გადაწყვეტილება №20088/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.08.2023
№ დოკუმენტი 20088/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20088/2/2023

14 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------- 27.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20088/2/2023).

 

დავის საგანი:

საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო

საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 24.03.2023 წლის №EL204019 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10831 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 1000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

24.03.2023 წლის საბაჟო გამშვები პუნქტი „-------------“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან გამოცხადდა მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი, საფრანგეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით ----------). საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას დადგენდა, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი იყო 27.12.2022 წელს და მას შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენა არ განხორციელებულა.

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევის გამო მომჩივანს, 24.03.2023 წლის №EL204019 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.05.2023 წლის №10831 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 165-ე მუხლზე, დადგენილია, რომ ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმება მართლზომიერია.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ ვინაიდან ადმინისტრაციულ წარმოებას არ დასწრებია უხეშად დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10831 ბრძანება.

მიუთითებს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მებაჟე ოფიცერმა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მითითებული ავტომანქანა არის ---------- პირადი საკუთრება, პირადი სარგებლობის ავტომანქანა და არა გასაყიდად ჩამოტანილი საქონელი, რომელიც ექვემდებარება განბაჟებას და რეექსპორტს. შესაბამისად საბაჟოზე არ შემდგარა დეკლარაცია და არც უნდა შედგენილიყო იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ავტომანქანა უკვე განბაჟებული საფრანგეთში და მას არ აქვს ტრანზიტული ნომრები, შესაბამისად სარფის საბაჟოზე სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადა ეხება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ექვემდებარება გაფორმებას ან უკან გაყვანას. კანონი არ კრძალავს რომ პირად საკუთრებაში გქონდეს უცხოური წარმოშობის ავტომანქანა და არც შეიძლება კრძალავდეს, ვინაიდან საკუთრება საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლით აღიარებული და უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედით კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას. ამ მუხლის მიხედვით ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 95-ე მუხლზე და ითხოვს ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1 000 ლარისა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე- 3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7 – მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით.

მომჩივანი მიუთითებს, რომ კანონი არ კრძალავს რომ პირად საკუთრებაში გქონდეს უცხოური წარმოშობის ავტომანქანა და არც შეიძლება კრძალავდეს, ვინაიდან საკუთრება საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლით აღიარებული და უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედით კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის ბრძანების ბათილად ცნობას.

საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი იყო 27.12.2022 წელს და მას შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენა არ განხორციელებულა, გამოცხადდა დაგვიანებით 24.03.2023 წელს.

ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და იმ გარემოებების გათვალიწინებით, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას საბაჟო დეპარამენტის წარმოამდგენელმა დაადასტურა, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10831 ბრძანება;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 24.03.2023 წლის №EL204019 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

4. მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 24.03.2023 წლის №EL204019 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს გაფრთხილება;

5. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საბაჟო დეპარტამენტის 24.03.2023 წლის №EL204019 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10831 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი იყო 27.12.2022 წელს და მას შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენა არ განხორციელებულა, გამოცხადდა დაგვიანებით 24.03.2023 წელს.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს;165;163(15);

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე- 3 მუხლის მე-6 პუნქტი