გადაწყვეტილება №27885/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27885/2/2026
16 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 31.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27885/2/2026).
დავის საგანი:
1. შემოწმებით განსაზღვრული საწყისი ნაშთის ოდენობა;
2. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 17 ივნისის №086-25 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 15 ივლისის №16202 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 138 691,76 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 82 408
დღგ 50 853
საშემოსავლო გადასახადი - 31 265
მოგების გადასახადი - 290
ჯარიმა - 40 406
საურავი - 15 877,76
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ავტონაწილებით ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელს უფიქსირდება როგორც დოკუმენტური, ასევე საცალო რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმდა მომჩივნის საქმიანობის 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდი, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2026 წლის 25 მარტის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 17 ივნისის №13299 ბრძანება და №086-25 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 15 ივლისის №16202 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმებით განსაზღვრული საწყისი ნაშთის ოდენობა
ფაქტების აღწერა
2025 წლის 25 მარტს ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 409 433 ლარს. ინვენტარიზაციის შედეგად გამოთვლილი ნაშთები გადამხდელის მიერ დაკავშირდა შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტებთან, რის შედეგადაც განისაზღვრა საქონლის თვითღირებულება და ფასნამატი. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. შეძენილ და რეალიზებულ პროდუქციას აქვს განსხვავებული დასახელებები და ვერ ხერხდება დოკუმენტური ფასნამატის დადგენა. ვინაიდან, გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრული აღრიცხვას, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი.
ასევე, გადამხდელს ადგილობრივ მომწოდებელზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლისას არ აქვს გათვალისწინებული კორექტირებები და ავანსის განაშთვები. საგადასახადო კოდექსის 73-ე, 159-ე და 174-ე მუხლების გათვალისწინებით, დაკორექტირდა (გაიზარდა) დასაბეგრი ბრუნვა, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები და გადამხდელის მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ნაშთად დარჩენილი თანხა, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების შედეგად მიღებული შემოსავლის გაანგარიშება განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით. აუდიტორის მიერ მოწოდებულია შემოწმების შედეგების გაანგარიშების ცხრილი, სადაც გაანგარიშებულია დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადებით დასაბეგრი თანხა, აღნიშნულ გაანგარიშებაში 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთად განსაზღვრულია 184 780 ლარი. შემოწმების აქტში საწყისი ნაშთის გაანგარიშებაზე არაფერია აღნიშნული (დავების გადაწყვეტილებით დადასტურდა რომ ხანდაზმულ პერიოდში ოპერაციების მიხედვით გაანგარიშდა საწყისი ნაშთი).
შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებებით და ასევე აუდიტის დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოების მიერ ჩატარებული შემოწმებისას მსგავს სიტუაციებში საწყისი ნაშთის არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშება არ ხდება და საწყისი ნაშთის განსაზღვრისთვის გამოიყენება ფინანსურ ანგარიშგებაში და მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახული მონაცემები. აღნიშნულიდან გამომდინარე 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კომპანიის საწყისი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 10 000 ლარს, რაც დასტურდება 2023 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, ასევე 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 0 ლარს, შესაბამისად საწყის ნაშთად უნდა განისაზღვროს 2023 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში მითითებული მონაცემი 10 000 ლარი და აღნიშნულის შესაბამისად დაკორექტირდეს გაანგარიშება, რაც სრულად შეამცირებს დარიცხულ გადასახადს დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში.
შემოწმების მიმდინარეობისას ნაშთი არასწორადაა თავდაპირველად მიწოდებული, შემდეგ მიწოდებული იქნა სწორი ნაშთი რაც აუდიტორის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. სადაო საკითხი მარტივია და იმედია შემოსავლების სამსახური არ შეცვლის უკვე დადგენილ პრაქტიკას საწყისი ნაშთის გაანგარიშებასთან დაკავშირებით და გაიზიარებს მის პოზიციას.
2. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი
ფაქტების აღწერა
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება ფასნამატის ოდენობას, მაგრამ ნაშთის კორექტირება სრულად ამცირებს დასარიცხ თანხას, შესაბამისად არგუმენტებს ფასნამატზე წარმოადგენს იმ შემთხვევაში თუ საწყისი ნაშთის კორექტირებაზე მომჩივნის პოზიცია არ დაკმაყოფილდება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ შემოწმების მიმდინარეობისას ნაშთი არასწორადაა თავდაპირველად მიწოდებული, შემდეგ მიწოდებული იქნა სწორი ნაშთი რაც აუდიტორის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. მომჩივანი ასევე არ ეთანხმება ფასნამატის ოდენობას, მაგრამ ნაშთის კორექტირება სრულად ამცირებს დასარიცხ თანხას, შესაბამისად არგუმენტებს ფასნამატზე წარმოადგენს იმ შემთხვევაში თუ საწყისი ნაშთის კორექტირებაზე მომჩივნის პოზიცია არ დაკმაყოფილდება.
სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2026 წლის №81380-21-14 წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მითითებულია შემდეგი: გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც დოკუმენტური, ასევე საცალო რეალიზაცია. 2025 წლის 25 მარტს ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 409 433 ლარს. ინვენტარიზაციის შედეგად გამოთვლილი ნაშთები გადამხდელის მიერ დაკავშირდა შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტებთან, რის შედეგადაც განისაზღვრა საქონლის თვითღირებულება და ფასნამატი.
შემოწმების დაწყებისას, ვინაიდან გადამხდელს არ ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, მოთხოვნილი იყო ცნობა სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთების შესახებ, გადამხდელმა წარმოადგინა ხელმოწერილი ცნობა, რომლის მიხედვით სმფ-ის ნაშთი 2023 წლის 1 იანვრის 5 მდგომარეობით შეადგენდა 184 780 ლარს. შემოწმება ჩატარდა სწორედ ამ ნაშთზე დაყრდნობით, გაანგარიშების ცხრილები გაეგზავნა გადამხდელს, რის შემდეგადაც აიყვანა აუდიტორი და მოითხოვა მოგების დეკლარაციაში ასახული სმფ-ს ნაშთის მონაცემების მიხედვით მომხდარიყო გაანგარიშება. ანალიზის ჩატარების შედეგად მოგების დეკლარაციაში ასახული ინფორმაცია სმფს-ნაშთების შესახებ მიჩნეულ იქნა არა სანდოდ, ვინაიდან სმფს- მიზნებისთვის ჩატარდა წინა პერიოდის ანალიზიც, რომლის მიხედვით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება აჭარბებდა დეკლარირებულ ბრუნვას, ამასთან თუ შესამოწმებელ პერიოდში წლების მიხედვით დაეყრდნობოდა მოგების დეკლარაციებში ასახულ სმფ-ს ნაშთებს, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება ზოგიერთ წელს მინუსდებოდა და დეკლარირებული ფასნამატი გამოდიოდა რეალობასთან შეუსაბამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შესამოწმებელი პერიოდის საწყის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების დაწყებისას წარდგენილი, ხელმოწერილ ცნობაში დაფიქსირებული მონაცემი – 184 780 ლარი, როგორც გადამხდელის მიერ ოფიციალურად წარდგენილი პირველადი ინფორმაციის დაფიქსირება მართლზომიერია. იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და საბჭოში საჩივრის განხილვის ეტაპზეც ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მართლზომიერად განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა და ინვენტარიზაციის ფასნამატის გავრცელება. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. შემოწმებით განსაზღვრული საწყისი ნაშთის ოდენობა;
2. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტონაწილებით ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელს უფიქსირდება როგორც დოკუმენტური, ასევე საცალო რეალიზაცია. მომჩივნის სმფ-ის ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 409 433 ლარს. ინვენტარიზაციის შედეგად გამოთვლილი ნაშთები გადამხდელის მიერ დაკავშირდა შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტებთან, რის შედეგადაც განისაზღვრა საქონლის თვითღირებულება და ფასნამატი. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. შეძენილ და რეალიზებულ პროდუქციას აქვს განსხვავებული დასახელებები და ვერ ხერხდება დოკუმენტური ფასნამატის დადგენა. ვინაიდან, გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამას, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი. ასევე, გადამხდელს ადგილობრივ მომწოდებელზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლისას არ აქვს გათვალისწინებული კორექტირებები და ავანსის განაშთვები. შესაბამისად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის/მომსახურების და სმფ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა მიღებული ფულადი სახსრები, გათვალისწინებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები და გადამხდელის მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ნაშთად დარჩენილი თანხა, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მართლზომიერად განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა და ინვენტარიზაციის ფასნამატის გავრცელება. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5,9); 154 (1); 102 (1).