გადაწყვეტილება №27788/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.08.2026
№ დოკუმენტი 27788/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27788/2/2026

06 აგვისტო 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 15.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27788/2/2026).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დარჩენილი განკარგვადი თანხის დაკვალიფიცირება დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად 3%-იანი განაკვეთით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2026 წლის №005-101 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.06.2026 წლის №14490 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 051 514,59 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 681 374,00

ჯარიმა - 340 687,00

საურავი - 29 453,59

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შპს „------“ (ს/ნ --------------) საქმიანობაა ფერადი ლითონის შეძენა-რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2025 წლის 2 აპრილს.

აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.10.2025 წლიდან 1.03.2026 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიამ საგადასახადო ორგანოს ვერ წარუდგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. საწარმოს უფიქსირდება მხოლოდ საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. დოკუმენტურად დაუდასტურებელი შეძენილი საქონლის ღირებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. დარჩენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორის სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ამასთანავე, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად 3%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2026 წლის №005-101 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.06.2026 წლის №14490 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 1333 მუხლზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტებზე და მე-2 ნაწილზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დოკუმენტურად დაუდასტურებელი შეძენილი საქონლის ღირებულების განსაზღვრა, ხოლო დარჩენილი განკარგვადი თანხების დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვა, ასევე, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ახორციელებს შავი ლითონის შეძენას და გაყიდვას. ყიდულობს ძირითადად ჯართის მიმღები პუნქტებიდან და ჰყიდის რამდენიმე შპს-ზე. ჯართის ყიდვის და გაყიდვის დროს ერთ ტონა ჯართზე მოგება რჩება დაახლოებით 10-20 ლარი. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება არც დარჩეს კონკურენციიდან გამომდინარე (კლიენტი რომ არ დაკარგოს). არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, რადგან სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის მოცულობა არასწორადაა განსაზღვრული. ასევე არ ეთანხმება დარჩენილი თანხის ხელფასად განხილვას.

შესამოწმებელ პერიოდში ასევე აქვს შეძენილი საქონელი ზედნადებებით, რომელი ფასებიც თითქმის თანხვედრაშია იმ ფასებთან რა თანხასაც ფიზიკურ პირებს უხდის ჯართის მიმღებ ბაზებზე, ითხოვს გამოყენებულ იქნას დოკუმენტურად შეძენილი ჯართის ფასები და ისე განისაზღვროს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის მოცულობა (ასევე შეუძლია ჯართის შეძენის ჟურნალების წარმოდგენა, სადაც დაფიქსირებულია შეძენის ფასები). შემოწმების აქტით 20 პროცენტით უფრო მეტი თანხაა დაბეგრილი ვიდრე 3 პროცენტით, ასეთი მონაცემები არანაირ ლოგიკას არ შეესაბამება.

საქონლის თვითღირებულების დასადგენად თუ გამოყენებული არ იქნება შეძენის (ზედნადებების) ფასები 75 პროცენტიანი ხარჯის გათვალისწინების შემთხვევაშიც კი რადიკალურად განსხვავებული შედეგი დადგებოდა. ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ზემოთ ჩამოთვლილ არგუმენტები და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ,ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

დადგენილია, რომ დოკუმენტის გარეშე შესყიდული საქონლის ღირებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. დარჩენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორის სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე გადახდის წყაროსთან, საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებული 3%-იანი განაკვეთით, დაიბეგრა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი.

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, მიიჩნევს, რომ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის მოცულობა არასწორადაა განსაზღვრული. აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში ზედნადებებით შეძენილი საქონლის ფასი არსებითად ემთხვევა იმ ფასებს, რასაც ფიზიკურ პირებს უხდის ჯართის მიმღებ პუნქტებში. ითხოვს გამოყენებულ იქნას დოკუმენტურად შეძენილი ჯართის ფასები და ისე განისაზღვროს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის მოცულობა (ჯართის შეძენის ჟურნალებში დაფიქსირებულია შეძენის ფასები). შემოწმების აქტში გამოყენებული მეთოდით დარიცხული თანხა (20%) არალოგიკურად აღემატება 3%-იან მაჩვენებელს, ხოლო თუ თვითღირებულება განისაზღვრებოდა რეალური შესყიდვის ფასებით - 75%-იანი ხარჯის გათვალისწინების შემთხვევაშიც - შედეგი მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნებოდა. ამ საფუძვლით ითხოვს დარიცხული თანხების გადახედვას და შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დაადასტურა, რომ ხარჯებში გათვალისწინებულია შეძენილი ჯართის უმცირესი ფასის 75%.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, სადავო საკითხი მომჩივნის არგუმენტებიდან გამომდინარე, საჭიროებს დამატებით შესწავლას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 30 ივნისის №14490 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დარჩენილი განკარგვადი თანხის დაკვალიფიცირება დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად 3%-იანი განაკვეთით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.10.2025 წლიდან 1.03.2026 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ კომპანიამ საგადასახადო ორგანოს ვერ წარუდგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. საწარმოს უფიქსირდება მხოლოდ საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. დოკუმენტურად დაუდასტურებელი შეძენილი საქონლის ღირებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. დარჩენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორის სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ამასთანავე, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად 3%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №005-101 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №14490 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, სადავო საკითხი მომჩივნის არგუმენტებიდან გამომდინარე, საჭიროებს დამატებით შესწავლას.აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 101(1); 154(1 „ა“ ); 1333(1.2.3);