ბრძანება N 19710
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19710
09 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
უსფ(წ) „-----ის“ (ს/ნ-----)
(მის.: ქ.---------------------)
2025 წლის 30 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა უსფ(წ) „-----ის“ (ს/ნ-----) 2025 წლის 30 ივლისის №97208/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №007-129 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების პერიოდში უშუალოდ ჩართული იყო და პირნათლად ასრულებდა შემმოწმებლების კანონიერ მოთხოვნებს. იმის გათვალისწინებით, რომ ემსახურებიან და ასრულებენ სსიპ -----ის პროექტებს, (მიმდინარე 3 პროექტი) მათთვის თითქმის შეუძლებელია ასეთი ჯარიმის პირობებში ვალდებულების შესასრულებლად მუშაობის გაგრძელება. მიუთითებს, რომ დარიცხვა გამოწვეულია მათ მიერ დაშვებული შეცდომით/არცოდნით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 მარტის №4486 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა უსფ(წ) „-----ის“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 10 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის პირველი ივლისის №14382 ბრძანება და ამავე თარიღის №007-129 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 459 168 ლარი, მათ შორის, გადასახადი 291 954 ლარი, ჯარიმა 148 743 ლარი, საურავი 18 471 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
● უსფ(წ) ,,------ის“ (ს/ნ -----) ერთ-ერთი პროექტია ქ. -----ის და №-- სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. კონტრაქტი ხელმოწერილია 2021 წლის დეკემბერში. ამ ეტაპზე სრულად დასრულებულია. დამკვეთია სსიპ -----ი. აღნიშნული კონტრაქტი ხორციელდება ქვეკონტრაქტორის მეშვეობით. ქვეკონტრაქტორია შპს ,,-----ი" (ს/ნ-----). სსიპ -----ის მიერ ჩარიცხული თანხებიდან 5 %-ს (მოგებას) იტოვებს სააქციო საზოგადოება და დანარჩენს რიცხავს კომპანია შპს ,,-----ი". კონტრაქტის ღირებულებაა 29 121 318 ლარი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული თანხა გაანგარიშებულია კონტრაქტის დადებისთვის არსებული დოლარის კურსით ლართან მიმართებაში (3,17). შემდგომში ცალკეული შესრულების მიხედვით ხდებოდა კორექტირება ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად. პროექტი უკვე მთლიანად შესრულებულია და ღირებულება შეადგენს 28 962 665 ლარს. 2024 წლის დეკემბრის თვის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტი აღარ არის შედგენილი და არც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაა გამოწერილი. ქვეკონტრაქტორისთვის 2022 წელს ჩარიცხულია ავანსის თანხა - 7 618 169 ლარი და აღნიშნულ თანხაზე 2022 წლის საანგარიშო პერიოდში გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. 2024 წლის დეკემბრის თვეში, როცა პროექტი დასრულებულია, გასანაშთია 255 316 ლარის დღგ. სამეურნეო ოპერაციის მეორე მხარის მიერ სრულად არის განაშთული ავანსის დღგ-ის თანხა. გასანაშთი დღგ-ის თანხით - 255 316 ლარით, გაზრდილია დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. აღნიშნული თანხის განაშთვა რომ მოხდეს, უნდა შესრულდეს კიდევ 1 673 000 ლარის სამუშაო, რაც ბევრად აჭარბებს გარიგების დადების კურსით დათვლილ მთლიანი პროექტის ღირებულებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე, 176-ე მუხლების თანახმად, ზემოაღნიშნული თანხით გაზრდილია დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, ასევე, შემოწმებით 2024 დეკემბრის თვის დეკლარირებული დღგ-ის თანხა შემცირდა 255 316 ლარით.
● გადასახადის გადამხდელს, საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, უფიქსირდება სალაროს ოპერაციები. სალარო (1110) გამოყენებულია კრედიტორებისთვის ვალდებულებების დასაფარად და საწესდებო კაპიტალის ოპერაციებისთვის, ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდება. სალაროს ნაშთი 2024 წლის 1 იანვრიდან მზარდია. კოპმანიას საკასო შემოსავალი საერთოდ არ უფიქსირდება და ბუნებრივიცაა, ვინაიდან, ერთადერთი კონტრაგენტია სსიპ -----ი, რომელიც მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებას ახორციელებს, სხვა ტიპის შემოსავალი, გარდა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისა საწარმოს არ აქვს. ზემოაღნიშნული მეთოდური მითითების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე მუხლების მიხედვით, სალაროს არაგონივრული ნაშთი - 120 281 ლარი ჩაითვალა დირექტორზე (----- პ/ნ ------) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. სულ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა 150 351ლარი.
● შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს -----დან შემოტანილი აქვს მასალები. გადაზიდვის პირობად მითითებულია E--- და F--- -----ა. პირველი პირობის შემთხვევაში, ტვირთი მოდის გამყიდველის საწყობიდან ან ქარხნიდან და მეორე შემთხვევაში ქ. -----დან. ტვირთის ტრანსპორტირების მომსახურებას სწევენ სხვადასხვა არარეზიდენტი კომპანიები. ამ ეტაპზე არ არის წარმოდგენილი აღნიშნული კომპანიების რეზიდენტობის ცნობები, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. სულ ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს 61 326 ლარს. შემოწმებით მომსახურების თანხები (აგროსილი) გადარიცხვის თარიღების მიხედვით დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად 10 %-იანი განაკვეთით. სულ საშემოსავლო გადასახადის თანხამ შეადგინა 6 814 ლარი.
● შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2024 წლის აგვისტოს თვიდან გადამხდელს ---- პარკის პროექტზე მომსახურებას უწევს ინდივიდუალური მეწარმე -------ი, მომსახურების თანხა 2024 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით შეადგენს 53 112 ლარს. გადასახადის გადამხდელს ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად არცოდნის გამო, აღნიშნული მომსახურების თანხა დაბეგრილი აქვს მოგების გადასახადით, ვინაიდან, პირი ეგონა მიკრო მეწარმის სტატუსის მქონე. ი/მ --------ი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 25 აპრილს, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი მიღებული აქვს 2017 წლის 8 ნოემბრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხვნების შესაბამისად, გადამხდელს საერთოდ არ უნდა დაებეგრა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი გადახდის წყაროსთან, მითუმეტეს არ უნდა დაებეგრა მოგების გადასახადით. შემოწმებით, ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შემდეგ, შემცირებას დაექვემდებარა შეცდომით დაბეგრილი მოგების ყოველთვიური გადასახადის თანხა. სულ შემცირდა 9 373 ლარი მოგების გადასახადი.
● გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა რაიონში საცხოვრებელ ფართებს იღებს იჯარით, დაქირავებული პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა სატენდერო სამუშაოების შესასრულებლად. კომპანია ასრულებს საგადასახადო აგენტის ვალდებულებას, ბინების გამქირავებელ ფიზიკურ პირებს ბეგრავს 5%-ით, ანუ სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათით, რომელიც ვრცელდება საცხოვრებელი ფართის გამქირავებელ ფიზიკურ პირზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებულნი გამქირავებელთა რეესტრში, იმისათვის რომ შეძლონ ზემოაღნიშნული შეღავათით სარგებლობა. შემოწმებით, საიჯარო თანხები დაიბეგრა გადასახდის წაყროსთან 20 %-ანი განაკვეთით. სულ საშემოსავლო გადასახადის თანხამ შეადგინა 9 126 ლარი.
● შემოწმებით გაიზარდა საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ნაცვლად დეკლარირებული 59 600 ლარის, განისაზღვრა 8 3468 ლარით. იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ძირითადი საშუალებები გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო ასახული ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. შედეგად, საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 23 797 ლარით, ხოლო ქონების გადასახადის თანხა 238 ლარით და დაერიცხა ჯარიმა დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლისმე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი, მე-2 , 21 და 22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. უსფ(წ) „-----ის“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №4486 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14382 ბრძანება და №007-129 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 459 168 ლარი, მათ შორის, გადასახადი 291 954 ლარი, ჯარიმა 148 743 ლარი, საურავი 18 471 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ
● მომჩივანის პროექტია სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. კონტრაქტი ხელმოწერილია 2021 წლის დეკემბერში. ამ ეტაპზე სრულად დასრულებულია. აღნიშნული კონტრაქტი ხორციელდება ქვეკონტრაქტორის მეშვეობით. 2024 წლის დეკემბრის თვის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტი აღარ არის შედგენილი და არც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაა გამოწერილი. ქვეკონტრაქტორისთვის 2022 წელს ჩარიცხულია ავანსის აღნიშნულ თანხაზე 2022 წლის საანგარიშო პერიოდში გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. 2024 წლის დეკემბრის თვეში, როცა პროექტი დასრულებულია, გასანაშთია 255 316 ლარის დღგ. სამეურნეო ოპერაციის მეორე მხარის მიერ სრულად არის განაშთული ავანსის დღგ-ის თანხა. გასანაშთი დღგ-ის თანხით - 255 316 ლარით, გაზრდილია დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. აღნიშნული თანხის განაშთვა რომ მოხდეს, უნდა შესრულდეს კიდევ 1 673 000 ლარის სამუშაო, რაც ბევრად აჭარბებს გარიგების დადების კურსით დათვლილ მთლიანი პროექტის ღირებულებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე, 176-ე მუხლების თანახმად, ზემოაღნიშნული თანხით გაზრდილია დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, ასევე, შემოწმებით 2024 დეკემბრის თვის დეკლარირებული დღგ-ის თანხა შემცირდა .
● გადასახადის გადამხდელის სალაროს არაგონივრული ნაშთი მეთოდური მითითების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე მუხლების მიხედვით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ასევე,დგინდება,რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შემოტანილი აქვს მასალები. ტვირთის ტრანსპორტირების მომსახურებას სწევენ სხვადასხვა არარეზიდენტი კომპანიები. ამ ეტაპზე არ არის წარმოდგენილი აღნიშნული კომპანიების რეზიდენტობის ცნობები, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით.შემოწმებით მომსახურების თანხები (აგროსილი) გადარიცხვის თარიღების მიხედვით დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად 10 %-იანი განაკვეთით.
● შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მომსახურებას უწევს ინდივიდუალური მეწარმე რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი , აღნიშნული მომსახურების თანხა დაბეგრილი აქვს მოგების გადასახადით, ვინაიდან, პირი ეგონა მიკრო მეწარმის სტატუსის მქონე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხვნების შესაბამისად, გადამხდელს საერთოდ არ უნდა დაებეგრა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი გადახდის წყაროსთან, მითუმეტეს არ უნდა დაებეგრა მოგების გადასახადით. შემოწმებით, ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შემდეგ, შემცირებას დაექვემდებარა შეცდომით დაბეგრილი მოგების ყოველთვიური გადასახადის თანხა.
● გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა რაიონში საცხოვრებელ ფართებს იღებს იჯარით, დაქირავებული პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა სატენდერო სამუშაოების შესასრულებლად. კომპანია ასრულებს საგადასახადო აგენტის ვალდებულებას, ბინების გამქირავებელ ფიზიკურ პირებს ბეგრავს 5%-ით, ანუ სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათით, რომელიც ვრცელდება საცხოვრებელი ფართის გამქირავებელ ფიზიკურ პირზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებულნი გამქირავებელთა რეესტრში, იმისათვის რომ შეძლონ ზემოაღნიშნული შეღავათით სარგებლობა. შემოწმებით, საიჯარო თანხები დაიბეგრა გადასახდის წაყროსთან 20 %-ანი განაკვეთით. სულ საშემოსავლო გადასახადის თანხამ შეადგინა 9 126 ლარი.
●შემოწმებით გაიზარდა საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.რადგან იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ძირითადი საშუალებები გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო ასახული ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. შედეგად, საწარმოს დაერიცხა ქონების გადასახადის თანხა და დაერიცხა ჯარიმა დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის.
გადაწყვეტილება
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);