ბრძანება N 23135
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23135
30 ოქტომბერი 2024
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
(მის.: „-------“ )
2024 წლის 16 აპრილის და 4 ოქტომბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 სექტემბრის და 11 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები №104; №110) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 სექტემბრის №23069/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--------“ (ს/ნ „-------“ ) 2024 წლის 16 აპრილის №89105/1/2024 საჩივარი, ასევე, 2024 წლის 4 ოქტომბრის № „-------“ საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი აპრილის №006-122 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და მიუთითებს, რომ მართალია შემოწმებამ 2022 წლისათვის შეცვალა საკითხისადმი მიდგომა და ხახვის მოსავლიანობის ნორმად გამოიყენა ადგილობრივი ხახვის ჯიშებისათვის სსიპ "------"-ის მიერ მიწოდებული მონაცემები. თუმცა აღარ გამოიკვლია ის გარემოება, რომ 2020-2021 წლებშიც სანერგე მასალად გამოყენებულია აბსოლიტურად იგივე ჯიშისა და მონაცემების ხახვი და მას არაფერი საერთო არა აქვს კვიჭიჭის ან იმპორტირებული ჯიშების (ჰიბრიდების) ხახვთან. ასევე, მომჩივანი აცხადებს, რომ კომპანია აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას პროგრამა ორისში და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ნოემბრის №27262 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №006-221 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 30 ივნისის და 27 სექტემბრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------- -ს “ (ს/ნ „-------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ნოემბრის №27262 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 21 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 13 554 ლარით, მათ შორის გადასახადი 9 036 ლარით და ჯარიმა 4 518 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის პირველი აპრილის №006-122 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 16 აპრილს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 აპრილის №9645 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 3 სექტემბრის №23069/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 აპრილის №9645 ბრძანება და საჩივარი, პირველი დავის საგნის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 სექტემბრის №23069/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი: აუდიტის დეპარტამენტის მიერ ხელახლა იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, რომლის საპასუხოდ მიღებულია ინფორმაცია/წერილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ "------"-სგან. აღნიშნული წერილის მიხედვით, თუ სარგავი მასალა უფრო მსხვილია (რაზეც გადამხდელი მიუთითებს) მისი გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ საფოჩე ხახვის (სამწვანილე) მისაღებად. ამასთან, ზემოაღნიშნული წერილის თანახმად, ხახვის მოსავალი დამოკიდებულია ჯიშზე, ნიადაგის ნაყოფიერების მდგომარეობაზე, სარწყავ სისტემაზე, მოყვანის აგროწესებზე და კლიმატურ პირობებზე. სარგავი მასალის რაოდენობა ჰექტარზე შეადგენს 600-900 კგ-ს, ხოლო მოსავალი მერყეობს შემოტანილი ჯიშებისთვის 30- 40 ტ/ჰა-ზე, ადგილობრივი ჯიშებისთვის 18-20 ტ/ჰა-ზე. შედეგად გადამხდელის არგუმენტაციისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წელს მოხდა ადგილობრივი ხახვის დათესვა და შესაბამისად მიღებული მოსავალი განსხვავდება (18-20 ტ/ ჰა-ზე) იმპორტირებული ჯიშის დათესვის შედეგად მიღებული მოსავლისგან, აღნიშნულით კორექტირებულ იქნა 2022 წლის მიღებული მოსავლის ოდენობა და შესაბამისად მისი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. შედეგად დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დირექტორის ხელფასად განხილული თანხა და გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი 9 036 ლარით, ჯარიმა კი 4 518 ლარით. დანარჩენ ნაწილში, ზემოაღნიშნული წერილის შესაბამისად შემოტანილი ჯიშებისთვის (2020-2021 წლებში გადამხდელის მიერ დათესილია იმპორტირებული საქონელი), არ იცვლება სარგავი მასალა/მოსავლიანობის ნორმა და შესაბამისად, გადაანგარიშების დასკვნით არ იქნა კორექტირებული საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კვიჭიჭისთვის განსაზღვრული (რეკომენდირებული) ნორმების მათ მიერ გამოყენებულ სარგავ მასალაზე გამოყენებას, შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვების განსაზღვრას. აღნიშნავს, რომ მართალია შემოწმებამ 2022 წლისათვის შეცვალა საკითხისადმი მიდგომა და ხახვის მოსავლიანობის ნორმად გამოიყენა ადგილობრივი ხახვის ჯიშებისათვის სსიპ „-------“-ის მიერ მიწოდებული მონაცემები. თუმცა არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ 2020-2021 წლებშიც სანერგე მასალად გამოყენებულია აბსოლიტურად იგივე ჯიშისა და მონაცემების ხახვი და მას არაფერი საერთო არა აქვს კვიჭიჭის ან იმპორტირებული ჯიშების (ჰიბრიდების) ხახვთან.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების ეტაპზე წარდგენილ ახსნა-განმარტებაზე, რომლის მიხედვით, ხახვის დარგვა/მოყვანის პროცესში საწარმო ხელმძღვანელობდა მათი ხახვის მომწოდებლის მიერ განსაზღვრული (მოწოდებული) ნორმატიული აქტებით/ნორმებით. კერძოდ, მომჩივანი მიუთითებს, რომ 14/17– 17/21 ფრაქციის (ზომის) ხახვის თესვის ნორმაა საშუალოდ 3 700 – 4 000 კგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სარგავი მასალის ნორმების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ახსნა-განმარტება) და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------- -ს“ (ს/ნ „-------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სარგავი მასალის ნორმების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ახსნა-განმარტება) და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დირექტორის ხელფასად განხილული თანხა და გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი.დანარჩენ ნაწილში, ზემოაღნიშნული წერილის შესაბამისად შემოტანილი ჯიშებისთვის,არ იცვლება სარგავი მასალა/მოსავლიანობის ნორმა და შესაბამისად, გადაანგარიშების დასკვნით არ იქნა კორექტირებული საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სარგავი მასალის ნორმების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154,163,164.