გადაწყვეტილება № 26879/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.03.2026
№ დოკუმენტი 26879/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 26879/2/2026

31 მარტი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ 10.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26879/2/2026).

 

დავის საგანი:

1. განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 დეკემბრის №001-285 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის №4235 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 423 137.21 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 248 193.44

დღგ - 98 523.44

საშემოსავლო გადასახადი - 149 670

ჯარიმა - 128 508.30

საურავი - 46 435.47

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების გზით გაფორმებული კონტრაქტებით. საწარმო დაფუძნებულია 2020 წლის 12 აგვისტოს და ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 მაისის №9910 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 28 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 დეკემბრის №27295 ბრძანება და №001-285 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 423 137.21 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 7 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 24 თებერვლის №4235 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის №4235 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით დათვლილი შემოსავლისთვის, მასთან ერთად ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხებისთვის, გამოკლებულ იქნა საგადასახადო ორგანოს ხელთარსებული ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, საშემოსავლო ან/და მოგების გადასახადით დაბეგრილი განაცემი და სხვა ხარჯები. ასევე, გათვალისწინებულ იქნა სალაროს, ბანკის, დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშდა განკარგვადი ფულადი სახსრები, რომელიც საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე 2025 წლის მარტის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს მიერ გამოვლენილი განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტში შემოწმების დასაწყისში წარდგენილი იქნა კომპანიის ყველა საბუღალტრო დოკუმენტი და საბუღალტრო პროგრამა, ასევე შემოწმების მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი, მათ შორის, შპს „------“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება 340 000 ლარზე. აღნიშნავს, რომ საჩივარზე თანდართულია შპს „------“ ნოტარიულად დამოწმებული ოქმი, სადაც შპს „-------“ აღიარებს თანხის მიღებას, ხოლო აღნიშნული თანხა არ აქვს დაბრუნებული. შესაბამისად, მითითებული თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს. შპს „-------“ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს აქვს წარდგენილი დოკუმენტის სინამდვილისა და დებიტორული თანხის სიზუსტის გადამოწმების შესაძლებლობა. გადასახადის გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ შპს „-------“ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა ქ. გორში, კეცხოველის ქუჩაზე (მე-11 საშუალო სკოლა). აღნიშნულ მისამართზე საწარმოს მიერ მიწოდებულ იქნა ბეტონი მთლიანი ღირებულებით 16 095 ლარი. ასევე, მცხეთის რაიონში, სოფ. მისაქციელში მიწოდებულ იქნა არმატურა მთლიანი ღირებულებით 69 918,97 ლარი. აღნიშნული მასალის თანხები შპს „-------“ კომპანიისთვის არ აქვს ანაზღაურებული, რასთან დაკავშირებითაც საჩივრებზე წარდგენილია ნოტარიულად დამოწმებული ოქმი, სადაც შპს „-------“ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მასალების ღირებულება არ აქვს გადახდილი. მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიამ ასევე ავანსად გადაუხადა თანხები შპს „-------“, რომელმაც გამოწერა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მაგრამ სამუშაოები არ შეუსრულებია და არც თანხებია დაბრუნებული კომპანიისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ დებიტორული დავალიანებები დადასტურებულია დოკუმენტურად და გასათვალისწინებელია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ხოლო თანხის მიმღები პირები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ საწარმოებს. შესაბამისად, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტში შემოწმების დასაწყისში წარდგენილი იქნა კომპანიის ყველა საბუღალტრო დოკუმენტი და საბუღალტრო პროგრამა. ასევე, შემოწმების მიმდინარეობისას მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.

შემოწმების აქტით დამატებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს არ ეთანხმება, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტში მომჩივნის მიერ წარდგენილი იქნა შპს „------“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება 340 000 ლარზე. საჩივარს თან ერთვის შპს „------“ ნოტარიულად დამოწმებული ოქმი, სადაც შპს -------“ აღიარებს თანხის მიღებას და რომ აღნიშნული თანხა არ აქვს დაბრუნებული. ე.ი. აღნიშნული 340 000 ლარი წარმოადგენს დებიტორულ დავალიანებას, რომელსაც აღიარებს ორივე მხარე და აღნიშნული თანხის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.

შპს „------“ წარმოადგენს საქართველოს გადასახადის გადამხდელს და აუდიტის დეპარტამენტს შეუძლია გადაამოწმოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტის სინამდვილე და დებიტორული თანხის სიზუსტე. შპს „------“ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა ქ. ----საშუალო სკოლა). აღნიშნულ მისამართზე მომჩივნის მიერ მიწოდებული იქნა ბეტონი მთლიანი ღირებულებით 16 095 ლარი. ასევე, ------ სოფ. ------ მიწოდებული იქნა არმატურა მთლიანი ღირებულებით 69 918,97 ლარი. აღნიშნული მასალის თანხები შპს „------“ გადასახადის გადამხდელისთვის არ აქვს ანაზღაურებული. საჩივარს თან ერთვის ნოტარიულად დამოწმებული ოქმი, სადაც შპს „-------“ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მასალების ღირებულება არ აქვს გადახდილი. კომპანიამ ავანსად გადაუხადა თანხები შპს „------“-ს, რომელმაც გამოუწერა ავანსის ანგარიშ-ფაქტურები, მაგრამ სამუშაოები არ შეუსრულებია და არც თანხები აქვს დაბრუნებული კომპანიისთვის. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დებიტორული დავალიანებები, რომელიც დადასტურებულია დოკუმენტალურად, ამოსაღებია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხიდან და ექვემდებარება გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით დათვლილი შემოსავლისთვის, მასთან ერთად ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხებისთვის, გამოკლებულ იქნა საგადასახადო ორგანოს ხელთარსებული ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, საშემოსავლო ან/და მოგების გადასახადით დაბეგრილი განაცემი და სხვა ხარჯები. ასევე, გათვალისწინებულ იქნა სალაროს, ბანკის, დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსთვის. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, გაანგარიშდა განკარგვადი ფულადი სახსრები, რომელიც საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე 2025 წლის მარტის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანი მიუთითებს, რომ დებიტორული დავალიანებები დადასტურებულია დოკუმენტურად და გასათვალისწინებელია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურმა ამ ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა კომპანიის საჩივარი და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა 109 509 ლარის ოდენობით. დეკლარირებული ჩათვლის სისწორის ანალიზისთვის შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, მომჩივნის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა, საბანკო ამონაწერები და სხვა მიწოდებული ინფორმაცია-დოკუმენტაცია, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს და სხვა უწყებების ინფორმაცია. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს საქონელი/მომსახურება შეძენილი აქვს როგორც დღგ-ით დასაბეგრი კატეგორიის, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვებისთვის. კერძოდ, აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ------ სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტიც, რაც საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარმოადგენს ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრ ბრუნვას. შემოწმების შედეგად დაანგარიშებული ჩასათვლელი თანხა შეადგენს

85 461 ლარს. აღნიშნული მონაცემი არ მოიცავს ჩათვლის უფლების გარეშე განხორციელებული ოპერაციებისთვის შეძენილი საქონლის შესაბამის დღგ-ის თანხებს, ჯამში 10 586 ლარს. ასევე, ჩათვლა არ მოიცავს შპს „-----“ მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებულ დღგ-ის თანხებს, ჯამში 16 257.70 ლარს. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, შპს „-----“ შპს „------“ სამუშაოები არ შეუსრულა და არ გაფორმებულა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს მიერ გაუქმდა ჩათვლილი დღგ და მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი თანხა, ასევე დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დაკისრებული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კანონმდებლობის არცოდნის გამო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ჩატარებულ სამუშაოებზე მიღებული დღგ-ის ჩათვლები შეცდომით არის ჩასათვლელ დღგ-ში ასახული. ასევე, ჩასათვლელ დღგ-ში ასახულია შპს „------ (ს/ნ ------) მიღებული ავანსის ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებულ დღგ-ის თანხები ჯამში 16 257.70 ლარი. შპს „------“- ის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მომჩივნის მიერ შეტანილია განცხადება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით (განცხადების ასლი თან ერთვის საჩივარს), რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაუქმებულია.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ამ ორ შემთხვევაზე გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მონიჭებული უფლება და გაუქმდეს ამავე კოდექსის 275-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე დაკისრებული სანქციები, რადგან აღნიშნული გამოწვეული იყო კანონმდებლობის არ ცოდნით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით დათვლილი შემოსავლისთვის, მასთან ერთად ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხებისთვის, გამოკლებულ იქნა საგადასახადო ორგანოს ხელთარსებული ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, საშემოსავლო ან/და მოგების გადასახადით დაბეგრილი განაცემი და სხვა ხარჯები. ასევე, გათვალისწინებულ იქნა სალაროს, ბანკის, დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსთვის. შედეგად, გაანგარიშდა განკარგვადი ფულადი სახსრები, რომელიც აკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე 2025 წლის მარტის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);101(1);154(1);