გადაწყვეტილება №22576/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22576/2/2024
02 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,28.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 16.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22576/2/2024).
დავის საგანი:
1. ზედმეტად ჩამოწერილი საწვავის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა, შედეგად დღგ-ის ჩათვლის შემცირება და მოგების გადასახადით დაბეგვრა;
2. ირანის რეზიდენტებთან არსებული დებიტორული დავალიანების მიღებულად ჩათვლა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №065-52 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4182 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 55 336 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 35 497
დღგ - 5 977
მოგების გადასახადი - 5 271
საშემოსავლო გადასახადი - 24 249
ჯარიმა - 16 874
საურავი - 2 965
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 27.12.2023 წლის №33214 ბრძანება და №065-52 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4182 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ზედმეტად ჩამოწერილი საწვავის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა, შედეგად დღგ-ის ჩათვლის შემცირება და მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საწარმოს სააღრიცხვო საბუღალტრო პროგრამის და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემების ანალიზით დადგინდა შემდეგი:
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ ჩამოწერილია ხე-ტყის მოპოვება/გადამუშავებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯები. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ავტოტრანსპორტზე/სპეცტექნიკაზე გახარჯული საწვავის ჩამოწერის აქტები, რომლითაც დგინდება რომ „კამაზის“ მარკის სატვირთო ბორტიან ავტომობილზე 110 კილომეტრიანი მანძილის დაფარვისას ჩამოწერილია 90 ლიტრი საწვავი, ხოლო „ურალის“ მარკის ავტომობილზე იგივე მანძილის დასაფარად ჩამოწერილია 100 ლიტრი საწვავი. საგადასახადო ორგანოს მიერ მოძიებული ინფორმაციით, მსგავსი ტიპის/მარკის სატვირთო მანქანების საწვავის ხარჯი, ძრავის მოცულობის გათვალისწინებით არ შეესაბამება გადამხდელის მიერ ჩამოწერილ მონაცემებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ ზედმეტად ჩამოწერილი საწვავის ხარჯის რაოდენობა არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას და საგადასახადო კოდექსის 174- ე, 175-ე და 98² მუხლების საფუძველზე გააუქმა ზედმეტად ჩამოწერილ საწვავზე მიღებული ჩათვლები, ხოლო ხარჯი, რომელიც არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას დაბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, ხე-ტყის მოპოვება/გადამუშავებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ ჩამოწერილი საწვავის ხარჯები, ძრავის მოცულობის გათვალისწინებით არ შეესაბამება მსგავსი ტიპის/მარკის სატვირთო მანქანების საწვავის ხარჯის მონაცემებს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად ჩამოწერილი საწვავის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
წარმოადგენს ხე-ტყის მომპოვებელ-გადამამუშავებელ კომპანიას, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში იყენებს, როგორც სპეცტექნიკას, ასევე „კამაზისა“ და „ურალის“ ტიპის ავტომანქანებს. აცხადებს, რომ ხე-ტყის მოპოვება ხორციელდება მაღალმთიან რეგიონში, ცხამის სატყეო უბანში. აღნიშნავს, რომ ტყეში სავალი გზები რთული რელიეფისაა, ავტომანქანებს უწევთ 1-2 სიჩქარით მოძრაობა. ორივე მანქანას აქვს ჩადგმული „კრაზის“ ძრავი, რაც 80 ლიტრი საწვავის ხარჯს მაინც წარმოქმნის. გარდა ამისა, გზა, რომელზეც მორებით დატვირთული მანქანა გადაადგილდება არ არის ქალაქის ასფალტირებული გზა და საწვავის ხარჯი ასეთი საქმიანობის სპეციფიკისა და გზების მდგომარეობის გათვალისწინებით განსხვავებულია.
2. ირანის რეზიდენტებთან არსებული დებიტორული დავალიანების მიღებულად ჩათვლა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საწარმოს სააღრიცხვო საბუღალტრო პროგრამის და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემების ანალიზით დადგინდა რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დებიტორული დავალიანების თანახმად, გადასახადის გადამხდელს გააჩნია მოთხოვნა ირანის რეზიდენტ კომპანიებთან 284 407 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადამხდელისგან მოთხოვნილი იყო შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტების წარმოდგენა. შემოწმების ეტაპზე შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტების წარდგენა გადამხდელის მხრიდან ვერ მოხერხდა.
შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში განხორციელებულია ფულადი სახით შენატანები 187 410 ლარის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით და ზემოთ აღწერილი გარემოებებიდან გამომდინარე, ირანის რეზიდენტებთან არსებული დებიტორული დავალიანება შემოწმების მიერ ჩაითვალა მიღებულად. შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებლის მიერ განხორციელებული შენატანების და კაპიტალის შემცირების გათვალისწინებით სხვაობა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად,გადამხდელს გააჩნია დებიტორული მოთხოვნა ირანის რეზიდენტ კომპანიებთან 284 407 ლარის ოდენობით. აღნიშნულ დებიტორულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტები.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ირანის რეზიდენტებთან არსებული დებიტორული მოთხოვნის მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს ირანის რესპუბლიკაში. კომპანიის მიმართ ირანის მხარეს აქვს დებიტორული დავალიანება 284 407 ლარის ოდენობით. საგადასახადო კოდექსი არ კრძალავს ვალის პირობით პროდუქტის რეალიზაციას. გადამხდელი ასევე ითხოვს გათვალისწინებულ იქნას, რომ ფიცარი, რომელსაც კომპანია აწარმოებს, განიცდის გარემო პირობების ზემოქმედებას, იღებს ნესტს, იცვლის ფერს, იჩენს ნახეთქებს, ამიტომაც კომპანიას ბიზნესის წარმოებისას ურჩევნია დამკვეთს, თუნდაც ვალის პირობით მიაწოდოს საქონელი, ვიდრე დაასაწყობოს და მასალა გააფუჭოს. აღნიშნავს, რომ 2020-2021 წლებში დებიტორული დავალიანების წარმოქმნისას ირანის რესპუბლიკაში იყო დოლარის ვალუტასთან დაკავშირებული კრიზისი, მთელ მსოფლიოში იყო კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეები, რამაც წარმოქმნა ბიზნესთან, ეკონომიკურ საქმიანობასთან, გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებული პრობლემები.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭოს განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის საგადასახადო შემოწმების აქტში და შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4182 ბრძანებაში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს და გამოყენებულ სამართლებრივ ნორმებს, აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის არგუმენტების სათანადო შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4182 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
2.გადამხდელი ასევე ითხოვს გათვალისწინებულ იქნას, რომ ფიცარი, რომელსაც კომპანია აწარმოებს, განიცდის გარემო პირობების ზემოქმედებას, იღებს ნესტს, იცვლის ფერს, იჩენს ნახეთქებს, ამიტომაც კომპანიას ბიზნესის წარმოებისას ურჩევნია დამკვეთს, თუნდაც ვალის პირობით მიაწოდოს საქონელი, ვიდრე დაასაწყობოს და მასალა გააფუჭოს.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საგადასახადო ორგანოს მიერ მოძიებული ინფორმაციით, მსგავსი ტიპის/მარკის სატვირთო მანქანების საწვავის ხარჯი, ძრავის მოცულობის გათვალისწინებით არ შეესაბამება გადამხდელის მიერ ჩამოწერილ მონაცემებს.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ ზედმეტად ჩამოწერილი საწვავის ხარჯის რაოდენობა არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას და საგადასახადო კოდექსის 174- ე, 175-ე და 98² მუხლების საფუძველზე გააუქმა ზედმეტად ჩამოწერილ საწვავზე მიღებული ჩათვლები, ხოლო ხარჯი, რომელიც არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას დაბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
2.შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში განხორციელებულია ფულადი სახით შენატანები 187 410 ლარის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით ირანის რეზიდენტებთან არსებული დებიტორული დავალიანება შემოწმების მიერ ჩაითვალა მიღებულად. შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებლის მიერ განხორციელებული შენატანების და კაპიტალის შემცირების გათვალისწინებით სხვაობა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),982,174,175.