ბრძანება N 22733

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.10.2026
№ დოკუმენტი 22733
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრახელფასის სახით მიღებული შემოსავლებიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესიდღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებიდაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასზოგადი დებულებებიდღგ-ის ჩათვლის უფლებადღგ-ის ჩათვლით სარგებლობის წესიშეზღუდვები დღგ-ის ჩათვლის უფლებაზესაგადასახადო სამართალდარღვევა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპებისაგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება

📄 სრული ტექსტი

N 22733

09 ოქტომბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------ის“ (ს/ნ -------------)

(მის.: -----------------------------)

2026 წლის 23 აგვისტოს და 10 სექტემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 10 და 17 სექტემბრის სხდომებზე (ოქმები №82 და №85) განიხილა შპს „-------------ის“ (ს/ნ -------------) №104199/1/2026 და №104505/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი ივლისის №002-102 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. საბაჟო დეკლარაციის მიხედვით გადახდილი დღგ-ის ჩათვლა;

3. შემოწმებით გაანგარიშებული თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

4. საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 თებერვლის №4079 და 5 მარტის №4924 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ის“ (ს/ნ -------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 29 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის პირველი ივლისის №14717 ბრძანება და ამავე თარიღის №002-102 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა 239 398 ლარი:

მათ შორის:

გადასახადი - 147 151ლარი

დღგ - 4 933

საშემოსავლო გადასახადი 139 586

ქონების გადასახადი - 2 632

ჯარიმა- 81 192

საურავი 11 055

 

საკითხი N1.

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გაწეული აქვს მომსახურება სხვადასხვა კომპანიებისათვის, რომელზე გამოწერილია ელექტორნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე, აღნიშნულ პერიოდში რეალიზებული აქვს ავტომანქანის ნაწილები. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები სრულად არ აქვს დეკლარირებული დღგ-ის დეკლარაციაში. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ჩათვლები არ აქვს სრულყოფილად ასახული შესაბამის დღგ-ის დეკლარაციაში. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი მიუთითებს, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში არ განუხორციელებია საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გამოწერას/დადასტურებას და საგადასახადო დეკლარაციების წარდგენას ახორციელებდა საწარმოს ბუღალტერი. საგადასახადო შემოწმების აქტის ჩაბარების შემდგომ დადგინდა, რომ კომპანიას პირებზე (საჩივარზე წარმოდგენილ დანართ N1 ში მითითებული) გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, დღგ-ის თანხით 46 119 ლარი (62 615 ლარს მინუს 16496 ლარი (კორექტირება)), ზემოაღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული ოპერაციები არასდროს განხორციელებულა, ვინაიდან მათი ნაწილი დაბეგრილია თემატური შემოწმების აქტით, ასევე, ფიქტიურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს ბუღალტერი ბეგრავდა, კომპანიას მიმდინარე შემოწმებით დაერიცხა დღგ 6 954 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 66 937 ლარი. გარდა ზემოთ აღნიშნულისა კომპანიას მიღებული აქვს ფიქტიური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის ოპერაციებიც რეალურად არ განხორციელებულა (საჩივარზე წარმოდგენილია დანართი N2). გადამხდელი ითხოვს, შემცირებას დაექვემდებაროს შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხული დღგ-ის თანხა ჯამში 6 954 ლარი, ასევე, დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება განხორციელდეს ფიქტიური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ამორიცხვით და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა შემცირდეს 66 937 ლარით (321 965,46 (გამოწერილი ა.ფ) – 54 217 (დებიტორული დავალიანება) = 267 748, აქედან დაანგარიშებული დარიცხული საშემოსავლო გადასახადი => 267748/0,8*0,2 = 66 937 ლარი) . ამასთან, ჩათვლიდან ამოღებულ იქნას ფიქტიური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლა, დღგის თანხით 12 664 ლარი.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება, ყალბი დოკუმენტით, აგრეთვე იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, გადამხდელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არ განუხორციელებია საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გამოწერას/დადასტურებას და საგადასახადო დეკლარაციების წარდგენას ახორციელებდა საწარმოს ბუღალტერი. საგადასახადო შემოწმების აქტის ჩაბარების შემდგომ დადგინდა, რომ კომპანიას პირებზე გამოწერილი აქვს და ასევე, მიღებული აქვს ფიქტიური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის ოპერაციებიც რეალურად არ განხორციელებულა. (საჩივარზე წარდგენილია დანართები, რომლებშიც ასახულია გამოწერილი და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩამონათვალი). გადამხდელი ითხოვს, შემცირებას დაექვემდებაროს შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დარიცხული დღგ-ის თანხა ჯამში 6 954 ლარი, ასევე, დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება განხორციელდეს ფიქტიური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ამორიცხვით და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა შემცირდეს 66 937 ლარით. ამასთან, ჩათვლიდან ამოღებულ იქნას ფიქტიური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლა.

საჩივრის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათთვის ცნობილია ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის/ჩათვლის ფაქტის დადგენის შემთვევაში განსახორციელებელი ღონისძიებების და სამართლებრივი შედეგის შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს სამეურნეო ოპერაციების განხორციელების რეალობის ფაქტი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

საკითხი N2.

მომჩივნის პოზიცია:

გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანიას 2026 წლის 10 იანვრის №---/--- საბაჟო დეკლარაციით უფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტი (----, -----, ---, ---). აღნიშნული საბაჟო დეკლარაცია საწარმოს არ ჰქონდა მიბმული დღგ-ის დეკლარაციაზე და შესაბამისად, არ ჰქონდა ჩათვლილი 11 520 ლარის ოდენობის დღგ. ითხოვს, დაევალოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს, გადაანგარიშების ეტაპზე უზრუნველყოს აღნიშნული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლა.

 

შემოსავლების სამსახურის პოზიცია:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ. გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, კომპანიას 2026 წლის 10 იანვრის №----/----- საბაჟო დეკლარაციით უფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტი (---, ---, --,---). აღნიშნული საბაჟო დეკლარაცია საწარმოს არ ჰქონდა მიბმული დღგ-ის დეკლარაციაზე და შესაბამისად, არ ჰქონდა ჩათვლილი 11 520 ლარის ოდენობის დღგ. ითხოვს, აღნიშნული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საკითხი N3.

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

გადამხდელის საქმიანობის სფეროა ტვირთების გადაზიდვა საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. გადასახადის გადამხდელი შემოსავლებს იღებს უნაღდო ანგარიშსწორებით, კერძოდ, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულად არ ასახავს შემოსავალს, ამიტომაც საჭირო გახდა შემოსავლის რამდენიმე თვის არაპირდაპირად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით დათვლა (2023 წლის იანვარი, თებერვალი, მარტი). გადასახადის გამოანგარიშების პროცესში გათვალისწინებული იქნა დოკუმენტური ხარჯი, რომელიც წარმოდგენილი იყო გადამხდელის მიერ (ჩეკები, რომლების ასახავდა უცხოეთში გადახდილ საწვავის, გზის და სხვა საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.) აღნიშნული გადასახადის გამოანგარიშების დროს აგრეთვე გათვალისწინებულია ავტომანქანის შეძენის ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის ეკონომიკურ საქმიანობასთან. ამასთანავე, გათვალისწინებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნისას მივლინების დღიური ნორმა. შესაბამისი, ხარჯების გათვალისწინებით დარჩენილი თანხა დაკვალიფიცირდა, როგორც ანგარიშვალდებულ პირზე დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე 154-ე და 73-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა წყაროსთან.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად მიჩნეულ თანხებს, აცხადებს, რომ შემოწმების ფულის ნაშთის გაანგარიშების ცხრილში ასახული მონაცემები არ არის თანხვედრაში მიღებულ პირველად საგადასახადო დოკუმენტებთან და ავტომობილის შეძენაზე გაწეულ ხარჯებთან. გარდა ზემოაღნიშნულისა, მიუთითებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე წარადგენენ დამატებით უცხოეთში საწვავის შესაძენად განხორციელებული გადახდების დამადასტურებელი ჩეკებს, რაც აღნიშნული სფეროს ბიზნესისთვის დამახასიათებელი ხარჯების მთელ სპექტრთან არის დაკავშირებული. ასევე, აღნიშნავს, რომ ფორსმაჟორული გარემოებებისას მანქანის შეკეთება დასჭირდათ ----ის ტერიტორიაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით წარადგენენ პირველად საგადასახადო დოკუმენტებს, რომლებშიც მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების მიმღებად არ არის დაფიქსირებული მათი კომაპნია, მაგრამ ხარჯის გაწევა უტყუარია, რომელიც თავისუფლად შეიძლება დადასტურდეს ხარჯის ეკონომიკური შინაარსით და ხარჯის გაწევის მომენტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საზღვარგარეთ ყოფნით. ითხოვს, აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლითაც აცხადებს, რომ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის, უცხოეთში საწვავის შესაძენად განხორციელებული გადახდების დამადასტურებელი ჩეკები და ფორსმაჟორული გარემოებებისას ------ის ტერიტორიაზე მანქანის შეკეთების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საკითხი N4.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას. მიუთითებს, რომ მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია გადასახადებისგან მიზანმიმართულად თავის არიდებას და გამოვლენილი ცალკეული შეცდომები დაშვებულია ბუღალტრის დაუდევრობის გამო.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2 , 21 და 22 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------ის“ (ს/ნ -------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს სამეურნეო ოპერაციების განხორციელების რეალობის ფაქტი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. საბაჟო დეკლარაციის მიხედვით გადახდილი დღგ-ის ჩათვლა;

3. შემოწმებით გაანგარიშებული თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

4. საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №4079 და №4924 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14717 ბრძანება და №002-102 საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გაწეული აქვს მომსახურება სხვადასხვა კომპანიებისათვის, რომელზე გამოწერილია ელექტორნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე, აღნიშნულ პერიოდში რეალიზებული აქვს ავტომანქანის ნაწილები. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები სრულად არ აქვს დეკლარირებული დღგ-ის დეკლარაციაში. ამასთან, მომჩივანს ჩათვლები არ აქვს სრულყოფილად ასახული შესაბამის დღგ-ის დეკლარაციაში. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

კომპანიას საბაჟო დეკლარაციით უფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტი. აღნიშნული საბაჟო დეკლარაცია საწარმოს არ ჰქონდა მიბმული დღგ-ის დეკლარაციაზე და შესაბამისად, არ ჰქონდა ჩათვლილი 11 520 ლარის ოდენობის დღგ. ითხოვს, საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლა.

გადამხდელის საქმიანობის სფეროა ტვირთების გადაზიდვა საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. გადასახადის გადამხდელი შემოსავლებს იღებს უნაღდო ანგარიშსწორებით, კერძოდ, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულად არ ასახავს შემოსავალს, ამიტომაც საჭირო გახდა შემოსავლის რამდენიმე თვის არაპირდაპირად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით დათვლა (2023 წლის იანვარი, თებერვალი, მარტი). გადასახადის გამოანგარიშების პროცესში გათვალისწინებული იქნა დოკუმენტური ხარჯი, რომელიც წარმოდგენილი იყო გადამხდელის მიერ (ჩეკები, რომლების ასახავდა უცხოეთში გადახდილ საწვავის, გზის და სხვა საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.) აღნიშნული გადასახადის გამოანგარიშების დროს აგრეთვე გათვალისწინებულია ავტომანქანის შეძენის ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის ეკონომიკურ საქმიანობასთან. ამასთანავე, გათვალისწინებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნისას მივლინების დღიური ნორმა. შესაბამისი, ხარჯების გათვალისწინებით დარჩენილი თანხა დაკვალიფიცირდა, როგორც ანგარიშვალდებულ პირზე დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე 154-ე და 73-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

პირველ,მე-2 სადავო და მე-3 სადავო სადავო საკითხთებთან დაკავშირებით საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

ხოლო,მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1„ა“.2„ა“ და „ბ“); 158(1); 159(1„ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 174(1.2); 175(1 „ა“, „ბ“ და ,,გ“); 176(„ა“ და „ბ“); 178( „ე“); 269(7); 275(1,2 , 21 და 22);