ბრძანება N 22605
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22605
21 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ს“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, ------- )
2024 წლის 10 სექტემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №107) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 10 სექტემბრის №91886/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ივნისის №024-45 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ ფასნამატი საბითუმო და საცალო პოზიციაზე განსაზღვრული აქვს 5-10%-ის ოდენობით. განმარტავს, რომ რადგან ახორციელებს საქონლის საბითუმო რეალიზაციას, რეალიზებული საქონლის ფასნამატი, საბაზრო პირობებიდან გამომდინარე, დაბალია საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე. ამასთან, აცხადებს, რომ აღნიშნული ფასნამატი გამოწვეულია ბაზარზე არსებული კონკურენციით. მიაჩნია, რომ არასწორად არის გამოანგარიშებული ფასნამატის პროცენტი, კერძოდ, არ არის გათვალისწინებული შედარებითი მეთოდით რეალიზებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადებები და ქრონომეტრაჟი.
ამასთან, არ ეთანხმება ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ უცხოელ მომწოდებლებზე სრულად აქვს თანხა გადახდილი და არ გააჩნია დებიტორულ/კრედიტორული დავალიანება, ხოლო იმპორტირებულ საქონელზე თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტაციას შემდგომ წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №9750 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 13 მაისიდან 2024 წლის 23 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 24 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 26 ივნისის №14986 ბრძანება და ამავე თარიღის №024-45 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 526 421 ლარი, მათ შორის, გადასახადი 330 471 ლარი, ჯარიმა 164 085 ლარი, საურავი 31 865 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
● გადასახადის გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია ბუღალტრული პროგრამა, აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე, საბანკო ამონაწერები და ცნობები ანგარიშების შესახებ. შესაბამისად, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გამოწერილი აქვს ორი სასაქონლო ზედნადები 3 280 ლარის ოდენობის საქონელზე. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში პირის მიერ განხორციელებული იმპორტის გზით შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 1 453 678 ლარი. საწარმოს, წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით, დეკლარირებული აქვს ჯამში 1 388 636 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით არ დგინდება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი. ამასთან, შემოწმებისთვის არ არის ცნობილი ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის არსებობის შესახებ. გადასახადის გადამხდელს 2023 წლის აპრილის თვის შემდგომ პერიოდზე არ უფიქსირდება იმპორტის საბაჟო დეკლარაციების გზით საქონლის შემოტანა, ასევე, დოკუმენტურად არ ფიქსირდება საქონლის ადგილობრივი შეძენა. შედეგად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებამ განსაზღვრა აუდირებული ფასი, კერძოდ, მსგავსი დასახელებისა და იდენტურ სარეალიზაციო ბაზარზე არსებული საქონლის ფასნამატები დააჯგუფა შესაბამის ჯგუფებად, რომლის მიხედვით საშუალო ფასნამატმა შეადგინა 53.27%. აღნიშნულის გათვალისწინებით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და საარქივო სამსახურის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიის მიერ იმპორტის გზით შემოტანილი საქონლის რეალიზაციის შედეგად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
● გადასახადის გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებისა და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ ინფორმაცია. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რაც შემცირდა დოკუმენტური დანახარჯებით, ხოლო იმპორტირებული საქონლის ღირებულებების ნაწილში არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ.) კომპანიას შემოწმების ფარგლებში არ წარმოუდგენია. საწარმოს საბანკო ამონაწერებით არ უფიქსირდება იმპორტის გზით შემოტანილი საქონლის ღირებულების გადახდა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ იძებნება მონაცემები ფულადი სახსრების გატანასთან დაკავშირებული სავალუტო დეკლარაციების შესახებ. ასევე, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია არარეზიდენტ კომპანიასთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები და კრედიტორული დავალიანების არსებობა/არარსებობის შესახებ ინფორმაცია. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და მისთვის დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, კომპანიის მიერ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად და აღნიშნული ოდენობა გათვალისწინებულ იქნა ფულადი ნაშთის გამოანგარიშების ნაწილში. ამასთან, რადგან არ დგინდება შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის სალაროში არსებობის ან ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, შემოწმებით აღნიშნული ფულის ნაშთი განსაზღვრულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია ბუღალტრული პროგრამა, აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე, საბანკო ამონაწერები და ცნობები ანგარიშების შესახებ. შესაბამისად, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, განსაზღვრა აუდირებული ფასი, მსგავსი დასახელებისა და იდენტურ სარეალიზაციო ბაზარზე არსებული საქონლის ფასნამატები დააჯგუფა შესაბამის ჯგუფებად, რომლის მიხედვით საშუალო ფასნამატმა შეადგინა 53.27% და განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად. ამასთან, შემოწმებით ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს საბანკო ამონაწერებით არ უფიქსირდება იმპორტის გზით შემოტანილი საქონლის ღირებულების გადახდა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ იძებნება ინფორმაცია ფულადი სახსრების გატანასთან დაკავშირებული სავალუტო დეკლარაციების შესახებ. ასევე, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია არარეზიდენტ კომპანიასთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები და კრედიტორული დავალიანების არსებობა/არარსებობის შესახებ ინფორმაცია. შედეგად, კომპანიის მიერ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო გაანგარიშებული ფულის ნაშთი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, აუდირებული ფასნამატის გამოყენება, კერძოდ, მსგავსი დასახელებისა და იდენტურ სარეალიზაციო ბაზარზე არსებული საქონლის ფასნამატების დაჯგუფება შესაბამის ჯგუფებად და საშუალო ფასნამატის გაანგარიშება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ხოლო, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია ბუღალტრული პროგრამა, აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე, საბანკო ამონაწერები და ცნობები ანგარიშების შესახებ. შესაბამისად, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, განსაზღვრა აუდირებული ფასი, მსგავსი დასახელებისა და იდენტურ სარეალიზაციო ბაზარზე არსებული საქონლის ფასნამატები დააჯგუფა შესაბამის ჯგუფებად და განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად. ამასთან, შემოწმებით ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს საბანკო ამონაწერებით არ უფიქსირდება იმპორტის გზით შემოტანილი საქონლის ღირებულების გადახდა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ იძებნება ინფორმაცია ფულადი სახსრების გატანასთან დაკავშირებული სავალუტო დეკლარაციების შესახებ. ასევე, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია არარეზიდენტ კომპანიასთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები და კრედიტორული დავალიანების არსებობა/არარსებობის შესახებ ინფორმაცია. შედეგად, კომპანიის მიერ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო გაანგარიშებული ფულის ნაშთი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ხოლო, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159;