ბრძანენა N 19951
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19951
08 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს „-----“ (ს/ნ ----- ) (მის: ----- )
2026 წლის 7 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 79) განიხილა სს „-----“ (ს/ნ ----- ) N 103926/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 9 ივლისის N EL319784 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და N EL11111/53 (094 - 53) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ „მევენახეობა - მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 5 მარტის N 2-206 ბრძანებით დადგენილია, რომ კასრში დაძველებისას სპირტებისა და დისტილატების ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს აბსოლუტური (უწყლო) სპირტის შემცველობის 0.33%-ს ყოველ თვეზე. აღნიშნული ბრძანება უშუალოდ არ არეგულირებს რომის დისტილატის ბუნებრივი დანაკარგის ნორმებს და განსაზღვრული მაჩვენებლები დადგენილია ძირითადად ღვინის (ყურძნის) სპირტებისა და დისტილატების მიმართ, თუმცა დისტილატების მუხის კასრში დაძველებისას ბუნებრივი დანაკარგის წარმოქმნის ფიზიკურ - ქიმიური მექანიზმი არსებითად ერთნაირია და დაკავშირებულია აორთქლებასთან.
ამასთან უთითებს, რომ დანაკარგი სრულიად გამოწვეულია ბუნებრივი პროცესებით და ხსენებული სტატიის ფარგლებში კვლევა ჩატარებულია 40%-იან სპირტებზე/დისტილატებზე, ხოლო 65%-იანი დისტილატი თბილისის მსგავსი დაბალი ტენიანობის და მაღალი ტემპერატურის ფარგლებში აორთქლების უფრო მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება.
საჩივრის ავტორი ასევე განმარტავს, რომ დანაკარგის არსებობის ფაქტი გამოწვეულია ბუნებრივი პროცესებით და არა მისი განკარგვით და არ ფიქსირდება რაიმე ფაქტობრივი გარემოება, რომ კომპანიამ განკარგა რომის დისტილატი.
საჩივრის ავტორი მიუთითებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების წესზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-534(კ-22)).
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას ან მათ საფუძველზე დარიცხული თანხებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 21 ივლისის N -----/-----/----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით სს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ შიდა გადამუშავების პროცედურაში მოექცა 3 000 ლიტრი რომის დისტილატი („Distillate Dictador 2 M 1997“ 65 %-იანი) და საქონლის გადამუშავების ვადა განისაზღვრა 1 085 დღე (არაუგვიანეს 2026 წლის 10 ივლისი). აღნიშნული ვადის გასვლამდე, 2026 წლის 19 ივნისს, სს „-----“ N ID: ----- განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელზე შიდა გადამუშავების განსხვავებული ვადის დადგენა. სს „-----“ მიერ შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელზე არ განხორციელებულა საბაჟო ფორმალობები, გამომდინარე აქედან, შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის რაოდენობა უნდა ყოფილიყო უცვლელი – 3 000 ლიტრი. მოგვიანებით, 2026 წლის 8 ივლისს, სს „-----“ N ----- წერილით საბაჟო ორგანოს ეცნობა, რომ შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის ფიზიკური ნაშთი ნაცვლად 3 000 ლიტრისა, შეადგენდა 2 600 ლიტრს.
ვინაიდან სს „-----“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის (რომის დისტილატი – 400 ლიტრი) უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 9 ივლისს შედგენილ იქნა N EL319784 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სს „-----“ (ს/ნ ----- ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 14449.80 ლარი. ამასთან ერთად, იმავე დღეს გამოიცა N EL11111/53 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც სს „-----“ (ს/ნ ----- ) იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 14449.80 ლარი (დღგ – 7476.8 ლარი; აქციზი – 5 850 ლარი; იმპორტის გადასახადი – 1 123 ლარი) და საურავი – 8509.88 ლარი
სს „-----“ მიერ შიდა გადამუშავების პროცედურაში საქონლის (რომი ---- – 3 000 ლიტრი) დეკლარირებისას წარდგენილ იქნა გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება (რეგ. ----- ), რომლის მიხედვით საქონლის წარმოების პროცესი ითვალისწინებდა საქონლის დანაკარგებს (კასრში დავარგებისას აორთქლებას, კუპაჟის ფილტრაციისა და ჩამოსხმის დანაკარგებს) ჯამში 5.92 %-ს. შესაბამისად, კომპანიის მიერ საქონლის დანაკარგების მაქსიმალურ ოდენობად გამოსავლიანობის ნორმის მიხედვით განსაზღვრული იყო – 177.6 ლიტრი, რასაც ბევრად აღემატება განსახილველ შემთხვევაში გამოვლენილი დანაკლისი – 400 ლიტრი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სს „-----“ არ განუხორციელებია საქონლის წარმოება.
სს „-----“ 2026 წლის 8 ივლისის N ----- განცხადებით ითხოვა 2023 წლის 21 ივლისის N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის ნაშთის (რომი ----- – 2600 ლიტრი) გადამუშავებისათვის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელება 2027 წლის 11 ივლისამდე. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 ივლისის N 16491 ბრძანებით, 2023 წლის 21 ივლისის N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის ნაშთის (რომი ----- – 2600 ლიტრი) გადამუშავების ვადა გაგრძელდა 2027 წლის 11 იანვრის ჩათვლით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია, რომ შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის ფიზიკური ნაშთი ნაცვლად 3 000 ლიტრისა, შეადგენდა 2 600 ლიტრს. ამდენად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის (რომის დისტილატი – 400 ლიტრი) უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსი ადგენს პირის პასუხისმგებლობას. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ამასთან ვინაიდან, არსებობს საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად წარმოშობილ ვალდებულებაზე სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
მომჩივნის მოთხოვნაზე დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, სადავო ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას ან მათ საფუძველზე დარიცხული თანხებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ კომპანიამ შიდა გადამუშავების პროცედურაში აღმოაჩინა შემოტანილი პროდუქციის ნაწილის დანაკლისი, რომელიც დადგენილ დასაშვებ ნორმას აჭარბებდა. რის გამოც საბაჟო ორგანომ კომპანია დააჯარიმა და შესაბამისი გადასახადები დაარიცხა, ხოლო დარჩენილი მარაგის გადამუშავების ვადა ნაწილობრივ გაუგრძელა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა საჩივარი არ დააკმაყოფილა.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163; 172;.