გადაწყვეტილება №19697/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19697/2/2023
31 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 16.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19697/2/2023).
დავის საგანი:
სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის პატიება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 16 მარტის №EL203103 სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 აპრილის №8047 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
2023 წლის 16 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტი „--------“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შემოვიდა მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი საქართველოში არარეგისტრირებული, -------- სახელმწიფო ნომრით №-------- მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება (№--------) საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოყვანილი იყო 2022 წლის 17 დეკემბერს და სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განესაზღვრა 2023 წლის 15 თებერვალი.
გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოცხადების ვადა დარღვეული იყო 29 კალენდარული დღით, მომჩივანს, 2023 წლის 16 მარტის №EL203103 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 აპრილის №8047 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აცხადებს, რომ არის ორმაგი მოქალაქე. დაჯარიმებამდე ორჯერ ჰქონდა საზღვრის კვეთა და იცავდა კანონმდებლობით დადგენილ 90 დღიან ვადას.
ვინაიდან არის ორმაგი მოქალაქე და არანაირი გაფრთხილება არავის მიუცია და რაიმე სახის პრობლემა არ ჰქონია. ამჯერად რისთვის დააჯარიმეს მისთვის გაურკვეველია.
როგორც მისთვის არის ცნობილი, ორმაგი მოქალაქეებისთვის დადგენილია 90 დღიანი ვადა. თუ 90 დღიანი ვადა არ ვრცელდება, რატომ არ დაჯარიმდა წინა ორ შემთხვევაში.
ითხოვს ჯარიმის პატიებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7–მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით “.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილ (28.06.2023 წლის №62090-21-10) წერილში აღნიშნულია შემდეგი:
– 2023 წლის 16 მარტს, ფიზიკურმა პირმა ------- (პ/ნ ------) საბაჟო გამშვები პუნქტი „--------“ გავლით საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთა (შემოსვლა) განახორციელა საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენებით.
– გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში „Oracle“-ში არსებულ მოდულში „მოქალაქის ძიება სამოქალაქო ბაზის მონაცემების მიხედვით“ მომჩივანი ფიქსირდება როგორც საქართველოს მოქალაქე და არა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანს, სატრანსპორტო საშუალება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, არ წარუდგენია დანიშნულების საბაჟო ორგანოში, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ან ამავე კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოებების გათვალიწინებით, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8047 ბრძანება;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 16.03.2023 წლის №EL203103 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 16 მარტის №EL203103 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს გაფრთხილება;
5. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის პატიება.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 16 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შემოვიდა მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი საქართველოში არარეგისტრირებული, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება. მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოყვანილი იყო 2022 წლის 17 დეკემბერს და სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განესაზღვრა 2023 წლის 15 თებერვალი. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოცხადების ვადა დარღვეული იყო 29 კალენდარული დღით, მომჩივანს, 2023 წლის 16 მარტის №EL203103 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 აპრილის №8047 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1)(4)(15), 165.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანება.