ბრძანება N 4234

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.02.2026
№ დოკუმენტი 4234
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4234

24 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 25 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 25 იანვრის №100316/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №259-39 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ შემოწმების მიერ საპარკინგე მომსახურებაზე გაანგარიშებული 75%-იანი დატვირთულობის მაჩვენებელი არარეალურია ფაქტობრივ მოცემულობასთან მიმართებით. განმარტავს, რომ მოცემული ობიექტი არ წარმოადგენს ტიპურ საპარკინგე ტერიტორიას და ის მეტწილად განკუთვნილია სასტუმროს ვიზიტორებზე, რომელთათვისაც პარკინგი უფასოა. მიუთითებს, რომ რიგ შემთხვევებში პარკინგის ფასიან მომსახურებაზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელშიც საპარკინგე მომსახურებაზე სადღეღამისო ღირებულებად დაფიქსირებულია 5 ლარი, შემოწმების მიერ განსაზღვრული 10 ლარი კი არარეალურია. შესაბამისად, ითხოვს საპარკინგე მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე პერიოდში, გაანგარიშდეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული ფასის მიხედვით.

სასტუმროს მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას დაშვებულია მეთოდოლოგიური შეცდომა, კერძოდ, აუდირებული სასტუმროს მდებარეობა და ინფრასტრუქტურა არ არის მსგავსი მის სასტუმროსთან. ასევე, მომსახურების სერვისიც გაცილებით ნაკლებია აუდირებულ სასტუმროსთან მიმართებით. განმარტავს, რომ იანვარში, თებერვალსა და მარტში სასტუმრო დატვირთულია 30-35%-ით, შემოწმების მიერ განსაზღვრული 75%-იანი მაჩვენებელი კი არამართლზომიერია. აცხადებს, რომ მისი გათვლებით აღნიშნული არ აღემატება 55%-ს. ითხოვს, სასტუმროს მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნას სასტუმროს მდებარეობა და მომსახურების ხარისხი.

კვების ობიექტთან მიმართებით კი განმარტავს, რომ მის მიერ არ ხდებოდა სპირტიანი სასმელების რეალიზაცია, განსხვავებით აუდირებული ობიექტისგან, რასაც ზეგავლენა აქვს ფასნამატზე. აცხადებს, რომ მისი გათვლებით ფასნამატი არ აღემატება 105-110%, ნაცვლად შემოწმების მიერ გაანგარიშებული 180%-იანი ფასნამატისა. შესაბამისად, ითხოვს კვების ობიექტიდან მიღებული შემოსავლის გაანგარიშება მოხდეს შეძენილი საქონლისა და გაყიდული კერძების ფასების შეჯერებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი სექტემბრის №19315 და 25 დეკემბრის №28350 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 დეკემბრის №28428 ბრძანება და ამავე თარიღის №259-39 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 364 660 ლარი, მათ შორის, გადასახადი 210 787 ლარი, ჯარიმა 105 393 ლარი, საურავი 48 480 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

● შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 25 სექტემბრიდან, საწარმო ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი და 100% წილის მფლობელია ფ/პ -------. გადასახადის გადამხდელი შპს „-------“ იჯარით აღებულ ფართში, კერძოდ, -------, -------, აქვს განთავსებული კვების ობიექტი, ასევე ახორციელებს სასტუმრო და საპარკინგე მომსახურებას. საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას. ამასთან, კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი დღგ-ის თანხები მკვეთრად აღემატება დეკლარირებულ ბრუნვაზე დარიცხულ დღგ-ის, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და სხვა ინფორმაციებით დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გაწეული ხარჯები გაცილებით მეტია, ვიდრე ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, შედეგად, საწარმო ყოველწლიურად განიცდის ზარალს. აღსანიშნავია ისიც, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 ნოემბრის №26160 ბრძანებით საწარმოში 2025 წლის 8 დეკემბერს ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიება, კერძოდ საკონტროლო შეთავაზება, რა დროსაც თანხის უნაღდო ანგარიშსწორებისთვის წარმოდგენილი იქნა არა საწარმოს საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, არამედ დაქირავებული პირის ფ/პ ------- მონაცემები. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმება დაეყრდნო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილს და პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საზოგადოებრივი კვების ობიექტიდან მიღებული შემოსავალი დადგინდა აუდირებული ფასნამატის მიხედვით, ხოლო სასტუმრო მომსახურებით მიღებული შემოსავალი განისაზღვრა აუდირებული მსგავსი ტიპის სასტუმროს წლიური დატვირთულობისა და საწარმოს მიერ წერილობითი ახსნა-განმარტებით წარმოდგენილი ნომრის რაოდენობისა და ღირებულების მიხედვით. რაც შეეხება საპარკინგე მომსახურებით მიღებულ შემოსავალს, დაანგარიშდა ასევე წლიური დატვირთულობის, საპარკინგე ადგილის რაოდენობისა და მომსახურების ღირებულების შესაბამისად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 159-ე, 160-ე, 1601,163 და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

● შემოწმების პროცესში ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდის საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და სხვა ინფორმაციებით. ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის პროცესში შემოწმებით დადგენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების გარდა გათვალისწინებულ იქნა საბანკო დაწესებულებაში და სალაროში არსებული ფულისა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები, გაწეული ხარჯი/გადახდები (მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები). შედეგად გამოვლინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიის განკარგვადი თანხა, რომელმაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე 2025 წლის 31 ივლისს გაცემულ ხელფასად. შედეგად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, საპარკინგე და სასტუმრო მომსახურებაზე შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული 75%-იანი დატვირთულობის, ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტზე 180%-იანი ფასნამატის გავრცელების არამართლზომიერებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საწარმოს საპარკინგე მომსახურებაზე შესამოწმებელ პერიოდში 4 პირზე გამოწერილი აქვს ჯამში 60 560 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სადაც არ იყო დაფიქსირებული დღეების რაოდენობა, აქედან გამომდინარე დღიური ღირებულების დასადგენად ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა რამდენიმე პირებისგან, რომელთაგანაც ერთ-ერთმა მომსახურების გაწევიდან ხანგრძლივი პერიოდის გასვლიდან გამომდინარე ვერ განუცხადა შემოწმებას საპარკინგე მომსახურების დღიური ღირებულება, ხოლო სხვა პირებმა განაცხადეს, რომ მძიმე ტექნიკის განთავსებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რამაც განაპირობა იჯარის ღირებულების უცვლელობა და სტაბილურობა. შესაბამისად, შემოწმების მიერ საპარკინგე მომსახურებით მიღებული შემოსავლი გაანგარიშდა აუდირებული საპარკინგე მომსახურების ღირებულების (10 ლარი) მიხედვით. შემოწმების პროცესში, როგორც გადასახადის გადამხდელის, ისე გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ეს საპარკინგე ზონა განკუთვნილი იყო არა მსუბუქი ავტომობილებისთვის, არამედ მძიმე ტექნიკისა და ტრაილერის განთავსებისთვის. ასევე, საწარმოს გაფორმებული აქვს შპს „-------“ საიჯარო ხელშეკრულება, რომელშიც მითითებულია, რომ მოიჯარე იღებს ვალდებულებას გამოიყენოს ობიექტი მხოლოდ სასტუმროს, რესტორნისა და „ტირ-პარკის“ მოსაწყობად.

სასტუმროს მომსახურებასთან დაკავშირებით კი შემოწმება განმარტავს, რომ სასტუმროს შედგება 14 სტანდარტული და 1 ლუქს ნომრისგან, რომლის ღირებულებაც კვების გარეშე გადასახადის გადამხდელის წერილობითი განმარტებით შეადგენს 50 ლარს სტანდარტული ნომერი, ხოლო 70 ლარს ლუქს ნომერი. აღსანიშნავია, რომ საწარმოს მხოლოდ 2022 წელს სასტუმრო მომსახურებაზე გაწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რითაც ასევე დგინდება სასტუმროს სტანდარტული ნომრის დღიური მომსახურების ღირებულება, 50 ლარი. ამასთან, შემოწმება მიუთითებს, რომ სასტუმრო მომსახურებით მიღებული შემოსავლის გაანგარიშებისას შემოწმების მიერ არ მომხდარა სასტუმრო დღიური მომსახურების ღირებულების კორექტირება წლების ჭრილში, ასევე, აღნიშნული სასტუმრო არ არის განთავსებული საკურორტო ზონაში, რომ სასტუმროს დატვირთულობაზე სეზონურობას მოეხდინა გავლენა. შესაბამისად, სასტუმროს დატვირთულობად აღებულ იქნა აუდირებული მსგავსი ტიპის (და არა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული ------- ტერიტორიაზე არსებული სასტუმროს) სასტუმროს წლიური დატვირთულობა -75 %.

საზოგადოებრივი კვების ობიექტიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით კი შემოწმება განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შესაბამისად, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 180%.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოდგენს იჯარით აღებულ ფართში აქვს განთავსებული კვების ობიექტი, ასევე ახორციელებს სასტუმრო და საპარკინგე მომსახურებას. საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას. კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი დღგ-ის თანხები მკვეთრად აღემატება დეკლარირებულ ბრუნვაზე დარიცხულ დღგ-ის, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და სხვა ინფორმაციებით დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გაწეული ხარჯები გაცილებით მეტია, ვიდრე ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, შედეგად, საწარმო ყოველწლიურად განიცდის ზარალს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით საწარმოში ჩატარდა საკონტროლო შეთავაზება, რა დროსაც თანხის უნაღდო ანგარიშსწორებისთვის წარმოდგენილი იქნა არა საწარმოს საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, არამედ დაქირავებული პირის მონაცემები. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. საზოგადოებრივი კვების ობიექტიდან მიღებული შემოსავალი დადგინდა აუდირებული ფასნამატის მიხედვით, ხოლო სასტუმრო მომსახურებით მიღებული შემოსავალი განისაზღვრა აუდირებული მსგავსი ტიპის სასტუმროს წლიური დატვირთულობისა და საწარმოს მიერ წერილობითი ახსნა-განმარტებით წარმოდგენილი ნომრის რაოდენობისა და ღირებულების მიხედვით. რაც შეეხება საპარკინგე მომსახურებით მიღებულ შემოსავალს, დაანგარიშდა წლიური დატვირთულობის, საპარკინგე ადგილის რაოდენობისა და მომსახურების ღირებულების შესაბამისად. შედეგად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

შემოწმების პროცესში ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდის საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გამოვლინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიის განკარგვადი თანხა, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159