ბრძანება N 21096

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.09.2024
№ დოკუმენტი 21096
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21096

26 სექტემბერი 2024

ბრძანება

შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------")

(მის.: "-------")

2024 წლის 22 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 აგვისტოს №22758/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------- -ის “ (ს/ნ "--------") №86951/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის №259-39 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. განმარტავს, რომ შემოწმებას სრულად წარუდგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული. დამფუძნებელზე დაბრუნებული თანხებიდან შემოწმებამ გაითვალისწინა მხოლოდ ის თანხები, რომლებიც საბანკო ანგარიშებში ჩანდა დამფუძნებლის შენატანად და არ გაითვალისწინა სალაროში შემოტანილი კაპიტალი. აგრეთვე, მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებას წარუდგინა იჯარის ხელშეკრულებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მისაბმელები 2020 წლის განმავლობაში გაქირავებული იყო და კომპანია არ იყენებდა გადაზიდვებში, თუმცა შემოწმებამ აღნიშნული ხელშეკრულებების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინა.

ზემოაღნიშნული არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 სექტემბრის №21825 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №259-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 17 მაისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ "--------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დირექტორისგან აღებულ სესხთან, კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებასა და იჯარით გაცემულ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 სექტემბრის №21825 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 12 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 26 456 ლარი, მათ შორის გადასახადი 17 631 ლარი, ჯარიმა 8 825 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 19 დეკემბრის №259-39 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 20 თებერვლის №3613 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 7 აგვისტოს №22758/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 თებერვლის №3613 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 აგვისტოს №22758/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია:

„მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ ფულის მოძრაობაში გათვალისწინებული არ არის თანხების დაბრუნება დამფუძნებელზე (კაპიტალის თანხა 160 000 ლარი). საწარმომ შეიძინა სატრანსპორტო საშუალებები, სულ 2019 და 2020 წლებში შეძენილია 233 143 ლარის 9 ერთეული 6 სატრანსპორტო საშუალება. შემოწმებამ არ გაითვალისწინა ხელშეკრულებით ნაყიდი ტექნიკა, რომელზედაც არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები და ფულიც სალაროდან იყო გადახდილი 74 046 ლარი. შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარს ახლდა ყველა შეძენილი ტექნიკის დასახელება და ღირებულება, ასევე თან ერთოდა გადაწყვეტილებები კაპიტალის გაზრდა-შემცირების შესახებ. თანხები, რომელიც შემოწმებამ დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად ჩათვალა, იყო არა ხელფასი ან მოგების გატანა, არამედ დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში შემოტანილი თანხის დაბრუნება. შესაბამისად 161 672 ლარი (2022; 2021; 2022 წ. პერიოდზე), არ უნდა ჩაითვალოს ხელფასად, რადგან სრულყოფილი არგუმენტაცია არსებობს. შემოწმებას წარუდგინა იჯარის ხელშეკრულებები, რითაც ირკვევა, რომ მისაბმელები მარკით: -------, სახელმწიფო ნომერი: "-------" გაქირავებულია 2020 წლის 3 იანვრიდან. შემოწმებამ დამატებით შემოსავლების დათვლისას გაითვალისწინა იჯარის ხელშეკრულების არსებობა, ხოლო გარკვეულ პერიოდზე არა, მიუხედავად იმისა, რომ მისაბმელები გაქირავებული იყო და არ იყენებდა გადაზიდვებში. აღნიშნული მისაბმელები 2020 წელს გასხვისებული იქნა. აღნიშნულ საკითხში პოზიციის გასამყარებლად წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების დამატებებს, სპეციალურად შედგენილს, თარიღის დაზუსტების მიზნით.

საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა დამატებით მიუთითა, რომ შემოწმების შედეგად არ არის გათვალისწინებული საქართველოს ფარგლებს გარეთ 2020 წელს საწვავის შეძენაზე გადახდილი თანხები.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის/ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის წინა პერიოდში (2019 წელს), კომპანიის მაშინდელ დირექტორს და დამფუძნებელს "-------"-ს განხორციელებული ჰქონდა ფულადი შენატანები, ხოლო მიმდინარე პერიოდში კაპიტალის გაზრდა/შემცირება არ იკვეთებოდა. რაც შეეხება დამატებით განსაზღვრულ რამდენიმე რეისს, აღნიშნული კორექტირებას არ დაექვემდებარა, ვინაიდან დაფიქსირებული სატრანსპორტო საშუალებების მიერ განხორციელებული კვეთის თარიღები (2020 წლის იანვარი და თებერვალი) წინ უსწრებდა იჯარის ხელშეკრულების გაფორმების თარიღს (2020 წლის აპრილი). ხოლო, 2020 წლის აპრილში და შემდგომ პერიოდში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მიხედვით განხორციელებული კვეთები არ იქნა მიჩნეული შპს „-------- -ის “ მიერ განხორციელებულ რეისად. საბოლოოდ, დამატებით მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდა ხელფასად დაბეგრილი ფულის ნაშთის კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარში მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით, სადაც განმარტა, რომ შემოწმების შედეგად არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს ფარგლებს გარეთ 2020 წელს საწვავის შეძენაზე გადახდილი თანხები, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ დამუშავდა აღნიშნული საკითხი და ექსელის ფორმით მოწოდებულ იქნა ინფორმაცია შემოწმებისათვის. ჩეკების საფუძველზე შესყიდული საწვავის აღრიცხვის რეესტრი, შედარებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დაექსელებულ მონაცემებთან. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ცხრილის მიხედვით, 2020 წლის საზღვარგარეთ შეძენილი საწვავის ხარჯმა შეადგინა 29 330 ლარი, რაც შემოწმების მიერ სრულად იქნა გათვალისწინებული გამოსაქვით ხარჯში.

ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში დამატებით აღნიშნულია, რომ დირექტორისგან აღებული სესხის მიღებისა და დაბრუნების საკითხი ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია და აღნიშნულის გათვალისწინებით არის შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე.

აღნიშნულ ნაწილში შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტი დაუსაბუთებელია.

რაც შეეხება კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებასა და იჯარით გაცემულ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით მომჩივნის პოზიციას, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე, რომლის მიხედვითაც მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და განმარტავს, რომ შემოწმებას სრულად წარუდგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული. დამფუძნებელზე დაბრუნებული თანხებიდან შემოწმებამ გაითვალისწინა მხოლოდ ის თანხები, რომლებიც საბანკო ანგარიშებში ჩანდა დამფუძნებლის შენატანად და არ გაითვალისწინა სალაროში შემოტანილი კაპიტალი. აგრეთვე, მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებას წარუდგინა იჯარის ხელშეკრულებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მისაბმელები 2020 წლის განმავლობაში გაქირავებული იყო და კომპანია არ იყენებდა გადაზიდვებში, თუმცა შემოწმებამ აღნიშნული ხელშეკრულებების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინა. ზემოაღნიშნული არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებასა და იჯარით გაცემულ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------- -ის “ (ს/ნ "--------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებასა და იჯარით გაცემულ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელი პერიოდის წინა პერიოდში კომპანიის მაშინდელ დირექტორს და დამფუძნებელს განხორციელებული ჰქონდა ფულადი შენატანები, ხოლო მიმდინარე პერიოდში კაპიტალის გაზრდა/შემცირება არ იკვეთებოდა. რაც შეეხება დამატებით განსაზღვრულ რამდენიმე რეისს, აღნიშნული კორექტირებას არ დაექვემდებარა, ვინაიდან დაფიქსირებული სატრანსპორტო საშუალებების მიერ განხორციელებული კვეთის თარიღები წინ უსწრებდა იჯარის ხელშეკრულების გაფორმების თარიღს.ხოლო, 2020 წლის აპრილში და შემდგომ პერიოდში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მიხედვით განხორციელებული კვეთები არ იქნა მიჩნეული მომჩივანის მიერ განხორციელებულ რეისად. საბოლოოდ, დამატებით მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდა ხელფასად დაბეგრილი ფულის ნაშთის კორექტირება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებასა და იჯარით გაცემულ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154,