გადაწყვეტილება №19671/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.07.2023
№ დოკუმენტი 19671/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19671/2/2023

18 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 14.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19671/2/2023).

 

დავის საგანი:

ნაღდი ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-625 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8880 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 181 868 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 80 467

დღგ - 7 532

საშემოსავლო გადასახადი - 72 360

ქონების გადასახადი - 575

ჯარიმა - 45 095

საურავი - 56 306

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

შესამოწმებელი პერიოდის სასტარტო ნაშთების სისწორის/რეალობის დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებზე და გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 1.01.2019 წლის მდგომარეობით დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, ანალიზის და საბანკო ანგარიშებზე ფულის ნაშთების გათვალისწინებით, დაზუსტდა 1.01.2019 წლის მდგომარეობით კომპანიის აქტივების ოდენობა, რაც განსხვავდება წარდგენილ ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული ნაშთისგან.

გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა სასტარტო ნაშთების ფორმირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რაც გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა შესაბამისი გაანგარიშების ცხრილი. გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია პოზიცია თანხის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით.

საგადასახადო კოდექსის 43-ე, 72-ე, 73-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე, ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა დირექტორის ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, ჩართულ იქნა 2019 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-625 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8880 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 491 მუხლზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, გადამხდელის არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები კაპიტალზე. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, დაადგინოს კაპიტალის რეალობა, განსაზღვროს შესამოწმებელ პერიოდში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას. ამასთან, გადამხდელმა საკითხის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარა სსიპ „---------“, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, აღნიშნული სტატუსის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, ხოლო სტატუსის მინიჭებამდე შეძენილ მასალებზე, რომელიც გამოყენებულ იქნა სსიპ „-------თვის“ გაწეული მომსახურებისთვის, მიიღო დღგ-ის ჩათვლა. გადამხდელი განმარტავს, რომ გადასახადისგან თავის არიდების მცდელობას ადგილი არ ჰქონია და თავისი შინაარსით წარმოადგენს არცოდნით გამოწვეულ შეცდომას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, შპს „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, უნდა გათავისუფლდეს დღგ-ის ჩასათვლელი თანხის არასწორად განსაზღვრის საფუძველზე, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაკისრებული ჯარიმისგან.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე და აღნიშნავს რომ შემოწმებამ თითქოსდა 2019 წლის სალაროს ნაშთის დადგენის მიზნით ფაქტიურად შემოწმება ჩაატარა 2006 წლიდან, რასაც მოწმობს მის მიერ გადმოგზავნილი ცხრილები. თუმცა აქტში ზოგადად არის მითითებული რომ ჩაატარა ანალიტიკური პროცედურები. დარიცხვა განხორციელებულია საგადასახადო კოდექსის არაერთი მუხლის დარღვევით და უგულვებელყოფით, მათ შორის ხანდაზმულობის საკითხის.

შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრულია 1.01.2019 წლიდან, ხოლო შემმოწმებელმა ე.წ ,,ანალიზი“ განახორციელა 2006 წლიდან. საგადასახადო კანონმდებლობით შეუძლებელია ანალიზის, ანალიტიკის ან სხვა მსგავსი პროცედურის საფუძველზე მოახდინო საგადასახადო ვალდებულებების დამატებით განსაზღვრა, რითაც დაირღვა საგადასახადო კოდექსის 267-ე და 268-ე მუხლები. საგადასახადო კოდექსი პირდაპირ მიუთითებს, რომ უნდა ჩატარდეს საგადასახადო შემოწმება (და არა ე.წ. რაიმე სახის ანალიზი, ან ანალიტიკური პროცედურები ან მსგავსი), შემოწმების საფუძველზე გამოიცემა აქტი და აქტის საფუძველზე ბრძანება. მოცემულ შემთხვევაში კი შემმოწმებელი მიუთითებს, რომ განახორციელა ზოგადი ანალიტიკური პროცედურები, რომლის საფუძველზეც შეცვალა სალაროს ნაშთი 1.01.2019 წლის მდგომარეობით და სხვაობა დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნული არღვევს, როგორც ხანდაზმულობის, ასევე შემოწმების პრინციპებს. გამოდის, რომ შემმოწმებელი ნებისმიერი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით უგულებელყოფს ხანდაზმულ პერიოდს, დაარქმევს არა შემოწმებას არამედ მაგალითად, ანალიტიკურ პროცედურას - შემდეგ ყოველგვარი განმარტების გარეშე ხანდაზმული პერიოდის საგადასახადო ვალდებულებებს ასევე თავისი შეხედულებით და გაურკვეველი საკანონმდებლო დასაბუთებით გადმოიტანს არა ხანდაზმულ პერიოდზე. რაც წარმოადგენს კანონდარღვევას და ასევე ძალიან საშიშ პრეცენდენტს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ,,ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელება და მიღებული ინფორმაციის განზოგადება, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრება, მათი შედარებითი, კრებსითი ანალიზი“, რაზედაც აპელირებს შემოწმება წერია შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დებულებაში, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის დებულებაში მსგავსი ფუნქცია-მოვალეობები გაწერილი არ არის. შესაბამისად ასევე არაა უფლებამოსილი აუდიტის დეპარტამენტი ჩაატაროს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები და მითუმეტეს განახორციელოს დარიცხვა აღნიშნულის საფუძველზე.

მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმებოდა შემოწმების აღნიშნულ მიდგომას, მის მიერ სრული მონაცემები იქნა მიწოდებული აუდიტორისთვის, რომ არ ყოფილიყო განცდა შექმნილი თითქოსდა რამე გადასახადი იყო დამალული წინა პერიოდში ან არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან. ამიტომ გაუგებარია, რას გულისხმობს აუდიტორი, როცა აღნიშნავს რომ არ იქნა მომჩივნის მიერ დოკუმენტაცია მიწოდებული.

მომჩივნის მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი შემოწმების მიერ გამოგზავნილი ცხრილი, რომელიც არის 2006 წლიდან. ბევრი ხარვეზი გასწორდა, მომჩივანმაც ბევრი რამ ჩაასწორა და შეიტანა ცხრილში კორექტირება, თუმცა შემოწმებამ სრულად არ გაითვალისწინა მომჩივნის ცხრილის მონაცემები. კერძოდ, აუდიტორის მიერ პირველად გადმოგზავნილ „კაპიტალის საჭიროების დადგენის ცხრილში“ 1.01.2019 მდგომარეობით აღნიშნულია, რომ ფულადი აქტივი იყო 652 159 ლარი. მომჩივნის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ცხრილში არასწორად იყო დათვლილი 2006-2018 წლებში ბიუჯეტში გადახდილი თანხა 427 191 ლარი. მომჩივანმა შემმოწმებელს დოკუმენტალურად გადაუგზავნა, რომ აღნიშნულ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი ჰქონდა 1 049 411 ლარი, რაც მომდევნო ცხრილებში მათ მიერ იქნა გათვალისწინებული. აღნიშნულის შემდეგ, შემმოწმებლისგან მიიღო 2006-2018 წლების ფულადი აქტივების გაანგარიშების ახალი ფორმა-ცხრილი, რომელშიც მომჩივნის მიერ დაკორექტირებულ იქნა შემოსავლები დღგ-ის ჩათვლით, ანგარიშ-ფაქტურით შეძენილი მასალების თანხები, სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი უფაქტურო თანხები და ხელფასად გაცემული თანხები. რაც მათ მიერ გამოგზავნილ საბოლოო ფორმაში არ იქნა გათვალისწინებული. ასევე, მათ მიერ საბოლოოდ გამოგზავნილ ფულადი აქტივების გაანგარიშების ფორმა-ცხრილს არ ეთანხმება შემოსავლების დათვლის მეთოდშიც. ვინაიდან შემმოწმებელი ფულად აქტივებს ითვლიდა დარიცხვის მეთოდით, 2006 წლიდან შემოსავლების სამსახურში არსებული დეკლარაციების მიხედვით, რაც მომჩივანს მიაჩნია კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის დათვლის არასამართლიან მეთოდად.

მომჩივანმა საკუთარი ინიციატივით ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად აუდიტორს გაუგზავნა 2006-2018 წლის ჩათვლით ორგანიზაციის ყველა საბანკო ამონაწერი და ითხოვა ფულადი აქტივები დაეთვალათ საკასო მეთოდით, რაც მათ არ განახორციელეს. შემოსავლების ნაწილში თავად განახორციელა აღნიშნული ცხრილის დათვლა საკასო მეთოდით, რაც ასევე აუდიტორებს გადაუგზავნა და რომელშიც ფულადი აქტივი 1.01.2019 წლის მდგომარეობით დაფიქსირდა 585 ლარი, მათ მიერ წარმოდგენილი 187 500 ლარის ნაცვლად. მიაჩნია, რომ პოლემიკაში შესვლა მიუღებელია, ვინაიდან საქმე ეხება ხანდაზმულ პერიოდს და მისი შემოწმება ცდება კანონით გათვალიწინებულ მოთხოვნებს.

კომპანიას ბუღალტერია ნაწარმოები აქვს პროგრამა ,,ორისში“, სადაც აღრიცხვა უწყვეტად არის 2014 წლიდან. ასევე ლოგიკას მოკლებულია შემოწმების მიდგომა წლები ჰქონოდა სალაროში ამხელა თანხა საწარმოს, 2006 წლიდან შეენახა სალაროში და 2019 წელს დაებეგრა საშემოსავლო გადასახადით.

ასევე მიუღებელი და გაუგებარია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებს დამატებით წარადგინოს დოკუმენტაცია და მტკიცებულებები, და ასევე ავალებს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს კაპიტალის რეალობა. აღნიშნული ეხება ხანდაზმულ პერიოდს და ზემოთ მოყვანილი არგუმენტების შესაბამისად ეწინააღმდეგება საგადასახადო კანონმდებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით ითხოვს, დაევალოს შემოწმებას გაითვალისწინოს წარმოდგენილი არგუმენტები და განხორციელდეს ზემოაღნიშნული საკითხით გამოწვეული ზედმეტად დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ასევე გამოთქვამს მზადყოფნას შემოწმებას დამატებით მიაწოდოს ნებისმიერი მტკიცებულება, რაც გაამყარებს წარმოდგენილ არგუმენტებს.

 

დავების განხილვის საბჭო

 

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების პროცესში, შესამოწმებელი პერიოდის სასტარტო ნაშთების სისწორის/რეალობის დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებზე და გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განხორციელდა ანალიტიკური პროცედურები. 1.01.2019 წლის მდგომარეობით დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, საბანკო ანგარიშებზე ფულის ნაშთების გათვალისწინებით, დაზუსტდა 1.01.2019 წლის მდგომარეობით კომპანიის აქტივების ოდენობა. შემოწმების მიერ გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა სასტარტო ნაშთების ფორმირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული არ ყოფილა, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელთან გადაიგზავნა შესაბამისი გაანგარიშების ცხრილი. გადასახადის გადამხდელის თანხის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით პოზიცია არ წარუდგენია.

შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8880 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები კაპიტალზე, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, დაადგინოს კაპიტალის რეალობა, განსაზღვროს შესამოწმებელ პერიოდში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, გათავისუფლდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის არასწორად განსაზღვრის საფუძველზე, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაკისრებული ჯარიმისგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8880 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ნაღდი ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელი პერიოდის სასტარტო ნაშთების სისწორის/რეალობის დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებზე და გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 1.01.2019 წლის მდგომარეობით დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, ანალიზის და საბანკო ანგარიშებზე ფულის ნაშთების გათვალისწინებით, დაზუსტდა 1.01.2019 წლის მდგომარეობით კომპანიის აქტივების ოდენობა, რაც განსხვავდება წარდგენილ ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული ნაშთისგან. გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა სასტარტო ნაშთების ფორმირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რაც გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა შესაბამისი გაანგარიშების ცხრილი. გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია პოზიცია თანხის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა დირექტორის ხელფასად და ჩართულ იქნა 2019 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-625 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8880 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(1)(3), 73(5"ა")(9"ბ"), 154(1"ა"), 101(1).