ბრძანება N 20308
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20308
16 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, სოფ. -------)
2023 წლის 18 ივლისის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №82) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №82401/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 8 ივნისის №21-10/46544 გადაწყვეტილებას და 2022 წლის 27 აპრილის №EL161690, №EL161693 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით ფაქტობრივი გარემოებების დამატებით შესწავლის ხელშეწყობის მიზნით, კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურში დამატებითი დოკუმენტაციის სახით წარდგენილი იქნა ექსპორტიორი კომპანიის მიერ გამოგზავნილი წერილის ნოტარიული თარგმანი და ტვირთის დანაკლისის აქტი, მაგრამ არც ეს წარდგენილი მტკიცებულებები არ იქნა გაზიარებული საბაჟო დეპარტამენტის მიერ, რაც ასევე გახდა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
მომჩივანი მიუთითებს, რომ საბაჟო დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საბაჟო საწყობის მიერ ტვირთის შენახვა მოხდა თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული რაოდენობის მიხედვით. სატრანსპორტო ზედდებულში მითითებული იყო 3 ადგილი, რომელიც იყო სათანადოდ შეფუთული და არ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი რომ მომხდარიყო შეფუთული 3 ადგილის დაშლა და შიგთავსის რაოდენობის გადათვლა. ამასთან, ექსპორტიორი კომპანიის მიერ არასწორად იყო გამოგზავნილი ტვირთი რაც დასტურდება მომწოდებლის მიერ წერილობითი და დამატებით წარმოდგენილი დანაკლისის აქტის სახით. გამომგზავნი კომპანია ადასტურებს, რომ მოხდა ლუდის სახეობების არევა, კერძოდ, ორი შეკვრა ლუდის ნაცვლად გამოგზავნილი იქნა 2 ბალონი ლუდი. დოკუმენტაციასა და ფაქტობრივად არსებულ საქონელს შორის შეუსაბამობა იყო ტექნიკური შეცდომა, რომელიც არანაირად არ ისახავდა მიზნად ბიუჯეტისთვის რაიმე სახის ზიანის მიყენებას.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
2022 წლის 21 აპრილს, შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ შპს „-------“ (ს/ნ -------) კუთვნილ საბაჟო საწყობში (-------) №11111/C52972 საბაჟო დეკლარაციით საწყობის პროცედურაში მოექცა სხვადასხვა დასახელების ალაოს ლუდი (საბაჟო ღირებულება - 22318,55 ლარი). აღნიშნული საქონელი, საბაჟო საწყობის პროცედურიდან (№11111/C52972 21/04/2022) 2022 წლის 26 აპრილს, შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ №11111/C53582 საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, რა დროსაც საბაჟო დეკლარაციის (№11111/C53582) მიმართ მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“.
2022 წლის 26 აპრილს გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა და არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ დეკლარირებული ალაოს ლუდი კასრებში (Dead Pony Club – KeyKeg) 10 კასრის ნაცვლად საბაჟო საწყობში აღმოჩნდა 12 კასრი, ხოლო ალაოს ლუდი ბოთლებში (Mr President – Case 12x330ml NBR) ნაცვლად 60 ბოთლისა აღმოჩნდა 36 ბოთლი.
ვინაიდან, ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 27 აპრილს შედგენილ იქნა №EL161687 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „-------“ (ს/ნ -------) და შპს „-------“ (ს/ნ -------) სოლიდარულად დაეკისრათ საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდათ ჯარიმა 55.51 ლარის ოდენობით. ამასთან, გამოიცა №EL11111/39 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „-------“ (ს/ნ -------) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელები – 55.51 ლარის (დღგ - 29,77 ლარი, აქციზის გადასახადი - 8,74 ლარი, იმპორტის გადასახადი - 17 ლარი) ოდენობით.
ამასთან, შპს „-------“ (ს/ნ -------) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების განმეორებით (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL149356 (01.12.2021)) შეუსრულებლობისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, რაზეც 2022 წლის 27 აპრილს შედგენილ იქნა №EL161693 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის №12725 ბრძანებით შპს „-------“-ის (ს/ნ -------) №70397/1/2022 საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, მომჩივნის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, ექსპორტიორი კომპანიის მიერ არასწორად იყო გამოგზავნილი ტვირთი რასაც მომწოდებელი ადასტურებს წერილობით და განმარტავს, რომ მოხდა ლუდის სახეობების არევა კერძოდ, 2 შეკვრა ლუდის ნაცვლად გამოგზავნილ იქნა 2 ბალონი ლუდი. აღნიშნულზე მითითებით მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია აღნიშნულ წერილზე. შესაბამისად, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის №12725 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №16795/2/2022 გადაწყვეტილებით დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) №70397/1/2022 საჩივრის ხელახლა განხილვის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 3 თებერვლის №1805 ბრძანებით საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს 2022 წლის 27 აპრილის №EL161693 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დამატებით შესწავლა და დაადგინა შემდეგი: საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შპს „-------“ წარმოადგენს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს, რომელმაც საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული, შპს „-------“ კუთვნილი აქციზური საქონლის იმ რაოდენობის შენახვაზე აიღო პასუხისმგებლობა, რაც მითითებული იყო საბაჟო დეკლარაციაში (№11111/C52972 21/04/2022). შპს „-------“ განმარტებით, საქონელი საბაჟო საწყობში განთავსდა სატრანსპორტო ზედდებულში მითითებული ადგილების შესაბამისად (3 ადგილი), და არ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მომხდარიყო შეფუთული ადგილების (3 შეფუთული პალეტი) დაშლა და შიგთავსის რაოდენობების გადათვლა. როგორც ირკვევა, საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის აღრიცხვა სათანადო წესით განხორციელებული არ ყოფილა და საქონლის ნაკლებობაც (დანაკლისი) გამოვლენილ იქნა მხოლოდ აღნიშნული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად წარდგენილი №11111/C53582 საბაჟო დეკლარაციის „წითელ დერეფანში“ მოხვედრისას განხორციელებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას შპს „-------“ მიერ წარმოდგენილ, ექსპორტიორი კომპანია „-------“-ის 2022 წლის 28 აპრილის წერილში მითითებული გარემოება, რომ მათ მიერ არასწორად იყო გამოგზავნილი ტვირთი, არ წარმოადგენს საფუძველს როგორც საბაჟო საწყობში ფაქტიურად წარდგენილი საქონლის რაოდენობის დასადგენად, ასევე საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვისა და სანებართვო პირობების დარღვევისათვის 2022 წლის 27 აპრილის №EL161693 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან გასათავისუფლებლად. შესაბამისად, მითითებული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა, რაც მომჩივანს ეცნობა საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 8 ივნისის №21-10/46544 გადაწყვეტილებით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი 2022 წლის 27 აპრილის №EL161690 და №EL161693 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილვას თუ, არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
2022 წლის 27 აპრილის №EL161690 და №EL161693 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული სანქციის გაუქმების მოთხოვნით, №70397/1/2022 საჩივარი მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყო 2022 წლის 29 აპრილს.
საჩივარი იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულია 2023 წლის 3 თებერვლის №1805 ბრძანება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა 2022 წლის 27 აპრილის №EL161690 და №EL161693 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გასაჩივრბის ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 8 ივნისის №21- 10/46544 გადაწყვეტილების გასაჩივრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის მე-21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ავტორიზაციის მფლობელმა, პროცედურის მფლობელმა (გარდა ტრანზიტის პროცედურის მფლობელისა) ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც ახორციელებს საქონლის შენახვასთან ან გადამუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას ანდა თავისუფალ ზონაში საქონლის გაყიდვას ან შეძენას, უნდა აწარმოოს სათანადო აღრიცხვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფორმით. აღრიცხვა გულისხმობს ისეთი მონაცემისა და სხვა ინფორმაციის შენახვას, რომლებიც საბაჟო ორგანოს საშუალებას მისცემს, ზედამხედველობა გაუწიოს შესაბამის საბაჟო პროცედურას, კერძოდ, ამ პროცედურაში მოქცეული საქონლის იდენტიფიკაციასთან, საბაჟო სტატუსთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №9) მე-9 მუხლის თანახმად, დეკლარანტმა, პროცედურის მფლობელმა ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც ახორციელებს საქონლის შენახვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, საქართველოს საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლის შესაბამისად, უნდა აწარმოოს ისეთი მონაცემების აღრიცხვა და შენახვა, რომლებიც საბაჟო ორგანოს საშუალებას მისცემს, ზედამხედველობა გაუწიოს შესაბამის საბაჟო პროცედურას, მათ შორის, დეტალები საქონლის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ნიშნების, შეფუთვის რაოდენობისა და სახეობის, საქონლის რაოდენობისა და ნორმალური კომერციული ან ტექნიკური აღწერილობის შესახებ.
შპს „-------“, როგორც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი, რომელიც ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის შენახვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ვალდებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №9) მე-9 მუხლის შესაბამისად აწარმოოს ზემოაღნიშნული მონაცემების აღრიცხვა და შენახვა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია აწარმოოს საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ნაშთების აღრიცხვა ამ ინსტრუქციის №5 დანართის შესაბამისად. ხსენებული დანართი კი ითვალისწინებს საქონლის დასახელების, რაოდენობის, წონის/მოცულობის (კგ, ლიტრი და სხვა) შესახებ მონაცემების აღრიცხვას.
დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ზემოაღნიშნული დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, საბაჟო დეპარტამენტმა მარფთებუილად მიიჩნია, რომ არ არსებობს 2022 წლის 27 აპრილის №EL161693 და №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების კორექტირების (შემცირების) საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №1805 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 8 ივნისის №21-10/46544 გადაწყვეტილებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი 2022 წლის 27 აპრილის №EL161690 და №EL161693 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 8 ივნისის №21-10/46544 გადაწყვეტილებას და 2022 წლის 27 აპრილის №EL161690, №EL161693 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი წარმოადგენს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს. გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა და არადეკლარირებული საქონელი. ვინაიდან, ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, შედგენილ იქნა №EL161690 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, მოჩივანს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებთ გათვალისწინებული ვალდებულების განმეორებით შეუსრულებლობისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, რაზეც შედგენილ იქნა №EL161693 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმები არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დამატებით შესწავლა. დასკვნის შედეგად, მითითებული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა, რაც მომჩივანს ეცნობა საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 8 ივნისის №21-10/46544 გადაწყვეტილებით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა №EL161690 და №EL161693 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გასაჩივრების ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 8 ივნისის №21-10/46544 გადაწყვეტილებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172(1); 176(2);
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილება (8-რ)