გადაწყვეტილება №27121/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27121/2/2026
25 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ----- (ს/ნ ----- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 29.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----- 08.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27121/2/2026).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;
2. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის N 007 - 418 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 18 მარტის N 5887 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 334 697,71 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 185 994,63 ლარი;
დღგ - 172 195 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - 11 926,63 ლარი;
ქონების გადასახადი - 1 873 ლარი;
ჯარიმა - 92 978,80 ლარი;
საურავი - 55 724,28 ლარი;.
პროცედურული გარემოებები:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით (ავტომობილის დისკებით და საბურავებით). ვაჭრობს ----- საქონლის ძირითადი ნაწილი იმპორტირებული აქვს ევროპიდან, ასევე უფიქსირდება ადგილობრივი შეძენებიც. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს ასევე უფიქსირდება ავტომობილების შემოყვანა - რეალიზაციაც. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 31 აგვისტოს. 2021 წლის 1 ოქტომბრიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდი, ხოლო სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2025 წლის 7 ივლისის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 26 დეკემბერს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში. რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის N 28799 ბრძანება და N 007-418 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 18 მარტის N 5887 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით
ფაქტების აღწერა:
მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა - ანგარიშგება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დოკუმენტური ფასნამატი განისაზღვრა 113%-ით, მაშინ როდესაც გადამხდელი ბრუნვებს ადეკლარირებდა გაცილებით დაბალი და ხშირად მინუსიანი ფასნამატით. ასევე, სარეალიზაციო საქონლის ძირითადი ნაწილის (ავტომანქანის დისკები) დოკუმენტური ფასნამატი ხშირ შემთხვევებში აღემატებოდა 150%-ს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების საწყის ნაშთს თვითღირებულებით (საწყისი ნაშთი აღებულია გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციიდან) დაემატა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ჯამი თვითღირებულებით (საბაჟო და ადგილობრივი), გამოაკლდა სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული საბოლოო ნაშთი თვითღირებულებით და დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 113 პროცენტიანი საშუალო დოკუმენტური ფასნამატის მიხედვით.
მეწარმის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების ოდენობა და მიზნობრიობის ანალიზისას, გათვალისწინებულ იქნა პირადი დანიშნულების და არა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ჩარიცხვები. დადგინდა, რომ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საბანკო ჩარიცხვებით მიღებული შემოსავლები არაარსებითად განსხვავდება არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი დასაბეგრი შემოსავლებისგან, რაც დამატებით ადასტურებს შემოწმებით დადგენილი ფასნამატის სისწორეს. შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
დარიცხვის ორივე საკითხზე გაკეთებულია წანამძღვარი რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, რაც აბსოლუტურად არასწორია და შემმოწმებელს მიეწოდა როგორც საბუღალტრო პროგრამის ასლი, ასევე ყველა სახის ამონაწერი საბუღალტრო პროგრამიდან, რომლის მოთხოვნაც მან დააყენა. ვინაიდან ბუღალტერიაში არ არის აღრიცხული გადამხდელის ყველა საბანკო ოპერაცია ეს იქნა წარმოდგენილი არგუმენტად საბუღალტრო აღრიცხვის ხარვეზიანობასთან დაკავშირებით. აქვს პირადი ოპერაციები, პირადი ხარჯები, ოჯახის წევრების და ნათესავების როგორც ჩარიცხვები ასევე გადარიცხვები (რასაც ვერ უარყოფს შემოწმება) შესაბამისად შეუძლებელია აღნიშნული ოპერაციები აღირიცხოს გადამხდელის სამეწარმეო ოპერაციების ნაწილში.
საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხულია საბანკო გადარიცხვით/გადახდით მიღებული შემოსავლები, თუმცა ვერ იქნება აღრიცხული სხვა პირადი ოპერაციები რაც არ უკავშირდება სამეწარმეო საქმიანობას. პროცესი რომელიც მოიცავდა მეწარმის ბუღალტერიის შესწავლას მიმდინარეობდა რამდენიმე კვირის მანძილზე. სხვადასხვა საკითხების დაზუსტება, სხვადასხვა სახის რეპორტების მიწოდება. საბოლოოდ აღმოჩნდა რომ თურმე ბუღალტერია არ არსებობს, რაც არ არსებობს მისი შესწავლა და ანალიზი როგორ და რატომ მიმდინარეობდა ამდენი ხანი? რეალურად ბუღალტერია არსებობს და სრულად აღწერს დეკლარირებულ მონაცემებს. საინტერესოა ასევე ის მომენტიც რომ შემოწმების დანიშვნის შემდგომ ჩატარდა სმფ ინვენტარიზაცია, ამ მონაცემების შესწავლას და დაზუსტებასაც მნიშვნელოვანი პერიოდი მოხმარდა შემოწმების მხრიდან, თუმცა საბოლოოდ შემმოწმებლისგან მიიღო პასუხი რომ „ჩვენ არ ვიცით იქ რეალურად რა და როგორ დაითვალეს“ და ეს მონაცემები არსად არ იქნა გათვალისწინებული, არც მეწარმის საზიანოდ და არც სასარგებლოდ. აზუსტებს რომ რეალურად ბუღალტრული აღრიცხვა სრულად აღწერს საქონლის შეძენას და რეალიზაციას, მოცემულია ყველა მონაცემი, თითოეული საქონელი ინდივიდუალურად, ვისგან იყიდეს, რა ფასად იყიდეს, ვის რა ფასად მიყიდეს და შეესაბამება დეკლარირებულ მონაცემებს.
შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპამდე შემოწმება მიუთითებდა საბანკო ჩარიცხვებს და არსებითად არ უმსჯელია ფასნამატის გამოყენებაზე, თუმცა შემდგომ დავისას, აქ მოყვანილი არგუმენტების შედეგად განაცხადეს რომ მათ არ დაუბეგრავთ საბანკო ჩარიცხვები და გამოიყენეს ფასნამატი. ფასნამატის გაანგარიშება არ იყო წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურში დავის განხილვამდე. აუდიტორი ჯიუტად მიუთითებდა რომ ფასნამატის გაანგარიშება მიაწოდა, თუმცა მომჩივანს შეუძლია წარმოადგინოს ექსელის ფაილი რომელიც შემმოწმებლის მტკიცებით ფასნამატის გაანგარიშებას მოიცავდა და იქ არსად არაა ფასნამატის გაანგარიშება.
იგივენაირი ფაილი მიაწოდა დავის შემდგომაც, თუმცა დაჟინებული მოთხოვნის შემდგომ მიაწოდა ფაილი სადაც რამდენიმე რეალიზაციაზეა გაანგარიშებული ფასნამატი. აღნიშნულ ფაილს წარმოადგენს დავაზე ან ცალკე დანართის სახით რადგან მისი დანომვრა შეუძლებელია და შესაძლოა დანომვრის გარეშე საჩივარი დახარვეზდეს. აღსანიშნავია რომ რეალურად შემოსავლების სამსახურმა წაართვა საჩივრის განხილვის პირველი ეტაპით სარგებლობის უფლება: წარდგენილი არგუმენტების პასუხად განაცხადეს რომ დარიცხვა ფასნამატით მოხდა, ხოლო ფასნამატის გაანგარიშება არც წარმოდგენილი იყო და არც მისი განხილვა მომხდარა.
ამდენად მიაჩნია, რომ დავის შემოსავლების სამსახურში განხილვის უფლება არსებითად წაერთვა. მისი მოთხოვნაა შემოსავლების სამსახურმა არსებითად განიხილოს ფასნამატის საკითხი. ვინაიდან ფაქტიურად პამპულობანას ეთამაშნენ, საჭიროდ თვლის არგუმენტაცია წარმოადგინოს ორივე მიმართულებით, როგორც საბანკო ჩარიცხვების შემოსავლად მიჩნევის ასევე ფასნამატის გამოყენების კუთხით. მითუმეტეს ამ ეტაპზე უკვე წარმოდგენილია ფასნამატის გაანგარიშება. რომელსაც ძნელია ეწოდოს ეს სახელი.
დღგ-ით დასაბეგრ შემოსავალში აღებულია სალარო აპარატის ფისკალური მონაცემები და აბსოლუტურად ყველა საბანკო ჩარიცხვა: საქონლის რეალიზაციის შემოსავალი, მანქანების რეალიზაციის შემოსავალი (რომელიც ცალკეც არის დაბეგრილი შესაბამისი გადასახადით როგორც აქტივების რეალიზაცია მოგებით), ტერმინალზე გადახდები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე შეტანილი თანხა, პირადი ჩარიცხვები, ოჯახის წევრების და ახლობლების ჩარიცხვები. რა თქმა უნდა ტერმინალით გადახდები და საქონლის ღირებულების ანაზღაურება/ჩარიცხვა ვერ იქნება სადაო და მომჩივანი ამ საკითხს არც აყენებს ეჭვქვეშ. თუმცა ნათესავებისგან და ახლობლებისგან მიღებული თანხები, რომელიც არ იქნა ამოღებული დასაბეგრი შემოსავლიდან, ასევე პირადი ჩარიცხვები, ასევე ავტომობილების ღირებულების თანხები რომელიც ცალკე იანგარიშება როგორც დღგ-სგან გათავისუფლებული ბრუნვა და იბეგრება მხოლოდ საშემოსავლო გადასახადით, არ უნდა იქნეს მოქცეული დღგ-ით დასაბეგრ თანხებში.
შემმოწმებელი მუდმივად მიუთითებდა რომ „დამიმტკიცეთ რომ ეს თანხა არ არის შემოსავალი“, მაშინ როდესაც ოპერაცია წარმოადგენდა პირად გადარიცხვას და არანაირად არ იკვეთებოდა სამეწარმეო შინაარსი. არსებობს სხვადასხვა გარემოებები: ვალის დაბრუნება, თანხის უკან დაბრუნება, სხვისი ვალის დაბრუნება ნაღდი ფულით გადასაცემად, თანხის ჩარიცხვა გასანაღდებლად, თანხის შემოტანა გადასარიცხად, ასევე თანხის ჩარიცხვა გადასარიცხად, ვინაიდან შესაძლოა სხვა პიროვნება (ნაცნობი, მეგობარი) თავად ვერ ახერხებს კონკრეტულ ანგარიშზე გადარიცხვას. გასანაღდებლად თანხას რიცხავენ (ნაცნობი, მეგობარი) როდესაც არ აქვთ ბარათები, ან განაღდებაზე აქვთ მაღალი საკომისიო.
შემმოწმებლები მიუთითებდნენ რომ ამდენი არასამეწარმეო ოპერაციები არარეალურია ფიზიკურ პირს ქონდეს, რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ ამდენი თანხები ირიცხებოდეს ფიზიკურ პირის ანგარიშზე და ეს არ იყოს შემოსავალი. საბოლოოდ დღეისათვის მომჩივანი ფიქრობს, რომ შემოწმებამ რაც გაითვალისწინა და მიიჩნია არასამეწარმეო ოპერაციებად, იმაზე ნაკლები ოპერაციების და თანხების გათვალისწინება ჭირდება იმისთვის, რომ მის რეალურ შემოსავლებს მიუახლოვდეს. ასე რომ ლოგიკა „არ შეიძლება ამდენი პირი არაკომერციული დანიშნულებით რიცხავდეს თანხას“ არასწორია. შემოწმების მხრიდან ასევე იყო მსჯელობა რომ თურმე ზოგი მეწარმე მალავს შემოსავლებს და სხვა პირების ანგარიშზე არიცხინებს თანხებს კლიენტებს, ამიტომ სადაოდ მიიჩნევდა ოჯახის წევრების თანხების ჩარიცხვების ამორთვას შემოსავლებიდან.
ფაქტია უამრავი რიცხავს პირადი დანიშნულებით, ასევე საქონლის შესაძენად, მაშ სად არის ოპერაციების დამალვა? სხვასთან ჩაარიცხინეს და მერე ისევ ჩვენთან ჩაირიცხა? ამ პრობლემის და გაუგებრობის სათავე არის ის რომ შემოწმებამ გვერდზე გადადო სამეწარმეო საქმიანობის აუდიტი, აბსოლუტურად ყურადღება არ მიაქცია მომჩივნის მიერ შეძენილი და რეალიზებული საქონლის მოცულობას. უბრალოდ და მარტივად დააჯამა მეწარმის ანგარიშებზე ჩარიცხული თანხები და ასე განსაზღვრა დასაბეგრი შემოსავალი და ამ პროცესში იმხელა აბსურდები დაუშვა რომ შემოწმებისას ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე გადარიცხულ თანხას შემოსავალში უთვლიდა, დღემდე შემოსავალშია ჩართული და დღგ-ით დაბეგრილია ბანკის მიერ ზედმეტად/არასწორად გადახდილი პროცენტის უკან დაბრუნება და უცხოეთიდან მიღებული გზავნილის განაღდება. ამიტომ მიაჩნია რომ გარდა საბანკო ტერმინალით გადახდილი თანხებისა და საქონლის ღირებულების შინაარსით ჩარიცხული გარდა სხვა ნებისმიერი ფიზიკური პირის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის მიჩნევა შემოსავლად და მითუმეტეს დღგით დასაბეგრ შემოსავლად ვერ აკმაყოფილებს მტკიცების მინიმალურ სტანდარტს და ფაქტობრივადაც აძლევს აბსურდულ სიტუაციას, როდესაც 50-60%იანი ფასნამატის ნაცვლად იღებს 350%-იან ფასნამატს და ბანკის უკან დაბრუნებულ სესხის პროცენტს ბეგრავს დღგ-ით. შემოწმებამ ასევე შემოსავლად მიიჩნია და საშემოსავლო გადასახადით დაბეგრა უცხოეთში საქონლის შეძენისას გადახდილი დღგ.
შინაარსობრივად დღგ-ის ჩათვლა/დაბრუნება დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. რაც არ შეესაბამება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ შემოსავალს. მიაჩნია, რომ მეწარმის შემოსავლები უნდა განისაზღვროს მისი სამეწარმეო საქმიანობიდან, სამეურნეო ოპერაციებიდან და არა მხოლოდ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვებიდან, სადაც სამწუხაროდ რთულია პირადი და სამეწარმეო ოპერაციების გამიჯვნა.
როგორც პოსტ ფაქტუმ შემოწმებისა და შემოსავლების სამსახურში დავის შემდგომ წარმოდგენილი გაანგარიშებით დგინდება ფასნამატი შეადგენს 113%-ს. საინტერესოა როგორ მიიღო აღნიშნული ფასნამატი აუდიტორმა და როგორ დაემთხვა მის მიერ შემოსავლად მიჩნეულ და დაბეგრილ საბანკო ჩარიცხვებს? გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება დოკუმენტებით რეალიზაცია სულ 94 000 ლარი. არსებითად დოკუმენტებით რეალიზებულია ახალი დისკები. შემოწმებამ ფასნამატი იანგარიშა მხოლოდ 15 000 ლარის რეალიზაციიდან! არ გაუმიჯნავს პროდუქციის არათუ სახეობები, არამედ გამიჯნული არაა ახალი დისკები, მეორადი დისკები, დისკები საბურავით. რეალურად ფასნამატის გაანგაშირება მოხდა იმდაგვარად რომ ის შემოსავლად მიჩნეულ ციფრს დამთხვეოდა და არა პირიქით.
1. ფასნამატი გაანგარიშებულია დოკუმენტური რეალიზაციის მხოლოდ 16%-დან. ხოლო შემოწმებით დადგენილ შემოსავალთან მიმართებაში ეს ციფრი 1%საც არ შეადგენს.
2. ფასნამატი გაანგარიშებულია ყველა პროდუქციაზე ერთად, მაშინ როდესაც ახალ დისკებს აქვთ დაბალი ფასნამატი, ეს რათქმაუნდა პროცენტულად თანხობრივად ახალი დისკის რეალიზაცია უფრო სარფიანია. ვინაიდან მეტი მოგება რჩება, თუმცა ძველ დისკებთან შედარებით ფასნამატი არსებითად მცირეა. ძველ დისკებს აქვთ დაბალი თვითღირებულება და ფასნამატი თუმცა მათი რეალიზაცია მცირეა და თანხობრივად ნაკლებად მომგებიანია ახალ დისკებთან მიმართებაში. რის გამოც მუდმივად იზრდება ახალი დისკების შეძენა რეალიზაცია და ძველი დისკების შეძენა მცირდება. ამას გარდა ძველი დისკების ფასნამატი კიდევ უფრო იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მისი განახლება მოხდა. სამწუხაროდ განახლების ხარჯები მომჩივანს არ აქვს, არც მოითხოვს ამ ხარჯების გამოქვითვას, მაგრამ გასათვალისწინებელია რომ ეს ზრდის ფასნამატს ძველი დისკების შემთხვევაში. ასევე მცირეა საბურავიანი დისკის ფასნამატიც, ძველ დისკებთან მიმართებით.
3. ფასნამატის მეშვეობით შემოსავლის განსაზღვრისას ფასნამატით იქნა დადგენილი საბოლოო ნაშთის თვითღირებულებაც, მაშინ როცა ცნობილია საბოლოო ნაშთის ოდენობა, ასევე ცნობილია შეძენის ფასები, რა საჭიროა თვითღირებულების დათვლა ფასნამატით? ისევ და ისევ მხოლოდ იმიტომ რომ ამით მოხდა მანიპულაცია და დარიცხვის გაზრდა.
4. ფასნამატით შემოსავლების გაანგარიშებისას აღებულია შემოწმებით (ფასნამატით) დადგენილი რეალიზებული სმფ-ს თვითღირებულება, მაშინ როდესაც ვიცით საწყისი ნაშთი რაოდენობრივად, ვიცით შეძენა და ფასი რაოდენობრივად, ვიცით ნაშთი რაოდენობრივად. ძალიან მარტივად შეიძლებოდა რეალიზებული ოდენობა (საწყის+შეძენა-ნაშთი) გამრავლებულიყო ფასზე ან ფასნამატზე მინიმუმ სამი სახეობით: ახალი დისკი, ძველი დისკი, დისკი საბურავით.
5. შემოწმებამ არ იხელმძღვანელა ინვენტარიზაციის ფასნამატით, სადაც კიდევ უფრო დეტალურად ჩანს ფასნამატი საქონლის სახეობებზე. ზემოაღნიშნული გარემოებების მიუხედავად შემოწმებამ აიღო მხოლოდ დოკუმენტური რეალიზაციის 16%, იმგვარად რომ ფაქტობრივად ახალი დისკების ფასები შეუპირისპირა ყველა სახის პროდუქციის თვითღირებულებას და დაადგინა შემოსავალი რომლის 1%-ით არაა მის გასაანგარიშებლად გამოყენებული რეალიზაცია. მისი ფასნამატი რეალურად შეადგენს 55-60%-ს, ეს ნათლად ჩანს ბუღალტერიაში. შემოწმებით დადგენილი ფასნამატი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას. შემოწმებას შეეძლო გაეთვალისწინებინა ზემოაღნიშნული გარემოებები, ასევე შეედარებინა სხვა მსგავსი მეწარმეების ფასნამატი, გაეთვალისწინებინა ინვენტარიზაციის ფასნამატი რითაც უფრო ახლოს იქნებოდა რეალობასთან. შემოწმებამ თითოეული მანქანის რეალიზაციაზე მიიჩნია რომ სახეზეა 700-800$-იანი მოგება. ეს ციფრი ნამდვილად არ შეესაბამება მომჩივნის მიერ მიღებულ შემოსავლებს და მინიმუმ ორჯერ აღემატება კარგი მოლოდინის შედეგებს, თუმცა იყო ისეთი შემთხვევებიც როცა რეალიზაციას საერთოდ არ მოუტანია მოგება. დანართის სახით წარმოადგენს საბანკო ჩარიცხვებს რომელიც შემოწმებამ მიიჩნია დღგ-ით დასაბეგრ შემოსავლად, მომჩივნის შესწავლის შედეგად კი დადგინდა რომ უმეტესი ნაწილი (ოპერაციები ლარში) არის პირადი გადარიცხვები, ხოლო ვალუტის ანგარიშზე - ავტომობილების რეალიზაციის ანდა უცხოეთში ავტომობილების შესაძენად საჭირო თანხები. სამწუხაროდ ვერც შემოწმებისას და ვერც დავის დროს ვერ მიიღეს არათუ კანონიერი, არათუ ლოგიკური, უბრალოდ რაიმე ახსნა და დასაბუთება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
მომჩივანმა 2026 წლის 30 ივნისს წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, სადაც მიუთითა შემდეგი:. პირველი საკითხის არგუმენტაცია:
• მეწარმე რეალიზაციას ახორციელებს როგორც დოკუმენტით, ასევე საცალოდ ადგილობრივ ბაზარზე.
• როგორც საჩივარში მითითებული იყო არ ეთანხმებოდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულებულ გაანგარიშებას ბევრი არგუმენტის გამო.
• აუდიტის დეპარტამენტი საგადასახადო შემოწმების აქტში მიუთითებს, რომ „შემოწმების მიერ დამუშავდა მეწარმის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების ოდენობა და მიზნობრიობაც. მ.შ გათვალისწინებულ იქნა პირადი დანიშნულების და არა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ჩარიცხვები. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საბანკო ჩარიცხვებით მიღებული შემოსავლები არაარსებითად განსხვავდება არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი დასაბეგრი შემოსავლებისგან, რაც დამატებით ადასტურებს შემოწმებით დადგენილი ფასნამატის სისწორეს.“
• მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს საგადასახადო შემოწმების შედეგებზე.
• აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 113%-ს. გაურკვეველია ზემოაღნიშნული გაანგარიშების სისწორე, რადგან საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენებით ვღებულობთ განსხვავებულ შედეგს.
• ასევე არის სხვა გარემოებებიც, მაგალითად მეწარმის საქმიანობაა ახალი დისკების, მეორადი საბურავების და მეორადი დისკების რეალიზაცია, შესაბამისად ახალი და მეორადი ავტონაწილებით ვაჭრობა.
• აუდიტის დეპარტამენტის მიერ თითოეული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისთვის არსებობს აუდირებული ფასნამატი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება მეწარმის მიმართ გამოყენებული „დადგენილი“ ფასნამატისგან.
• მეწარმე საქმიანობს შერეული ბიზნეს მოდელით, კერძოდ: იმპორტირებული ახალი დისკების რეალიზაცია, მეორადი დისკების იმპორტი და რეალიზაცია და მეორადი საბურავების იმპორტი და რეალიზაცია.
• შეძენილი საქონელის 33% შეადგენს მეორად საქონელს, შესაბამისად მითითებულია საბაჟო დეკლარაციაში როგორც მეორადი საქონელი. შეძენილი საქონელის 14% არის ახალი საქონელი, შესაბამისად აღნიშნულია საბაჟო დეკლარაციაში და ინვოისში. ხოლო მთლიანი შეძენილი საქონელის 53%-ში საბაჟო დეკლარაციას არ ახლავს შესაბამისი გაშიფვრა შეძენილი საქონელი ახალია თუ მეორადი მოხმარების.
• აქვე აღნიშნავს, რომ შეძენილი მეორადი საქონელის საფასო დიაპაზონი მერყეობს დღგ-ს გარეშე 79 ლარიდან 355 ლარამდე. ახალი საქონელის დიაპაზონი მერყეობს დღგ-ის გარეშე 310 ლარიდან 371 ლარამდე, ხოლო ისეთ საქონელზე, რომელზეც საბაჟო დეკლარაციასა და ინვოისში არ არსებობს დამაზუსტებელი მახასიათებელი (ახალი ან მეორადი), საფასო დიაპაზონი მერყეობს დღგ-ის გარეშე 220 ლარიდან 479 ლარამდე.
• მეწარმის მიერ გამოწერილ ზედნადებებში ავტონაწილების, კერძოდ დისკების ან დისკისა და საბურავის კომპლექტის ფასები მერყეობს 150 ლარიდან 1000 ლარამდე დღგ-ის ჩათვლით.
• ზოგადი ანალიზისთვის, უმცირესი შეძენის ფასის უმცირეს სარეალიზაციო ფასთან შეპირისპირებით ვღებულობთ 61%-იან მარჟას, ხოლო უდიდესი სარეალიზაციო ფასის უდიდეს შეძენის ფასთან შეპირისპირებისას ვღებულობთ 77%-იან მარჟას. ეს რა თქმა უნდა არ იძლევა მტკიცებით ფორმაში რაიმეზე მსჯელობის საშუალებას.
• პირველი შეკითხვა რაც შემოწმების მიმართ არსებობს არის რა მეთოდით მოხდა ფასნამატის დადგენა, დოკუმენტურ რეალიზაციაში დეტალურად არ იშიფრება ახალი დისკი არის რეალიზებული თუ მეორადი, როდესაც დისკი და საბურავი იყიდება - დაკომპლექტებულია ახალი დისკითა და მეორადი საბურავით, მეორადი დისკით და მეორადი საბურავით თუ ახალი დისკითა და ახალი საბურავით.
• ასეთი შემთხვევისთვის არსებობს შემოსავლების სამსახურისა და აუდიტის დეპარტამენტის დადგენილი პრაქტიკა, რომლითაც საგადასახადო ორგანო ვალდებულია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნეს ყველაზე შესაბამისი და ოპტიმალური მეთოდი, რომელიც მეტად ასახავს გადამხდელის ბიზნეს მოდელსა და სპეციფიკას.
• ზოგადად პრაქტიკაში არსებობს მეორადი ავტონაწილების აუდირებული ფასნამატი, რომელსაც იყენებს აუდიტის დეპარტამენტი, კერძოდ:
• ი/მ ----- - 46%-იანი ფასნამატი.
• ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებული მეწარმეები - ი.მ ----- (პ/ნ ----- ), ი.მ ----- (პ/ნ ----- ), ი.მ ----- (პ/ნ -----), ი.მ ----- (პ/ნ ----- ), ი.მ ----- (პ/ნ ----- ) და სხვებს აუდირებული ფასნამატი განესაზღვრათ 32%-ის ოდენობით, ი.მ ----- (პ/ნ ----- ) ასევე ი.მ. ----- (პ/ნ ----- ) ჩატარებული საგადასახადო შემოწმებისას დადგენილი ფასნამატი შეადგენს 23%-25%-ის ოდენობით წლების მიხედვით.
• უახლოეს პრაქტიკაში ასევე არის ახალი ავტონაწილების იმპორტიორი და საქართველოს ბაზარზე რეალიზაციის განმახორციელებელი პირის აუდირებული მონაცემი, კერძოდ შპს „-----" (ს/ნ ----- ), რომლის აუდირებული ფასნამატი დადგინდა 77%-ის ოდენობით.
• მოცემულ შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულებულ გაანგარიშებაში გამოყენებული მეთოდი არ ასახავს აღნიშნული საქმიანობის რეალურ სახეს. 113%-იანი ფასნამატი არ შეესაბამება ამ საქმიანობიდან არც ერთ ბიზნეს მოდელს.
• 2025 წლის 07 ივლისს ჩატარებულია სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის დროსაც აღწერილი საქონლის ღირებულებამ საბაზრო ფასით შეადგინა 1 127 285 ლარი, ხოლო თვითღირებულებად აუდიტის დეპარტამენტმა განსაზღვრა 448 510 ლარი. ზემოაღნიშნული მოცემულობა არ შეიძლება შეესაბამებოდეს სინამდვილეს, რადგან არც ერთი ზემოთჩამოთვლილი საქმიანობისთვის აუდირებული ფასნამატი არ უტოლდება 113%-ს, შესაბამისად სამი დამოუკიდებლად აღებული ბიზნეს მოდელის საშუალო შემოსავალიც ვერ იქნება 113%-იანი მარჟის მქონე.
• ითხოვს არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შემთხვევაში დადგენილ იქნეს თითოეული საქმიანობით მიღებული შემოსავალი შეძენის პროპორციის გათვალისწინებით, შეუდარდეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ აუდირებულ მონაცემებს ტერიტორიული პრინციპის დაცვით (მათ შორის მის მიერ წარმოდგენილი აუდირებული გადამხდელების ფასნამატის გათვალისწინებით) და განსაზღვრულ იქნეს ერთობლივი შემოსავალი, რომელიც საშუალებას მისცემს მომჩივანს დაადგინოს როგორც დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა, ასევე საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისგან გათავისუფლებას.
2. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობები.
ფაქტების აღწერა:
მომჩივანს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. შემოწმებისას არაპირდაპირი მეთოდით დადგინდა გადასახადის გადამხდელის შემოსავალი. გადასახადის გადამხდელს ასევე უფიქსირდება ავტომობილების შემოყვანა - რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
მომჩივნის არგუმენტაცია:
მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 (ერთი) პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ამ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
საქმეში არსებული გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (ინფორმაცია/დოკუმენტაცია) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივანი ასევე ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას. შესაბამისად, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 18 მარტის N 5887 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში დასახელებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (ინფორმაცია/დოკუმენტაცია) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ მომჩივანმა გაასაჩივრა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საკითხი შემდგომ დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრდა.
გადაწყვეტილება:
საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას. შესაბამისად, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(3); 269(7); 61(3);.