ბრძანება N 16116

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.07.2026
№ დოკუმენტი 16116
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16116

14 ივლისი 2026

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(მის.:„--------“)

2026 წლის 23 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 ივნისის №27379/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2026 წლის 23 იანვრის №100300/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №001-310 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის „--------“-ის დისთვის „--------“ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციის დაბეგვრის მიზნებისთვის საბაზრო ფასის გამოყენებას. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურს საბაზრო ფასი არ უნდა განესაზღვრა იმ დასახლებაში ბინების სტატისტიკური გასაყიდი ფასით, როცა არსებობდა საბაზრო ფასის უფრო სანდო საშემფასებლო ინფორმაცია, კერძოდ, კომპანიის მიერ შესაბამის კომპლექსში არადაკავშირებულ პირებზე უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2022 წლის პირველ კვარტალში რეალიზებული საცხოვრებელი ფართების საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასი 1მ2 -ზე შეადგენდა 489,57 აშშ დოლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

2.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული უძრავი ქონების სახელშეკრულებო ღირებულების საბაზრო ფასით კორექტირებას. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, კომპანიის პარტნიორი (დამფუძნებელი) პირები კომპანიისთვის წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობის გარემოებას წარმოადგენს, თუ რამდენად მოახდინა მხარეთა შორის არსებულმა ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა გარიგების ფასზე. მომჩივნის განმარტებით, 2022 წლის პირველ კვარტალში სულ კომპანიის პარტნიორებზე მოხდა ჯამურად 372,6მ2 საცხოვრებელი ფართის მიწოდება, ჯამში - 165 700 აშშ დოლარად, ხოლო საწარმოს პარტნიორებზე რეალიზებული საცხოვრებელი ფართების საშუალო შეწონილმა ფასმა შეადგინა - 444,71 აშშ დოლარი. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ კვადრატულის ფასი, კონკრეტული უძრავი ქონების ხარისხობრივი მახასიათებლების მიხედვით, მერყეობდა 411,86 აშშ დოლარიდან 500 აშშ დოლარამდე, რაც, მისივე განმარტებით, შესაბამისობაშია კომპანიის მიერ 2022 წლის პირველ კვარტალში არადამოკიდებულ პირებთან დადებულ გარიგებებში გამოყენებულ ფასებთან. გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ საბაზრო ფასად გამოყენებული უნდა ყოფილიყო 489.57 აშშ დოლარი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22481 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 დეკემბრის №28599 ბრძანება და ამავე თარიღის №001-310 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 226 009 ლარი, მათ შორის გადასახადი 108 961 ლარი, ჯარიმა 54 480 ლარი და საურავი 62 568 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 8 მაისის №10314 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 19 ივნისის №27379/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 მაისის №10314 ბრძანება და საჩივარი, პირველი და მეორე სადავო საკითხების ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 ივნისის №27379/2/2026 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ უძრავ ქონებებთან მიმართებით, მათ შორის „--------“-ზე რეალიზებულ უძრავ ქონებებზე, შემოწმების შედეგად საბაზრო ფასის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე არსებობდა საბაზრო ფასები, რომელიც საგადასახადო შემოწმების შედეგად კორექტირებას არ დაექვემდებარა, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე სხვა კორპუსში რეალიზებული ბინის საბაზრო ფასის გამოყენების მართლზომიერების საკითხი, მოითხოვს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი, აღნიშნულ ნაწილში, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-------“ პროექტი მდებარეობს ქ. „--------“-ში,სადაც მდებარეობს 33 საცხოვრებელი და კომერციული ფართები, რომელთა ძირითადი ნაწილის რეალიზაცია დაბეგრილია 2020-2021 წლებში, ხოლო 2022 წლის იანვარ-მარტის განმავლობაში რეალიზებული და დაბეგრილია 12 საცხოვრებელი და ერთი კომერციული ფართი. საცხოვრებელი ფართის შემთხვევაში 1მ2 -ის ღირებულება საშუალოდ შეადგენს 465 აშშ დოლარს, ხოლო კომერციული - 724 აშშ დოლარს. მშენებლობა დაიწყო 2018 წელს, 2020 წელს დაიწყო რეალიზაცია, ხოლო 2022 წელს დასრულდა მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია სულ 881მ2 უძრავი ქონება, აქედან საცხოვრებელი - 551მ2 და კომერციული - 130მ2 . საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით დადგენილ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულია 620მ2 უძრავი ქონება, აქედან კომერციული - 130მ2,მათზე საცხოვრებელი ფართის რეალიზაციის ფასია საშუალოდ 444 აშშ დოლარი, ხოლო კომერციული - 724 აშშ დოლარი.

შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით დადგენილი საბაზრო ფასი, კერძოდ, შესამოწმებელ ობიექტთან ახლოს მდებარე ახალ და მშენებარე კორპუსებში რეალიზებული ბინების ფასები, 2022 წლის პირველ კვარტალში, რომელმაც შეადგინა 570 აშშ დოლარი საცხოვრებელ და 1121 აშშ დოლარი კომერციულ ფართებზე. სხვაობა შემოსავალში შეადგენს 264 167 ლარს. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, სხვა პირებთან ერთად არიან დამფუძნებელი „--------“ და დირექტორი „--------“, რომელიც ამავდროულად არის დამფუძნებელიც. ფასებს შორის სხვაობა დირექტორის, „--------“-ს შემთხვევაში ჩაითვალა მიღებულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. „--------“-ის შემთხვევაში დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მიხედვით და ჩაითვალა გაცემულ დივიდენდად, რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. დანარჩენ პირებზე დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მიხედვით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 ნაწილების თანახმად:

2.საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:

რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში;

რ.ბ) მომსახურებისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ბინები რეალიზებულია ურთიერთდამოკიდებულ და არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე არ იქნა გამოყენებული არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზაციის ფასი, რადგან დაბალი იყო, ამდენად გამოყენებული იქნა სხვა ახლომდებარე კორპუსში რეალიზებული ბინების ფასი. ხოლო, საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე სხვა კორპუსში რეალიზებული ბინის საბაზრო ფასის გამოყენების მართლზომიერების საკითხი დამატებით უნდა იქნას შესწავლილი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე არსებობს საბაზრო ფასები, რომელიც საგადასახადო შემოწმების შედეგად კორექტირებას არ დაექვემდებარა. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია სულ 881მ2 (საცხოვრებელი ფართი 551მ2 , ხოლო კომერციული 130 მ2 ), საიდანაც ურთიერთდამოკიდებულ პირებზე განხორციელდა 620მ 2 -ის რეალიზაცია (საცხოვრებელი 490მ2 , კომერციული 130მ 2 ).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული საცხოვრებელი ბინების საბაზრო ფასის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს კომპანიის მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ანალოგიური ოპერაციის დროს განსაზღვრული ფასით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული საცხოვრებელი ბინების საბაზრო ფასის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს კომპანიის მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ანალოგიური ოპერაციის დროს განსაზღვრული ფასით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის დისთვის უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციის დაბეგვრის მიზნებისთვის საბაზრო ფასის გამოყენებას.

2.გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული უძრავი ქონების სახელშეკრულებო ღირებულების საბაზრო ფასით კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის პროექტში მდებარეობს 33 საცხოვრებელი და კომერციული ფართები, რომელთა ძირითადი ნაწილის რეალიზაცია დაბეგრილია 2020-2021 წლებში, ხოლო 2022 წლის იანვარ-მარტის განმავლობაში რეალიზებული და დაბეგრილია 12 საცხოვრებელი და ერთი კომერციული ფართი.

შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა სსკ-ის მე-18 მუხლის მიხედვით დადგენილი საბაზრო ფასი, კერძოდ, შესამოწმებელ ობიექტთან ახლოს მდებარე ახალ და მშენებარე კორპუსებში რეალიზებული ბინების ფასები, 2022 წლის პირველ კვარტალში, რომელმაც შეადგინა 570 აშშ დოლარი საცხოვრებელ და 1121 აშშ დოლარი კომერციულ ფართებზე. სხვაობა შემოსავალში შეადგენს 264 167 ლარს. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, სხვა პირებთან ერთად არიან დამფუძნებელი და დირექტორი,რომელიც ამავდროულად არის დამფუძნებელიც.ფასებს შორის სხვაობა დირექტორის,შემთხვევაში ჩაითვალა მიღებულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. დამფუძნებლის შემთხვევაში დაიბეგრა მოგების გადასახადით სსკ-ის 981 მუხლის მიხედვით და ჩაითვალა გაცემულ დივიდენდად, რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. დანარჩენ პირებზე დაიბეგრა მოგების გადასახადით სსკ-ის 981 მუხლის მიხედვით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული საცხოვრებელი ბინების საბაზრო ფასის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს კომპანიის მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ანალოგიური ოპერაციის დროს განსაზღვრული ფასით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),981,101,130,154,163,164.