ბრძანება N 15844

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.07.2024
№ დოკუმენტი 15844
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15844

04 ივლისი 2024

ბრძანება

შპს „------“-ის (ს/ნ „------“)

(ფაქტ. მის.: "------")

2024 წლის 17 მაისის და 12 ივნისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 მაისის, 6 ივნისის და 20 ივნისის სხდომებზე (ოქმი №57, №60, №66) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „------“) 2024 წლის 17 მაისის №89708/1/2024 და 12 ივნისის №90154/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №006-1249 და 2020 წლის 28 იანვრის №006-14 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა იქნას მიღებული წარმოებაში ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით შემდეგ გარემოებათა გამო:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში ითხოვს ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის დაწყებას და მიუთითებს, რომ 2020 წლის 19 იანვარს და 26 თებერვალს კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა საჩივრები ვადის დაურღვევლად, თუმცა იმ მოტივით, რომ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნებთან მიმართებით დავა მიმდინარეობდა სასამართლოში, საჩივრები დარჩა განუხილველი. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 2024 წლის 15 მაისის №3/1261-20 განჩინებით სასამართლოში წარდგენილი სარჩელი დარჩა განუხილველი №006-14 და №006-1249 საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების გამოხმობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს დავის განახლებას და 2019 წლის 30 დეკემბრის №006-1249 და 2020 წლის 28 იანვრის №006-14 საგადასახადო მოთხოვნების გაუქმებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.

4. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

6.30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 17 მაისის და 12 ივნისის საჩივრებთან ერთად წარმოდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 მაისის №3/1261-20 განჩინება, რომლის მიხედვითაც, შპს „-------“-ის (ს/ნ „------“) სარჩელი 2019 წლის 30 დეკემბრის №006-1249 და 2020 წლის 28 იანვრის №006-14 საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობის ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად, ვინაიდან 2024 წლის 15 მაისს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა სასარჩელო მოთხოვნების გამოხმობის და განუხილველად დატოვების თაობაზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წლის 30 დეკემბრის №006-1249 და 2020 წლის 28 იანვრის №006-14 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით 2020 წლის 19 იანვარს და 2020 წლის 26 თებერვალს წარმოდგენილი საჩივრები 2020 წლის 11 აგვისტოს №23420 და №23421 ბრძანებებით დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ საფუძვლით, რომ გადასახადის გადამხდელმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს. ხოლო წარმოდგენილი სასამართლოს განჩინებით, 2019 წლის 30 დეკემბრის №006-1249 და 2020 წლის 28 იანვრის №006-14 საგადასახადო მოთხოვნების ნაწილში სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად.

წარმოდგენილი მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაძლებელია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებებით დავის დაწყება, ვინაიდან დღეის მდგომარეობით სასამართლოში შეწყვეტილია დავა და აღარ არსებობს საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძველი. შესაბამისად, საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები ისეთი გარემოებებია, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დოკუმენტების/მტკიცებულებების დროულად წარმოდგენას შესაძლოა გამოეწვია მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება.

ამდენად, წარმოდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მიხედვით, ახლად გამოვლენილი/აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში გამოყოფს შემდეგ სადავო საკითხებს:

1. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო აღნიშნული მეთოდის გამოყენება. მომჩივნის განმარტებით, არ არის მხედველობაში მიღებული ბიზნესის თავისებურება. აღნიშნავს, რომ ელექტროტექნიკის სარეალიზაციო ფასები მკვეთრად მცირდება დროის მოკლე მონაკვეთში. ამასთან, მიუთითებს, რომ საწარმოს ბუღალტერიას აწარმოებს პროფესიონალური საბუღალტრო კომპანია, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმო არ ყოფილა დაჯარიმებული;

2. არ ეთანხმება საწარმოში არსებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად დაბეგვრას.

 

 აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №006-1249 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 26 აპრილის №9948, 2018 წლის 13 აგვისტოს №21601, 2019 წლის 6 ნოემბრის №38506 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ „------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2016 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე გამოიცა „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ 2019 წლის 30 დეკემბრის №47501 ბრძანება და ამავე თარიღის №006-1249 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 102 110 ლარი, მათ შორის, გადასახადი 573 610 ლარი, ჯარიმა 394 291 ლარი, საურავი 134 209 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებისა და ნაწილების იმპორტი და რეალიზაცია, ასევე, საიჯარო მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ერთობლივი შემოსავალი 2016 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარირებული აქვს 3 955 150 ლარის ოდენობით. საწარმოს მიერ წამოდგენილ პირველად დოკუმენტაციაზე (ბანკის ამონაწერები, ინვოისები, ახსნა-განმარტება) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე, ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 24 აპრილის №9598 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მასალებზე დაყრდნობით შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა. საწარმოს მიერ მოწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შესაბამისად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის გარეშე რეალიზებულ საქონელზე სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა საწარმოს მიერ მოწოდებული, კონკრეტული საქონელზე მისადაგებელი სარეალიზაციო ერთეულის ფასით (თვის ჭრილში), შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულის ნაცვლად შეადგენს 3 975 975, 49 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ხოლო 2017-2019 წლების შესამოწმებელ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით რეალიზებულად განხილული საქონლიდან მიღებული/მისაღები ფულად შემოსავლებსა და აღრიცხულ ფულად სახსრებს შორის სხვაობა (ვინაიდან გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული ბუღალტრულ შემოსავლად) განხილულ იქნა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადამხდელის მიერ 2017-2019 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციებით წარმოდგენილი მონაცემები განსხვავდება შემოწმებით დადგენილისგან. შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის ყოველთვიური ზრდა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო შემცირება - მიღებული სესხის საწარმოსთვის დაბრუნებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, სესხზე საბაზრო 20%-იანი განაკვეთით გაანგარიშებული პროცენტი ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით 20%-იანი განაკვეთით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №006-1249 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება. იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საწარმოს მიერ მოწოდებული სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის გარეშე რეალიზებულ საქონელზე სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა საწარმოს მიერ მოწოდებული, კონკრეტული საქონელზე მისადაგებელი სარეალიზაციო ერთეულის ფასით (თვის ჭრილში), შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 3 975 975, 49 ლარს. ასევე, მართლზომიერად განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით რეალიზებულად განხილული საქონლიდან მიღებული/მისაღები ფულად შემოსავლებსა და აღრიცხულ ფულად სახსრებს შორის სხვაობის დირექტორის ხელფასად განხილვა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადამხდელის მიერ 2017-2019 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციებით წარმოდგენილი მონაცემები განსხვავდება შემოწმებით დადგენილისგან. შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის ყოველთვიური ზრდა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო შემცირება - მიღებული სესხის საწარმოსთვის დაბრუნებად. ამასთან, სესხზე საბაზრო 20%-იანი განაკვეთით გაანგარიშებული პროცენტი ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

 აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 28 იანვრის №006-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 26 აპრილის №9948 და 2018 წლის 13 აგვისტოს №21601 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „------“-ის (ს/ნ „------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2015 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომლის საფუძველზე გამოიცა „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ 2018 წლის 28 დეკემბრის №39189 ბრძანება და ამავე თარიღის №006-999 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 93 794 ლარი, მათ შორის, გადასახადი 53 471 ლარი, ჯარიმა 29 191 ლარი და საურავი 11 132 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში 2019 წლის 21 იანვრის №11019/21 საჩივრით. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 2 ივლისის №22041 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ „------“) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“-ს (ს/ნ „------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული მეთოდის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება);

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 2 ივლისის №22041 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2020 წლის 21 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 2 073 ლარით ჯარიმის ნაწილში. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2020 წლის 28 იანვრის №006-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საკითხი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას;

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით შესწავლილ იქნა შემოწმებით დაკისრებული სანქციების მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგად განხორციელდა ჯარიმის შემცირება 2 073 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და აუდიტის დეპარტამეტის 2020 წლის 28 იანვრის №006-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 2 ივლისის №22041 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული მეთოდის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციების შემსუბუქების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საკითხი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით განხორციელდა ჯარიმის შემცირება 2 073 ლარის ოდენობით.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ „------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოში არსებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შესამოწმებელ პერიოდში ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულის ნაცვლად შეადგენს 3 975 975, 49 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა მოგების ,დამატებული ღირებულების გადასახადები და ჯარიმა.ხოლო 2017-2019 წლების შესამოწმებელ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით რეალიზებულად განხილული საქონლიდან მიღებული/მისაღები ფულად შემოსავლებსა და აღრიცხულ ფულად სახსრებს შორის სხვაობა განხილულ იქნა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

2.გადამხდელის მიერ 2017-2019 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციებით წარმოდგენილი მონაცემები განსხვავდება შემოწმებით დადგენილისგან. შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის ყოველთვიური ზრდა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო შემცირება - მიღებული სესხის საწარმოსთვის დაბრუნებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.ამასთან, სესხზე საბაზრო 20%-იანი განაკვეთით გაანგარიშებული პროცენტი ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154,161.