გადაწყვეტილება №27597/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27597/2/2026
07 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“- ის 17.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27597/2/2026).
დავის საგანი:
ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №227-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.05.2026 წლის №11865 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 203 022,06 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 132 343
ჯარიმა - 66 171
საურავი - 4508.06
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს საქმიანობაა შავი ლითონის ჯართით ან/და ნარჩენით ვაჭრობა. საქმიანობის განხორციელების ადგილია ქ. ----ი. მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 1.10.2025 წელს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2026 წლის კამერალური საგადასახდო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.10.2025 წლიდან 1.02.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის - 4.02.2026 წლის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების პროცესში წარადგინა საბანკო ამონაწერები და ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ, სადაც აღნიშნავს, რომ არ გააჩნია დებიტორული და კრედიტორული დავალიანება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №2018 ბრძანებით 2026 წლის 4 თებერვალს ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურით გამოვლინდა, რომ საწარმოს სალაროში არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი.
შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის/ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოების მიერ დოკუმენტურად რეალიზებულია საქონელი, ხოლო სმფ-ის დოკუმენტური შეძენა არ ფიქსირდება. შემოწმების პროცესში შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი აღრიცხვის ჟურნალი, საბუღალტრო რეგისტრები და შეძენის დამადასტურებელი საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმებას საშუალებას მისცემდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაედგინა დაბეგვრის ობიექტი და განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საზოგადოების მიერ შეძენილ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის მოცულობა (მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირთან დოკუმენტურად შეძენილი სმფ-ების ღირებულების 75%). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დებიტორული-კრედიტორული დავალიანების და საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი არსებობაც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ჩაითვალა დირექტორზე (----- პ/ნ -------) გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №227-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.05.2026 წლის №11865 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 1333 მუხლზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტებზე და მე-2 ნაწილის „ა“ და ბ“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე, ყურადღებას ამახვილებს საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, საწარმოს მიერ შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთან დოკუმენტურად შეძენილი სმფ-ების ღირებულების 75%-ის ხარჯად განხილვა, საწარმოში არსებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება, რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის ფიზიკური პირებისგან შეძენილად ჩათვლა და შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ შავი ლითონის ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დარიცხვის საფუძვლად საგადასახადო ორგანომ მიუთითა ის გარემოება, რომ საზოგადოებამ ვერ წარმოადგინა რეალიზებული ჯართის შეძენის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია. აღნიშნულის გამო შემმოწმებლებმა გამოიყენეს არაპირდაპირი მეთოდი და შესყიდული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ღირებულება განსაზღვრეს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთან დოკუმენტურად დაფიქსირებული სმფ-ების ღირებულების მიხედვით. შემდგომ აღნიშნულად განსაზღვრული შესყიდვის ღირებულებიდან გამოსაქვით ხარჯად ჩაითვალა მხოლოდ 75%, ხოლო დარჩენილი ნაწილი არ იქნა აღიარებული ხარჯად და შესაბამისად დაექვემდებარა დაბეგვრას. ამავე მიდგომით საზოგადოებას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი ხელფასად მიჩნეულ თანხაზე 116 338 ლარის ოდენობით, ასევე ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენასთან დაკავშირებული 3%-იანი საშემოსავლო გადასახადი 16 005 ლარის ოდენობით.
საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შესყიდვის ღირებულება და შედეგად მიღებული რენტაბელობა არ შეესაბამება შავი და ფერადი ლითონის ჯართით ვაჭრობის სფეროში არსებულ რეალურ მდგომარეობას. აქტში მითითებულია, რომ ხარჯის განსაზღვრა მოხდა „მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის დოკუმენტურად შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ღირებულების“ მიხედვით, თუმცა არ არის მითითებული კონკრეტულად რომელი პირის მონაცემები იქნა გამოყენებული, რა ფასებით მოხდა შედარება, რამდენად შეესაბამებოდა აღნიშნული მონაცემები კომპანიის საქმიანობის სპეციფიკას და საერთოდ რა საფუძვლით ჩაითვალა ეს მონაცემები ადეკვატურად კომპანიის მიმართ.
ფაქტობრივად, შემოწმებამ ჯერ თვითონ განსაზღვრა სავარაუდო შესყიდვის ფასი სხვა პირის მონაცემებზე დაყრდნობით, ხოლო შემდგომ ამავე, უკვე სავარაუდოდ განსაზღვრული შესყიდვის ღირებულებიდანაც მხოლოდ 75% აღიარა გამოსაქვით ხარჯად. შედეგად მიღებულია ორმაგად დამძიმებული მიდგომა, რამაც ხელოვნურად გაზარდა დასაბეგრი ბაზა და წარმოშვა სრულიად არარეალური მარჟა. შემოწმებით გამოყენებული მიდგომით მიღებული ფასნამატი დაახლოებით 40%-ს აღწევს, ხოლო დამატებით მხოლოდ 75%-ის ხარჯად აღიარების შედეგად საბოლოო ეფექტური მარჟა დაახლოებით 65% გამოდის, რაც შავი და ფერადი ლითონის ჯართით ვაჭრობის სფეროში სრულიად არარეალური და დაუსაბუთებელია. ამ სფეროში რეალური ფასნამატი საშუალოდ 5-10%-ის ფარგლებში მერყეობს და 25%-იც კი პრაქტიკულად ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო პირდაპირ ითვალისწინებს, რომ როდესაც ვერ ხერხდება საქონლის შეძენის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 25%-იანი რენტაბელობის მიდგომა. გაუგებარია რატომ არ იქნა გამოყენებული აღნიშნული მიდგომა მოცემულ შემთხვევაში და რატომ იქნა გამოყენებული გადასახადის გადამხდელისთვის უკიდურესად მძიმე და არაპროპორციული მიდგომა.
საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო შეესწავლა კონკრეტულად აღნიშნული საქმიანობის სფეროს რეალური მარჟები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, რაც აქტში საერთოდ არ არის ასახული.
მოძიებულ იქნა საქონლის მომწოდებელი პირები, რომელთა ახსნა-განმარტებებით დგინდება რეალური შესყიდვის ფასები. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება შემოწმებით გამოყენებული არაპირდაპირი გაანგარიშებისაგან და ადასტურებს, რომ დარიცხული თანხები არ ეფუძნება რეალურ მონაცემებს.
უნდა გაუქმდეს საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელებული დაუსაბუთებელი დარიცხვები და საქმე ხელახლა დაუბრუნდეს აუდიტორებს წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების, მოძიებული შესყიდვის ფასებისა და რეალური საბაზრო ფასების გათვალისწინებით გადასახადის ობიექტურად და სამართლიანად გადაანგარიშების მიზნით. საგადასახადო ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სფეროს სპეციფიკითა და რეალურად არსებული მარჟებით, რათა დარიცხვა შესაბამისობაში მოვიდეს რეალურ გარემოებებთან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოების მიერ დოკუმენტურად რეალიზებულია საქონელი, ხოლო სმფ-ის დოკუმენტური შეძენა არ ფიქსირდება. შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი აღრიცხვის ჟურნალი, საბუღალტრო რეგისტრები და შეძენის დამადასტურებელი საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №2018 („სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“) ბრძანებით 2026 წლის 4 თებერვალს ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურით გამოვლინდა, რომ საწარმოს სალაროში არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი. არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საზოგადოების მიერ შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის მოცულობა (მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირთან დოკუმენტურად შეძენილი სმფ-ების ღირებულების 75%). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დებიტორული-კრედიტორული დავალიანების და საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, სადავო საკითხი (შეძენილი ჯართის ღირებულების სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში გათვალისწინების ნაწილი) მომჩივნის არგუმენტებიდან გამომდინარე, საჭიროებს დამატებით შესწავლას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.05.2026 წლის №11865 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახდო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.10.2025 წლიდან 1.02.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის - 4.02.2026 წლის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების პროცესში წარადგინა საბანკო ამონაწერები და ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ, სადაც აღნიშნავს, რომ არ გააჩნია დებიტორული და კრედიტორული დავალიანება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №2018 ბრძანებით ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურით გამოვლინდა, რომ საწარმოს სალაროში არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი.
შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის/ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოების მიერ დოკუმენტურად რეალიზებულია საქონელი, ხოლო სმფ-ის დოკუმენტური შეძენა არ ფიქსირდება. შემოწმების პროცესში შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი აღრიცხვის ჟურნალი, საბუღალტრო რეგისტრები და შეძენის დამადასტურებელი საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმებას საშუალებას მისცემდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაედგინა დაბეგვრის ობიექტი და განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საზოგადოების მიერ შეძენილ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის მოცულობა (მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირთან დოკუმენტურად შეძენილი სმფ-ების ღირებულების 75%). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დებიტორული-კრედიტორული დავალიანების და საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი არსებობაც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №227-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №11865 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, სადავო საკითხი (შეძენილი ჯართის ღირებულების სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში გათვალისწინების ნაწილი) მომჩივნის არგუმენტებიდან გამომდინარე, საჭიროებს დამატებით შესწავლას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1); 154(1 „ა“);