ბრძანება N 3853
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3853
28.02.2023
ი/მ "----------" (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 1 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ "----------"-ს (ს/ნ ----------) №17952/21-11 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ დავალიანებას. აღნიშნული საჩივარი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15).
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ არის კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული, რომელსაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის №--------- განკარგულების საფუძველზე გადაეცა მიწა საკ. კოდით "----------", რომელზეც ინვესტიციის განხორციელება ვერ მოხდა და უკან დაუბრუნდა ინვესტორს. შემდეგ გადამხდელს გადაეცა ახალი მიწის ნაკვეთი, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა საგადასახადო დავალიანების შესახებ, რომელსაც არ ეთანხმება და ითხოვს გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2021 წლის 25 ივნისს ი/მ "----------"-ს (ს/ნ ----------) პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულია 2020 წლის ქონების გადასახადი 338 (16885-დან 338) კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (საკადასტრო კოდი: ----------) მდებარე "----------". 2020 წლის გადასახადი დარიცხულია საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წლიურად 93 ლარის ოდენობით, ხოლო 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდზე გადასახადი დარიცხულია ავტომატური რეჟიმით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ასევე წლიურად 93 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, 2021 წლის 25 ივნისის N024-4884 (საანგარიშო პერიოდი 2020 წელი) და 2021 წლის 8 ნოემბრის N011-55285 (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) საგადასახადო მოთხოვნები გაგზავნილია გადამხდელის ავტორიზებულ ვებგვერდზე 2021 წლის 6 ივლისს და 2021 წლის 8 ნოემბერს, თუმცა გადამხდელზე გაცნობა/ჩაბარება არ ფიქსირდება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამის (NAPRWEB3.5) მონაცემებით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელზეც შენობა-ნაგებობა არ ფიქსირდებოდა (საკადასტრო კოდი ----------) ი/მ "----------" (ს/ნ ----------) თანასაკუთრებაში (კუთვნილი წილი 338 კვ.მ) ფლობდა 16.10.2019 წლიდან 27.12.2021 წლამდე. აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაცემულ იქნა "----------"-ის საკუთრებაში 2021 წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულებით "----------" საკუთრებაში ----------საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2010 კვ.მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ.
აღნიშნული ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდით: ----------) შესაბამისი წილი საკუთრებაში გადაეცა გადამხდელს, რომელზეც ამავე ხელშეკრულებით როგორც კოოპერატივის წევრმა საკუთრების უფლება გადასცა კომპანიას ("----------") ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით (საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პირობით).
ი/მ "----------" (ს/ნ ----------) 01.02.2023 წლის №17952/21-11 განცხადების საფუძველზე შეუმცირდა პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული 2022 წლის არასასოფლო მიწის გადასახადი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით ი/მ "----------"-ს (ს/ნ ----------) პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება საგადასახადო დავალიანება; გადასახადი 186 ლარი, საურავი 49.34 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა პირადი აღრიცხვის ბარათზე მიწაზე ქონების გადასახადში დარიცხული დავალიანების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ: საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამის (NAPRWEB3.5) მონაცემებით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელზეც შენობა-ნაგებობა არ ფიქსირდებოდა (საკადასტრო კოდი ----------) ი/მ "----------" (ს/ნ ----------) თანასაკუთრებაში (კუთვნილი წილი 338 კვ.მ) ფლობდა 16.10.2019 წლიდან 27.12.2021 წლამდე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე მიწაზე ქონების გადასახადი დარიცხულია მართლზომიერად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევა ჩადენილია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს ამ ბრძანების გამოცემის თარიღისათვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საჩივარი პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს ამ ბრძანების გამოცემის თარიღისათვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავისაგან;
3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.