ბრძანება N 27481

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 27.12.2024
№ დოკუმენტი 27481
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27481

27 დეკემბერი 2024

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

(ფაქტ. მის.: „-------“ )

2024 წლის 9 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №133) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) №93236/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ნოემბრის №002-211 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ, ტრაქტორის და გუთნების შეძენაზე გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით დღგ-სა და მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ ტრაქტორი და გუთნები შეძენილი იყო ეკონომიკურ საქმიანობაში გამოსაყენებლად, თუმცა შესამოწმებელ პერიოდში ვერ მოხერხდა მათი გაქირავება. აცხადებს, რომ უკვე დაიწყო შეძენილი ტექნიკის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება და საჩივრის დანართად წარმოადგინა ზემოაღნიშნული ძირითადი საშუალებების გაქირავებაზე დადებული ხელშეკრულება და სპიდომეტრის ფოტოსურათი. განმარტავს, რომ შემოწმებას წარუდგინა ყველა დოკუმენტაცია, რაც კი შესაძლებელი იყო, თუმცა აუდიტორების მიერ მოთხოვნილი იყო ექსპერტიზის აქტი, სპიდომეტრის ჩვენებასთან დაკავშირებით, რისი ჩატარების შესაძლებლობაც საქართველოში არ არსებობს და ითხოვს მიეთითოს დაწესებულება, ზემოაღნიშნული ექსპერტიზის ჩასატარებლად.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16215 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 მაისის №002-91 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 26 ივნისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------- -ის“ (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16215 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 19 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 26 ნოემბრის №002-211 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების მიერ დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მომსახურების ორი ხელშეკრულება და სპიდომეტრის ჩვენება ფოტოსურათის სახით. შესწავლის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლეოდა გონივრულ საფუძველს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და დარიცხული თანხების კორექტირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მხოლოდ მომსახურების ხელშეკრულებით არ დადგინდა ტრაქტორის და გუთნების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ნამდვილობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ხელშეკრულება არის ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. დანართის სახით წარმოდგენილი ხელშეკრულებით, მხარეებმა მხოლოდ ვალდებულებები იკისრეს ერთმანეთის მიმართ, თუმცა არ დაფიქსირდა მიღება-ჩაბარების დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა გადასახადის გადამხდელის მიერ ძირითადი საშუალებების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ნამდვილობას. მეორე მხრივ, ფოტოსურათის სახით წარმოდგენილი სპიდომეტრით არ იდენტიფიცირდა, თუ კონკრეტულად რომელ ტრაქტორს ეკუთვნოდა აღნიშნული. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელი აპელირებდა, რომ ტრაქტორებისა და გუთნების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება შემოწმების დასრულების შემდგომ დაიწყო, თუმცა აღნიშნული შემოწმებისათვის საეჭვოა, ვინაიდან 2022 წელს შეძენილი ძირითადი საშუალების მიზნობრივად გამოყენება მანამდეც შესაძლებელი იქნებოდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის

ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, ტრაქტორი და გუთნები შეძენილი იყო ეკონომიკურ საქმიანობაში გამოსაყენებლად, თუმცა შესამოწმებელ პერიოდში ვერ მოხერხდა მათი გაქირავება. მომჩივანი მიუთითებს, რომ უკვე დაიწყო შეძენილი ტექნიკის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება და შემოწმებას წარუდგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, კერძოდ, ძირითადი საშუალებების გაქირავებაზე დადებული ხელშეკრულება და სპიდომეტრის ფოტოსურათი.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია დაუსაბუთებელია და არ დასტურდება, რომ კომპანიის მიერ ტრაქტორის და გუთნების შეძენა ან/და შეძენის მიზანი არ არის მათი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, მაშინ როდესაც მომჩივანს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები შეძენილი ტექნიკის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებასთან დაკავშირებით.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ტრაქტორისა და გუთნების შეძენის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად დაკვალიფიცირების საფუძვლით, დღგ-ის და მოგების გადასახადში დამატებით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2.სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ტრაქტორისა და გუთნების შეძენის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად დაკვალიფიცირების საფუძვლით, დღგ-ის და მოგების გადასახადში დამატებით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16215 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 19 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 26 ნოემბრის №002-211 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ტრაქტორისა და გუთნების შეძენის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად დაკვალიფიცირების საფუძვლით, დღგ-ის და მოგების გადასახადში დამატებით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),174,175,176.