ბრძანება N 24906
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24906
27 ნოემბერი 2024
ბრძანება
შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“)
(მის.:„--------“)
2024 წლის 13 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი ნოემბრის №23349/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---------“-ის (ს/ნ „--------“) 2024 წლის 13 მაისის №77670/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №021-19 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემმოწმებელმა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე განიხილა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და აღნიშნულის შედეგად გაუგებარი მოტივით გადაიანგარიშა და უმნიშვნელოდ შეამცირა დარიცხული დღგ-ის თანხა, მაშინ როდესაც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არასწორად იყო გაანგარიშებული 2019 წლის იანვრის, მაისის, ივნისის, აგვისტოს, ოქტომბრის და დეკემბრის თვეებში.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვას და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას. მიუთითებს, რომ შემოწმებას წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც გადაანგარიშებისას არ გაითვალისწინეს. ითხოვს წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლას გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №32393 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ივლისის №021-72 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,, 1. შპს ,,---------’’-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 27 ნოემბერი 2024 N 24906
2. პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების (მათ შორის წარმოდგენილი მტკიცებულებების) გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე:
ა) თუ დასტურდება, რომ თანხები გაცემულია ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ პირებზე (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირზე, ნოტარიუსზე, კერძო აღმასრულებლზე, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირზე და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირზე, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), უზრუნველყოს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ბ) თუ დგინდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების პირობები, უზრუნველყოს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №32393 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 28 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 4 028 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 მარტის №021-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საქართველოს ფინანსთ სამინისტროს სისტემაში წარმოდგენილი საჩივრების განხილვის შედეგად, საბოლოოდ მიღებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი ნოემბრის №23349/2/2024 გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12626 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი ნოემბრის №23349/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის მითითებაზე, რომ სადავო საკითხების შესწავლა აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა მომჩივნის მონაწილეობით და არ მოხდა საკითხების შესწავლა მისი მონაწილეობით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით საკითხების დამატებით შესწავლით შესაძლოა საგადასახადო შემოწმების შედეგები დაკორექტირდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
1. საგადასახადო შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა მიღება-ჩაბარების და საბანკო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ჰქონდა შესრულებული სამუშაოს თანხის ნაწილი (ავანსად), რომელიც საგადასახადო შემოწმების აქტით დაბეგრილი იყო სხვა პერიოდში. ასევე, საგადასახადო შემოწმების აქტით დაბეგრილი იყო მიღება-ჩაბარების აქტების თანხები აღნიშნული აქტების საანგარიშო პერიოდში, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დადგინდა აღნიშნულ მომსახურებაზე თანხის ავანსად მიღების ფაქტი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ის ნაწილში მოხდა დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის თანხა.
2. კომპანიის დირექტორს კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გატანილი აქვს თანხები საქვეანგარიშოდ, რაც შემოწმებით დაკვალიფიცირდა სესხად და დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით. აღნიშნული თანხების ძირითადი ნაწილი გატანილი აქვს 2019 წლის დასაწყისში და 2021 წლის ბოლო თვეებში. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტაცია/შედარების აქტები (აღნიშნული აქტები წარმოდგენილი ჰქონდა შემოწმების დროსაც), რომლებიც 2022 წელს არის შედგენილი და მათში აღნიშნული მიღება-ჩაბარებების და გაწეული მომსახურების ხელშეკრულებების თარიღები ძირითადად მოიცავს 2019 წლის ბოლო თვეებს და 2020-2021 წლებს. აღნიშნული თარიღები განსხვავდება იმ თარიღებისგან, როდესაც ფიქსირდება საწარმოდან საქვეანგარიშოდ თანხების გაცემა, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნახსენებ პირებს (მცირე მეწარმეებს) არ აქვთ დეკლარირებული შესაბამისი თანხები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დასტურდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები გახარჯულია თუ არა წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით გაწეული მომსახურებისთვის. შესაბამისად, ვერ დგინდება გატანილი თანხების მიზნობრიობაც. შედეგად, მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხა და გაცემულ სესხზე დარიცხული სარგებელი არ დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადსახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ გარემოებაზე, რომლის მიხედვით აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების სრულად აღსრულება, კერძოდ, შემოწმებამ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციები შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე და აღნიშნულის საფუძველზე გადაიანგარიშა დარიცხული თანხები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი ნოემბრის №23349/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის მითითებაზე, რომ სადავო საკითხების შესწავლა აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა მომჩივნის მონაწილეობით და არ მოხდა საკითხების შესწავლა მისი მონაწილეობით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით საკითხების დამატებით შესწავლით შესაძლოა საგადასახადო შემოწმების შედეგები დაკორექტირდეს.“ ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით,ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები (მათ შორის, წარდგენილი მტკიცებულებები), დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით,სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები (მათ შორის, წარდგენილი მტკიცებულებები), დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2.გადამხდელი არ ეთანხმება საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვას და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საგადასახადო შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა მიღება-ჩაბარების და საბანკო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე. გადამხდელს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ჰქონდა შესრულებული სამუშაოს თანხის ნაწილი , რომელიც საგადასახადო შემოწმების აქტით დაბეგრილი იყო სხვა პერიოდში. ასევე, საგადასახადო შემოწმების აქტით დაბეგრილი იყო მიღება-ჩაბარების აქტების თანხები აღნიშნული აქტების საანგარიშო პერიოდში, თუმცა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დადგინდა აღნიშნულ მომსახურებაზე თანხის ავანსად მიღების ფაქტი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ის ნაწილში მოხდა დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის თანხა.
2.გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დასტურდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები გახარჯულია თუ არა წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით გაწეული მომსახურებისთვის. შესაბამისად, ვერ დგინდება გატანილი თანხების მიზნობრიობაც. შედეგად, მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხა და გაცემულ სესხზე დარიცხული სარგებელი არ დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.
ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები,დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით,სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
101,154,161,168,171.