ბრძანება N 9154
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9154
08 მაისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ -------------ის (ს/ნ ----------------)
(ფაქტ. მის.: --------------------------;
იურ. მის.: ----------------------------)
2025 წლის 23 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 მაისის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა ი/მ -------------ის (ს/ნ ----------------) 2025 წლის 23 აპრილის №95203/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №065-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირი განხილვისას მოითხოვა დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინება. ასევე მოითხოვა საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება. მომჩივანი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით, ვინაიდან არ ფლობდა ინფორმაცის დეკლარაციების წარდგენის ვალდებულებასთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 თებერვლის №1451 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -------------ის (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 27 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 27 მარტის №192 ბრძანება და 31 მარტის №065-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 141 658 ლარი, მათ შორის გადასახადი 99 093 ლარი, ჯარიმა 27 709 ლარი და საურავი 14 856 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა საკონდიტრო პროდუქციის წარმოება (საცხობი). პირი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბანკის ანგარიშების ამონაწერების შესაბამისად შესწავლილ იქნა მიღებული შემოსავლები.
შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას არ გამოყენებულა არაპირდაპირი მეთოდი და საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებული იქნა შემოწმების ხელთარსებული მონაცემების მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის გათვალისწინებით, საბანკო ანგარიშების ამონაწერების და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების მიხედვით, პირის დასაბეგრმა ბრუნვამ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 11 აგვისტოს ოპერაციით. შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულად ჩაითვლება ამავე თარიღიდან. ამასთან, პირს 2023 წლის აგვისტოს თვიდან დაუანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჩათვლას დაექვემდებარა რეგისტრაციის შემდგომ მიღებული ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის თანხები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ პოზიციაზე, სადაც აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ს ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოწმებით განსაზღვრულ სანქციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №065-2 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ -------------ის (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დღგ-ს ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. ი/მ -------------ის (ს/ნ ----------------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №065-2 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებას და საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №1451 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №192 ბრძანება და №065-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 141 658 ლარი, მათ შორის გადასახადი 99 093 ლარი, ჯარიმა 27 709 ლარი და საურავი 14 856 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით გადასახადის გადამხდელი არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბანკის ანგარიშების ამონაწერების შესაბამისად შესწავლილ იქნა მიღებული შემოსავლები. შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას არ გამოყენებულა არაპირდაპირი მეთოდი და საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებული იქნა შემოწმების ხელთარსებული მონაცემების მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის გათვალისწინებით, საბანკო ანგარიშების ამონაწერების და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების მიხედვით, პირის დასაბეგრმა ბრუნვამ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 11 აგვისტოს ოპერაციით. შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულად ჩაითვლება ამავე თარიღიდან. ამასთან, პირს 2023 წლის აგვისტოს თვიდან დაუანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჩათვლას დაექვემდებარა რეგისტრაციის შემდგომ მიღებული ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის თანხები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ს ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის №065-2 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174(1.2); 175(1 „ა“, „ბ“ და ,,გ“); 176(1 „ა“ და „ბ“); 180(1); 269(1.7); 282(1);