გადაწყვეტილება №27661/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27661/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“(ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,31.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 26.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27661/2/2026).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი მომენტის განსაზღვრა უძრავი ქონების მიწოდების დროს;
2. ზედმეტად დეკლარირებული მიწაზე ქონების გადასახადის შემცირება;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №047-33 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის №9280 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 631 500,76 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 887 768,81
ჯარიმა - 443 353,8
საურავი - 300 378,15
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის კამერალური საგადასახდო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №047-33 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის №9280 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი მომენტის განსაზღვრა უძრავი ქონების მიწოდების დროს
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანია გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 22.10.2021 წელს და ამავე პერიოდში დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. საწარმოს ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი შენობების მშენებლობა. ქ. „--------“, საგადასახადო შემოწმების შედეგების განსაზღვრის მიზნით დამუშავებული და შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები, მიღებაჩაბარების აქტები, ასევე შედარების აქტები). პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ჯამურად 8 293 470 ლარის (დღგ-ის გარეშე) ბრუნვა (მ.შ. ბარტერული ოპერაციის ფარგლებში დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 173 173 ლარი დღგ-ის გარეშე), ხოლო გადასახადის გადამხდელს ჯამურად დეკლარირებული აქვს 3 361 425 ლარი (დღგ-ის გარეშე).
შემოწმებით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში თითოეული საანგარიშო თვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების შესაბამისი თანხები. შედეგად, დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმების პროცესში განსაზღვრულ დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლენილ სხვაობის თანხაზე საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე და საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმებით დამუშავებული და შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ, საბანკო ამონაწერები, მიღება-ჩაბარების აქტები და შედარების აქტები. პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ შპს „------ -ს “ შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა ჯამურად 8 293 470 ლარის ბრუნვა, ხოლო ჯამურად დეკლარირებული ჰქონდა 3 361 425 ლარი.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, რომლის მიხედვითაც დღგ-ის ნაწილში არ ეთანხმება ოპერაციის დაბეგვრის პერიოდს იმ მოტივით, რომ კომპანიის მშენებლობა დაფინანსებული იყო ბანკის მიერ, რომელიც ითვალისწინებდა გირავნობის სქემას, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც მშენებლობის პროცესში გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა ბინების წინასწარ გაყიდვას ფულის სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურების პირობით. შემოწმებით გამიჯნულ იქნა ფიზიკური პირების მიერ ავანსად გადახდილი (ჩარიცხული) თანხები, რომელიც შესაბამის პერიოდში დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების პერიოდისათვის ავანსად გადახდილი (ჩარიცხული) თანხები არ მონაწილეობდა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შემმოწმებელი განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილი გირავნობის სქემა შემოწმებით მიჩნეულ იქნა ავანსად და დაიბეგრა შესაბამის პერიოდში.
შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დღგ-ის ნაწილში არასწორია დაბეგვრის პერიოდები, საწარმოს მშენებლობა დაფინანსებული ჰქონდა ბანკის მეშვეობით, რიგ შემთხვევაში კომპანიის ბინების რეალიზაცია ხდებოდა ბანკის მიერ გაცემული იპოთეკური სესხის მეშვეობით, რომელიც ითვალისწინებდა გირავნობის სქემას, რაც ითვალისწინებდა მყიდველის მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებას. მაგალითად, „--------“-ის სესხი ბანკის მიერ გაცემულია 2023 წლის 6 თებერვალს, რომლის თანხა სრულებით დაგირავებულია იმავე დღეს, ხოლო ამავე თანხაზე შეზღუდვა მოხსნილია 2024 წლის 26 იანვარს, რომლის განკარგვა საწარმოს მიერ მოხდა ამის შემდგომ). შემოწმებით აღნიშნული თანხა დაბეგრილია 2023 წლის თებერვლის თვეში და არა 2024 წლის იანვრის თვეში, აღნიშნულმა გამოიწვია ზედმეტი თანხების დარიცხვა.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის შესაბამისად საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება: ა) ანაზღაურების სანაცვლოდ, სახელმწიფო ხელისუფლების/მუნიციპალიტეტის ორგანოს გადაწყვეტილებით ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა; ბ) საქონლის ფაქტობრივი გადაცემა იჯარის, ლიზინგის ან მსგავსი ხელშეკრულებით, გამოსყიდვის პირობით; გ) საქონლის გადაცემა ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვით საკომისიო ანაზღაურება ხორციელდება საქონლის შეძენის ან გაყიდვის შემთხვევაში. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლით საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გათვალისწინებული უნდა იქნას მოყვანილი არგუმენტაცია და დღგ-ის ნაწილში შემცირდეს დარიცხული სანქცია-საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას,საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:
1. თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, პირის მიერ გადახდილი ანაზღაურება ჩაითვლება დასაბეგრ თანხად და ოპერაცია დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ანაზღაურების მიღების მომენტში სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:
ა) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება;
ბ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების რაოდენობა/ მოცულობა;
გ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების ღირებულება;
დ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ თუ გათავისუფლებულ ოპერაციას.
შემოწმების შედეგად, პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ჯამურად 8 293 470 ლარის (დღგ-ის გარეშე) ბრუნვა (მ.შ. ბარტერული ოპერაციის ფარგლებში დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 173 173 ლარი დღგ-ის გარეშე), ხოლო გადასახადის გადამხდელს ჯამურად დეკლარირებული აქვს 3 361 425 ლარი (დღგ-ის გარეშე).
მომჩივანი განმარტავს, რომ ბანკს თანხა გადააქვს დაბლოკილ თანხაში. კომპანიას ევალება გარკვეული ვალდებულებების შესრულება. ავანსის ჩარიცხვა გამოდის მაშინ, როცა ბანკი თანხას კომპანიისთვის ხელმისაწვდომს გახდის და არა იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში. თანხა კომპანიას ერიცხება შემდგომ პერიოდში.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საწარმოს ანგარიშზე ჩარიცხული თანხები არის ავანსის თანხები და დაიბეგრა დღგ-ით. ბინების მყიდველებზე რეგისტრაცია განხორციელებულია მოგვიანებით.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საწარმოს მიერ საქონლის მიწოდებამდე მყიდველებისგან მიღებული თანხები წარმოადგენდა ავანსის თანხას, რაც კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დღგ-ით დაიბეგრა მყიდველის მიერ თანხის გადახდის მომენტში. ხოლო, მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები წარმოადგენს ისეთ გარემოებებს, რომლებიც მხედველობაში ვერ მიიღება მხოლოდ განმარტების საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით დავის განხილვის პირველ ეტაპზე მომჩივნის მიერ არ მომხდარა აღნიშნულზე მითითება ან/და მტკიცებულებების წარდგენა, საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს დოკუმენტური მტკიცებულებები, რომელთა გათვალისწინებით სადავო დარიცხვის მართლზომიერების შეფასებაც იქნებოდა შესაძლებელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
2. ზედმეტად დეკლარირებული მიწაზე ქონების გადასახადის შემცირება
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების აქტში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლზე, 204-ე მუხლზე, 205- ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც ითხოვს ზედმეტად გადახდილი მიწის გადასახადის შემცირებას და განმარტავს, რომ კომპანიას ზედმეტად აქვს გადახდილი მიწის გადასახადი 2023-2024 წლებში აშენებულ და გაყიდულ კორპუსის ბინებზე, აღნიშნული კი შემოწმებით არ იქნა გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს 2025 წელს რეალიზებული აქვს ყველა საცხოვრებელი ბინა, კომპანიას ზედმეტად გადახდილი აქვს მიწაზე ქონების გადასახადი აშენებულ და გაყიდულ კორპუსის ბინებზე 2023-2024 წლებში.
შემოწმებით არ განხორციელებულა ზედმეტად დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადის თანხების შემცირება და უნდა მოხდეს ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხის შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმებით არ განხორციელებულა ზედმეტად დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადის თანხების შემცირება.
შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის №9280 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს ზედმეტად დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადის თანხების შემცირების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის №9280 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 443 354 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №047- 33 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 300 378,15 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ვინაიდან კომპანია არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს სადავო საკითხების გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციისაგან (ჯარიმა და საურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2-22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი მიიჩნევს,რომ გათვალისწინებული უნდა იქნას მოყვანილი არგუმენტაცია და დღგ-ის ნაწილში შემცირდეს დარიცხული სანქცია-საურავი.
2.გადამხდელი თვლის,რომ უნდა მოხდეს ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხის შემცირება.
3.გადამხდელი,სსკ-ის ს 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს სადავო საკითხების გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციისაგან.
ფაქტობრივი გარემოებები
1.კომპანია გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 22.10.2021 წელს და ამავე პერიოდში დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად.საწარმოს ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი შენობების მშენებლობა.პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ჯამურად 8 293 470 ლარის ბრუნვა ,ხოლო გადამხდელს ჯამურად დეკლარირებული აქვს 3 361 425 ლარი.შემოწმებით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში თითოეული საანგარიშო თვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების შესაბამისი თანხები. შედეგად, დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმების პროცესში განსაზღვრულ დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლენილ სხვაობის თანხაზე სსკ-ის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
2.საგადასახადო შემოწმების აქტში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის
3.საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლით.
გადაწყვეტილება
1.საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3.საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
163,164,203,204.