გადაწყვეტილება №24487/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.02.2025
№ დოკუმენტი 24487/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24487/2/2024

26 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 20.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24487/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის და მის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2024 წლის №039-21 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.12.2024 წლის №26290 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 356 353,42 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 218 238

დღგ - 73 468

საშემოსავლო გადასახადი - 144 770

ჯარიმა - 109 119

საურავი - 28 996,42

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმლით (ბავშვის და ქალის ტანსაცმელი, ჩანთები). საქონლის იმპორტს ახორციელებს -------, ხოლო რეალიზაციას სრულად ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 29 მარტს, ამავე თარიღიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.

მომჩივნის საქმიანობის 1.03.2023 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდის სრული, გეგმიური, კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესწავლილ იქნა საწარმოს პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაცია (ელექტრონული ანგარიშფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, საბანკო ამონაწერები, სალარო აპარატის ამონაწერი). დეკლარირებული ფასნამატი შედგენდა 10%-ს. რეალიზაციის 99% წარმოადგენდა დოკუმენტის გარეშე გაყიდული პროდუქცია. რეალიზებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხორციელდებოდა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა პროგრამა ორისში, თუმცა არ ხდებოდა საქონლის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერები, საცალოდ რეალიზებული პროდუქციაზე შეუძლებელი აღმოჩნდა მყიდველის იდენტიფიცირება და ფასნამატის დადგენა.

აღნიშნულის გათვალისწინებით დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ: შეძენილი პროდუქცია დაჯგუფდა სახეობების მიხედვით, რაზედაც გავრცელებული იქნა ჯგუფის აუდირებული ფასნამატი (საშუალოდ 54%) და შესაბამის საანგარიშო პერიოდებში სრულად ჩათვლილი იქნა რეალიზებულად. შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა პირს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები დამატებული ღირებულების გადასახადში და დაეკისრა ჯარიმა 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

რეალიზაციის საკომპენსაციო თანხა (მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით დამატებით დადგენილი რეალიზაციის საკომპენსაციო თანხა) ჩაითვალა მიღებულად. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი იყო ნულის ტოლი. აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი იქნა განკარგვადი თანხის ოდენობა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2024 წლის მაისის კალენდარულ თვეში დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. კომპანიას ასევე დაეკისრა ჯარიმა 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე 4.11.2024 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №23522 ბრძანება და №039-21 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.12.2024 წლის №26290 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის 99% გაყიდული იყო დოკუმენტის გარეშე და ანაზღაურება ხორციელდებოდა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა პროგრამა „ორისში“, თუმცა არ ხორციელდებოდა საქონლის ჩამოწერები კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, დასახელებების მიხედვით, საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე შეუძლებელი იყო მყიდველის იდენტიფიცირება და ფასნამატის დადგენა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი იყო ნულის ტოლი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის, შემმოწმებელთა მიერ, გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, შეძენილი პროდუქცია დაჯგუფდა სახეობების მიხედვით, რაზედაც გავრცელდა ჯგუფის აუდირებული ფასნამატი, საშუალოდ 54% და შესაბამის საანგარიშო პერიოდებში ჩაითვალა სრულად რეალიზებულად. აღნიშნულის შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აგრეთვე, შემოწმების მიერ დადგენილი იქნა განკარგვადი თანხის ოდენობა, რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, შეძენილი პროდუქციის სახეობების მიხედვით დაჯგუფება, ჯგუფის აუდირებული ფასნამატის გავრცელება და შესაბამის საანგარიშო პერიოდებში სრულად რეალიზებულად მიჩნევა. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა კანონშესაბამისია. გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, იმპორტირებული საქონლისთვის გადახდილი თანხის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშებისას სრულად იქნა გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არასწორად არის გამოთვლილი ფასნამატის პროცენტი (არ არის გათვალისწინებული შედარებით მეთოდით რეალიზებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადები, არ არის გათვალისწინებული ქრონომეტრაჟი).

პროდუქციაზე ფასნამატი განსაზღვრულია საბითუმო და საცალო პოზიციაზე 5-10% ოდენობით, საქონლის რეალიზაცია ხდება ბითუმად, შესაბამისად, რეალიზებული საქონლის ფასნამატი საბაზრო პირობებიდან გამომდინარე დაბალია საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე, ასევე ზემოთაღნიშნული ფასნამატი გამოწვეულია არსებული კონკურენციით.

უცხოელ მომწოდებლებზე სრულად არის თანხა გადახდილი. იმპორტირებულ საქონელზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციას (ჩეკები, გადახდის ქვითრები და სხვა) წარმოადგენენ. შესაბამისად, დებიტორულ/კრედიტორული დავალიანება არ ირიცხება. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული ფასნამატის პროცენტიდან გამომდინარე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და უთითებს, რომ საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლია. ასევე არ ეთანხმება შემოწმების პროცესში გამოყენებულ ფასნატს და განმარტავს, რომ ფასნამატი განსაზღვრულია საბითუმო და საცალო პოზიციაზე 10/15% ოდენობით. რეალიზებული საქონლის ფასნამატი საბაზრო პირობებიდან გამომდინარე დაბალია საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე, ასევე ზემოთაღნიშნული ფასნამატი გამოწვეულია არსებული კონკურენციით. მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ არის გამოყენებულ შედარების მეთოდი და ქრონომეტრაჟის მონაცემები.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ საჩივრის განხილვის პროცესში წარმოდგენილი პოზიციით გადამხდელი ბუღალტერიას აწარმოებდა პროგრამა ორისის გამოყენებით თუმცა შემმოწმებელთა მიერ შეუძლებელი აღმოჩნდა მყიდველის იდენტიფიცირება და ფასნამატის დადგენა. აგრეთვე შესწავლილ დოკუმენტების შედეგად (ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, საბანკო ამონაწერი) ჯამში დოკუმენტურად რეალიზებული აღმოჩნდა დაახლოებით საქონლის ერთი პროცენტი, ხოლო დეკლარირებული იყო 10 პროცენტიანი ფასნამატი. ასევე ვერ დადასტურდა გადამხდელთან მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ჩატარების ფაქტი.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მისი საგადასახადო ვალდებულების შემცირების საფუძველი გახდებოდა. განსსახილველ შემთხვევაში მომჩივნის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებების გარეშე არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლებელი იყო დოკუმენტურ ფასნამატის ან ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების გამოყენება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის და მის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმლით. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საწარმოს პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაცია. დეკლარირებული ფასნამატი შედგენდა 10%-ს. რეალიზაციის 99% წარმოადგენდა დოკუმენტის გარეშე გაყიდული პროდუქცია. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა პროგრამა ორისში, თუმცა არ ხდებოდა საქონლის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერები, საცალოდ რეალიზებული პროდუქციაზე შეუძლებელი აღმოჩნდა მყიდველის იდენტიფიცირება და ფასნამატის დადგენა.

აღნიშნულის გათვალისწინებით დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ: შეძენილი პროდუქცია დაჯგუფდა სახეობების მიხედვით, რაზედაც გავრცელებული იქნა ჯგუფის აუდირებული ფასნამატი (საშუალოდ 54%) და შესაბამის საანგარიშო პერიოდებში სრულად ჩათვლილი იქნა რეალიზებულად. შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა პირს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები დამატებული ღირებულების გადასახადში და დაეკისრა ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი იყო ნულის ტოლი. აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი იქნა განკარგვადი თანხის ოდენობა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. კომპანიას ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159