ბრძანება N 13012

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.06.2026
№ დოკუმენტი 13012
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13012

15 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 23 იანვრისა და 17 აპრილის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველი, 17 აპრილისა და 28 მაისის სხდომებზე (ოქმები №28, №32 და №44) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 23 იანვრის №100355/1/2026 და 17 აპრილის №101785/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 დეკემბრის №081-347 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება რეალიზებულ საცხოვრებელ ბინებზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების მიერ დაფიქსირებული გარიგების საბაზრო ფასების გავრცელებასა და აღნიშნულის შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივანი მიიჩნევს, რომ შემოწმებას არასწორად აქვს განსაზღვრული საცხოვრებელი ფართების 1 კვ.მ-ის სარეალიზაციო ფასი. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ კომპანიას საცხოვრებელი ბინების ნაწილი რეალიზებული აქვს მყიდველებზე ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ბინების ნაწილი საკუთრებაში გადაცემული აქვს ვალდებულებით, გამოსყიდვის უფლებით. გარდა აღნიშნულისა, მომჩივანი მიუთითებს, რომ ქვეყანაში განვითარებული პანდემიის შედეგად შეჩერდა ბინების რეალიზაცია, რამაც გამოიწვია შემოსავლების შეჩერება, ვერ შეძლო აღნიშნული ბინების რეალიზაცია და ბინები მყიდველების საკუთრებაში გადავიდა ფაქტიურად მიზერულ თანხად. მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტორებმა არ გაითვალისწინეს აღნიშნული გარემოება და ბინების საშუალო სარეალიზაციო ფასები განსაზღრეს აღნიშნული ბინებიდან შემოსავლების ჩათვლით, რაც მისივე პოზიციით არასწორია. მომჩივანი მიიჩნევს, რომ ბინების სარეალიზაციო ფასები უნდა განისაზღვროს თითოეული რეალიზებული ბინის შესაბამისად და არა საშუალო სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დადგენილ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ არასწორადაა განსაზღვრული საცხოვრებელი ფართების 1 კვ.მ-ის სარეალიზაციო ფასი, რაც საფუძვლად დაედო შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის გაზრდას და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22680 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 19 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 22 დეკემბრის №28038 ბრძანება და ამავე თარიღის №081-347 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 445 301 ლარი, მათ შორის გადასახადი 258 032 ლარი, ჯარიმა 135 025 ლარი და საურავი 52 244 ლარი.

 

საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 14 დეკემბერს, ასევე, ამავე თარიღშია რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და მათი შემდგომი რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში კომპანია მშენებლობას ახორციელებს -----, ------ ში. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. ამასთან, შემოწმების პროცესში არ ითანამშრომლა შემოწმებასთან და არ მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის გამოც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად ორჯერ იქნა დაჯარიმებული. შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემებზე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ და მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული 1 კვ.მ ბინის ღირებულება საშუალოდ შეადგენს 250 დოლარს. შემოწმების შედეგად დამუშავებული და შესწავლილი იქნა, ახლომდებარე ტერიტორიულ ერთეულზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების საბაზრო ფასები და დაგინდა, რომ პირის მიერ დადებული გარიგების გაცხადებული ფასები განსხვავდებოდა ბაზარზე არსებული ფაქტობრივი ფასისაგან. მას შემდეგ, რაც კომპანიის მიერ გაცხადებულ ფასსა და ბაზარზე არსებულ ფაქტობრივ ფასს შორის არსებითი სხვაობა გამოიკვეთა, აღნიშნულთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა გონივრული ვადა, რათა წარმოედგინა ექსპერტიზის დასკვნა, იმის თაობაზე, რომ მის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასები, ნამდვილად მოდიოდა შესაბამისობაში კომპანიის მიერ ბინების რეალიზაციის მომენტში არსებულ საბაზრო ფასებთან. მოთხოვნილი ექსპერტიზის დასკვნა გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი, რის შედეგადაც კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ ბინებზე, გავრცელებული იქნა ახლომდებარე ტერიტორიულ ერთეულზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების მიერ დაფიქსირებული გარიგების საბაზრო ფასები. შემოწმებით დადგენილსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვას შორის სხვაობა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლის დებულებების შესაბამისად. ამასთან გადასახადის გადამხდელს მიღებული ჰქონდა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის დადასტურებასაც ვერ ახერხებდა არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის გამო. შესაბამისად გადამხდელს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მიეცა შესაძლებლობა განეხორციელებინა მიღებული ფაქტურების დადასტურება, რის საფუძველზეც აღნიშნული ფაქტურები (16 293 ლარის ოდენობით) გათვალისწინებულ იქნა ჩათვლაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე. აღნიშნულის გათვალისწინებით პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებზე დაყრდნობით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ამასთან, გადასახადის გადამხდელის საბანკო ოპერაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის ანგარიშიდან გადახდილია ხელფასი, რომელიც არ არის ასახული საშემოსავლო გადასახადის დეკლრაციაში. აქედან გამომდინარე შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ხელფასებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით წყაროსთან დაბეგვრას.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 130-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, პირს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის

გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 ნაწილების თანახმად:

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახურის ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღირცხვას, რამაც თავის მხრივ შეუძლებელი გახადა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების შედეგად დამუშავებული და შესწავლილი იქნა, ახლომდებარე ტერიტორიულ ერთეულზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების საბაზრო ფასები და დაგინდა, რომ პირის მიერ დადებული გარიგების გაცხადებული ფასები განსხვავდებოდა ბაზარზე არსებული ფაქტობრივი ფასისაგან. რის შედეგადაც კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ ბინებზე, გავრცელებული იქნა ახლომდებარე ტერიტორიულ ერთეულზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების მიერ დაფიქსირებული გარიგების საბაზრო ფასები, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმებისთვის შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძელო არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში საგადასახადო ვალდებუელებები განესაზღვრა რეალიზებულ უძრავ ქონებაზე საბაზრო ფასის გამოყენებით. ასევე, ვინაიდან ახლომდებარე ტერიტორიულ ერთეულზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების საბაზრო ფასების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ განცხადებულ ფასსა და ბაზარზე არსებულ ფაქტობრივ ფასს შორის არსებობდა არსებითი განსხვავება, აღნიშნულთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა გონივრული ვადა, რათა წარედგინა ექსპერტიზის დასკვნა, იმის თაობაზე, რომ მის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასები, ნამდვილად მოდიოდა შესაბამისობაში კომპანიის მიერ ბინების რეალიზაციის მომენტში არსებულ საბაზრო ფასებთან. თუმცა კომპანიის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ექსპრეტიზის დასკვნა, რის შედეგადაც რეალიზებულ უძრავ ქონებაზე შემოწმების მიერ გარცელებულ იქნა საბაზრო ფასი, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება რეალიზებულ საცხოვრებელ ბინებზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების მიერ დაფიქსირებული გარიგების საბაზრო ფასების გავრცელებასა და აღნიშნულის შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დადგენილ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი ბინების მშენება და მათი შემდგომი რეალიზაცია. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. ამასთან, შემოწმების პროცესში არ ითანამშრომლა შემოწმებასთან და არ მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის გამოც ორჯერ იქნა დაჯარიმებული. შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით.

შემოწმებით დადგენილსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვას შორის სხვაობა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ხელფასებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით წყაროსთან დაბეგვრას. პირს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);101(1);154(1);