გადაწყვეტილება №21808/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.03.2024
№ დოკუმენტი 21808/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21808/2/2024

12 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------ი“ (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----ის“ 7.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21808/2/2024).

 

დავის საგანი:

1. ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება;

2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 სექტემბრის №006-453 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 დეკემბრის №30194 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 182 142 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 101 353

დღგ - 15 704

მოგების გადასახადი - 1 322

საშემოსავლო გადასახადი - 84 307

ქონების გადასახადი - 20

ჯარიმა - 69 754

საურავი - 11 035

 

პროცედურული გარემოებები

საწარმო გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 12 აგვისტოს. მომჩივნის საქმიანობაა საამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 სექტემბრის №21781 ბრძანება და №006-453 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 182 142 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 24 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 4 დეკემბრის №30194 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებში ჩათვლილი აქვს საწვავზე გადახდილი დღგ. კომპანიის სახელზე ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის. ამასთან, არც ავტოსატრანსპორტო საშუალების იჯარის აღების ფაქტი დასტურდება. შესაბამისად, ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა გაუქმებას. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, მე-2, 173-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში არ უფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, მათ შორის, არ დასტურდება არც იჯარის ფაქტი, განმარტავს, რომ კომპანიის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ ძირითადი საქმიანობის პერიოდი გაიარა კოვიდ პანდემიისას, მუშაობდნენ დისტანციურ რეჟიმში. შესაბამისად, დოკუმენტალური ბრუნვა არ ჰქონიათ სრულყოფილი. მაგ., ხელშეკრულება დასაქმებულ დირექტორთან, რომელიც ემსახურებოდათ ავტომობილით.

საწარმოს ერთ-ერთი შესრულებული სამუშაოა „ვაკის რაიონის (-----) ტერიტორიაზე სპორტული მოედნის და სკვერის მოწყობის სამუშაოების შესრულება“. -----ის პარკის შესრულებისას, გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე, საჭირო იყო მიწის მოხსნა-მოჭრის და გატანის სამუშაოები. აღნიშნული არასაჭირო მიწა სამშენებლო ტერიტორიიდან გაიტანეს მანქანებით და მძღოლების საშუალებით (31 სასაქონლო ზედნადები). ყველა განხორციელებული ტრანსპორტირებისას საწარმოს საწვავი გაიხარჯა.

მომჩივანი ითხოვს აღდგეს საწვავის შეძენისას გადახდილი დღგ.

 

2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში საწარმო მომსახურებას უწევს შპს „-------ს“. ბუღალტრულ პროგრამა „ორისის“ მონაცემებზე დაყრდნობით, საწარმოს შპს „-----ის“ მიმართ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, უფიქსირდება დებიტორული დავალიანება 346 259.88 ლარის ოდენობით. მაშინ როდესაც შპს „-----ის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის (ბუღალტრულ პროგრამაზე დაყრდნობით) მიხედვით აღნიშნული თანხა კრედიტორული დავალიანების ნაშთად არ ფიქსირდება. შესაბამისად, შპს „-----ის“ კრედიტორული დავალიანება 2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კომპანიის მიმართ შეადგენს 0 ლარს. ასევე,შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დებიტორული დავალიანება შპს „-----ის“ მიმართ შეადგენს 49 850 ლარს. გადასახადი გადამხდელის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული თანხა მიღებული აქვს საწარმოს დირექტორს პირად ანგარიშზე. აღნიშნული ინფორმაციისა და ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა ფულის ნაშთი, რომელიც საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.

ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას. მომჩივანმა 5.03.2024 წელს წარმოადგინა შედარების აქტები და ითხოვა აღნიშნული გარემოებების გათვალისწინება და დარიცხული თანხების შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგნებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. ამასთან, მომჩივანმა დამატებით წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც არ არის შეფასებული შემოსავლების სამსახურის მიერ. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა,ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 დეკემბრის №30194 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 სექტემბრის №21781 ბრძანება და №006-453 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 182 142 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №30194 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა,ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:101(1); 154(1 „ა“ ,2 „ა“ „ბ“); 174(1 „ა“,2 „ა.ა“,3); 175(1 „ა“ბ“,2);