გადაწყვეტილება №28283/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.11.2026
№ დოკუმენტი 28283/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28283/2/2026

11 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.11.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 13.10.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28283/2/2026).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, სასამართლოში მიმდინარე სადავო „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ჩატარების შესახებ“ ბრძანების შედეგად ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე დაყრდნობით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2026 წლის №249-20 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.09.2026 წლის №20567 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 207 916.17 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 385 866

დღგ - 1 149 147

საშემოსავლო გადასახადი - 236 719

ჯარიმა - 682 238

საურავი - 139 812.17

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ტექსტილით, --- მოლის ტერიტორიაზე. საქონლის შეძენას ძირითადად ახდენს იმპორტის გზით, თუმცა მცირე რაოდენობით ტექსტილი შეძენილი აქვს ადგილობრივ ბაზარზეც. აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2026 წლის №2460 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 9.01.2025 წლიდან 1.03.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.06.2026 წლის №AR022728 საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ: გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისის“ მიხედვით, საქონლის ჩამოწერა ხორციელდება ყოველი თვის ბოლოს ჯამურად. ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 6 147 733 ლარს. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 1 559 343 ლარის (დღგ-ის გარეშე) პროდუქციის დოკუმენტური რეალიზაცია, რა დროსაც საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 34%-ს.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.02.2026 წლის №2749 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვა და დადგინდა სასაქონლო ნაშთი 1 607 988 ლარის საბაზრო ღირებულებით. ასევე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.02.2026 წლის №2646 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის შედეგად დადგინდა, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი (0 ლარი).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 49-ე და 75-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმების შედეგად დადგენილი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე (საინვოისო ღირებულებაზე) გავრცელდა დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასნამატი.

შედეგად გაიზარდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა, რაც აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. გამოვლენის სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა შემოწმების შედეგად დადგენილი შემოსავალი, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაციადოკუმენტაცია. დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2026 წლის №14477 ბრძანება და ამავე თარიღის №249-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.09.2026 წლის №20567 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 272-ე მუხლზე და 275-ე მუხლზე და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან მიმართებით, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე მისივე დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელება, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და სანქციის შეფარდება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დარიცხვა მთლიანად აშენებულია ერთ დაშვებაზე - თითქოს არასრული ინვენტარიზაციით აღურიცხავი ნაშთი „რეალიზებულია“, მაშინ, როდესაც თავად ინვენტარიზაციის ჩატარების კანონიერებაზე დავა დასრულებული არ არის. აღურიცხავი საქონელი ფიზიკურად არსებობს აღუწერელ საწყობებში და მისი რეალიზაცია-დეკლარირება დღემდე გრძელდება. შემოსავლების სამსახურმა მომჩივნის არცერთი მტკიცებულება არსებითად არ გამოიკვლია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.02.2026 წლის №2749 ბრძანებით ჩატარდა ინვენტარიზაცია, რომლითაც ფაქტობრივად აღიწერა მხოლოდ ერთი საწყობი (დიდი --- №45) - ნაშთი განისაზღვრა 1 607 988 ლარით (საბაზრო ღირებულებით), მაშინ როდესაც ბუღალტრული ნაშთი 6 147 733 ლარს შეადგენდა. აღწერის მიღმა დარჩა ნაშთის დაახლოებით 81% - დაახლოებით 567 ტონა საქონელი ორ აღუწერელ საწყობში. 6.02.2026 წლის №2646 ბრძანებით ჩატარებული სალაროს დათვლით ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. ინვენტარიზაციის მიმდინარეობისას (11.02.2026წ. ზეპირად, 13.02.2026წ. კომუნიკატორით, 18.02.2026წ. ოფიციალური წერილობითი განცხადებებით აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტების უფროსების სახელზე) კომპანიამ მოითხოვა დანარჩენი საწყობების აღწერა - უშედეგოდ.

ინვენტარიზაციის კანონიერება გასაჩივრდა ცალკე დავის ფარგლებში: შემოსავლების სამსახურის 17.03.2026 №5748 ბრძანება (უარი) → ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს 22.05.2026 №27088/2/2026 გადაწყვეტილება (საქმე დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს იმ დასაბუთებით, რომ ფაქტობრივი გარემოებები სრულად არ იყო გამოკვლეული) → შემოსავლების სამსახურის 11.06.2026 №12885 ბრძანება (კვლავ უარი, გამოკვლევის გარეშე) → ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს 30.07.2026 №27655/2/2026 გადაწყვეტილება (უარი) → სარჩელი წარდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოში 20.08.2026 წელს (საქმე №330310026013146105; №3/7273-26), სარჩელი მიღებულია წარმოებაში და დავა ამჟამად მიმდინარეა. კომპანია აღუწერელ საწყობებში განთავსებულ საქონელს დღემდე ყიდის, გამოწერს სასაქონლო ზედნადებებს, ბეგრავს და დეკლარირებას უწევს - მათ შორის შესამოწმებელი პერიოდის (1.03.2026წ.) შემდეგ. ეს დასტურდება rs.ge-დან ამოღებული გაცემული ზედნადებების რეესტრით.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების მოტივი - „მომჩივანი ვერ უთითებს, რა ნაწილში იქნა ვალდებულებები არამართლზომიერად განსაზღვრული“ - უსაფუძვლოა. მომჩივანი სადავოდ ხდის დარიცხვას სრულად და ზუსტად უთითებს, რატომ: მთელი დარიცხვა - დღგ-ის 1 149 147 ლარიც, საშემოსავლო გადასახადის 236 719 ლარიც და მათზე დამოკიდებული სანქციებიც - ერთი ამოსავალი დაშვებიდან გამომდინარეობს: „ინვენტარიზაციის სხვაობა = რეალიზაცია“. როდესაც სადავოა თავად ეს საფუძველი, საჩივრის ფარგლები მოიცავს დარიცხვის ყველა კომპონენტს. „რა ნაწილში“-ს მითითების მოთხოვნა იმ პირობებში, როცა მომჩივანი მთლიან მეთოდოლოგიურ საფუძველს ასაჩივრებს, საჩივრის არსის იგნორირებაა და არა მისი პასუხი. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების მოტივი - „დავის პროცესში მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი“ - სინამდვილეს არ შეესაბამება. საჩივრებს თან ერთვოდა და საქმეში არსებობდა: იჯარის ხელშეკრულებები და საიჯარო ქირის ყოველთვიური ანგარიშ-ფაქტურები (---, შპს „---“); გაცემული სასაქონლო ზედნადებების სრული რეესტრი - თავად შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემიდან, საიდანაც ჩანს ---დან სისტემატური მიწოდებები; სასაწყობე აღრიცხვა თვეების მიხედვით; აღუწერელი საწყობების ფოტომასალა; წონისა და მოცულობის ანალიზი; შესამოწმებელი პერიოდის შემდგომი რეალიზაციის რეესტრი; მინდობილობა, რომელიც ნოტარიუსმა მხოლოდ თარჯიმნის მონაწილეობით გააფორმა.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება არცერთ ამ მტკიცებულებას არსებითად არ აფასებს - არც იმას ასახელებს, რატომ არ იქნა ისინი საკმარისი. ეს არღვევს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლს (საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოების გამოკვლევის ვალდებულება) და 53-ე მუხლს (დასაბუთების ვალდებულება). უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, სწორედ ამ საფუძვლით უქმდება საგადასახადო ორგანოს აქტები: სუსგ №ბს-516(2კ-23), 25.07.2023წ. (supremecourt.ge/ka/fullcase/31464/0); სუსგ №ბს-794(2კ-23), 19.10.2023წ. (supremecourt.ge/ka/fullcase/32068/0).

ამასთან, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭომ ამავე ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანების შესახებ დავაში 22.05.2026წ. №27088/2/2026 გადაწყვეტილებით უკვე დაადგინა, რომ შემოსავლების სამსახურს ფაქტობრივი გარემოებები სრულად არ ჰქონდა გამოკვლეული - ხარვეზი, რომელიც არც შემდგომ გამოსწორებულა. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობა არ არის რეალიზაცია - საქონელი არსებობს და დღემდე იყიდება. ინვენტარიზაციისას სამი საწყობიდან მხოლოდ ერთი - მოცულობით ყველაზე მცირე - აღიწერა.

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საინვენტარიზაციო კომისია ვალდებულია „სრულად და დროულად აღრიცხოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები“ (სუსგ №ბს-865-839(3კ-10), 21.12.2010წ., supremecourt.ge/ka/fullcase/14178/0). 9.02.2026წ. მდგომარეობით მომჩივანს მიღებული ჰქონდა ჯამში დაახლოებით 923 ტონა საქონელი (7 682 424 ლარის ღირებულების), ნაშთი კი დაახლოებით 700 ტონა იყო. აღწერილ საწყობში მხოლოდ 133 ტონა იდო. როდესაც 133 ტონის დათვლას რამდენიმე დღე დასჭირდა, ფიზიკურად შეუძლებელია დანარჩენი 567 ტონის „ხელოვნურად განთავსება“. შემოწმებას აღურიცხავი მიწოდების არც ერთი კონკრეტული ფაქტი - მყიდველი, ოპერაცია, ანგარიშსწორება - არ გამოუვლენია. „ბრუნვა“ მთლიანად წარმოებულია არასრული აღწერის სხვაობიდან. ამასთან, იმავე საქონლის რეალიზაცია და დეკლარირება დღემდე გრძელდება. ერთი და იგივე საქონელი შეუძლებელია შესამოწმებელ პერიოდში „გაყიდულიყო“ და დღესაც ფიზიკურად არსებობდეს - საწინააღმდეგო მიდგომა ერთი და იმავე საქონლის ორმაგ დაბეგვრას ნიშნავს.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი არაპირდაპირ მეთოდზე გადასვლას უშვებს მხოლოდ მაშინ, თუ გადამხდელი არ წარადგენს სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან აღრიცხვას დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს. თავად აქტი ადასტურებს (დასკვნითი დებულებები), რომ მომჩივანმა წარადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია (პროგრამა „ორისი“, Excel-აღრიცხვა) და შემოწმებამ ისინი „ნაწილობრივ“ გამოიყენა, რადგან „შეიცავდა რიგ ხარვეზებს“. ცალკეული ხარვეზი არ უტოლდება დოკუმენტაციის წარუდგენლობას; აქტში იდენტიფიცირებული არც არის, კონკრეტულად რომელი ხარვეზი გამორიცხავდა პირდაპირი მეთოდით შემოწმებას. სალაროში ნაღდი ფული ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა (6.02.2026წ., №2646 - ნაშთი 0 ლარი). „ნაშთი“ 1 183 595 ლარი მხოლოდ გაანგარიშებითაა მიღებული, რომლის ამოსავალიც ისევ ნავარაუდევი „რეალიზაციაა“.

ხელფასის გაცემის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა. თუ რეალიზაციის დაშვება მცდარია, საფუძველს კარგავს საშემოსავლო გადასახადის დარიცხვაც (236 719 ლარი), ჯარიმაც (682 238 ლარი) და საურავიც (139 812 ლარი). ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ ბრძანების კანონიერებაზე დავა დასრულებული არ არის - სარჩელი 20.08.2026 წელს წარდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოში (საქმე №3/7273-26), მიღებულია წარმოებაში და საქმის განხილვა მიმდინარეობს. სანამ ამ დავაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს, მასზე დაშენებული დარიცხვა კანონიერი ვერ იქნება - მისი ერთადერთი ფაქტობრივი საფუძველი თავად სადავოა. საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 272-ე მუხლის ლოგიკით, პასუხისმგებლობა და საურავი მხოლოდ კანონმდებლობის შეუსრულებლობას უკავშირდება - აქ კი შეუსრულებლობის ფაქტი დადგენილი არ არის.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე ითხოვს: - სრულად გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის და აუდიტის დეპარტამენტის სადავო აქტები; - ალტერნატიულად საჩივრის განხილვა შეჩერდეს ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ 9.02.2026წ. №2749 ბრძანების კანონიერებაზე მიმდინარე დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და შედეგი აისახოს ამ დავის გადაწყვეტისას;

- იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება - მომჩივანი, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სანქციისგან; - საქმის გარემოებების სრულყოფილად დასადგენად გამოკითხულ იქნენ მომჩივნის მყიდველები და საქონლის ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირები; საჭიროებისამებრ დათვალიერდეს სასაწყობე ობიექტები;

- საქმე განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენით, მომჩივნის წარმომადგენლების მონაწილეობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

მომჩივანი მიუთითებს, რომ 9.02.2026წ. მდგომარეობით მიღებული ჰქონდა ჯამში დაახლოებით 923 ტონა საქონელი (7 682 424 ლარის ღირებულების), ნაშთი კი დაახლოებით 700 ტონა იყო; აღწერილ საწყობში მხოლოდ 133 ტონა იდო. როდესაც 133 ტონის დათვლას რამდენიმე დღე დასჭირდა, ფიზიკურად შეუძლებელია დანარჩენი 567 ტონის „ხელოვნურად განთავსება“.

შემოწმებას აღურიცხავი მიწოდების არც ერთი კონკრეტული ფაქტი - მყიდველი, ოპერაცია, ანგარიშსწორება - არ გამოუვლენია; „ბრუნვა“ მთლიანად წარმოებულია არასრული აღწერის სხვაობიდან. ამასთან, იმავე საქონლის რეალიზაცია და დეკლარირება დღემდე გრძელდება: ერთი და იგივე საქონელი შეუძლებელია შესამოწმებელ პერიოდში „გაყიდულიყო“ და დღესაც ფიზიკურად არსებობდეს - საწინააღმდეგო მიდგომა ერთი და იმავე საქონლის ორმაგ დაბეგვრას ნიშნავს.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ჩატარების შესახებ გამოცემული ბრძანების კანონიერებაზე დავა დასრულებული არ არის და სასამართლოს მიერ სარჩელი მიღებულია წარმოებაში და დავა ამჟამად მიმდინარეა. ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას ან ალტერნატიულად საჩივრის განხილვა შეჩერდეს სასამართლოში მიმდინარე დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და შედეგი აისახოს ამ დავის გადაწყვეტისას; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მომჩივანი, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სანქციისგან;

საქმის გარემოებების სრულყოფილად დასადგენად გამოკითხულ იქნენ მომჩივნის მყიდველები და საქონლის ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირები; საჭიროებისამებრ დათვალიერდეს სასაწყობე ობიექტები. საჩივარს ახლავს აუდიტის დეპარტამენტის და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის სახელზე 18.02.2026 წელს წარდგენილი №26697/21-14 და ამავე თარიღის №26678/21 განცხადებები, იჯარის ხელშეკრულება და მომსახურების გაწევაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმის განაწილების (თარიღი 20.08.2026წ.) დამადასტურებელი დოკუმენტი, ექსელის ცხრილები და ფოტო მასალა.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, იმის გათვალისწინებით, რომ შემოწმებისათვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე მისივე დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელება, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.02.2026 წლის №2749 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.03.2026 წლის №5748 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 1.06.2026 წლის №27088/2/2026 (რეგ. 22.05.2026 წ. №03/37066) გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 17.03.2026 წლის №5748 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 11.06.2026 წლის №12885 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 22.07.2026 წლის №27655/2/2026 (რეგ. 30.07.2026წ. 03/57381) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სანქციისგან, საბჭო მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

საბჭო ვერ იმსჯელებს მომჩივნის ამ მოთხოვნაზე ვინაიდან, იგი სადავოს არ წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურში 21.08.2026 წელს წარდგენილი საჩივრით. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, სასამართლოში მიმდინარე სადავო „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ჩატარების შესახებ“ ბრძანების შედეგად ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე დაყრდნობით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვა და დადგინდა სასაქონლო ნაშთი 1 607 988 ლარის საბაზრო ღირებულებით. ასევე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის შედეგად დადგინდა, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი (0 ლარი).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 49-ე და 75-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმების შედეგად დადგენილი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე (საინვოისო ღირებულებაზე) გავრცელდა დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასნამატი.

შედეგად გაიზარდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა, რაც აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. გამოვლენის სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა. კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა შემოწმების შედეგად დადგენილი შემოსავალი, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაციადოკუმენტაცია. დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1); 302 (3).