გადაწყვეტილება №21148/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21148/2/2023
01 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------ი“ (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,28.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 25.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21148/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატით;
2. სატრანსპორტო საშუალების შესაძენად გადახდილ თანხაზე კვალიფიკაციის შეცვლა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. დებიტორული დავალიანების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2023 წლის №056-36 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25276 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 241 842 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 151 787
დღგ - 28 738
საშემოსავლო გადასახადი - 123 049
ჯარიმა - 74 996
საურავი - 15 059
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 10.02.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 10.07.2023 წლის №16656 ბრძანება და 11.07.2023 წლის №056-36 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25276 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატით
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს უფიქსირდება როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. ჯამურად, დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 299 902 ლარი, ხოლო გათავისუფლებულმა - 3 080 127 ლარი. პირს უფიქსირდება რეალიზაცია სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, სულ 1 942 246 ლარი, რაც შეადგენს მთლიანი დეკლარირებული ბრუნვის 44%- ს. გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა „ორისი“, სადაც დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი ჩამოიწერება რეალიზაციის მომენტში, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული - ჯამურად, თვის ბოლოს. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 10%-ს, ხოლო დოკუმენტის გარეშე - 9%-ს. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა ფასნამატმა შეადგინა სულ 9%. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელისაგან საკონტროლო შესყიდვა, რაზეც 2023 წლის 22 ივნისს შედგენილ იქნა ოქმი №----. შესყიდულ იქნა 11 დასახელების პროდუქტი. ასევე ჩატარდა ფასების ფიქსაცია 73 დასახელების პროდუქციაზე. შემოწმებით დამუშავდა საკონტროლო შესყიდვის შედეგები და საშუალო შეწონილ ფასნამატად დადგინდა 18%, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშუალო ფასნამატი კი 2020-2023 წლების შესაბამისად შეადგენს 10%, 6%, 10%-სა და 12%-ს. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის თანახმად, 2020 წლის თებერვალში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, შესყიდულ იქნა 3 დასახელების საქონელი და თითოეული მათგანის ფასნამატმა შეადგინა დაახლოებით 25%, 67% და 15%. ასევე, განხორციელდა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატების ანალიზი. საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი - 18% და შესაბამისად, დაკორექტირდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე ბრუნვების ოდენობა. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავალი, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №9 დანართის მიხედვით, ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საგადასახადო ვალდებულები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში, რაც შემოწმების მასალებში მითითებული არ არის. აქტში მითითებულ ჩანაწერზე დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი ჩამოიწერება რეალიზაციის მომენტში, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული-ჯამურად თვის ბოლოს განვმარტავს, რომ არ მიაჩნია აღრიცხვის წესების დარღვევად, ამავდროულად, პროგრამა ორისი-თ დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი არ ჩამოიწერება რეალიზაციის მომენტში, არამედ ჩამოიწერება რეალიზაციის თარიღით, რაც ადვილად დასადგენია პროგრამა ორისის მეშვეობით, დაფიქსირებულია ჩამოწერის გატარების თარიღი, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ჩამოწერა, იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს სპეციალური პროგრამა, ხდება ინვენტარიზაციის ან აღწერის ჩატარებით, რაც ტარდება საანგარიშო პერიოდის ბოლოს, დღგ-ის მიზნებისთვის თვის ბოლოს. ანალოგიურად ხდება დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე ან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვების დადგენა. ამ შემთხვევაში კი გამოყენებულია მარაგების მოძრაობის აღრიცხვის 1 ჩ ბუღალტრული პროგრამა, რომლის მონაცემებზე დაყრდნობითაც ხდება დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ჩამოწერაც და დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვების დადგენა. (როგორ მოახერხა შემოწმებამ დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე ან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვების სისწორის შემოწმება, ინვენტარიზაციის აქტებისა თუ მარაგების მოძრაობის აღრიცხვის 1 ჩ ბუღალტრული პროგრამის მონაცემების შესწავლის გარეშე, უცნობია). წარმოადგენს, შერჩევის წესით, 1 ჩ ბუღალტრული პროგრამის მონაცემებს რეალიზაციაზე, რის საფუძველზეც ახდენს მარაგების მოძრაობის აღრიცხვას და რომელთა მიხედვითაც ფასნამატი არის მოძველებულ საქონელზე, კონკურენციიდან და იმ დროისათვის არსებული საბაზრო ფასიდან გამომდინარე, უარყოფითი ნიშნულით და არის 633% ფასდარიცხვაც. ასევე ამ პროგრამაში აღირიცხება შეძენებიც. იხ. დანართი №4.
მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მიუღებელია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, ვინაიდან თვლის, რომ მის მიერ არ ხდება აღრიცხვის წესების დარღვევა, მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ რამდენადაც ცნობილია, იმ შემთხვევებში, როდესაც პირის საქმიანობაში იკვეთებოდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული დარღვევები, საგადასახადო ორგანო დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის საშუალო ფასნამატს (მთლიანი წლის განმავლობაში გაყიდული მარაგების რაოდენობებისა და ფასნამატის გათვალისწინებით) ავრცელებდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ მარაგებზე. ამ შემთხვევაში, კი შემოწმებამ 2023 წლის 22 ივნისს შედგენილი №--- ოქმის მონაცემებით დაითვალა ფასნამატი, (გაყიდულია თითო ცალი შევაჭრების გარეშე, სავარაუდოდ, რიგ შემთხვევებში, დაშვებულია ბეჭვდითი შეცდომა ოქმში მითითებულ საქონლის დასახელებებში იმ საქონელთან მიმართებაში, რაც კომპანიას აქვს შეძენილი, ერთი და იგივე საქონელი შეძენილია სხვადასხვა ფასში, ხოლო ფასნამატის დადგენისას გამოყენებულია ფიქსირებული სარეალიზაციო ფასები. შემოწმების პროცესში მიმართა შემოწმებამ, დაეფიქსირებინა პოზიცია 2020 წლის 24 თებერვალს განხორციელებულ საკონტროლო შესყიდვის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც სამართალდარღვევა არ გამოვლენილა, ხოლო მიმდინარე შემოწმებამ საშუალო ფასნამატი დაადგინა 27%.
აღნიშნულთან დაკავშირებით მისი პოზიცია შემდეგია: შესყიდული 3 საქონლიდან: 1. ფეირი 650 მლ. (ოქმი №----). აღნიშნული დასახელების საქონელი ვერ მოვიძიეთ 2020, 2021, 2022 წლების შეძენებში. კომპანიას (შეძენები დაწყებული აქვს 2020 წლის 19 თებერვლიდან, ხოლო რეალიზაციები დაიწყო 2020 წლის 24 თებერვალს) შეძენილი აქვს 19 და 20 თებერვალს 3 სახის ფეირი: --- 5ლ ჭურჭლის სარეცხი ჟელე 1*2, --- 675 მლ ჭურჭლის ჟელე 1*20 და -- პლატინიუმი 750 მლ *20. 2. საპონი ვინექსი 125 გრ. შეძენილია 2020 წლის თებერვალში, იგი არ წარმოადგენდა და არც დღეს არ წარმოადგენს მოთხოვნადს ბაზარზე და 2022-2023 წლებში არც მისი შეძენა არ მომხდარა და მასზე არსებული ფასნამატის გამოყენება არ მიაჩნია ლოგიკურად, მითუმეტეს საკონტროლო შესყიდვა განხორციელებულია 1 ცალზე. 3. სველი ხელსახოცი 120 ც. (ასე იკითხება ოქმი №----). იმ პერიოდისათვის შეძენილ მარაგებში ვერ მოიძია საქონელი დასახელებით სველი ხელსახოცი. მოიძია დანიშნულებასთან მიახლოებული 4 სახის სველი სალფეთქი: სვ. სალფეთქი ---- 120 ც *12-შეძენის ფასი 1 --14.75 ლარი, სვ. სალფეთქი --- 120 ც *12-შეძენის ფასი 1 -15 ლარი, სვ. სალფეთქი --- 120ც*12 შეძენის ფასი 1 -14.75 ლარი, სვ. სალფეთქი ---- 120*12 (მარკირებული 0 დან 3 წლამდე ბავშვთათვის) შეძენის ფასი 1 --14.40 ლარი. შესაბამისად, ფასნამატის შესახებ პოზიციის ჩამოყალიბება ვერ შეძლო. იხ. დანართი №5) არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ოქმში მითითებულ საქონელზე შევაჭრების შემთხვევაში ან დიდი ოდენობით შეძენისას ხდებოდა ფასდაკლება (საბითუმო ვაჭრობა, რასაც თავადვე აფიქსირებს) გაავრცელა საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი-18% მთლიანი რეალიზაციის 56%-ზე (შემოწმების მონაცემებით). რაც შეეხება შემმოწმებელთა პოზიციას: „ფასების ფიქსაციის პროცედურა 73 დასახელების პროდუქციაზე“- რაზე დაყრდნობითაც შემოწმებამ გამოიყენა 18%-იანი ფასდარიცხვა, განმარტავს, რომ 1. მისთვის უცნობია, თუ რამდენად შესაბამისობაშია შემმოწმებელთა მხრიდან ე.წ. ფასების ფიქსაციისას პროდუქციათა შესაბამისობა 73 დასახელებაზე; 2. კომპანიის მიერ განხორციელებულია დაახლოებით 1000 დასახელების საქონლის შეძენა/რეალიზაცია, თითოეულის ბრუნვა ასახულია, როგორც ბუღალტრულ ვერსია „ორისი“-ში, ასევე 1 - პროგრამაში და საინტერესოა, რის მიხედვით შეირჩა 73 დასახელება; 3. მის მიერ ნაწარმოები მარაგების მოძრაობის 1 - ბუღალტრული პროგრამის მონაცემების მიხედვით, ფასნამატი არის მოძველებულ საქონელზე უარყოფითი ნიშნულით და არის 633% ფასდარიცხვაც და რამდენად ლოგიკურია იმის მტკიცება, რომ აღნიშნული 73 დასახელება ზუსტად განსაზღვრავს სავაჭრო ფასნამატს, ხოლო 1 - და „ორისი“ ბუღალტრული პროგრამების მონაცემები არასწორია; 4. საგადასახადო კოდექსისა და ბასს-ის მიხედვით, სარეალიზაციო ფასი თავისუფალია, თითოეულ სასაქონლო მარაგზე სავარაუდო ფიქსირებული ფასები და ფასნამატები გამართლებული იყო პოსტსაბჭოური ბუღალტრული აღრიცხვით, როდესაც სარეალიზაციო ფასები იყო წინასწარ განსაზღვრული, სავაჭრო ფასდარიცხვა ტარდებოდა ანგარიშზე „42“. ბასს-ის მიხედვით, სავაჭრო ფასდარიცხვას ბუღალტრული გატარება არ გააჩნია, ვინაიდან სარეალიზაციო ფასები თავისუფალია. 5. ზემოთ მითითებული 1000 დასახელების საქონლის ბრუნვიდან და ფასნამატიდან გამომდინარე, ყოველთვის არის შესაძლებლობა აირჩეს 73 (მეტიც და ნაკლებიც) დასახელების საქონელი, რომელთა საშუალო ფასნამატი შესაძლებელია იყოს, როგორც 18%, ასევე 50% ან 3% ან კიდევ რაღაც განუსაზღვრელი ციფრი, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ნიშნულით და თუ ასეთი მიდგომა კანონიერია და ასე უნდა დაითვალოს შემოსავლები, უმორჩილესად ითხოვს განემარტოს, რა პრინციპით მოახდინოს იმ საქონლის შერჩევა, რომელთა მიხედვითაც უნდა დადგინდეს სავაჭრო ფასნამატი.
მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულად მიუღებელია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, მაგალითისათვის დღგ-ის ნაწილში, შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით, შეისწავლა, შერჩევის წესით, დამატებით დარიცხული თანხების წარმომავლობა. გაეცნო რა შემოწმების მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ ფასნამატი-18%-ის გაანგარიშებას. მისი აზრით, დაშვებულია მათემატიკური შეცდომები ან ვერ ანგარიშობს სწორად ან შემოწმებამ განახორციელა დამატებით დარიცხვა, რაზეც შემოწმების აქტში არ არის დაფიქსირებული, კერძოდ, აუდიტის მოცულ პერიოდზე ჩამოწერილია 960066 ლარის თვითღირებულების საქონელი (დღგ-ით დასაბეგრი, დაახლოებით ედრება პროგრამა „ორისი“-ს მონაცემს), რისი 18%-იც არის 172812 ლარი. 18%-იანი ფასნამატი 172812 ლარი + თვითღირებულება 960066 ლარი=1132878 ლარი. თუ დავუმატებთ დოკუმენტით განხორციელებულ მიწოდებას (რისი ცვლილებაც შემოწმების აქტით არ ფიქსირდება), რაც ბუღალტრული ვერსიის მიხედვით შეადგენს 237170 ლარს, დღგით დასაბეგრი თანხა გახდება 1370048 ლარი და არა შემოწმების მიერ დადგენილი 1463938 ლარი (იხ. შემოწმების აქტი, გვ.13). სხვაობა 93890 ლარი, რაც შემოწმების მიერ დაბეგრილია როგორც დღგ-ით, ასევე სავარაუდოდ, დამატებული აქვს დღგ, აგროსილია და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით.
შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე და ჩათვლის უფლებით ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობა (კომპანიის მონაცემებსა და შემოწმების მონაცემებს შორის 20602 ლარი და 164036 ლარი შესაბამისად, რაც დაფიქსირებულია შემოწმების აქტით გვ. 13) დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ჩათვლის უფლებით ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობაზე 164036 ლარზე პოზიცია განხილულია დღგ-ის ნაწილში.
არაპირდაპირი მეთოდით „დადგენილი“ სხვაობა შემოწმებამ ჩათვალა ნაღდი ანგარიშსწორების შედეგად განხორციელებულ მიწოდებად, ხოლო „მიღებული“ თანხები დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებისას ყოველთვის გამოიყენებოდა საკონტროლო სალარო აპარატი, რაც დასტურდება, როგორც რეალიზაციების დაწყების პირველსავე დღეს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვით, ისე შემდგომში ჩატარებულით. ამ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოება, რაც იძლევა რეალიზაციების ხელოვნურად გაზრდის,ხოლო სხვაობის ხელფასის სახით განაცემად ჩათვლის საფუძველს. არსებული კანონისა და კანონქვემდებარე აქტზე დაყრდნობით, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი მიღებული შემოსავალი „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №9 დანართის მიხედვით, დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩაითვლება იმ შემთხვევაში: ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ბ)თუ არსებობს ერთზე მეტი შემდეგი პირობა: ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა; ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
აღნიშნულთაგან არცერთის დარღვევის ფაქტი არ არსებობს და არც შემოწმების აქტში არ იკითხება. შესაბამისად, შემოწმების პოზიცია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესახებ და ამ მიდგომით განხორციელებული საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა ეწინააღმდეგება, როგორც საგადასახადო კოდექსის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №9 დანართის მოთხოვნებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოწმებისას დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატით. კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი - 18% და შესაბამისად, დაკორექტირდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე ბრუნვების ოდენობა. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავალი, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №9 დანართის მიხედვით, ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.
შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
2. სატრანსპორტო საშუალების შესაძენად გადახდილ თანხაზე კვალიფიკაციის შეცვლა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის თანახმად, 2022 წლის იანვარში შეძენილია სატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი, სატვირთო მერსედესი) ფიზიკური პირისაგან, რომელიც საწარმოს აღრიცხული აქვს ძირითად საშუალებად. აღნიშნული პროგრამის თანახმად, ფიზიკური პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია და ამასთან, ავტომობილის ღირებულება, 12 356.8 ლარი ანაზღაურებულია სალაროს მეშვეობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიის სახელზე 10.02.2020-01.03.2023 წწ. პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული/რეგისტრაციიდან მოხსნილი არ ყოფილა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმების ჯგუფის მიერ, გადასახადის გადამხდელისაგან მოთხოვნილ იქნა შესყიდვის აქტი/ხელშეკრულება/გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მისი მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და ამავე კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, შემოწმების მიერ აღნიშნული ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე 2022 წლის იანვრის თვეში გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურისი
გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესყიდვის აქტის/ხელშეკრულების არ ქონა, მისი აზრით, არ წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ოპერაციას. აღნიშნული ავტომობილი სახეზეა და მონაწილეობს კომპანიის საქმიანობაში (მითითებულია სასაქონლო ზედნადებებში საქონლის ტრანსპორტირებისას), რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებებით, აღებულია შემოსავალზე, მიტანილია ქონების გადასახადით დასაბეგრ ძირითად საშუალებათა ნუსხაში და დაბეგრილია ქონების გადასახადით. ამავდროულად, გარიგებები ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. აღნიშნული კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც გარიგების მონაწილეებს არ გააჩნიათ ვალდებულება წერილობითი დოკუმენტის შედგენაზე, რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ აქტს. ამ ვალდებულების განხორციელება წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ აუცილებელ პირობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის (დანართი 5).
შესაბამისად, შემმოწმებელთა მხრიდან დაფიქსირებული პოზიცია წინაარმდეგობაშია, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექის მოთხოვნებთან, ასევე საკასაციო პალატის პოზიციასთან და იგი მისი აზრით, კანონსაწინააღმდეგოა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებისას დადგენილია, რომ საწარმოს წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის თანახმად, 2022 წლის იანვარში შეძენილია სატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი, სატვირთო მერსედესი) ფიზიკური პირისაგან, რომელიც საწარმოს აღრიცხული აქვს ძირითად საშუალებად. აღნიშნული პროგრამის თანახმად, ფიზიკური პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია და ამასთან, ავტომობილის ღირებულება, 12 356.8 ლარი ანაზღაურებულია სალაროს მეშვეობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საწარმოს სახელზე 10.02.2020-01.03.2023 წწ. პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული/რეგისტრაციიდან მოხსნილი არ ყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმების ჯგუფის მიერ, გადასახადის გადამხდელისაგან მოთხოვნილ იქნა შესყიდვის აქტი/ხელშეკრულება/გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მისი მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი.საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და ამავე კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, შემოწმების მიერ აღნიშნული ჩაითვალა დირექტორზე 2022 წლის იანვრის თვეში გაცემულ ხელფასად.
ვინაიდან მომჩივანი ვერ წარმოადგენს შესყიდვის დოკუმენტს და ამასთან, საწარმოს სახელზე 10.02.2020-01.03.2023 წწ. პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული/რეგისტრაციიდან მოხსნილი არ ყოფილა, საბჭოს მიაჩნია, რომ სატრანსპორტო საშუალების შესაძენად გადახდილ თანხაზე კვალიფიკაციის შეცვლა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.
3. დებიტორული დავალიანების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, 2023 წლის პირველი მარტის მდგომარეობით უფიქსირდება დებიტორული დავალიანების ნაშთი, 256 955 ლარის ოდენობით. აქედან, ჯამურად 247 870 ლარის მოთხოვნაზე, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისაგან გამოთხოვილ იქნა დებიტორებთან გაფორმებული შედარების აქტები დავალიანების თაობაზე. მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი აღნიშნული დოკუმენტაცია. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული პირებისაგან გამოთხოვილ იქნა საწარმოს მიმართ 2023 წლის პირველი მარტის მდგომარეობით არსებული კრედიტორული დავალიანების ნაშთის შესახებ ინფორმაცია. მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიისათვის თანხები სრულად არის ანაზღაურებული.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს მომსახურების საგადასახადო ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, 2021 წლის სექტემბერსა და დეკემბერში, სულ ჯამურად 2 184 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით), რაც არ არის აღრიცხული საბუღალტრო პროგრამაში. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით“ მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე დანართი №1-ისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ბუღალტრულად არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთი, 250 054 ლარის ოდენობით, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
1. დებიტორული დავალიანებები არის რეალური, ვინაიდან მათ დავალიანება არ დაუფარავთ და შესაბამისად, მათი მხრიდან ვალის დაფარვის შესახებ რაიმე სახის დოკუმენტაცია ან წერილობითი შეთანხმება ვალის პატიებაზე არ არსებობს.
2. აღნიშნული მეთოდური მითითების შესრულება მოითხოვს შემოწმების პროცესში სალაროს ინვენტარიზაციის ჩატარებას, კომპანიის დირექტორის ან ბუღალტრის მიერ წერილობით ხელმოწერილ დოკუმენტს თანხის მიღებასთან დაკავშირებით ან რაიმე დოკუმენტურ მტკიცებულებას შემოწმების მხრიდან, რაც შემოწმებას არ წარუდგენია და მისი აზრით, ვერც წარმოადგენს მისი არ არსებობის გამო და შესაბამისად, მიაჩნია, რომ ამ კუთხითაც განხორციელებული დარიცხვა არ შეესაბამება არც საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს და არც შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანება „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით“ დადგენილ მეთოდური მითითებას და რაც ეწინააღმდეგება მის კონსტიტუციურ უფლებას უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ.
ნაღდი ანგარიშწორებისას ყოველთვის გამოიყენებოდა საკონტროლო სალარო აპარატი, რაც დასტურდება, როგორც რეალიზაციების დაწყების პირველსავე დღეს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვით, ისე შემდგომში ჩატარებულით, ბუღალტრული აღრიცხვისათვის ვიყენებთ: პროგრამა ორისის და 1 - ბუღალტრულ პროგრამას, გაფორმებული აქვს საკმაოდ კომპეტენტურ კომპანიასთან ხელშეკრულება ბუღალტრული მომსახურების შესახებ, ორი თანამშრომელი ერთდროულად მუშაობს 1 - პროგრამაში მარაგების მოძრაობის ასახვაზე და ეს ყოველივე შემოწმებამ არ გაითვალისწინა გამოიყენა რა სრულიად უცნობი და კატეგორიულად მიუღებელი ე.წ. ფასების ფიქსაციის მეთოდი და მოახდინა რეალიზაციების ხელოვნურად გაზრდა, ხოლო ე.წ. ნამეტი, დაბეგრილია, როგორც დღგ-ით, ასევე სავარაუდოდ, დამატებული აქვს დღგ, აგროსილია და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება.
ასრულებდა ყველა იმ მოთხოვნას, რაც განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსითა და ბასს-ით, რათა ბიუჯეტის მიმართ ვყოფილიყავით კეთილსინდისიერი გადამხდელი, თუმცა შემოწმებამ (ბიუჯეტთან ანგარიშსწორება) არ გაითვალისწინა არც ბასს-ის შესაბამისად მარაგების მოძრაობის აღრიცხვა, არც საგადასახადო კოდექსის 145-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნები, ვერც თუ არც მიუთითეს საქმიანობისას, რომელი კანონმდებლობა აქვს დარღვეული, მის მიერ განხორციელებული რეალიზაციები უსაფუძვლოდ გაიზარდა ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებით დადგინდა, რომ 2023 წლის პირველი მარტის მდგომარეობით უფიქსირდება დებიტორული დავალიანების ნაშთი, 256 955 ლარის ოდენობით. აქედან, ჯამურად 247 870 ლარის მოთხოვნაზე, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისაგან გამოთხოვილ იქნა დებიტორებთან გაფორმებული შედარების აქტები დავალიანების თაობაზე. მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი აღნიშნული დოკუმენტაცია. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული პირებისაგან გამოთხოვილ იქნა საწარმოს მიმართ 2023 წლის პირველი მარტის მდგომარეობით არსებული კრედიტორული დავალიანების ნაშთის შესახებ ინფორმაცია. მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიისათვის თანხები სრულად არის ანაზღაურებული. ამასთან, გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს მომსახურების საგადასახადო ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, 2021 წლის სექტემბერსა და დეკემბერში, სულ ჯამურად 2 184 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით), რაც არ არის აღრიცხული საბუღალტრო პროგრამაში. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით“ მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე დანართი №1-ისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ბუღალტრულად არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთი, 250 054 ლარის ოდენობით, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ დებიტორებს წარმოადგენდნენ ფიზიკური პირები, რომლებმაც განმარტეს, რომ კომპანიის (მომჩივნის) მიმართ დავალიანება არ გააჩნიათ.
მომჩივანმა ვერ შეძლო სათანადო არგუმენტების ან დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მოპასუხე ორგანოს არგუმენტებს გააბათილებდა, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ დებიტორული დავალიანების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25276 ბრძანება;
3. საჩივარი, პირველი დავის საგნის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატით;
2. სატრანსპორტო საშუალების შესაძენად გადახდილ თანხაზე კვალიფიკაციის შეცვლა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. დებიტორული დავალიანების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 10.02.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 10.07.2023 წლის №16656 ბრძანება და 11.07.2023 წლის №056-36 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25276 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მომჩივნის არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი პირველი სადავო საკითხის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
ვინაიდან მომჩივანი ვერ წარმოადგენს შესყიდვის დოკუმენტს და ამასთან, საწარმოს სახელზე 10.02.2020-01.03.2023 წწ. პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული/რეგისტრაციიდან მოხსნილი არ ყოფილა, საბჭოს მიაჩნია, რომ სატრანსპორტო საშუალების შესაძენად გადახდილ თანხაზე კვალიფიკაციის შეცვლა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.
ამასთან,საბჭოს მიაჩნია, რომ დებიტორული დავალიანების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(4,5 „ა“,9 „ბ“); 101(1); 136(1,3 ); 154(1 „ა“);