ბრძანება N 25574

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.11.2025
№ დოკუმენტი 25574
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25574

20 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- ----- (პ/ნ ----- ) (მის.: ----- )

2025 წლის 4 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი N 95) განიხილა ----- (პ/ნ ----- ) N 98642/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 24 ოქტომბრის N EL298862 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ----- საიტიდან გამოიწერა ამანათი, დეკლარაციაში ღირებულება მიუთითა არასწორად 78 ევრო, მაშინ როდესაც რეალურად ნივთი ღირდა 180 ევრო. შეცდომა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ისარგებლა ----- cash back აქციით, რომლის მიხედვით 200 ლარი დაუბრუნდა უკან, რაც მიიჩნია ნივთის ფასდაკლებად. გადასახადზე თავის არიდების მცდელობა არ იყო მისი მიზანი, ონლაინ შესყიდვებით სარგებლობს 6 წელია და ზუსტად იცის ყველა წესი და პირობა.

აღნიშნულზე და პირველ შემთხვევაზე მითითებით ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 17 ოქტომბერს საფოსტო გადამზიდავის – შპს „-----“ მიერ განხორციელდა ----- (პ/ნ ----- ) სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი ----- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ჯამური ღირებულებით – 78 ევრო. დეკლარანტის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში.

საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულების სისწორის შემოწმების მიზნით, დეკლარანტს ეთხოვა წარმოედგინა საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი. საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შედეგად ----- წარადგინა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის ინვოისი, რის მიხედვითაც საქონლის ღირებულებამ შეადგინა 183.95 ევრო.

ვინაიდან ----- მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (საქონლის ღირებულება) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას 109.36 ლარით, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 24 ოქტომბერს შედგენილ იქნა N EL298862 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- (პ/ნ -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 109.36 ლარის (შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

----- საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე 2025 წლის 28 ოქტომბერს დარეგისტრირდა N ----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა N 4, რომლითაც ----- იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 109 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის (დანართი N 8) 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდავი ავსებს საფოსტო გზავნილების დეკლარაციას (დანართი N 8-VIII-04) – საფოსტო გზავნილებზე, რომლითაც შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია). მე-5 პუნქტი კი მიუთითებს, რომ საფოსტო გზავნილების დეკლარაციის მომზადებისას გადამზიდავი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევას, რაც გამოიხატა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის მოთხოვნაზე ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ან ამავე კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სანქციის – ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----- (პ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საფოსტო გადამზიდავის მიერ განხორციელდა მომჩივანის შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება. მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (საქონლის ღირებულება) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს რის გამოც დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 109.36 ლარის (შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

 

გადაწყვეტილება:

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 167. 13;.