გადაწყვეტილება №19932/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19932/2/2023
10 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ს 11.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19932/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და მიღებული შემოსავლის ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.11.2022 წლის №040-18 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11690 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 237 918 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 134 571
დღგ - 52 211
საშემოსავლო გადასახადი - 82 360
ჯარიმა - 65 457
საურავი - 37 890
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა, როგორც სურსათით, ასევე, ტანსაცმლით. აუდიტის დეპარტამენტის 21.10.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდი (ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 22.08.2022 წლის ჩათვლით). შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს შემოსავლები გაანგარიშდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ:
გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატის, სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე პირების ფასნამატის საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით და გადამხდელთან განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის ანალიზის შედეგად გამოყვანილი ფასნამატი გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. მიღებული სხვაობა ჩაერთო შესაბამისი პერიოდების დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთანავე, გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან პერიოდების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.11.2022 წლის №040-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11690 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური, სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე პირებისა და გადამხდელთან განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატების ანალიზის საფუძველზე გაანგარიშებული ფასნამატის გავრცელება, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტი, რომლითაც ითხოვს ხარჯის გათვალისწინებას, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
ასევე, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11690 ბრძანება არის უკანონო, მიღებულია საქმის გარემოებების არსებითი გამოკვლევის გარეშე და უნდა გაუქმდეს.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილზე და მე-3 ნაწილზე და მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი უკანონოა. აუდიტის დეპარტამენტს ვერ მიაწოდა პროგრამიდან გაყიდვების ანალიზი, ვინაიდან ელექტრომომარაგების პრობლემის გამო კომპიუტერის მყარი დისკი დაზიანდა და ძველი მონაცემებიც დაიკარგა. "------"-ში, "------"-ს დასახლებაში არსებულ ბაზრობაზე ხშირ შემთხვევაში პრობლემა იყო შეძენილ საქონელზე ინვოისის მიღება ან თუ მიიღებდა, ის თითქმის არასდროს ასახავდა პროდუქტის სახეს და ფასს, რომელიც რეალურად გადაიხადა. მაგ.: ერთხელ შეიძინა მამაკაცის 400 სპორტული ნაკრები და თითოში გადაიხადა 50 ლარი, თუმცა ინვოისში მიეთითა, რომ თითქოსდა გადაიხადა 5 ლარი. აღნიშნულზე აცნობა შესაბამის პირებს და ითხოვა ინვოისის შეცვლა, თუმცა უარი განუცხადეს. შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებული სამართალდარღვევა შესაბამისი წესით შესაბამისი სამსახურების მიერ გამოკვლეული არ ყოფილა და ამის გარეშე იქნა მიღებული გადაწყვეტილება საჩივრების არ დაკმაყოფილების შესახებ.
ასევე, თურქეთში არც ერთი გამყიდველი არ დათანხმდა ინვოისის სრული ფასით გაცემას. მაღაზიაში საქონელს მუდმივად ყიდიდა ფასდაკლებებით 10%-40%-მდე, საშუალოდ - 25%. ასევე პანდემიის გამო 6 თვის განმავლობაში საჩუქრად დაარიგა ბევრი პროდუქტი. გაყიდა ინვენტარის უმეტესობა შეძენის ღირებულებაზე დაბალ ფასად. ამიტომ ითხოვს, ხარჯების გათვალისწინებას. გაწეული აქვს შენობის შეშით გათბობის ხარჯი - სეზონზე 12 000 ლარის ოდენობით, შენობის დალაგების და დიდი საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლის ხარჯები. ასევე, თანამშრომლებს ამარაგებდა საჭმლითა და ცხელი სასმელებით. ასევე, 2019 წელს კომპანიის მთლიანი შესყიდვა აღემატებოდა გაყიდვებს და ეს უნდა გადასულიყო შემდეგი წლის ბალანსზე, ასევე, 2020 და 2021 წლებისთვის. საწარმო სრულად აწარმოებდა თავის საქმიანობის აღრიცხვას, მათ შორის შემოსავლების, გასავლების და ხარჯების აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის მიერ არაპირდაპირი წესით განსაზღვრული შემოსავლები ნამდვილად არ ასახავს სინამდვილეს. იგი ბევრად უფრო ნაკლებია ვიდრე ეს განსაზღვრულია შემოსავლების სამსახურის მიერ. საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით.
სრულად უნდა გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 15.11.2022 წლის №28770 ბრძანება და ამავე თარიღის №040–18 საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
მომჩივნის წარმომადგენელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია. ამასთან, ითხოვა დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად.
დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის პირველ ეტაპზე წარდგენილი საჩივრით მომჩივანი არ ეთანხმებოდა განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და არ უთითებდა, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით (არ ითხოვდა დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას). შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11690 ბრძანებაში აღნიშნული საკითხი ასახული არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია საფუძველს იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლების საკითზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი თვლის,რომ შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11690 ბრძანება არის უკანონო, მიღებულია საქმის გარემოებების არსებითი გამოკვლევის გარეშე და უნდა გაუქმდეს.
ასევე, თვლის, რომ სრულად უნდა გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 15.11.2022 წლის №28770 ბრძანება და ამავე თარიღის №040–18 საგადასახადო მოთხოვნა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატის, სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე პირების ფასნამატის საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით და გადამხდელთან განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის ანალიზის შედეგად გამოყვანილი ფასნამატი გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე.მიღებული სხვაობა ჩაერთო შესაბამისი პერიოდების დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთანავე, გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან პერიოდების შესაბამისად, შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მოკლებულია საფუძველს იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლების საკითზე.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),101,136(3),154,159,161,269(7),275.