გადაწყვეტილება №23628/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.10.2024
№ დოკუმენტი 23628/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№23628/2/2024

16 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 2.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23628/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29527 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.03.2024 წლის №022-8 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12862 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 337 492.3 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 179 158

დღგ - 73 359

საშემოსავლო გადასახადი - 105 799

ჯარიმა - 89 247

საურავი - 69 087.3

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა სურსათით ვაჭრობა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში ქ. ----. აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის №4145 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგები აისახა 20.06.2023 წელს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:

- გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა, თუმცა, წარდგენილი აქვს ფინანსური ანგარიშგება, რომლის საფუძველზეც შემოწმებამ იხელმძღვანელა საქონლის საწყისი ნაშთით. 2022 წლის ბოლოს კომპანიამ შეწყვიტა საქმიანობა და მთლიანი სმფ-ის ნაშთი გაყიდა, შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ის ნაშთი არის 0 ლარი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოსავლები დაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით: დადგინდა წლების მიხედვით გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი კატეგორიების მიხედვით და რეალიზებული პროდუქციის ღირებულებაზე კატეგორიის წილის მიხედვით მოხდა აღნიშნული ფასნამატის გავრცელება. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით;

- შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელს მიერ შეძენილი სმფ-ს უკან დაბრუნებული საქონლის ღირებულებაზე, რომელზეც თავის დროზე მიღებული აქვს დღგ-ს ჩათვლა, არ აქვს ჩათვლის კორექტირება განხორციელებული. საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის და სიტუაციური სახელმძღვანელოს №11118 გათვალისწინებით, იმის საფუძველზე, რომ საქონლის ნაწილის დაბრუნების ფაქტი სახეზეა (გამოწერილია სასაქონლო ზედნადები) მიუხედავად იმისა, რომ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იქნა გამოწერილი, ჩათვლის მიმღების მიერ დაბრუნებული საქონლის ოდენობაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა გაუქმებას, საქონლის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში. შემოწმების მიერ მოხდა ჩათვლილი დღგ-ის თანხის კორექტირება, შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით;

- შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის მოძრაობა, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, საწყისი და საბოლოო კაპიტალის ოდენობა (გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით წინა წლებში ბანკში ჩარიცხული აქვს 276 500 ლარი კაპიტალი, რომლის შემცირებასაც ითხოვს შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს არ წარუდგენია აღნიშნულ თანხებზე კრების ოქმები, თუმცა, კაპიტალის საწყისი ნაშთის ნამდვილობა დასტურდება საწარმოს მიერ წარდგენილი ანგარიშგებით).

აღნიშნულის შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი შესამოწმებელ პერიოდში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების შესაბამისად დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის №14637 ბრძანება და ამავე თარიღის №022-21 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 28.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.11.2023 წლის №29527 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- მე-2 სადავო საკითხთან (უკან დაბრუნებული სმფ-ების ნაწილის ღირებულებაზე ჩათვლილი დღგს თანხის კორექტირებასთან) დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-3 სადავო საკითხთან (სალაროში ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ სარგებლად დაკვალიფიცირებასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29527 ბრძანება არ დაკმაყოფილებულ ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 22.02.2024 წლის №21703/2/2023 (რეგ. 23.04.2024წ. 03/32635) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ნოემბრის №29527 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 1.03.2024 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ:

1. გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ შემცირდა ხელფასის სახით განაცემები 2020 წელს, თუმცა, გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის დანაკლისი, რაც საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად იქნა დაკვალიციფირებული. რაც შეეხება კაპიტალის ნაწილს, 735 578 ლარის კაპიტალის ნაშთის ნამდვილობა არ დასტურდება (გადამხდელის მიერ წარდგენილია 2018-2019 წლების ბანკის ამონაწერი, საიდანაც 2018 წელს ბანკში შეტანილია 31 425 ლარი და 2019 წელს 276 500 ლარი, ტრანზაქციების დანიშნულებაში მითითებულია სალაროს ნაშთის ბანკში შეტანა). აღნიშნულ ტრანზაქციებს გადამხდელი ურთავს კრების ოქმებს, რომლებიც რეესტრში რეგისტრირებული არ არის. საწარმოს მიერ წარდგენილი 2021 წლის ფინანსური ანგარიშგებიდან ჩანს, რომ კაპიტალის ნაშთი 31.12.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს 422 161 ლარს, აქედან 276 500 ლარი ფულის ნაშთში შემოწმების მიერ უკვე გათვალისწინებულია.

შესაბამისად, გადაანგარიშების პროცესში დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით გაანგარიშებული ფულის ნაშთი, შედეგად, აქტით დარიცხული თანხა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირდა გადასახადში 36 732 ლარით, ხოლო ჯარიმა 15 315 ლარით.

2. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, გადაანგარიშების პროცესში, ჩათვლაში გათვალისწინებული იქნა (საწარმოს განცხადების საფუძველზე) საწარმოს მიერ მიღებული და დეკლარაციაზე მიუბმელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის დღგ შეადგენს ჯამში 1 348 ლარი. გადაანგარიშების შედეგად შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 54 094 ლარით, მათ შორის, გადასახადი 38 080 ლარით და ჯარიმა 16 014 ლარით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.03.2024 წლის №6396 ბრძანება და 26.03.2024 წლის №022-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 23.05.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.05.2024 წლის №12862 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, აუდიტის მიერ შემცირდა ხელფასის სახით განაცემები 2020 წელს, თუმცა, გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის დანაკლისი, რაც საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად იქნა დაკვალიფიცირებული. რაც შეეხება, კაპიტალის ნაწილს, 735 578 ლარის კაპიტალის ნაშთის ნამდვილობა არ დასტურდება, ხოლო საწარმოს მიერ წარდგენილი 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კაპიტალის ნაშთი 31.12.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს 422 161 ლარს, საიდანაც ფულის ნაშთში 276 500 ლარი უკვე გათვალისწინებულია.

შესაბამისად, გადაანგარიშების პროცესში დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით გაანგარიშებული ფულის ნაშთი და შემცირდა დარიცხული თანხა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ასევე, გადაანგარიშების პროცესში, შემოწმების მიერ ჩათვლაში გათვალისწინებული იქნა საწარმოს მიერ მიღებული და დეკლარაციაზე მიუბმელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის საფუძველზეც შემცირდა დარიცხული დღგ-ის თანხა. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნის მიხედვითაც მთლიანად დადასტურდა კომპანიის პოზიცია 2020 წელს არასწორად დარიცხულ ხელფასებთან დაკავშირებით და ამ ნაწილში მთლიანად გაუქმდა დარიცხვა.

სადავო დარჩა შემდეგი საკითხები:

1. საქმიანობის განსახორციელებლად შეძენილი მასალები, შემმოწმებელმა ხარჯის ნაცვლად ჩათვალა რეალიზებულად და დაარიცხა არაპირდაპირი მეთოდით ფასნამატი.

2. კაპიტალზე წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, მათ შორის საბანკო ამონაწერები და კრების ოქმები და რაც მთავარია დოკუმენტალურად დადასტურებულია არამარტო კომპანიაში შეტანები არამედ რაში დაიხარჯა დამფუძნებლის შეტანილი თანხები.

3. დღგ-ის ჩათვლის ნაწილში სრულად არ ჩათვალეს კომპანიის მიერ შეძენილი საქონელზე (გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები) გადახდილი დღგ და უკან დაბრუნებული საქონლის დღგ არასწორად არის დაანგარიშებული.

სამივე საკითხთან დაკავშირებით 22.02.2024 წელს ცალ-ცალკე დეტალური გაანგარიშებით გაიგზავნა მეილები შემმოწმებელთან. არც ერთ მეილზე პასუხი არ მიუღია. ნაწილობრივ არ ეთანხმება სადავო აქტებს და მისი გამოცემის საფუძველებს. ასევე მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12862 ბრძანებაში არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება და კონკრეტული არგუმენტი, რომელიც კომპანიის გაანგარიშებებს ეწინააღმდეგება.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ ზემოთაღნიშნული ადმინისტრაციული აქტის შედგენისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები:

საგადასახადო ორგანოს მიერ თანხების დარიცხვას საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული ამავე აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მიერ. კერძოდ, საკითხი №1 ხარჯი. ამ საკითხთან დაკავშირებით შემმოწმებელს საერთოს არ დაუფიქსირებია მისი პოზიცია (აშკარად უსაფუძვლო დარიცხვის გამო) და აპელირებს თითქოს შემოსავლების სამსახურს არ დაუკმაყოფილებია საჩივარი ამ ნაწილში. ეს უბრალოდ გაუგებრობაა.

შემოსავლების სამსახურის დავების საბჭომ არ დააკმაყოფილა მხოლოდ ერთადერთი საკითხი არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული რეალიზაციის გაუქმება. შემოსავლების სამსახურმა შემმოწმებელს დაავალა ფულის მოძრაობის (ნაშთის) არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადაო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება. საქმიანობისათვის შეძენილი მასალების რეალიზაციაში გაშვება ერთმნიშვნელოვნად ზრდის ფულის შემოსავალს, რაც ფულის მოძრაობის და ნაშთის განსაზღვრისას მნიშვნელოვანი გარემოებაა.

შესაბამისად შემმოწმებლის პოზიცია მცდარია და მისთვის მიცემული დავალების არასწორი გააზრების შედეგია. ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად გაანგარიშებული მეილი გაუგზავნა შემმოწმებელს, კერძოდ: „სატელეფონო საუბრის დროს შევთანხმდით, რომ ხარჯებისთვის შეძენილი მასალების გადახდებს (მხოლოდ ბანკიდან 82 105.77 ლარი. კიდევ ერთხელ გიგზავნით ამონაწერს) გაითვალისწინებდით თქვენს ახალ გაანგარიშებაში. რაც ასევე იყო აღნიშნული დავების საბჭოს გადაწყვეტილებაში. სამწუხაროდ აქაც ვერ გავიგეთ თქვენი პოზიცია. აღნიშნული თქვენ კი გამოაკელით სხვა ხარჯებთან ერთად გაანგარიშების დროს, მაგრამ არ გამოაკელით რეალიზაციას. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნა, თქვენ მთლიან შეძენას (ამ ხარჯის ზედნადებების ჩათვლით) დაარიცხეთ რეალიზაცია, მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით. ამ მთლიან რეალიზაციაში დარიცხვა არ უნდა განხორციელებულიყი ხარჯის 82 105.77 ლარზე.

ჩვენი აზრით, სწორი გაანგარიშებისათვის 82 105.77 ლარიდან უნდა დაერიცხოს 2020 წლის ხარჯს 57 185.61 ლარს თქვენს მიერ გამოყვანილი ფასნამატი 14.8% 8 463.47 ლარი და 2021-2022 წლის ხარჯს 24 920.16 ლარს, ასევე თქვენს მიერ გამოყვანილი 22% ფასნამატი 5 482.43 ლარი.

ამ რიცხვების ჯამი 57185.61+8463.47+24920.16+5482.43 = 96 051.67 ლარი უნდა მოაკლდეს რეალიზაციას და შესაბამისად ფულის ნაშთს. საერთო რეალიზაცია უნდა შემცირდეს მხოლოდ ამ გარემოების გათვალისწინებით 96 051.67 ლარით“. ეს არის უტყუარი გარემოება. ყველაფერი დოკუმენტირებულია. (რეალური ხარჯი გაცილებით მეტი იყო. კანონის მოთხოვნის შესაბამისად ითხოვს მხოლოდ დოკუმენტირებულის გათვალისწინებას).

საკითხი №2 კაპიტალი. შემმოწმებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ეყრდნობა მხოლოდ კომპანიის ბუღალტრის მიერ შეცდომით შევსებულ 2020 წელის ფინანსურ ანგარიშგებას. ასევე აცხადებს, რომ 2018-2019 წლებში ორგანიზაციაში შეტანილი თანხები არ აქვს რეგისტრირებული რეესტრში. პირველ რიგში ყურადღებაა მისაქცევი შემმოწმებლის აბსოლუტურად უკანონო მიდგომაზე, როდესაც პირის ანგარიშ-ვალდებულების განსაზღვრისას იყენებს გარე წყაროებში მათ შორის ფინანსურანგარიშგებაში მითითებულ მონაცემებს. მით უმეტეს, როცა გადამხდელი აცხადებს, რომ ეს მონაცემების არ არის სწორი. ყოველგვარი აზრთა სხვაობის გამოსარიცხად ითხოვს შემმოწმებელს და გადამხდელსაც განემარტოს, რომელი კონკრეტული სამართლებრივი ნორმა აძლევს შემმოწმებელს უფლებას გამოიყენოს ფინასურ ანგარიშგებაში მითითებული მონაცემები პირის საგადასახადო ანგარიშვალდებულების განსაზღვრისას, იმ გარემოების გათვალიწინებითაც, როცა გადამხდელი აცხადებს, რომ ეს მონაცემი არასწორია? (ოპერაციის ფორმის და შინაარსის შეუსაბამობის, კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროების მტკიცების ტვირთი აკისრია აღნიშნულის შესახებ აქტის გამომცემ ორგანოს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.07.2018წ. გადაწყვეტილება, საქმე №ბს-854-846(კ-16)).

ასეთი სამართლებრივი ნორმა არ არსებობს და ვერც იარსებებს, რადგან ის ეწინააღმდეგება ზოგადად სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ფინანსური ანგარიშგების, როგორც დოკუმენტის შინაარსიდან და მიზნებიდან გამომდინარე. ზემოთ აღნიშნული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ცალსახად არის განსაზღვრული ამ კანონის მოთხოვნათა მიზნები-„ამ კანონის მიზანია ფინანსური გამჭვირვალობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სუბიექტთა ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელი შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებთან მიახლოება“.

რაც შეეხება, კაპიტალის რეგისტრაციას რეესტრში, ასეთი ვალდებულება კომპანიას 2018-2019 წლებში არ ჰქონია. ამ გარემოების გამოყენება გადამხდელის წინააღმდეგ არაკომპეტენტური არგუმენტია და ჩავთვალოთ რომ შემმოწმებლის მიერ დაშვებულია შეცდომა. წინააღმდეგ შემთხვევაში ითხოვს მიეთითოს სამართლებრივ ნორმაზე, რომელიც კონკრეტულად ორგანიზაციაზე ვრცელდება. კაპიტალის რეალური გაანგარიშება არა ერთხელ გაეგზავნა შემმოწმებელს, ყველა ციფრი ერთობლივად გადამოწმდა და სადაო გარემოებას არ წარმოადგენს: 2019 წლის კომპანიის ფულის შემოსავალმა (დეკლარირებულია) შეადგინა 1 606 984.38 ლარი. კომპანიის ხარჯებმა 2018 და 2019 წლებში შეადგინა 2 340 999.51 ლარი, რემონტისა და სხვა შედარებით მცირე ხარჯების გაუთვალისწინებლად. ყველა ეს მონაცემი RS-ზე არის აღწერილი. ბანკის ამონაწერები შემმოწმებელს აქვს. ხელფასები და იჯარა საშემოსავლოს გარეშე 135 754.46 ლარი. სასაქონლო ზედნადებები 2 015 257.12 ლარი. მომსახურეობა ფაქტურებით 29 266 ლარი. 2018 წლის შენატანები 31 425 ლარი. საბაჟო დეკლარაციები 103 005 ლარი. ბიუჯეტში გადახდილი 19730 ლარი. 1 300.97 ლარი, 3 546.91 ლარი. 1 714.05 ლარი. შესაბამისად. საერთო ხარჯს რომ გამოვაკლოთ საერთო შემოსავალი მარტივად დადგინდება კომპანიაში ინვესტირებული თანხის ოდენობა, 2 340 999.51 – 1 606 984.38 =734 015.13 ლარი. თუ გავითვალისწინებთ რემონტისთვის გაწეულ ხარჯს და სხვა ხარჯებსაც რეალური ხარჯი გაცილებით მეტია. ეს გაანგარიშება პუნქტობრივად გავლილია შემმოწმებელთან - არც ერთი ციფრი სადაო არ არის და ყველა ციფრი დოკუმენტურად დადასტურებულია. ამ გაანგარიშებით დასტურდება არამარტო დამფუძნებლის მიერ თანხის შეტანა ორგანიზაციაში, არამედ მის გამოყენების (გახარჯვის) დეტალური მონაცემები. ორივე მონაცემი დოკუმენტალურად დადასტურებულია, როგორც დამფუძნებლის შენატანი (კრების ოქმები და საბანკო ამონაწერები) ასევე რაში იქნა გამოყენებული ეს თანხები.

ბანკში შეტანილი თანხები რომლებიც კომპანიის კაპიტალის ნაწილია, შეტანილია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე და მთლიანად უნდა იყოს გათვალისწინებული კაპიტალში. ესეც უტყუარი გარემოებაა. თუ დამფუძნებელი არ შემოიტანდა ფულს კომპანიაში, როგორ მოხდებოდა ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯების დაფარვა. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში არ არის არც ერთი არგუმენტი და მტკიცებულება ზემოთ მოყვანილი გაანგარიშების საწინააღმდეგოდ. არცერთი სიტყვა, არცერთი ციფრი, რაც შეიძლება გაანგარიშებაში შეცდომას მიუთითებდეს. მხოლოდ ერთი წინადადება: „735 578 ლარის კაპიტალის ნაშთის ნამდვილობა არ დასტურდება“.

ამ წინადადების გარდა აბსოლუტურად არაფერი არის ნათქვამი კაპიტალის ნაწილში კომპანიის მიერ წარდგენილ გაანგარიშებასთან დაკავშირებით. ვერც შემმოწმებელმა და ვერც შემოსავლების სამსახურმა ვერ შეძლო და ვერც შეძლებს რაიმე მტკიცებულების ან არგუმენტის წარდგენას ზემოთ მოყვანილი გაანგარიშების საწინააღმდეგოდ (მათემატიკა ზუსტი მეცნიერება), თუმცა ჯიუტად თავისი თანამდებობის ბოროტად გამოყენების საშუალებით ამტკიცებენ, რომ თეთრზე შავია და სურთ, რომ დაემორჩილოს მათ უკანონო გადაწყვეტილებებს. გაუგებარია, რატომ უგულვებელყოფს შემმოწმებელი რეალურ გაანგარიშებას. ამ ქმედებით იგი აშკარად ცდება თავის უფლება-მოსილების ფარგლებს და კანონდარღვევით ცდილობს გადამხდელს დააკისროს უსამართლო ვალდებულებები.

შემმოწმებელს განემარტოს უფლებამოსილების ფარგლები და საქმიანობის მიზნები. შემმოწმებლის საქმიანობის მიზანია ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და არა ნებისმიერი მათ შორის უკანონო საშუალებებით გადამხდელის დასჯა.

საკითხი №3. ჩასათვლელი და უკან დაბრუნებული საქონლის შესამცირებელი დღგ. მოგახსენებთ, რომ 1.01.2020 წლიდან გამოწერილ ყველა ს/ზ მოითხოვა ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა. მიაჩნია, რომ ყველა შეძენის ს/ზ (მიუხედავად იმისა გამოწერილია თუ არა ანგარიშ-ფაქტურა) ეკუთვნის დღგ-ის ჩათვლა, რადგან ეს დღგ რეალურად გადახდილი აქვს. სამოქალაქო კოდექსი მიზნებიდან გამომდინარე თუ პირი (მათ შორის ბიუჯეტი) იღებს ერთი შემოსავლის ნაცვლად ერთ და იგივე შემოსავალს ორჯერ ეს ითვლება უსაფუძვლო გამდიდრებად. შეძენილი აქვს საქონელი შემოწმების პერიოდში (ს/ზ გამოწერილია) 30 656.00 ლარის, რომლებზეც ამ ეტაპზე არ არის გამოწერილი ანგარიშფაქტურები. შესაბამისად მიაჩია, რომ 4 676.34 ლარის დღგ ჩათვლა უნდა განხორციელდეს კომპანიის სასარგებლოდ.

შემმოწმებელთან გაგზავნილი ს/ზ რეესტრი არის მხოლოდ ის რის ჩათვლაზე შემმოწმებელი დათანხმდა. უკან დაბრუნების ს/ზ ჯამი, რომლებზეც არ არის გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები შეადგენს 115 563.06 ლარს. შესაბამისად მისი დღგ შეადგენს 17 628.26 ლარს. ამ თანხის ჩათვლილი დღგ შესაბამისი პერიოდულობით არ აქვს შემცირებული (დღემდე უცნობი №11118 მითითების თანახმად), იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ იყო გამოწერილი უკან დაბრუნების ანგარიშ-ფაქტურები. ამ შემთხვევაში უკან დაბრუნებული საქონლის დღგ-ის თანხის ძირიც არასწორად არის დაანგარიშებული და ითხოვს დაკორექტირდეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29527 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- მე-2 სადავო საკითხთან (უკან დაბრუნებული სმფ-ების ნაწილის ღირებულებაზე ჩათვლილი დღგის თანხის კორექტირებასთან) დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-3 სადავო საკითხთან (სალაროში ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ სარგებლად დაკვალიფიცირებასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახური 29.11.2023 წლის №29527 ბრძანებაში ყურადღებას ამახვილებს:

მე-2 დავის საგნის ნაწილში გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ განმარტებაზე, რომ პირს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს პროდუქცია, რომელზედაც არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო აღნიშნული დოკუმენტების გამოწერის შემდგომ შეძლებენ საწარმოსთვის მნიშვნელოვანი დღგ-ს თანხის ჩათვლას და მე-3 დავის საგნის ნაწილში გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ განმარტებაზე, რომ შემოწმებით განსაზღვრული გარემოება 2020 წელს საბანკო ანგარიშიდან გაცემულ ხელფასთან (41 748 ლარი) დაკავშირებით არ შეესაბამება რეალობას, რაც დასტურდება შესაბამისი საბანკო ამონაწერით, ასევე 2021 წელს საბანკო გადარიცხვის გზით ივნისის თვეში თანამშრომელზე (ფ.პ. ---) გაცემული ხელფასი დეკლარირებულია იმავე თვის დეკლარაციაში, ხოლო ორი პირის ხელფასი (---), მათივე განცხადების საფუძველზე ერიცხებოდა სხვა ორ პირს. ასევე პირი აცხადებს, რომ საწარმომ კაპიტალის შევსება დაიწყო სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდე, რომლითაც შეძენილია საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი, შესაბამისად დამფუძნებლის საერთო შენატანი კაპიტალში შეადგენს 735 578 ლარს, რაც დასტურდება შესაბამისი კრების ოქმებით.

ამასთან, მომჩივანს საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29527 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 1.03.2024 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ:

1. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, გადაანგარიშების პროცესში, ჩათვლაში გათვალისწინებული იქნა (საწარმოს განცხადების საფუძველზე) საწარმოს მიერ მიღებული და დეკლარაციაზე მიუბმელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის დღგ შეადგენს ჯამში 1 348 ლარი.

2. გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ შემცირდა ხელფასის სახით განაცემები 2020 წელს, თუმცა, გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის დანაკლისი, რაც საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად იქნა დაკვალიციფირებული. რაც შეეხება კაპიტალის ნაწილს, 735 578 ლარის კაპიტალის ნაშთის ნამდვილობა არ დასტურდება (გადამხდელის მიერ წარდგენილია 2018-2019 წლების ბანკის ამონაწერი, საიდანაც 2018 წელს ბანკში შეტანილია 31 425 ლარი და 2019 წელს 276 500 ლარი, ტრანზაქციების დანიშნულებაში მითითებულია სალაროს ნაშთის ბანკში შეტანა). აღნიშნულ ტრანზაქციებს გადამხდელი ურთავს კრების ოქმებს, რომლებიც რეესტრში რეგისტრირებული არ არის. საწარმოს მიერ წარდგენილი 2021 წლის ფინანსური ანგარიშგებიდან ჩანს, რომ კაპიტალის ნაშთი 31.12.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს 422 161 ლარს, აქედან 276 500 ლარი ფულის ნაშთში შემოწმების მიერ უკვე გათვალისწინებულია. შესაბამისად, გადაანგარიშების პროცესში დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით გაანგარიშებული ფულის ნაშთი.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით: - საქმიანობისათვის შეძენილი მასალების რეალიზაციაში გაშვება ერთმნიშვნელოვნად ზრდის ფულის შემოსავალს, რაც ფულის მოძრაობის და ნაშთის განსაზღვრისას მნიშვნელოვანი გარემოებაა. კერძოდ, მთლიან რეალიზაციაში დარიცხვა არ უნდა განხორციელებულიყო გაწეულ ხარჯზე - 82 105.77 ლარზე. სწორი გაანგარიშებისათვის 82 105.77 ლარიდან უნდა დაერიცხოს 2020 წლის ხარჯს 57 185.61 ლარს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყვანილი ფასნამატი 14.8% 8 463.47 ლარი და 2021-2022 წლის ხარჯს 24 920.16 ლარს, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყვანილი 22% ფასნამატი 5 482.43 ლარი.

ამ რიცხვების ჯამი 96051.67 (57185.61+8463.47+24920.16+5482.43) ლარი უნდა გამოაკლდეს რეალიზაციას და შესაბამისად ფულის ნაშთს. აღნიშნული საქონელი არ არის შეძენილი ძირითადი მომწოდებლებისგან და მარტივად იდენტიფიცირებადია (შეძენები განხორციელებულია ქ.---ში);

- შემმოწმებელი კაპიტალთან დაკავშირებით ეყრდნობა მხოლოდ კომპანიის ბუღალტრის მიერ შეცდომით შევსებულ 2020 წელის ფინანსურ ანგარიშგებას. ასევე აცხადებს, რომ 2018-2019 წლებში ორგანიზაციაში შეტანილი თანხები არ აქვს რეგისტრირებული რეესტრში. პირველ რიგში ყურადღებაა მისაქცევი შემმოწმებლის აბსოლუტურად უკანონო მიდგომაზე, როდესაც პირის ანგარიშ-ვალდებულების განსაზღვრისას იყენებს გარე წყაროებში მათ შორის ფინანსურ-ანგარიშგებაში მითითებულ მონაცემებს. მით უმეტეს, როცა გადამხდელი აცხადებს, რომ ეს მონაცემები არ არის სწორი. რაც შეეხება, კაპიტალის რეგისტრაციას რეესტრში, ასეთი ვალდებულება კომპანიას 2018-2019 წლებში არ ჰქონია. გაანგარიშება პუნქტობრივად გავლილია შემმოწმებელთან - არც ერთი ციფრი სადაო არ არის და ყველა ციფრი დოკუმენტურად დადასტურებულია. ამ გაანგარიშებით დასტურდება არამარტო დამფუძნებლის მიერ თანხის შეტანა ორგანიზაციაში, არამედ მის გამოყენების (გახარჯვის) დეტალური მონაცემები.

მომჩივნის არგუმენტზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით: - 82 105.77 ლარის საქონლის შეძენა და თანხის გადახდა დასტურდება, თუმცა ვერ ხერხდება იდენტიფიცირება განხორციელდა აღნიშნული საქონლის რეალიზაცია თუ გაიხარჯა, როგორც გადასახადის გადამხდელი განმარტავს ოფისის კეთილმოწყობისთვის ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისას. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა საბუღალტრო პროგრამა, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დოკუმენტებით შეძენილი საქონელი ჩაშლილია კატეგორიებად და აღნიშნული საქონელიც მოხვდა ამ კატეგორიებში და მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ფასნამატი, ხოლო მიღებული შემოსავალი აისახა ფულის მოძრაობაში;

- შემოწმების შედეგად დაითვალა მიღებული შემოსავალი გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, დეკლარირებული ხელფასები, ბიუჯეტში გადახდები და ა.შ და 2019 წლის ბანკის ამონაწერში მითითებული კაპიტალში შენატანი 276 500 ლარი. გადამხდელი ითხოვს, რომ 2018- 2019 წელს ბანკში სალაროს დანიშნულებით (ოთხი შენატანი, მათ შორის 2019 წლის იანვარში ორი) შეტანილი თანხის გათვალისწინებას კაპიტალში. საწარმოს მიერ წარდგენილი 2021 წლის ფინანსური ანგარიშგებიდან ჩანს, რომ კაპიტალის ნაშთი 31.12.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს 422 161 ლარს, აქედან 276 500 ლარი ფულის ნაშთში შემოწმების მიერ უკვე გათვალისწინებულია.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.

შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12862 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29527 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოსავლები დაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით: დადგინდა წლების მიხედვით გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი კატეგორიების მიხედვით და რეალიზებული პროდუქციის ღირებულებაზე კატეგორიის წილის მიხედვით მოხდა აღნიშნული ფასნამატის გავრცელება. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის და სიტუაციური სახელმძღვანელოს №11118 გათვალისწინებით, იმის საფუძველზე, რომ საქონლის ნაწილის დაბრუნების ფაქტი სახეზეა (გამოწერილია სასაქონლო ზედნადები) მიუხედავად იმისა, რომ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იქნა გამოწერილი, ჩათვლის მიმღების მიერ დაბრუნებული საქონლის ოდენობაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა გაუქმებას, საქონლის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში.

შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის მოძრაობა, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, საწყისი და საბოლოო კაპიტალის ოდენობა. აღნიშნულის შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი შესამოწმებელ პერიოდში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1 ბ.