისა და შეკრების შესახებ, რომლებიც გულისხმობს საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებული დანადგარების სიმძლავრეთა შეჯამებას და სათანადოდ მკაცრი პირობების/ემისიის ზღვრული მნიშვნელობების დადგენას მათი ჯამური სიმძლავრის საფუძველზე. შედეგად, მიღებული გადაწყვეტილების (ინტეგრირებული ნებართვის) პირობებში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების კუმულაციური ეფექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოირიცხება ის შემთხვევები, როცა საქმიანობის განხორციელების ნებართვის ნაწილობრივი გადაცემის შედეგად ხდება საწარმოო სიმძლავრეების და შესაბამისად, პასუხისმგებლობის „დანაწევრება“ და აქედან გამომდინარე, დადგენილი გარემოსდაცვითი რეგულაციების თავიდან არიდება. მესამე და მეოთხე თავები. მესამე თავი განსაზღვრავს მონიტორინგისა და ინტეგრირებული ნებართვის პირობების შესრულების კონტროლის მექანიზმს. ასევე ადგენს ინტეგრირებული ნებართვის პირობების დარღვევით გამოწვეული ადმინისტრაციული საქმის წარმოების წესსა და შესაბამის სახდელებს. მონიტორინგი გულისხმობს როგორც ინტეგრირებული ნებართვით განსაზღვრული პირობების თვითმონიტორინგს (სიხშირე დგინდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით ან ზოგადი სავალდებულო წესებით), ისე ემისიებთან დაკავშირებულ მონიტორინგსაც, რომლის მოთხოვნები (მ.შ. გაზომვის მეთოდოლოგია, სიხშირე, შეფასების პროცედურა) უნდა ეფუძნებოდეს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებს. ინტეგრირებული ნებართვის პირობების შესრულების კონტროლის სისტემა დაფუძნებული იქნება გარემოსდაცვითი რისკების შეფასებაზე და მისი სიხშირე დამოკიდებული იქნება საქმიანობიდან გამომდინარე რისკებზე (ყველაზე მაღალი რისკების მქონე საქმიანობებისთვის -არანაკლებ წელიწადში ერთხელ და ყველაზე დაბალი რისკების მქონე საქმიანობებისთვის არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ). ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ინსპექტირება განხორციელდება ინტეგრირებული ნებართვის გაცემამდე, ნებართვის ხელახალ განხილვამდე ან განახლებამდეც, შესაბამისობის დადგენის მიზნით. მეხუთე თავი (გარდამავალი და დასკვნითი დებულებები). აღნიშნულ თავში მოცემულია კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები, განსაზღვრულია მისაღები/გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და დადგენილია კანონის ამოქმედების ვადა (2026 წლის 1 სექტემბერი). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); კანონპროექტი ეხმიანება 2021 – 2024 სამთავრობო პროგრამას („ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“), რომლის 2.12 ქვეთავის (გარემოს დაცვა) მიხედვით, საქართველოს განაგრძობს რეფორმებს გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ მოთხოვნებთან დაახლოებისთვის, ასევე, გაგრძელდება ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემების გაფართოება. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონი, გარდა მისი პირველი - 27-ე მუხლებისა და I - III დანართებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება, რათა საჭიროა არსებობდეს საკანონმდებლო საფუძველი, რომ კანონის სრულად ამოქმედებამდე მიღებულ/გამოცემულ იქნეს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები. კანონის პირველი - 27-ე მუხლებისა და I - III დანართების ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2026 წლის 1 სექტემბრიდან. აღნიშნული თარიღი განსაზღვრულია იმ გათვლით, რომ სამრეწველო სექტორს სჭირდება საკმარისი დრო, საქმიანობის კანონპროექტით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებთან ადაპტირებისთვის/მომავალი საქმიანობის შესაბამისი დაგეგმვისთვის. ასევე, აუცილებელია გარკვეული მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელება: შესაბამისი უწყებების ინსტიტუციური გაძლიერება, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნების ეტაპობრივი თარგმნა და სხვ. ამასთან, ეს თარიღი ასევე თავსებადია „ასოცირების შეთანხმებით“ დადგენილ, „ევროდირექტივის“ დებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვისთვის განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადებთან. კერძოდ, „ასოცირების შეთანხმების“ XXVI დანართის (გარემოს დაცვა) სამრეწველო დაბინძურება და სამრეწველო საფრთხეების ნაწილის მიხედვით, რომელიც ეხება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ 2010 წლის 24 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/75/EU დირექტივას - აღნიშნული დირექტივასთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი საბოლოოდ უნდა დასრულდეს (ამ „ევროდირექტივის“ შესაბამისი დებულებები უნდა შესრულდეს) „ასოცირების შეთანხმების“ ძალაში შესვლიდან (01/09/2014 წ.) 12 წლის ვადაში. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება უკავშირდება გარკვეულ ხარჯებს, რომლებიც გაწეული უნდა იქნას როგორც კანონის ამოქმედებამდე (გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების გახორციელება), ისე კანონის ამოქმედებიდან (2026 წლის 1 სექტემბერი) და კანონის ამოქმედების მომდევნო წლებშიც. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების ძირითადი წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი (ცალკეული ღონისძებები ასევე შესაძლებელია დაფინანსდეს საერთაშორისო დონორების დახმარებით). კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციების აღსრულებისთვის საჭირო იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტში (2026 წელს და შემდგომ წლებში) უნდა მოხდეს შესაბამისი თანხების გათვალისწინება (დეტალურად: განმარტებითი ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტი). აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების/ქმედებების განხორციელება შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მიერ განხორციელდება მათთვის კანონმდებლობის დადგენილი წესით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გარკვეულ გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ: კანონის ამოქმედებიდან (2026 წლის 1 სექტემბერი) ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებლებს/საქმიანობის განხორციელებით დაინტერესებულ პირებს მოუწევთ ინტეგრირებული ნებართვის აღება და ინტეგრირებული ნებართვის მოსაკრებლის (5000 ლარი) გადახდა. ამ მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში აკუმულირებული თანხების ოდენობა დამოკიდებული იქნება ინტეგრირებული ნებართვების მიღების განაცხადების რაოდენობაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით არსებული საქმიანობების/ობიექტების რაოდენობა, რომლებსაც ინტეგრირებული ნებართვის აღება დაჭირდებათ, არის დაახლოებით 250. შესაბამისად, მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ინტეგრირებული ნებართვის მოსაკრებლის სახით გადასახდელი თანხა, ჯამში, იქნება დაახლოებით 1,250,000 ლარი (250 X 5000). ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ კანონპროექტის მიხედვით, არსებული საქმიანობების განმახორციელებლების მიერ ინტეგრირებული ნებართვების მიღებისთვის ეტაპობრივი პროცედურა და სხვადასხვა ვადებია გათვალისწინებული (2031 წლამდე), შესაბამისად, მათ მიერ ინტეგრირებული ნებართვის მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხებიც, წლების მიხედვით, განსხვავებული იქნება. კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია დაჩქარებული წესით მომსახურების საფასური (2500 ლარი). ეს თანხა წარმოადგენს სააგენტოს მიერ გაწეული დამატებითი მომსახურების/სერვისის საფასურს, რომელსაც დაინტერესებული პირი გადაიხდის მხოლოდ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნისას. აღნიშნული საფასური წარმოადგენს სააგენტოს შემოსავალს და მისი ოდენობა დამოკიდებული იქნება განმცხადებლების სურვილზე ინტეგრირებული ნებართვა მიიღონ დაჩქარებული წესით - 80 სამუშაო დღეში (ნაცვლად სტანდარტული, 120 სამუშაო დღისა). სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის შეფასებისას ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ პოტენციური ახალი საქმიანობებიც/ობიექტებიც. ზოგადი სტატისტიკით, ახალი სამრეწველო ობიექტების რაოდენობა, ეკონომიკური ზრდის პირობებში, ყოველწლიურად შეადგენს მოქმედი საწარმოების დაახლოებით 4-5 %-ს (პლიუს 1-2 %). აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ ეკონომიკური ზრდა საქართველოში, საშუალოვადიან პერსპექტივაში, სტაბილურად გაგრძელდება, დაახლოებით ამ პარამეტრების ფარგლებშია მოსალოდნელი ინტეგრირებულ ნებართვას დაქვემდებარებული ახალი საწარმოების შექმნა, შემდგომი წლებშიც. გამომდინარე იქედან, რომ ინტეგრირებულ ნებართვას დაქვემდებარებული არსებული საქმიანობების/საწარმოების რაოდენობა, ამ ეტაპზე, დაახლოებით 250-ია, ზემოაღნიშნული გათვლების მიხედვით, კანონის ამოქმედების (2026 წლის 1 სექტემბერი) შემდეგ, ყოველწლიურად, ინტეგრირებული ნებართვის გაცემა მოხდება, სავარაუდოდ, 15-20 ახალ საქმიანობაზე მაინც. შესაბამისად, ამ ახალი საქმიანობების განსახორციელებლად ინტეგრირებული ნებართვის მისაღებად მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შესული მოსაკრებელის ოდენობა, ყოველწლიურად, იქნება 75 000-100 000 ლარი. კანონპროექტი ადგენს სამართლებრივ პასუხისმგებლობას ინტეგრირებული ნებართვის გარეშე საქმიანობისთვის და ინტეგრირებული ნებართვის პირობების დარღვევისთვის, რისთვისაც სანქციის სახით გათვალისწინებულია ჯარიმები (ერთ შემთხვევაში, 25 000 ლარიდან 30 000 ლარამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში - 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდე), შესაბამისად, კანონპროექტის მიღება, ამ მიმართულებითაც (გადახდილი ჯარიმები) გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას (კანონის ამოქმედებიდან). სახელმწიფო ბიუჯეტში ამ ჯარიმების სახით შესული თანხების ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევების რაოდენობაზე და სასამართლოების მიერ დაკისრებული ჯარიმებზე. ამასთან, თუ მხედველობაში მივიღებთ მსგავსი სახის სამართალადარღვევების სტატისტიკას („გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე (121 დარღვევა - 2022 წ. (1 ოქტომბრამდე)); გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა (96 დარღვევა - 2022 წ. (1 ოქტომბრამდე)) ზემოაღნიშნული ახალი სამართალდარღვევების რაოდენობა წელიწადში, ერთობლივად, შეიძლება იყოს 200-მდე. შესაბამისად, დადგენილი სანქციების ოდენობების გათვალისწინებით (25 000-30 000 ლარამდე, 10 000-15 000 ლარამდე), მინიმალური გათვლებით, ჯარიმების სახით დაკისრებული თანხამ შესაძლებელია შეადგინოს ორიდან სამ მილიონ ლარამდე (ამასთან, უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება დაკისრებული ჯარიმების გადახდაზე/სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაზე). ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში დღის წესრიგში დგება კანონის განხორციელებისთვის საჭირო ზომების (მათ შორის სააგენტოს და სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება (ადამიანური რესურსების და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დამატება)) მიღების აუცილებლობა, როგორც კანონის ამოქმედებამდე, ასევე, კანონის ძირითადი ნაწილის ამოქმედებიდან (2026 წლის 1 სექტემბერი) და შესაბამისად, შემდგომ წლებშიც. ძირითადი ხარჯები უკავშირდება ინტეგრირებული ნებართვის გაცემისთვის სააგენტოს, ხოლო ინტეგრირებული ნებართვის პირობების კონტროლის/მონიტორინგის განსახორციელებლად - სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სათანადო ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფას. კერძოდ: - სააგენტოს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტს, 2026 წლის იანვრიდან საჭიროა დაემატოს 12 საშტატო ერთეული, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობით და ამისთვის უნდა გამოიყოს შემდეგი თანხები: 12 საშტატო ერთეულის შრომის ანაზღაურება - 328,152 ლარი (ყოველწლიურად); საოფისე ტექნიკა (კომპიუტერები, პრინტერები) - 25,000 ლარი; საოფისე ავეჯი - 12,000 ლარი; საკანცელარიო საქონელი - 800 ლარი; კავშირგაბმულობის ხარჯი - 1500 ლარი (ყოველწლიურად); ორი ერთეული სატრანსპორტო საშუალების შეძენა 150,000 ლარი; ორი ერთეული სატრანსპორტო საშუალების საწვავი, ტექმომსახურება, მოვლაშენახვა, დაზღვევა - 50,000 ლარი (ყოველწლიურად); მივლინება - 40,000 ლარი (ყოველწლიურად). სულ, ჯამში, 2026 წელს - 607,452 ლარი. სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იქნება პასუხისმგებელი ინტეგრირებული ნებართვის გარეშე საქმიანობის აღკვეთაზე და ინტეგრირებული ნებართვის პირობების შესრულების კონტროლზე. აღნიშნული ახალი სფეროს რეგულირების უზრუნველყოფა, დეპარტამენტის დღეს არსებული რესურსებით შეუძლებელია. შესაბამისად, საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელია დეპარტამენტს დაემატოს 16 ინსპექტორის საშტატო ერთეული და ამისთვის გამოიყოს საჭირო თანხები, შემდეგი ოდენობით: 16 ინსპექტორის შრომის ანაზღაურება - 380 160 ლარი; აღჭურვილობა - 28 000 ლარი; უნიფორმა - 16X1200=19 200 ლარი; საოფისე ტექნიკა (კომპიუტერები, პრინტერი/სკანერები, მაცივრები ლაბორატორიული მასალისთვის) - 70 000 ლარი; საოფისე ავეჯი, სხვადასხვა საოფისე საქონელი - 14 000 ლარი; პერსონალის დაზღვევის ხარჯი - 11 520 ლარი; ფიჭური კავშირგაბმულობის ხარჯი - 1920 ლარი; ექსპერტიზისა და ლაბორატორიული კვლევების ხარჯი - 160 000 ლარი; მივლინება - 27 200 ლარი. ჯამში, საჭირო იქნება 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ 712 000 ლარის გამოყოფა. ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული, სახელმწიფო სამსახურში 2026 წლამდე, ყოველწლიურად, შრომის ანაზღაურების 10 %-იანი ზრდის გეგმის განხორციელების შემთხვევაში, სააგენტოს და დეპარტამენტის ახალი თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული ზემოაღნიშნული თანხები შესაბამისად დაზუსტდება (გაიზრდება). აქვე, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისთვის გათვალისწინებული ზემოაღნიშნული თანხებიც ასევე შეიძლება დაკორექტირდეს ამ საშუალებებზე არსებული ფასების ცვლილებების და ინფლაციის გათვალისწინებით. კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოში მიმდინარე ინტეგრირებული ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს ექსპერტიზას და საზოგადოების მონაწილეობას. ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიქმნება საექსპერტო კომისია. ექსპერტიზის ჩატარებას (კომისიის შექმნა, კომისიის ფუნქციის განსაზღვრა, კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის განხილვა) უზრუნველყოფს სააგენტო, საკუთარი ბიუჯეტიდან. ექსპერტი შეიძლება იყოს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი ან/და საზოგადოებრივი ექსპერტი (განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე). სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების თანამშრომელი საექსპერტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს დამატებითი ანაზღაურების გარეშე. რაც შეეხება საზოგადოებრივ ექსპერტს, იგი ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობას მიიღებს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურებას სააგენტო განახორციელებს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ან საკუთარი შემოსავლებიდან, „საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. ამ ბრძანების მიხედვით (2022 წლის მდგომარეობით), საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურება არის 500 ლარი (თითოეულ ექსპერტიზაზე), ხოლო საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურება - 700 ლარი. რაც შეეხება საჯარო განხილვის ორგანიზებას და ჩატარებას. აღნიშნულს უზრუნველყოფს სამინისტროს სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში, მისთვის გამოყოფილი ასიგნებების და რესურსების შესაბამისად. ამასთან, საჯარო განხილვის ორგანიზება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის (სადაც უნდა ჩატარდეს საჯარო განხილვა), ისინი საჯარო განხილვის ჩატარების საკითხში ცენტრთან ითანამშრომლებენ მათი რესურსების ფარგლებში, ისევე, როგორც ეს დღესდღეობით ხორციელდება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული საჯარო განხილვის ორგანიზების პროცესში. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ცენტრის მიერ ინტეგრირებული ნებართვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების არამარტო გამოქვეყნებას, არამედ, მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე მისი ნაბეჭდი ეგზემპლარების ხელმისაწვდომობასაც, რაც გულისხმობს დაინტერესებული პირების შესაძლებლობას, მიიღონ აქტების ასლები კანონმდებლობით („საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი) დადგენილი წესით. კიდევ ერთი ვალდებულება, რომელსაც „ასოცირების შეთანხმება“ ითვალისწინებს, არის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა („ევროდირექტივის“ მუხლები 8, 14(1)(დ) და 23). ამ მიზნით უნდა შეიქმნას შემოწმების სისტემა და მოხდეს შემოწმების გეგმების შემუშავება, როგორც ეს განსაზღვრულია „ევროდირექტივის“ 23-ე მუხლით და წარმოდგენილი კანონპროექტით. სსდ- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საკუთარი რესურსებით, უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი შემოწმების სტრატეგიის და გარემოსდაცვითი შემოწმების ყოველწლიური პროგრამის შემუშავებას (დამტკიცებდება მინისტრის მიერ). შემოწმების პერიოდულობა დაეფუძნება შესაბამისი ობიექტების გარემოსდაცვით რისკებს და არ იქნება 1 წელიწადზე მეტი ყველაზე მაღალი რისკის მქონე ობიექტებისთვის და 3 წელიწადი - ყველაზე დაბალი რისკის მქონე ობიექტებისთვის. წინასწარი მიახლოებითი შეფასების თანახმად, საწარმოების დაახლოებით 75 % წარმოადგენს დაბალი რისკის მქონე ობიექტს, 20 % - საშუალო რისკის მქონე ობიექტს, ხოლო 5 % - მაღალი რისკის მქონე ობიექტს. ერთი შემოწმების საშუალო ხანგრძლივობაა 20 სამუშაო დღე (წინასწარი დოკუმენტების ანალიზის, ადგილზე ვიზიტისა და ანგარიშგების ჩათვლით). აღნიშნული შემოწმებები დაიწყება კანონის ამოქმედებიდან (2026 წ.) და მათ, კომპეტენციის შესაბამისად, განახორციელებს სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. აქვე აღსანიშნავია, რომ კანონიდან გამომდინარე დაგეგმილია აღნიშნული უწყების ადამიანური/ტექნიკური/ფინანსური რესურსებით გაძლიერება, ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების (კონტროლი, შემოწმებები) შესრულების უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება სააგენტოს მიერ წარმოებულ მონიტორინგს, იგი განხორციელდება საქმიანობის განმახორციელებელის მიერ შედგენილი და სააგენტოში წარმოდგენილი მონიტორინგის შედეგების შეფასების გზით, არსებული (მათ შორის, ამ კანონიდან გამომდინარე სააგენტოსთვის დამატებული) რესურსების ფარგლებში. კანონპროექტის მიხედვით, მის საფუძველზე, ჩამოყალიბდება ინტეგრირებული სანებართვო სისტემა (2026 წლის 1 სექტემბრიდან). ამასთან, სააგენტო უფლებამოსილია შექმნას ინტეგრირებული ნებართვების ელექტრონული სისტემა. ასეთი სისტემის შექმნის შესაძლებლობას ითვალისწინებს „ევროდირექტივაც“. აღნიშნული სისტემის შექმნა მოხდება სააგენტოსთვის განსაზღვრული რესურსებით. გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული კანონპროექტით განსაზღვრული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნების თარგმნა. ამ ეტაპზე ევროკავშირის მიერ დამტკიცებულია 14 ასეთი დასკვნა (დაახლოებით 600 გვერდი). გამომდინარე იქედან, რომ ამ დასკვნების გათვალისწინების ვალდებულება ამოქმედდება კანონის ძალაში შესვლისთანავე (2026 წლის 1 სექტემბერი), შესაბამისად, მათი ქართულ ენაზე თარგმნა უნდა მოხდეს ამ თარიღამდე, 2023-2026 წლებში. შესაბამისად, თარგმნის უზრუნველსაყოფად, სააგენტოს, მითითებულ წლებში, დამატებით უნდა გამოეყოს შესაბამისი თანხები (8000-10000 ლარი). კანონპროექტის მიღება ასევე გარკვეულ გავლენას მოახდენს სხვა კომპეტენტური უწყებების (მაგ: ინტეგრირებული ნებართვის გაცემის პროცესში „დაინტერესებული უწყების“ სტატუსით ჩართული ორგანოები, სამართალდარღვევების განმხილველი სასამართლო ორგანოები, აღსრულების ეროვნული ბიურო (სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფა) და ა.შ.) საქმიანობაზეც, ვინაიდან კანონის პრაქტიკაში აღსრულების პროცესში, საკუთარი ფუნქციებიდან გამომდინარე გაიზრდება ამ უწყებების დატვირთვაც. ამ დატვირთვის მოცულობა დამოკიდებული იქნება კანონიდან გამომდინარე, საკითხების გადაწყვეტაში, კომპეტენციის შესაბამისად, უწყებების ჩართულობის აუცილებლობაზე, კანონის მოთხოვნების დარღვევების შემთხვევების რაოდენობაზე, სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე და ა.შ. ამ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების (მაგ: საკითხზე უწყების პოზიციის ჩამოყალიბება, დასკვნის შემუშავება, სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის განხილვა და ა.შ.) უწყებები უზრუნველყოფენ მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე, სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით დგინდება ინტეგრირებული ნებართვის მისაღებად გადასახდელი მოსაკრებელი - 5000 ლარი (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში დამატებით, დაჩქარებული მომსახურების საფასური - 2500 ლარი). შესაბამისად, აღნიშნული თანხის გადახდა მოუწევთ შესაბამისი საქმიანობის განხორციელებით დაინტერესებულ (ნებართვის მაძიებელ) პირებს, ასევე არსებული საქმიანობების განმახორციელებლებს, რომლებიც დაექვემდებარებიან ამ კანონით გათვალისწინებულ ინტეგრირებულ სანებართვო რეჟიმს (არსებული ობიექტების რაოდენობა, რომლებსაც ამ კანონის შესაბამისად ინტეგრირებული ნებართვის აღება დაჭირდებათ, არის დაახლოებით 250). აქვე მხედველობაშია მისაღები, რომ ახალი რეგულაციები, კანონის დანართით განსაზღვრული საქმიანობების გათვალისწინებით, ძირითადად შეეხება მსხვილ საწარმოებს/სამრეწველო ობიექტებს და შესაბამისად, ზემოაღნიშნული მოსაკრებელი საშუალო და მცირე ბიზნესს ტვირთად არ დააწვება. რაც შეეხება სხვა დამატებით ხარჯებს. სამრეწველო სექტორს, რომელიც ექცევა ამ კანონის რეგულირების სფეროში, 2026 წლის 1 სექტემბრიდან მოუწევს საქმიანობაში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეტაპობრივი დანერგვა, რაც შესაბამისად, გარკვეულ ხარჯებთან (ტექნიკის მოძიება, შეძენა, ინსტალაცია და ა.შ.) იქნება დაკავშირებული. აღნიშნული ხარჯები იქნება ინდივიდუალური, ვინაიდან დამოკიდებულია საქმიანობის სპეციფიკაზე, გამოყენებული ნედლეულზე, საწარმოო პროცესების სახიფათოობის ხარისხზე, გამოყენებულ ტექნოლოგიაზე, საქმიანობიდან გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის დონეზე, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის არსებობაზე და სხვა მრავალ ფაქტორზე. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ასეთ ტექნიკას, როგორც წესი, ეკონომიკური თვალსაზრისით, პერსპექტივაში მაღალი უკუგება გააჩნია (ნაკლები ემისიები, გარემოსთვის ზიანის მიყენების ნაკლები რისკი (დაზღვევის შემთხვევაში - ნაკლები სადაზღვევო შენატანი), ექსპლუატაციის ნაკლები დანახარჯები და ა.შ.). გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ინტეგრირებული ნებართვის მისაღებად წარსადგენი სანებართვო დოკუმენტაციის (განაცხადი, გზშ-ს ანგარიში (საჭიროების შემთხვევაში), საბაზისო ანგარიში (საჭიროების შემთხვევაში)) მომზადებაც. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯებიც გაწევაც ასევე მოუწევთ ინტეგრირებული ნებართვის მიღებით დაინტერესებულ პირებს. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ვინაიდან ინტეგრირებულ ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობების უმრავლესობა ასევე ხვდება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ რეგულირების სფეროში და ასეთი საქმიანობების განხორციელებით დაინტერესებულ პირებს, საქმიანობაზე გარემოსდაცვითია გადაწყვეტილების მისაღებად ისედაც უწევთ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული პროცედურების გავლა (განაცხადი, გზშ-ს ანგარიშის მომზადება, სხვადასხვა სახის ინფორმაციის/ანგარიშების წარდგენა და ა.შ.) - ამ თვალსაზრისით, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული განაცხადის განხილვის პროცედურის ფარგლებში ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენა მათთვის დამატებით ახალ ვალდებულებას არ წარმოადგენს. საქმიანობის განმახორციელებლებს აგრეთვე გარკვეული ხარჯების გაწევა მოუწევთ ინტეგრირებული ნებართვით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად და მათი შესრულების მონიტორინგისთვის. აღნიშნული ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება სქმიანობის სახეზე, მასშტაბზე, კონკრეტულ სანებართვო პირობებზე და სხვა გარემობებზე. ასევე, კანონპროექტით საქმიანობის განმახორციელებლებს ევალებათ, საქმიანობის შეწყვეტისას, საქმიანობის შედეგად ნიადაგის და წყლების დაბინძურების შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით და პასუხისმგებლობით, უზრუნველყონ საქმიანობის ადგილის აღდგენა და ამისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ქმედების (ტერიტორიაზე გარემოს მდგომარეობის შეფასება, საჭირო აღდგენის ღონისძიებების განხორციელება, ადამიანის ჯანმრთელობის ან/და გარემოსთვის არსებული რისკების აღმოფხვა) მიღება. ამ ზომების მისაღებად საჭირო ხარჯების ოდენობა, სხვადასხვა საქმიანობისთვის განსხვავებული იქნება, რადგან დამოკიდებულია მრავალ გარემოებაზე (საქმიანობის სპეციფიკა, დაბინძურების დონე, აღსადგენი ტერიტორიის ფართობი, აღდგენის ღონისძიებების განხორციელების სირთულე, დარგობრივი ექსპერტების ჩართულობის აუცილებლობა, აღდგენის პროცესის ხანგრძლივობა და სხვ.). აქვე აღსანიშნავია, რომ დაზიანებული გარემოს აღდგენის ვალდებულება არ არის ამ კანონპროექტის სიახლე. იგი ეფუძნება გარემოსდაცვით პრინციპს - „დამბინძურებელი იხდის“ და დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით. მეორეს მხრივ, კანონპროექტის მიღება, შესაბამისი საქმიანობების განხორციელებით დაინტერესებული პირების ფინანსური, ადამიანური რესურსების და დროს დაზოგვასაც გამოიწვევს იმ თვალსაზრისით, რომ ინტეგრირებული მიდგომის პრინციპის შესაბამისად, დღეს მოქმედი ყველა ცალკეული უფლებააღმჭურველი აქტი, რომელიც გარემოს დაცვის სფეროს სხვადასხვა მიმართულებას ეხება (გზშ, ემისიები, ნარჩენების წარმოქმნა და სხვ.), რომელთა აღებაც სუბიექტს სხვადასხვა, დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უწევს (რაც დაკავშირებულია ცალკე ბიუროკრატიულ პროცედურებთან, ხარჯებთან), გაერთიანდება ამ კანონით განსაზღვრულ ერთ ადმინისტრაციულ წარმოებაში და ერთი ავტორიზაციის დოკუმენტში - ინტეგრირებულ ნებართვაში. შესაბამისად, საქმიანობის განხორციელებით დაინტერესებულ პირებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ყველა სავალდებულო უფლებააღმჭურველი დოკუმენტის მოპოვებისთვის საჭირო სხვადასხვა სახის ბიუროკრატიული პროცედურების გავლასთან დაკავშირებული ხარჯები, სხვა რესურსები და აქედან გამომდინარე, უფრო გამარტივებულად შეძლებენ საქმიანობის ნებართვის მიღებას და ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით დგინდება ინტეგრირებული ნებართვის მოსაკრებელი - 5000 ლარი (დაჩქარებული წესით მომსახურებისას - დაჩქარებული მომსახურების საფასური - 2500 ლარი). მოსაკრებლის ოდენობა დადგინდა ინტეგრირებულ ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობების მასშტაბის/სპეციფიკის, ექსპერტიზის (მათ შორის, შესაბამისი დარგის/კვალიფიკაციის ექსპერტების ჩართულობისაქმიანობიდან მოსალოდნელი ემისიების დონისა და ინტეგრირებული ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების გათვალისწინებით. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება ჯარიმები ინტეგრირებული ნებართვის გარეშე საქმიანობის განხორციელებისთვის (25 000-30 000 ლარი) და ინტეგრირებული ნებართვის პირობების შეუსრულებლობისთვის (10 000-15 000 ლარი). ჯარიმების ოდენობა განისაზღვრა ინტეგრირებულ ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობების მიერ გამოწვეული დაბინძურებისა და გარემოსთვის პოტენციურად მისაყენებელი ზიანის დონის გათვალისწინებით და ჯარიმების პრევენციული ეფექტის უზრუნველსაყოფად. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი შეესაბამება ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 24 ნოემბრის „სამრეწველო ემისიების შესახებ“ 2010/75/EU დირექტივას. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. კანონპროექტი გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ 306-ე მუხლიდან, რომლის თანახმად, „საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XXVI დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად“. ამავე დანართში (გარემოს დაცვა) მითითებული ერთ-ერთი სფერო, რომელთანაც საქართველომ განსაზღვრულ ვადებში უნდა დაახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან არის სამრეწველო დაბინძურება და სამრეწველო საფრთხეები, ამ მიმართულებით სახელმძღვანელოდ აღებულ უნდა იქნას 2010 წლის 24 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/75/EU დირექტივა სამრეწველო ემისიების შესახებ. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: 2010 წლის 24 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/75/EU დირექტივა სამრეწველო ემისიების შესახებ. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მიმდინარე დაძმობილების პროექტის („საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების სფეროში ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოებისა და მისი იმპლემენტაციის მიზნით“) ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების უშუალო მონაწილეობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი დადებითად შეფასდა საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ კანონპროექტის შემუშავებაში. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.