ბრძანება N 9106
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9106
07 მაისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 29 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 მაისის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2025 წლის 29 აპრილის №95369/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 აპრილის №065-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი ეთანხმება დარიცხულ გადასახადს და ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას. განმარტავს, რომ სამართალდარღვევა, რომელმაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. მომჩივანმა საქმის ზეპირი განხილვისას დააზუსტა მოთხოვნა და დამატებით ასევე მოითხოვა შესამოწმებელ პერიოდზე დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1487 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 20 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 10 აპრილის №6841 ბრძანება და ამავე თარიღის №065-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 53 787 ლარი, მათ შორის გადასახადი 25 438 ლარი, ჯარიმა 23 537 ლარი და საურავი 4 812 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
● გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. შემოწმების შედეგად, ბანკისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების მიხედვით, გაანგარიშდა გადამხდელის შემოსავლები და გამოვლინდა, რომ 2022 წლის 6 სექტემბერს გადასახადის გადამხდელის შემოსავლებმა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადააჭარბა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ზღვარს - 100 000 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
● შემოწმების შედეგად გადამხდელი 2022 წლის 6 სექტემბერს დაექვემდებარა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას და აღნიშნული მომენტიდან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, სულ 470 746 ლარი, დაიბეგრა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით. აღნიშნულის გათვალისწინებით, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე მიღებულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ, სულ 59 296 ლარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების მიხედვით, დაექვემდებარა ჩათვლას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, მომჩივანი ითხოვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საგადასახადო სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 აპრილის №065-7 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
3. ი/მ ------- (ს/ნ -------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 აპრილის №065-7 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი ეთანხმება დარიცხულ გადასახადს და ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. შემოწმების შედეგად, ბანკისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების მიხედვით, გაანგარიშდა გადამხდელის შემოსავლები და გამოვლინდა, რომ 2022 წლის 6 სექტემბერს გადასახადის გადამხდელის შემოსავლებმა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადააჭარბა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ზღვარს - 100 000 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას მომენტიდან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, დაიბეგრა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით და მიღებულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ, დაექვემდებარა ჩათვლას.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 აპრილის №065-7 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)