ბრძანება N 18596
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18596
17 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 6 და 23 ივლისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა შპს „----“ (ს/ნ ----) 2026 წლის 6 ივლისის №103279/1/2026 და 23 ივლისის №126682/21 საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 14 მაისის №006-156 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას. მომჩივანი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ბინების სრულად რეალიზებულად განხილვა არასწორია და გამოთქვამს მზაობას, წარმოადგინოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც დაადასტურებს, რომ 2026 წლის 16 ივლისის მდგომარეობით საწარმოს სახელზე ირიცხება სარეალიზაციო უძრავი ქონება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.
2. ჩასათვლელი დღგ-ის თანხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში წარმოადგინა ყველა იმ საწარმოს მონაცემი, რომელიც არ უწერს შესაბამის ანგარიშფაქტურას, თუმცა მისივე განმარტებით, აღნიშნულს რეაგირება არ მოჰყოლია.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული თავისუფალი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და მიუთითებს, რომ პირველ სადავო საკითხში განსაზღვრული გადასახადების შემცირება ავტომატურად გამოიწვევს განკარგვადი თანხის შემცირებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 4 თებერვლის №2228 და 2026 წლის 21 აპრილის №8757 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 27 თებერვლიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 13 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 14 მაისის №10682 ბრძანება და ამავე თარიღის №006-156 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 347 721 ლარი, მათ შორის, გადასახადი 181 887 ლარი, ჯარიმა 104 316 ლარი და საურავი 61 518 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „-----“ ახორციელებს საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. მშენებლობა განხორციელდა საწარმოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე,778 კვ.მ ფარზე (ს/კ ------; მის.: ------), რომელიც შეძენილია ფიზიკური პირისგან 2023 წლის 28 თებერვალს. გაცემულია მშენებლობის ნებართვა (ბრძანება №------). დამტკიცებული განშლის მიხედვით, აშენდა 3 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. შენობა არაა ექსპლუატაციაში შესული. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზების შესწავლისა და ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ბინები სრულადაა გაყიდული შესამოწმებელ პერიოდში. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა საკუთრების უფლების გადაცემა 14 ერთეულ საცხოვრებელ ბინაზე და 3 ავტოსადგომზე, ხოლო 4 ბინაზე და 2 ავტოსადგომზე ხელშეკრულების საფუძველზე დღგ-ით დაბეგრილია ავანსის სახით მიღებული თანხა. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 760 197 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგინდა - 1 742 587 ლარი. საცხოვრებელი ბინების სარეალიზაციო ფასები მერყეობს 850 აშშ დოლარიდან 950 აშშ დოლარამდე. ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში და დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 161-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, როგორც ავანსის ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურით, ასევე საბოლოო ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარდგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში დაფიქსირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა განსხვავდება შემოწმებით დადგენილი დღგ-ის ჩასათვლელი თანხებისგან. შედეგად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით შემოწმების მიერ დაკორექტირდა და გაიზარდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/საბანკო ამონაწერების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ განაცემები განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ინფორმაციისგან. ამასთან, კომპანიას მიღებული აქვს მომსახურება გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირებისგან. გადასახადის გადამხდელი უნაღდო ანგარიშსწორებით ახორციელებს ფიზიკურ პირებზე მომსახურების თანხების ანაზღაურებას. საბანკო ამონაწერებისა და დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივად გაცემულ ხელფასებს, სხვა განაცემებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. შემოწმებით განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა ბანკის ამონაწერები, ხელშეკრულებები, ურთიერთშედარების აქტები. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. ამას გარდა, განხორციელდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. კომპანიას შემოსავალი მიღებული აქვს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო ხარჯი გაწეული აქვს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწმებით დადგენილ იქნა ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეული ხარჯი. მ.შ. დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ის შეძენის ხარჯი და „სხვა განაცემის“ შინაარსით გადახდილი თანხები. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. აგრეთვე, ბიუჯეტში გადახდილი/დაბრუნებული და დებიტორული/კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული თავისუფალი განკარგვადი თანხა, რომლის არსებობაც საწარმოში არ დასტურდება. 2026 წლის 29 იანვრის №1790 ბრძანებით დაინიშნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობა განისაზღვრა 0 ლარით. შემოწმების მიერ, აღნიშნული ფულის ნაშთი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ჩაითვალა დირექტორზე, ------ (პ/ნ -------) გაცემულ ხელფასად.
შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
აქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, შესამოწმებელ პერიოდში შპს „-----“ ახორციელებდა საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. მშენებლობა განხორციელდა საწარმოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. დამტკიცებული განშლის მიხედვით აშენდა 3 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. შესამოწმებელ პერიოდში შენობა არ იყო ექსპლუატაციაში შესული. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბინები სრულად იყო რეალიზებული შესამოწმებელ პერიოდში. განხორციელდა საკუთრების უფლების გადაცემა 14 ერთეულ საცხოვრებელ ბინაზე და 3 ავტოსადგომზე, ხოლო 4 ბინაზე და 2 ავტოსადგომზე ხელშეკრულების საფუძველზე დღგ-ით დაბეგრილია ავანსის სახით მიღებული თანხა. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 760 197 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგინდა 1 742 587 ლარი. საცხოვრებელი ბინების სარეალიზაციო ფასები მერყეობდა 850 აშშ დოლარიდან 950 აშშ დოლარამდე. ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში და შედეგად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არც შემოწმების და მათ შორის არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა, როგორც ავანსის ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურით, ასევე საბოლოო ელექტრონული ანგარიშფაქტურით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარდგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში დაფიქსირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა განსხვავდებოდა შემოწმებით დადგენილი დღგ-ის ჩასათვლელი თანხებისგან. შედეგად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა და გაიზარდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის ოდენობა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/საბანკო ამონაწერების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ განაცემები განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ინფორმაციისგან. ამასთან, კომპანიას მიღებული ჰქონდა მომსახურება გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირებისგან. გადასახადის გადამხდელი უნაღდო ანგარიშსწორებით ახორციელებდა ფიზიკურ პირებზე მომსახურების თანხების ანაზღაურებას. ამასთან, საბანკო ამონაწერებისა და დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივად გაცემულ ხელფასებს, სხვა განაცემებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. შემოწმებით ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა ბანკის ამონაწერები, ხელშეკრულებები, ურთიერთშედარების აქტები. კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. ასევე, განხორციელდა საზოგადოების ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. კომპანიას შემოსავალი მიღებული ჰქონდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო ხარჯი გაწეული ჰქონდა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწმებით დადგენილ იქნა ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეული ხარჯი. მ.შ. დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ის შეძენის ხარჯი და „სხვა განაცემის“ შინაარსით გადახდილი თანხები. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. აგრეთვე, ბიუჯეტში გადახდილი/დაბრუნებული და დებიტორული/კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული თავისუფალი განკარგვადი თანხა, რომლის არსებობაც საწარმოში არ დადასტურდა. 2026 წლის 29 იანვრის №1790 ბრძანებით დაინიშნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობა განისაზღვრა 0 ლარი. შემოწმების მიერ აღნიშნული ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არც შემოწმების და მათ შორის არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას;
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული თავისუფალი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-ს მიერ საკუთარ მიწის ნაკვეთზე აშენდა 3-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი , რომლის ბინები შესამოწმებელ პერიოდში სრულად გაიყიდა გადაცემულია 14 ბინა და 3 ავტოსადგომი, ხოლო 4 ბინასა და 2 ავტოსადგომზე დღგ-ით დაბეგრილია ავანსი. გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (760 197 ლარი) შემოწმებით დაკორექტირდა 1 742 587 ლარამდე, რის საფუძველზეც დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
დადგინდა, რომ გადამხდელს დღგ-ის ჩათვლა მიღებული აქვს როგორც ავანსის, ისე საბოლოო ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებით, თუმცა დეკლარირებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხები განსხვავდება შემოწმებით დადგენილისგან. დაკორექტირდა და გაიზარდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.
ასევე, დადგინდა, რომ საბანკო ამონაწერების მიხედვით გაცემული თანხები განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისგან, ხოლო კომპანიას მომსახურება მიღებული აქვს გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირებისგან. კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა, რის გამოც ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით, რაც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:159;163;164;174;175;176;101;154;