ბრძანება N 20700

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.09.2026
№ დოკუმენტი 20700
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20700

21 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------ის“ (ს/ნ ------------)

(ფაქტ. მის.: --------------------;

იურ. მის.:----------------------)

2026 წლის 20 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 13 აგვისტოს და 17 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №73 და №85) განიხილა შპს „-------ის“ (ს/ნ ------------) 2026 წლის 20 ივლისის №103553/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის №006-296 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ დოკუმენტურად შეძენილი ერთი ტონა ჯართის საშუალო ღირებულება შეადგენს 441 ლარს, ხოლო რეალიზაციის ღირებულება 588 ლარს. მიუთითებს, რომ კომპანიის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 17 423 610 ლარს, ხოლო რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 33%-იანი ფასნამატით შეადგენს 13 084 069 ლარს. კომპანიას სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი აქვს 915 687 ლარის საქონელი, ხოლო ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულება შეადგენს 12 168 ლარს. მიუთითებს, რომ ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის თვითღირებულების არასწორად განსაზღვრის შედეგად, არასწორად გაანგარიშდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად გადასახადის თანხა.

ამასთან, გადამხდელი აცხადებს, რომ არასწორია სალაროს ნაშთის გაანაგრიშება, კერძოდ, საქონლის თვითღირებულების გაზრდის შესაბამისად უნდა შეცვლილიყო სალაროს ნაშთი. განმარტავს, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში კომპანიას შეძენილი აქვს საქონელი, რომლის ანაზღაურებას იღებს გარკვეული პერიოდის შემდეგ. ვინაიდან, წინა საგადასახადო შემოწმებით, 2025 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით სალაროს ნაშთი ჩათვლილია ნულის ტოლად, ხოლო 2025 წლის სექტემბრის თვეში კომპანიას საქონელი შეძენილი აქვს დამფუძნებლის შენატანით, აღნიშნული შენატანი უნდა იქნეს განხილული დაუბეგრავად გატანილად და ამოღებულ იქნეს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხიდან. ასევე, მიუთითებს, რომ გადასაანაგარიშებელია საბოლოო ნაშთი 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ვინაიდან, კომპანია 2026 წლის აპრილის თვეში სალაროს ნაშთად განხილული თანხებით ახორციელებს საქონლის შეძენას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 მაისის №11822 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ის“ (ს/ნ ------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 2 ივლისის №14947 ბრძანება და ამავე თარიღის №006-296 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 3 406 963 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 193 626 ლარი, ჯარიმა 1 096 813 ლარი და საურავი 116 524 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: . გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს შავი და ფერადი ლითონების შეძენა-რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას რეალიზებული აქვს 17 423 610 ლარის ჯართი (შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ დაკორექტირდა გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, რაც დადასტურდა მყიდველის მიერ), ხოლო დოკუმენტურად ფიქსირდება 447 923 ლარის ჯართის შეძენა. გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გარდა იურიდიული პირებისგან სასაქონლო ზედნადებებით მიღებული საქონლისა, ასევე შეძენა ხორციელდება ფიზიკური პირებისგან. ფიზიკური პირებისგან შეძენილ ჯართზე ფორმდება შესყიდვის აქტები, მაგრამ ოფისის ცვლილების გამო გადატანის დროს საბუთები დაიკარგა, რომელთა აღდგენა ვერ მოხერხდა. საწარმოს დირექტორის სიტყვიერი განმარტებით, საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა არ გააჩნია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისად წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით (საშემოსავლო და მოგების გადასახადები) არანაირი დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად კუთვნილი გადასახადი დეკლარირებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგინდა არადოკუმენტურ შეძენებზე ხარჯების ოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უდოკუმენტოდ შეძენილ საქონლის ღირებულებაზე (აგროსილი 10 118 778 ლარი) გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებზე თანხის მოძრაობა არ ფიქსირდება, ხოლო გადამხდელის ახსნა-განმარტებით, მიმდინარე სასამართლო დავებთან დაკავშირებით საბანკო ანგარიშებზე წარდგენილია ყადაღა. შემოწმების მიერ არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად კომპანიის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების, სალაროში ნაღდი ფულის შესახებ ინფორმაცია ან/და სხვა ინფორმაცია რაც გავლენას მოახდენდა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი, სადაც შემოსულ თანხად აღებულ იქნა სასაქონლო ზედნადებების მიხედვით პროდუქციის რეალიზაციიდან შემოსული ფულადი საშუალებები, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით შპს „----დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია შესამოწმებელ პერიოდში გადახდილი თანხების შესახებ (შპს „-------ის“ მიერ საქონლის მიწოდება სასაქონლო ზედნადებების მიხედვით ხორციელდება მხოლოდ შპს „----ზე“), ხოლო გაწეულ ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტური შეძენები (ბანკის ამონაწერები წარმოდგენილია ნულოვანი სახით, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდები არ უფიქსირდება) და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ხარჯების ოდენობა. შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უნდა გააჩნდეს ფულის ნაშთი 9 450 330 ლარის ოდენობით. გამოვლენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

პ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

მომჩივანი წარმოდგენილი საჩივრით არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი განსაზღვროს მიღებული შემოსავლის 75%-ით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი განსაზღვროს მიღებული შემოსავლის 75%-ით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №11822 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14947 ბრძანება და №006-296 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 3 406 963 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 193 626 ლარი, ჯარიმა 1 096 813 ლარი და საურავი 116 524 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისად წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით (საშემოსავლო და მოგების გადასახადები) არანაირი დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად კუთვნილი გადასახადი დეკლარირებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგინდა არადოკუმენტურ შეძენებზე ხარჯების ოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უდოკუმენტოდ შეძენილ საქონლის ღირებულებაზე (აგროსილი 10 118 778 ლარი) გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან,შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი, სადაც შემოსულ თანხად აღებულ იქნა სასაქონლო ზედნადებების მიხედვით პროდუქციის რეალიზაციიდან შემოსული ფულადი საშუალებები, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია გადახდილი თანხების შესახებ , ხოლო გაწეულ ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტური შეძენები (ბანკის ამონაწერები წარმოდგენილია ნულოვანი სახით, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდები არ უფიქსირდება) და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ხარჯების ოდენობა. შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უნდა გააჩნდეს ფულის ნაშთი 9 450 330 ლარის ოდენობით. გამოვლენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი განსაზღვროს მიღებული შემოსავლის 75%-ით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 105(2); 1333(1.2.3); 154(1 „ა“ და „პ“);