გადაწყვეტილება №24512/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.02.2025
№ დოკუმენტი 24512/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24512/2/2024

11 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,30.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 24.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24512/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №075-3 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.12.2024 წლის №26951 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 92 229,43 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 59 367

დღგ - 38 717

საშემოსავლო გადასახადი - 20 650

ჯარიმა - 29 684

საურავი - 3 178,43

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობაა ფეხსაცმლის (საშინაო, რეზინის, სპორტული), ჩანთების და ქუდების იმპორტი ჩინეთიდან და ირანიდან და ადგილობრივ ბაზარზე მათი საცალო რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 18.04.2022 წლიდან 1.04.2024 წლამდე პერიოდი, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 18.04.2024 წლის ჩათვლით. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენა არ უფიქსირდება. კომპანიამ შემოწმების პროცესში წარმოადგინა საბანკო ცნობა და ამონაწერები, ახსნა განმარტება, გადასახადის გადამხდელის ხელთ არსებული შემოწმების მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია და საბუღალტრო პროგრამა „ფინა“. აღნიშნული პროგრამა საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანომ არასანდოდ მიიჩნია, იმ მიზეზით, რომ ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული ეკონომიკური ოპერაციებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და საგადასახადო ვალდებულებების სწორად/სრულყოფილად განსაზღვრა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 18.04.2024 წლის ჩატარებული სმფ-ების ფაქტობრივი აღწერის მასალების, უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის და ასევე, გადასახადის გადამხდელის შესახებ სხვა ამგვარი მონაცემების და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით.

18.04.2024 წლის ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალებით დადგინდა 1.04.2024 წლის სმფ-ების ნაშთის და შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომლიდანაც გამოიყო დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობა მიჩნეულ იქნა საბითუმო რეალიზაციად, რომელზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების ("-------" ბაზრობის) აუდირებული საბითუმო ფასნამატები კატეგორიების მიხედვით (ფეხსაცმელზე 26%, ქუდზე 26% და ჩანთაზე 26%).

შემოწმებით დაანგარიშებული რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 767 002 ლარს (დღგ-ის გარეშე), საიდანაც არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი საბითუმო რეალიზაციის ბრუნვა შეადგენს 763 861 ლარს. შესაბამისად, დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი დღგ-ის საანგარიშო პერიოდებში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების პროცესში ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდის საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით, საბაჟო ინვოისებით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (ჩეკი, შედარების აქტი და ა.შ. და მათი ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი), თუმცა უცხოური საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის. გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტ მომწოდებლებთან საინვოისო თანხების ნაწილის გადახდა უფიქსირდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით. სალაროდან გადახდილად ჩათვლილი საინვოისო თანხების 75% გამოქვითულია ხარჯად განკარგვადი ფულადი სახსრების დაანგარიშებისთვის. ფულადი სახსრების ანალიზში გათვალისწინებულ იქნა საბანკო დაწესებულებაში და სალაროში არსებული ფულისა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები, გაწეული ხარჯი/გადახდები (მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები). შედეგად, გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს განკარგვადი თანხა, რომელზეც სხვა სახის ინფორმაცია არ არსებობს, შეადგენს 82 600 ლარს. შესაბამისად, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე, 2024 წლის მარტის ბოლოს გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №075-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.08.2024 წლის №19045 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 11.10.2024 წლის №23899/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 23.12.2024 წლის №26951 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურში 2024 წლის 28 ნოემბერს 12:00 საათზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო 2024 წლის 19 დეკემბერს 13:40 საათზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების გამოყოფა, სხვაობის საბითუმო რეალიზაციად განხილვა და აღნიშნულზე მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული საბითუმო ფასნამატის გავრცელება კატეგორიების მიხედვით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საწარმოს გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რაც წარდგენილი იქნა აუდიტის დეპარტამენტისთვის მოთხოვნისთანავე. აღნიშნული დოკუმენტაციით სავსებით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ადგილი არ აქვს აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას, რაც ასევე არ ფიქსირდება არც საბუღალტრო მონაცემებით არც სხვა რაიმე წყაროდან მიღებული მონაცემებით; ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი არ აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში არ ფიქსირდება გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა; გამოვლენილი არ არის არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის. ამ ღონისძიებების შედეგად შემოწმების აქტის შედგენის პერიოდისთვის კერძოდ 2024 წლის 25 ივნისისთვის საერთოდ არ არის გამოვლენილი სხვაობები.

გამომდინარე აღნიშნულიდან, საგადასახადო კოდექსში მოყვანილი არცერთი დებულება არ კმაყოფილდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამასთან აქტში ნახსენებია ისიც, რომ გადასახადის გადამხდელის შემმოწმებლებისთვის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა არ იქნა მიჩნეული სანდოდ. ისმის კითხვა თუ რატომ არ მოიპოვა შემმოწმებლების სანდოობა აღნიშნულმა ბუღალტრულმა ჩანაწერებმა? აღნიშნულ პროგრამაში სრულად არის აღწერილი სამეურნეო საქმიანობის ყველა ასპექტი, მათი დაწყებაც და დასრულებაც იმ პერიოდების მიხედვით, როდესაც მოხდა ესა თუ ის სამეურნეო ოპერაციები, აღნუსხულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ყველა შემოსვლა პერიოდების მიხედვით, ასევე მათი გასვლაც, პროგრამულად დაფიქსირებულია ყველა ის შემოსავალი, რომელიც გადასახადის გადამხდელმა მიიღო პერიოდების მიხედვით და ყველა ხარჯი რაც გაიწია ამ შემოსავლის მისაღებად. მომჩივანი თვლის, რომ შემოწმებას უნდა ეხელმძღვანელა მათ მიერ წარდგენილი საბუღალტრო დოკუმენტაციით და მიეღო ის სანდო წყაროდ. ამასთან შემოწმების აქტში წერია, რომ გადასახადის გადამხდელი ეწევა საცალო ვაჭრობას, აღნიშნული მტკიცება მცდარია, რადგან მომჩივანი ეწევა სახლის ფეხსაცმლის, ქუდები, ჩანთების და სხვა მსგავსი საქონლის საბითუმო რეალიზაციას, რაც დასტურდება სალარო აპარატის ჩეკებით, კერძოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებით გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს 515 403 ლარი. აქედან იმ ჩეკებით აკუმულირებული თანხა სადაც თანხა არის 45 დან 200 ლარამდე არის მხოლოდ 19 670 ლარი, რაც არის ნაღდი ფულით რეალიზებული საქონლის მთლიანი თვითღირებულების 3,81%. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმე გვაქვს იაფფასიან საქონელთან, რომლის სარეალიზაციო ღირებულება 2 დან 5 ლარამდეა. რადგან გადასახადის გადამხდელი ეწევა საბითუმო ვაჭრობას ალბათ მიზანშეუწონელია იმ ფასნამატის გავრცელება, რაც ვრცელდება საცალო რეალიზაციაზე მათ შემთხვევაში 26% და ეს ფასნამატი გაცილებით ნაკლები უნდა იყოს. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი ვაჭრობს ისეთი პროდუქციით, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა მოდურ ტენდენციებთან, კერძოდ შეიძლება სარეალიზაციო პროდუქცია უცებ გამოვიდეს მოდიდან და გადამხდელი იძულებული გახდეს მოდიდან გასული პროდუქცია გაყიდოს თვითღირებულებაზე ნაკლებად, რათა მცირედი ხარჯები მაინც აინაზღაუროს. ალბათ ესეც გასათვალისწინებელია ფასნამატის განსაზღვრისას. ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ აქტის გამოცემის პროცესში არ მომხდარა საკითხის ყოველმხრივ შესწავლა. საკითხისათვის არსებითი ხასიათის გარემოებების შესწავლის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, 18.04.2024 წლის ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალებით დადგინდა 1.04.2024 წლის სმფ-ების ნაშთის და შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომლიდანაც გამოიყო დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობა მიჩნეულ იქნა საბითუმო რეალიზაციად, რომელზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების ("-------" ბაზრობის) აუდირებული საბითუმო ფასნამატები კატეგორიების მიხედვით (ფეხსაცმელზე 26%, ქუდზე 26% და ჩანთაზე 26%). შემოწმებით გაანგარიშებული დასაბეგრი შემოსავალი დღგ-ის საანგარიშო პერიოდებში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შემოწმების პროცესში, საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით, საბაჟო ინვოისებით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გათვალისწინებულ იქნა საბანკო დაწესებულებაში და სალაროში არსებული ფულისა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები, გაწეული ხარჯი/გადახდები (მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები). შედეგად, გამოვლინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს განკარგვადი თანხა. აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე, 2024 წლის მარტის ბოლოს გაცემულ ხელფასად.

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას, მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსში მოყვანილი არცერთი დებულება არ კმაყოფილდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები დადგენილი წესით და სრულად არ არის აღრიცხული საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით მართებულია, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი აღნიშნავს,რომ რომ აქტის გამოცემის პროცესში არ მომხდარა საკითხის ყოველმხრივ შესწავლა.საკითხისათვის არსებითი ხასიათის გარემოებების შესწავლის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენა არ უფიქსირდება.საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით.

ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალებით დადგინდა 1.04.2024 წლის სმფ-ების ნაშთის და შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომლიდანაც გამოიყო დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობა მიჩნეულ იქნა საბითუმო რეალიზაციად, რომელზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული საბითუმო ფასნამატები კატეგორიების მიხედვით.

შემოწმებით დაანგარიშებული რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 767 002 ლარს,საიდანაც არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი საბითუმო რეალიზაციის ბრუნვა შეადგენს 763 861 ლარს.შესაბამისად, დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი დღგ-ის საანგარიშო პერიოდებში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

შემოწმების პროცესში ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდის საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი.გადამხდელს არარეზიდენტ მომწოდებლებთან საინვოისო თანხების ნაწილის გადახდა უფიქსირდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით. სალაროდან გადახდილად ჩათვლილი საინვოისო თანხების 75% გამოქვითულია ხარჯად განკარგვადი ფულადი სახსრების დაანგარიშებისთვის. ფულადი სახსრების ანალიზში გათვალისწინებულ იქნა საბანკო დაწესებულებაში და სალაროში არსებული ფულისა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები, გაწეული ხარჯი/გადახდები.შედეგად, გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს განკარგვადი თანხა, რომელზეც სხვა სახის ინფორმაცია არ არსებობს, შეადგენს 82 600 ლარს. შესაბამისად, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე,გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით მართებულია, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,136,154,158,159,163.