გადაწყვეტილება №23346/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.08.2024
№ დოკუმენტი 23346/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23346/2/2024

02 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 23.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23346/2/2024).

 

დავის საგანი:

განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.04.2024 წლის №002-71 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12632 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 19 221,17 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 12 107

ჯარიმა - 6054

საურავი - 1050,17

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ადგილობრივი და იმპორტირებული ხე-ტყის მასალის (ფიცარი, ძელაკი და სხვა) რეალიზაცია. აღნიშნულ საქმიანობას ეწევა თბილისში, იჯარით აღებული ფართიდან.

აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.11.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები (საბანკო ამონაწერები, ახსნა-განმარტებები, ინვოისები, ბუღალტრული აღრიცხვა ექსელის ფორმატში). გადასახადის გადამხდელს დახერხილი ხის მასალა შეძენილი აქვს რუსეთიდან. აღნიშნული მასალის შეძენაზე თანხის გადახდა ვერ დასტურდება. შემოწმების მიერ საბაჟო საზღვარზე შემოტანილ საქონელზე, „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითების თანახმად, განისაზღვრა ხარჯი (75%), რომელიც ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში ჩართულ იქნა გამოსაქვით ხარჯში. აღნიშნული ფულის მოძრაობიდან გამომდინარე პირს დაუდგინდა განკარგვადი თანხა, რომელიც სალაროსა და ბანკის ნაშთში არ ფიქსირდება. აღნიშნული თანხა, შემოწმების მიერ, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.04.2024 წლის №002-71 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12632 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, თანახმად, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ საწარმოს დახერხილი ხის მასალა შეძენილი აქვს რუსეთიდან, რომლზეც თანხის გადახდა ვერ დასტურდება. შემოწმების მიერ საბაჟო საზღვარზე შემოტანილ საქონელზე „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ დანართი №8-ის თანახმად, განისაზღვრა ხარჯი (75%), რომელიც ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში ჩართულ იქნა გამოსაქვით ხარჯში. აღნიშნული ფულის მოძრაობიდან გამომდინარე პირს დაუდგინდა განკარგვადი თანხა, რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ სარგებლად.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა საბაჟო საზღვარზე შემოტანილ საქონელზე გაწეულ ხარჯზე საგადასახადო შემოწმების პროცესში ვერ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა გაწეული ხარჯის მთლიანად გადახდის ფაქტი, გადახდილად ჩაითვალა საქონლის ღირებულების 75%. ხოლო, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია (მომწოდებელთან გაფორმებული შედარების აქტი) გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იყო საგადასახადო შემოწმების პროცესშიც, რომელიც შემოწმების მიერ არ ჩაითვალა სანდო დოკუმენტად (დოკუმენტზე არ არის მხარეთა ხელმოწერა) და შესაბამისად, არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორის მიერ საბაჟო საზღვარზე შემოტანილ საქონელზე განისაზღვრა 75% ხარჯი რამაც გამოიწვია დარიცხვა. წარმოადგენს მომწოდებლებისგან, რუსეთის ფედერაციიდან ცნობებს, რითაც დასტურდება, რომ მომწოდებლების მიმართ დავალიანება არ გააჩნია.

ითხოვს მოხდეს დარიცხული თანხების გადაანგარიშება

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12632 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ადგილობრივი და იმპორტირებული ხე-ტყის მასალის (ფიცარი, ძელაკი და სხვა) რეალიზაცია. აღნიშნულ საქმიანობას ეწევა თბილისში, იჯარით აღებული ფართიდან.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები (საბანკო ამონაწერები, ახსნა-განმარტებები, ინვოისები, ბუღალტრული აღრიცხვა ექსელის ფორმატში). გადასახადის გადამხდელს დახერხილი ხის მასალა შეძენილი აქვს რუსეთიდან. აღნიშნული მასალის შეძენაზე თანხის გადახდა ვერ დასტურდება. შემოწმების მიერ საბაჟო საზღვარზე შემოტანილ საქონელზე, „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითების თანახმად, განისაზღვრა ხარჯი (75%), რომელიც ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში ჩართულ იქნა გამოსაქვით ხარჯში. აღნიშნული ფულის მოძრაობიდან გამომდინარე პირს დაუდგინდა განკარგვადი თანხა, რომელიც სალაროსა და ბანკის ნაშთში არ ფიქსირდება. აღნიშნული თანხა, შემოწმების მიერ, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101; 154;