ბრძანება N 14056
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14056
17 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.:---) 2024 წლის 27 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 ივნისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ---) №89890/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 აპრილის №081-89 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, ფასნამატის დადგენას და აღნიშნულის შესაბამისად დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვას. აგრეთვე, გადამხდელი არ ეთანხმება ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე თვითღირებულების დადგენისას საშუალო შეწონილი ფასის განსაზღვრას. გადამხდელი განმარტავს, რომ რეალიზაციისას ხდებოდა საქონლის დაკომპლექტება, კერძოდ: აბაზანასთან და ნიჟარასთან აკომპლექტებდა ,,სიფონებსა“ და სხვა მექანიზმებს, თუმცა საანგარიშსწორებო დოკუმენტებში სრულად არ არის ასახული ინფორმაცია მაკომპლექტებლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელი მიიჩნევს, რომ არის ტექნიკური გადაცდომა, რის გამოც მოხდა ფასნამატის გაზრდა და გადასახადის დარიცხვა. გადამხდელი აცხადებს, რომ ვაჭრობისას აღნიშნულ ,,დაკომპლექტების“ მიდგომას იყენებს თითქმის ყველა, მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ არ მოხდა მომხმარებელთა გამოკითხვა და ბაზრის შესწავლა. შესაბამისად, უსაფუძვლოდ განისაზღვრა ფასნამატი და მაკომპლექტებელი საშუალებები არ იქნა შესაბამის ჯგუფში შეყვანილი, რითიც გაიზრდებოდა თვითღირებულების ფასი.
ამდენად, მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგები არ ასახავს მთავარ მოცემულობას და რეალობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 თებერვლის №3725 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები.
შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 26 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 30 აპრილის №10012 ბრძანება და ამავე თარიღის №081-89 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 158 486 ლარი, მათ შორის, გადასახადი 90 225 ლარი, ჯარიმა 43 501 ლარი, საურავი 24 760 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის სახეს წარმოადგენს თურქეთიდან იმპორტირებული, ასევე, ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი სანტექნიკის მასალებითა და აქსესუარებით საცალო, საბითუმო ვაჭრობა ----ს ბაზრობის ტერიტორიაზე. გადამხდელს რეალიზაციის 73% განხორციელებული აქვს დოკუმენტურად. შემოწმებების მიმდინარეობისას წარმოდგენილ იქნა საბუღალტრო პროგრამა, სადაც არასწორად არის აღრიცხული საქონლის მოძრაობა და პირველადი სამეურნეო ოპერაციები.
შესაბამისად, წარმოდგენილი აღრიცხვის საფუძველზე ვერ დგინდება სამეურნეო ოპერაციის დაწყებას, მიმდინარეობასა და დასრულებას შორის კავშირი. პროდუქციის შეძენისა და რეალიზაციის სააღრიცხვო დოკუმენტაციით ზუსტად არ იდენტიფიცირდება ამავე პროდუქციის სახეობის, რაოდენობის, ზომის ერთეულისა და მიწოდების თარიღის შესაბამისად, პროდუქციის ერთეულის თვითღირებულება ან/და ამავე პროდუქციის ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით (17 ჯგუფი), განსაზღვრულ იქნა თითოეული ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი და საცალოდ რეალიზებულ საქონელზე 2021-2022 წლებში გავრცელებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2023-2024 წლებზე ინვენტარიზაციისას დადგენილი ფასნამატი. საწარმოში ინვენტარიზაცია ჩატარდა 2024 წლის 4 მარტს, ფაქტობრივად აღწერილმა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების რაოდენობამ საბაზრო ფასით შეადგინა 1 143 693 ლარი, ნაშთად არსებულ საქონელზე თვითღირებულებად განსაზღვრულ იქნა შეძენის საშუალო შეწონილი ფასი გადამხდელის მონაწილეობით. გაიზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს დამატებით დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთანავე, არაპირდაპირი მეთოდით, ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, მეთოდური მითითების მიხედვით, გაანგარიშებულ იქნა პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის განკარგვადი ნაშთი, თუმცა დასაბეგრი ნაშთი სალაროში არ დარჩენილა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით და წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაციით ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ ფასნამატთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით (17 ჯგუფი), განსაზღვრულ იქნა თითოეული ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი და საცალოდ რეალიზებულ საქონელზე 2021-2022 წლებში გავრცელებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2023-2024 წლებზე ინვენტარიზაციისას დადგენილი ფასნამატი. საწარმოში ინვენტარიზაცია ჩატარდა 2024 წლის 4 მარტს, ინვენტარიზაციისას გამოვლენილ ნაშთზე საინვენტარიზაციო კომისიასთან ერთად, გადამხდელის მონაწილეობით, განსაზღვრული იქნა სარეალიზაციო ფასები. თვითღირებულებები კი განისაზღვრა გადამხდელის მიერ, რაც შემოწმების პროცესში გადამოწმდა პირველად დოკუმენტებთან.
შემოწმებამ, ინვენტარიზაციისას დადგენილი სარეალიზაციო ფასები შეადარა სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებულს, რაც ხშირ შემთხვევაში ედრებოდა, ზოგ შემთხვევაში კი ზედნადებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასი აღემატებოდა ინვენტარიზაციისას დადგენილს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დადგენილმა ინვენტარიზაციის ფასნამატმა შეადგინა- 51%. გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, რეალიზაციისას საქონლის დაკომპლექტებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელი ახორციელებს ზემოაღნიშნული კომპლექტების შეძენასაც, ამდენად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას რეალიზაციის ნაწილში, ვერ გაიმიჯნა გადამხდელის მიერ კომპლექტად შეძენილი საქონლის და თავისივე აწყობილი კომპლექტების რეალიზაცია. ფასნამატი კი დათვლილ იქნა ზუსტად იდენტიფიცირებადი საქონლის გასაყიდ და შეძენის ფასებს შორის სხვაობით. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, ფასნამატის დადგენას და აღნიშნულის შესაბამისად დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით, განსაზღვრულ იქნა თითოეული ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი და საცალოდ რეალიზებულ საქონელზე 2021-2022 წლებში გავრცელებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2023-2024 წლებზე ინვენტარიზაციისას დადგენილი ფასნამატი. გაიზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს დამატებით დაერიცხა გადასახადი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5).