გადაწყვეტილება №27274/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27274/2/2026
07 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 1.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27274/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13447 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.02.2026 წლის №071-4 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8402 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 223 058,35 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 119 142
დღგ - 32 634
საშემოსავლო გადასახადი - 86 508
ჯარიმა - 57 167
საურავი - 46 749,35
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 1.10.2024 წლამდე პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2025 წლის №071-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13447 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შენობის (ემერჯენსი) მშენებლობასთან და იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობასა და შენობის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების უსასყიდლოდ მომსახურების გაწევად დაკვალიფიცირების საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობაზე გაწეული ხარჯების ნაწილში დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. იჯარით აღებულ მიწაზე შენობის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობისა და შენობის (ემერჯენსი) მშენებლობის (საკუთარი წარმოების შენობანაგებობის) ხარჯების გამიჯვნის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის გამიჯვნის დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, გამიჯნოს იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობისა და შენობის (ემერჯენსი) მშენებლობის (საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის) ხარჯები და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ნაწილში დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს განაცემების გადახდის წყაროსთან დაბეგვრისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13447 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2026 წლის დასკვნის მიხედვით შემოსავლების სამსახურის გადაწყვტილების შესაბამისად შემცირებას დაექვემდებარა მოგების გადასახადში დარიცხული საგადასახდო ვალდებულებები. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიმიჯნა იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობისა და მშენებლობის ხარჯები. შედეგად, იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობაზე უსასყიდლო მომსახურების კვალიფიკაციით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, ხოლო კომპანიის მფლობელობაში არსებულ (იჯარით აღებული) მიწაზე შენობის მშენებლობა განხილულ იქნა საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებად. მიღებული ანგარიშ-ფაქტურების და წარმოდგენილი ცხრილების ანალიზის შედეგად დაანგარიშდა გაწეული ხარჯები და ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა. გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა მითითებული გაცემული თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრისას გაანგარიშების რა ნაწილში იყო დაშვებული ტექნიკური შეცდომა. შედეგად, საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები არ ექვემდებარება კორექტირებას.
აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 27.02.2026 წლის №071-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8402 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.
შენობის (ემერჯენსი) მშენებლობასთან და იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის პრეტენზია უსაფუძვლოა, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობასა და შენობის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების უსასყიდლოდ მომსახურების გაწევად დაკვალიფიცირების საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, ასევე, იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობაზე გაწეული ხარჯების ნაწილში დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხარჯის გამიჯვნის დოკუმენტაცია/მტკიცებულებების შესწავლა, იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობისა და შენობის (ემერჯენსი) მშენებლობის (საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის) ხარჯების გამიჯვნა და აღნიშნულის გათვალისწინებით საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ნაწილში დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, შემცირებას დაექვემდებარა მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიმიჯნა იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობისა და მშენებლობის ხარჯები. შედეგად, იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობაზე უსასყიდლო მომსახურების კვალიფიკაციით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, ხოლო კომპანიის მფლობელობაში არსებულ (იჯარით აღებულ) მიწაზე შენობის მშენებლობა დაკვალიფიცირდა საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებად. მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და წარდგენილი ცხრილების ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა მშენებლობაზე გაწეული ხარჯები და ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა.
აშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის პრეტენზია ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა განაცემების გადახდის წყაროსთან დაბეგვრისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა, თუმცა გადამხდელის მიერ ვერ იქნა მითითებული გაანგარიშების რა ნაწილში იყო დაშვებული ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას.
სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, განსაზღვრულ იქნა საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის ნაწილში, კერძოდ, შეიცვალა იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობასა და ახალი შენობის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების კვალიფიკაცია და ორივე განხილულ იქნა კომპანიის (მოიჯარე) მიერ მეიჯარის მიმართ გაწეულ უსასყიდლო სამშენებლო მომსახურებად, რომელიც დაექვემდებარა დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სამედიცინო საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ფიზიკური პირისგან იჯარით აღებულ ტერიტორიაზე. შესამოწმებელ პერიოდში საწარმომ განახორციელა იჯარით აღებული მიწის კეთილმოწყობა, შენობის რემონტი (სარეანიმაციო და ქირურგიის განყოფილებისა, ასევე სასტერილიზაციო ოთახის მოწყობა) და ასევე ახალი შენობა-ნაგებობის (EMERGENCY) აშენება, აღსანიშნავია, რომ კომპანიის საქმიანობის სფეროდან გამომდინარე (სამედიცინო საქმიანობა), ვინაიდან იგი ახორციელებს ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ საქმიანობას, პირი არ წარმოადგენდა დღგ-ის გადამხდელს და შესაბამისად კომპანიის მიერ არ მომხდარა რემონტსა და მშენებლობაზე გაწეულ ხარჯებზე დღგ-ის ჩათვლა. შემოწმების შედეგად, კომპანია სავალდებულო წესით დარეგისტრირდა დღგის გადამხდელად და უსასყიდლო მშენებლობის მომსახურებად დაკვალიფიცირებული ოპერაცია შემმოწმებლების მიერ დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, ისე რომ მათ მიერ არ მომხდარა შენობის ასაშენებლად საჭირო ხარჯებზე დღგ-ის ჩათვლა.
2014 წლიდან კომპანიას ფიზიკურ პირ ------- შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე (რომელიც გრძელდება დღემდე) ------- იჯარით აღებული აქვს მიწის ნაკვეთი და მასზედ დამაგრებული შენობის ნაწილი (ს/კ -------), რომლის საიჯარო გადასახდელიც შეადგენს 6 750 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიამ მოახდინა ეზოს მოპირკეთება და კეთილმოწყობა, იჯარით აღებული შენობის სამედიცინო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო კონდიციაში მოყვანა, კერძოდ, მოახდინა იჯარით აღებულ შენობაში რეანიმაციისა და ქირურგიული განყოფილებების, ასევე სასტერილიზაციო ოთახის მოწყობა და იჯარით აღებულ ტერიტორიაზე ააშენა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების (EMERGENCY) შენობა.
აუდიტორების მიერ არ მოხდა ფაქტობრივი გარემოებების სათანადო შეფასება და გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ახსნა-განმარტებების სწორი ანალიზი.
იჯარით აღებული მიწის მოპირკეთება და ეზოს კეთილმოწყობა, განპირობებული იყო მხოლოდ კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, კერძოდ კი, სამედიცინო საქმიანობის განსახორციელებლად და პაციენტებისთვის სათანადო მომსახურების შეთავაზების მიზნით. კეთილმოწყობილი ტერიტორიით არ უსარგებლია ფართის იჯარით გამცემს. შესაბამისად რის საფუძველზე იქნა შემმოწმებლების მიერ განხილული მეიჯარის მიმართ გაწეულ უსასყიდლო მომსახურებად და რის საფუძველზე დაიბეგრა მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებით, თანაც ისე, რომ 2014 წლიდან დღევანდელ დღემდე ფართი გამოიყენება სამედიცინო საქმიანობაში და ტერიტორიით სარგებლობს მხოლოდ მოიჯარე (კომპანია),გაურკვეველია.
იჯარით აღებული ფართის რემონტის ხარჯები (რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილებისა და სასტერილიზაციო ოთახის მოწყობა), რომელთა გაწევაც განპირობებულია შენობის სამედიცინო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო კონდიციაში მოსაყვანად და რომლითაც არ უსარგებლია ფართის იჯარით გამცემს, განხილულ იქნა მეიჯარის მიმართ გაწეულ უსასყიდლო მომსახურებად და დაიბეგრა მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებით, თანაც ისე, რომ 2014 წლიდან დღევანდელ დღემდე ფართი გამოიყენება სამედიცინო საქმიანობაში და შესაბამისად შენობით სარგებლობს მოიჯარე (კომპანია). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაურკვეველია თუ რატომ მოხდა კომპანიის მიერ გაწეული სპეციფიკური სარემონტო ხარჯების მეიჯარის სასარგებლოდ გაწეულ უსასყიდლო მომსახურებად დაკვალიფიცირება, მაშინ როცა რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილება და სასტერილიზაციო ოთახი წარმოადგენს მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით გამოსაყენებელ სივრცეს და ამავდროულად რემონტით დღემდე სარგებლობს მოიჯარე (დღემდე არ შემწყდარა იჯარა).
იჯარით აღებულ ტერიტორიაზე სამედიცინო დანიშნულების კერძოდ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების (EMERGENCY) შენობის მშენებლობა ასევე განხილულ იქნა მეიჯარის სასარგებლოდ გაწეულ სამშენებლო მომსახურებად და დაბეგრილ იქნა დამატებული ღირებულებისა და მოგების გადასახადებით, მაშინ როცა მოიჯარის (კომპანია) მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების (EMERGENCY) შენობის მშენებლობა განპირობებული იყო „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №385 დადგენილებაში შესული ცვლილებით, რომლის მიხედვითაც სტაციონარული მომსახურების გამწევ საავადმყოფოებს გაუჩნდათ ვალდებულება ჰქონოდათ ემერჯენსი განყოფილება. ასევე, ყველა სამედიცინო კლინიკა, რომელიც ჩართულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ვალდებული იყო გაევლო საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 26 იანვრის №4/ნ ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განახორციელებდა სამედიცინო საქმიანობას ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში. საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება შეუძლებელი იქნებოდა სამედიცინო ინფრასტრუქტურის განახლების გარეშე. კომპანიამ საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო 2024 წლის ბოლოს, რითაც შეინარჩუნა უფლება გააგრძელოს საქმიანობა როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მიმწოდებელმა. ამასთან, მეიჯარის ტერიტორიაზე აშენებული შენობის სანაცვლოდ არ მომხდარა საიჯარო გადასახდელის გაზრდა და აღნიშნული ფართით უსასყიდლოდ სარგებლობს მოიჯარე, შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი თუ მოიჯარემ (კომპანია) მეიჯარეს (ფიზიკური პირი) გაუწია მომსახურება, აღნიშნული მომსახურება ვერ იქნება უსასყიდლო, ვინაიდან სანაცვლოდ პირი (მოიჯარე) სარგებლობს ახალაშენებული ფართით უსასყიდლოდ (საიჯარო ქირის გადახდა ხდება მხოლოდ უკვე არსებულ შენობაზე და არა ახალაშენებულზე).
იმ შემთხვევაშიც კი თუ აუდიტორების მიერ სწორად მოხდა იჯარით აღებული ფართის რემონტისა და ახალი შენობის აშენების მომსახურების მეიჯარის მიმართ განხორციელებული უსასყიდლო მომსახურებად განხილვა, გაურკვეველია რა მიზეზით არ მოხდა აღნიშნულ ხარჯებზე გადახდილი დღგის ჩათვლა, როცა კომპანიას აღნიშნულ ხარჯებზე მიღებული აქვს შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები. კერძოდ კი 2021-2023 წლების განმავლობაში კომპანიას მიღებული და დადასტურებული აქვს 458 000 ლარის ჩაუთვლელი ანგარიშ-ფაქტურები, მათ შორის არსებითი რაოდენობა ანგარიშ-ფაქტურებისა არის სწორედ სარემონტო მომსახურებაზე მიღებული. გარდა ამისა, კომპანიას მიღებული აქვს სასაქონლო ზედნადებებიც, რომელიც ამ ეტაპზე მიბმული არ არის ანგარიშ-ფაქტურებზე, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში, გამყიდველი გამოაგზავნის შესაბამის ანგარიშ-ფაქტურებს, რაც ასევე საფუძველი იქნება დღგ-ის ჩათვლით.
ამასთანავე, გაურკვეველია, თუ რატომ მოხდა იჯარით აღებული ფართის რემონტისა და შენობის აშენების ერთ ოპერაციად განხილვა, ვინაიდან ადგილი აქვს ორ დამოუკიდებელ ოპერაციას: 1) იჯარით აღებულ ფართში მოეწყო რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილება, ასევე სასტერილიზაციო ოთახი და გარემონტდა ეზო; 2) აშენდა ახალი დამოუკიდებელი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების შენობა. შესაბამისად, თუ აუდიტორებმა არასწორად, მაგრამ შენობის აშენება განიხილეს უსასყიდლო მომსახურებად ვინაიდან ადგილი აქვს კაპიტალური შენობის რემონტის, რომლითაც იჯარის გაწყვეტის შემდგომ პოტენციურად შეიძლება ესარგებლა მეიჯარეს (ფიზიკურ პირს), რატომ განიხილეს სარეანიმაციო განყოფილების მოწყობა მეიჯარის მიმართ განხორციელებულ უსასყიდლო მომსახურებად, მაშინ როცა რემონტი მთლიანად მოიჯარის ხელში დაექვემდებარება „ცვეთას“ და როგორც პირებს შორის არსებული პრაქტიკა აჩვენებს, საიჯარო ხელშეკრულება იქნება ხანგრძლივი (პირებს შორის 2014 წლიდან დღევანდელ დღემდე არსებობს საიჯარო ურთიერთობა).
მიუღებელია ამ ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ზემოხსენებული არგუმენტებიდან გამომდინარე, თუმცა დამატებით იმის დასასაბუთებლად, რომ აუდიტორების მიერ შეცდომებით მოხდა შემოწმება და შეფასება, არის ის, რომ თუკი დაიბეგრა მათ მიერ ოპერაცია, რატომ არ მოახდინეს შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა, რაზეც შემოწმების დროს უკვე არსებობდა შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები ან კიდევ დაბეგვრის მიზნებისთვის რატომ მოხდა განსხვავებული ოპერაციების ერთ ჭრილში შეფასება.
უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა გადასახადის გადამხდელთან ერთად და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადამხდელთან. შედეგად კი, უნდა შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.
კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი გამომდინარეობს კომპანიის სამედიცინო საქმიანობიდან, კერძოდ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) შენობის მშენებლობა დაიწყო 2021 წელს, სამედიცინო საქმიანობისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის აშენების უფლებით, იჯარით დაკავებულ მიწაზე. აღნიშნული შენობის მშენებლობაზე, მშენებლობის ნებართვა ------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულია შპს ------- სახელზე (თანდართული მასალები), სამედიცინო დაწესებულების შენობის მშენებლის უფლებით. ასევე, 2023 წელს სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სამედიცინო დაწესებულების შენობა ვარგისად აღიარებულია შპს ------- მიმართვის საფუძველზე, რომელშიც დღემდე აგრძელებს კლინიკა სამედიცინო საქმიანობას.
პირებს შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება მოქმედებს დღემდე და შესაბამისად ფართით სარგებლობს მოიჯარე. ამასთან, ადგილი აქვს მოიჯარის მიერ ერთის მხრივ რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილებისა და სასტერილიზაციო ოთახის მოწყობას (რემონტს), ხოლო მეორეს მხრივ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების (EMERGENCY) შენობის მშენებლობას. აუდიტორების მიერ არამართებულად მოხდა როგორც სარემონტო დანახარჯების ისე ახალი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების (EMERGENCY) შენობის აშენებაზე გაწეული ხარჯების მეიჯარის მიმართ განხორციელებულ უსასყიდლო მომსახურებად დაკვალიფიცირება, ვინაიდან ხარჯები გაწეულია ტერიტორიის სამედიცინო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო კონდიციაში მოსაყვანად და ტერიტორიით (როგორც იჯარით აღებული, ასევე ახალ აშენებული შენობით) დღემდე სარგებლობს მოიჯარე, თანაც ისე, რომ არ ხდება ახალ შენობაზე საიჯარო ქირის მოიჯარისთვის გადახდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, გაურკვეველია, თუ რატომ მოხდა იჯარით აღებული ფართის რემონტისა და შენობის აშენების ერთ ოპერაციად განხილვა, ვინაიდან ადგილი აქვს ორ დამოუკიდებელ ოპერაციას, ერთის მხრივ იჯარით აღებულ ფართში მოეწყო ქირურგიული და რეანიმაციული განყოფილება და სასტერილიზაციო ოთახი, ხოლო მეორეს მხრივ აშენდა შენობა. შესაბამისად, თუ აუდიტორებმა არასწორად, მაგრამ შენობის აშენება განიხილეს უსასყიდლო მომსახურებად, რატომ განიხილეს სარეანიმაციო განყოფილების მოწყობა მეიჯარის მიმართ განხორციელებულ უსასყიდლო მომსახურებად. მაშინ როცა რემონტი მთლიანად მოიჯარის ხელში დაექვემდებარება „ცვეთას“ და როგორც პირებს შორის არსებული პრაქტიკა აჩვენებს, საიჯარო ხელშეკრულება იქნება ხანგრძლივი (პირებს შორის 2014 წლიდან არსებობს საიჯარო ურთიერთობა).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა გადასახადის გადამხდელთან ერთად და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადამხდელთან. შედეგად კი, შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.
კომპანიის ბუღალტრული ბაზისა და საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად, შემმოწმებლების მიერ დამატებით დაბეგრილ იქნა არა მეწარმე პირებსა და თანამშრომლებზე გადახდილი თანხები. კომპანიის ბუღალტრის მიერ განხორციელდა აუდიტორების მიერ მოწოდებული გაანგარიშების ცხრილების საწარმოს ბუღალტრულ ბაზასა და საბანკო ამონაწერებთან ურთიერთშედარება, რის შედეგადაც გამოიკვეთა მათემატიკური უზუსტობები. კერძოდ, გარკვეულ შემთხვევებში შემმოწმებლის მიერ შესაძლოა მექანიკური შეცდომის საფუძველზე, განაცემები არასწორი მოცულობით არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.
უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა გადასახადის გადამხდელთან ერთად და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადამხდელთან. შედეგად კი, შეუმცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.
გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას, ამასთან, კომპანიას დაფუძნების დღიდან არ უფიქსირდება არცერთი სამართალდარღვევის ოქმი, უნდა შემცირდეს ზემოთ ხსენებული თანხის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება, თუ იგი სრულად ვერ მიიღებდა დღგ-ის ჩათვლას ამ შენობის/ნაგებობის სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის საკუთარ წარმოებად განიხილება დასაბეგრი პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობის/ნაგებობის მშენებლობა საკუთარი ძალებით ან/და სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების შეძენის გზით;
საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება:
ა) დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი მისი საქმიანობის მიზნისთვის, თუ იგი დღგ-ის ჩათვლას სრულად ვერ მიიღებდა, ამ მომსახურების სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებულად განიხილება ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი, საკუთარი ძალებით ან/და სარემონტო მომსახურების/სამუშაოების იმ პირისგან შეძენის გზით, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, როდესაც დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის პირველი ნაწილისგან განსხვავებული საფუძვლით.
საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი, მე-5, მე-6 და მე-8 ნაწილების თანახმად:
1. თუ დასაბეგრი პირი საქონელს ან მომსახურებას იყენებს, ისეთი ოპერაციებისთვის რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს, ხორციელდება დღგ-ის თანხის მხოლოდ იმ ნაწილის ჩათვლა, რომელიც მიეკუთვნება ოპერაციებს, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.
5. თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) თუ დასაბეგრი პირის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ს ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის (საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ჯამური თანხა, დღგ-ის გარეშე) 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება;
ბ) დასაბეგრ პირს, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უფლება აქვს ძირითად საშუალებაზე მიიღოს დღგ-ის ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისთვის ყოველწლიურად გასაუქმებელი (ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) ან ჩასათვლელი (ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) დღგ-ის თანხა გაიანგარიშება:
ა) უძრავ ნივთზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგის თანხის ერთი მეათედის ოდენობით;
ბ) სხვა ძირითად საშუალებებზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეხუთედის ოდენობით.
8. ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება იმ ფარგლებში, როგორც ის გავრცელდებოდა შესაბამისად, შენობის/ნაგებობის ან სარემონტო მომსახურების სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13447 ბრძანებით, შენობის (ემერჯენსი) მშენებლობასთან და იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობასა და შენობის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების უსასყიდლოდ მომსახურების გაწევად დაკვალიფიცირების საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობაზე გაწეული ხარჯების ნაწილში დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. იჯარით აღებულ მიწაზე შენობის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების დღგით დაბეგვრასთან დაკავშირებით, იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობისა და შენობის (ემერჯენსი) მშენებლობის (საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის) ხარჯების გამიჯვნის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის გამიჯვნის დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, გამიჯნოს იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობისა და შენობის (ემერჯენსი) მშენებლობის (საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის) ხარჯები და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ნაწილში დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს განაცემების გადახდის წყაროსთან დაბეგვრისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2026 წლის დასკვნის მიხედვით შემოსავლების სამსახურის გადაწყვტილების შესაბამისად შემცირებას დაექვემდებარა მოგების გადასახადში დარიცხული საგადასახდო ვალდებულებები. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიმიჯნა იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობისა და მშენებლობის ხარჯები. შედეგად, იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობაზე უსასყიდლო მომსახურების კვალიფიკაციით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, ხოლო კომპანიის მფლობელობაში არსებულ (იჯარით აღებული) მიწაზე შენობის მშენებლობა განხილულ იქნა საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებად. მიღებული ანგარიშ-ფაქტურების და წარმოდგენილი ცხრილების ანალიზის შედეგად დაანგარიშდა გაწეული ხარჯები და ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა. გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა მითითებული გაცემული თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრისას გაანგარიშების რა ნაწილში იყო დაშვებული ტექნიკური შეცდომა. შედეგად, საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები არ ექვემდებარება კორექტირებას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა მოგების გადასახადში დარიცხული საგადასახდო ვალდებულებები. ასევე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2026 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13447 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13447 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13447 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2026 წლის დასკვნის მიხედვით შემოსავლების სამსახურის გადაწყვტილების შესაბამისად შემცირებას დაექვემდებარა მოგების გადასახადში დარიცხული საგადასახდო ვალდებულებები. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიმიჯნა იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობისა და მშენებლობის ხარჯები. შედეგად, იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობაზე უსასყიდლო მომსახურების კვალიფიკაციით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, ხოლო კომპანიის მფლობელობაში არსებულ (იჯარით აღებული) მიწაზე შენობის მშენებლობა განხილულ იქნა საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებად. მიღებული ანგარიშ-ფაქტურების და წარმოდგენილი ცხრილების ანალიზის შედეგად დაანგარიშდა გაწეული ხარჯები და ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა. გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა მითითებული გაცემული თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრისას გაანგარიშების რა ნაწილში იყო დაშვებული ტექნიკური შეცდომა. შედეგად, საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები არ ექვემდებარება კორექტირებას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა მოგების გადასახადში დარიცხული საგადასახდო ვალდებულებები. ასევე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2026 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13447 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 159; 165; 101; 154; 269(7)