გადაწყვეტილება №27103/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 17.06.2026
№ დოკუმენტი 27103/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27103/2/2026

17 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 7.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27103/2/2026).

 

დავის საგანი:

1. გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო საჩივრის განუხილველად დატოვება (კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარების პროცესუალური დარღვევა);

2. რეალიზებული ფართებზე საბაზრო ფასის დადგენა და გავრცელების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა;

3. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის №081-357 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5350 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 566 083.72 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 921 442.7

დღგ - 457 805.25

საშემოსავლო გადასახადი - 463 637.45

ჯარიმა - 497 772.1

საურავი - 146 868.92

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.04.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდების საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 24.12.2025 წლის №28292 ბრძანება და №081-357 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5350 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. პირველ სადავო საკითხთან, აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2025 წლის 20 ოქტომბრის №22401 ბრძანებასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო საჩივრები დარჩა განუხილველი;

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ფინანსური მოგების და კაპიტალის შესახებ ინფორმაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეისწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5350 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

1. გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო საჩივრის განუხილველად დატოვება (კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარების პროცესუალური დარღვევა) ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22401 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა საწარმოს საქმიანობის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგებზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, აღნიშნული შემოწმების აქტის საფუძველზე, მომჩივანს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში, ასევე, დაეკისრა შესაბამისი ჯარიმები.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 და მე-9 ნაწილით, 299-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-10 ნაწილით, 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, საწარმოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2025 წლის 20 ოქტომბრის №22401 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2025 წლის 31 ოქტომბერს. შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2026 წლის 21 იანვარს და 12 თებერვალს. მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრები წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრების აღნიშნულ ნაწილში განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ კომპანიის საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2025 წლის 20 ოქტომბრის №22401 ბრძანებასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22401 ბრძანება კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ არაკანონიერია, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე. ანუ კამერალური საგადასახადო შემოწმება კანონმდებლობის თანახმად შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ კონკრეტულ ერთ საკითხზე, რომელიც განისაზღვრება ბრძანებით. ამ შემთხვევაში შემოწმების ბრძანებაში არ არის მითითებული ეს ერთი კონკრეტული საკითხი, ხოლო ფაქტობრივად შემოწმება ჩატარდა და 23.12.2025 წლის შემოწმების აქტი შედგა არა ერთ კონკრეტულ საკითხზე, არამედ კანონის მოთხოვნის დარღვევითა და საწინააღმდეგოდ რამოდენიმე, ზოგადად ყველა მოქმედი გადასახადების დაბეგვრის საკითხებზე. 23.12.2025 წლის შემოწმების აქტი შედგა 20.10.2025 წლის №22401 ბრძანების საფუძველზე (დანართი 5) და შემოწმების აქტში (მე-3 გვერდი) მოცემულია, რომ ჩატარდა სრული შემოწმება და არა რაიმე კონკრეტული თემის/საკითხის. 2025 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი შედგა სწორედ ზემოაღნიშნული, უკანონო ბრძანების საფუძველზე, ხოლო თავის მხრივ 23.12.2025 წლის აქტი წარმოადგენს 24.12.2025 წლის №28292 ბრძანების და №081-357 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველს.

სამეწარმეო საქმიანობის შესახებ კანონის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კანონის დარღვევით განხორციელებული შემოწმების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს. ვინაიდან შემოწმების შესახებ ბრძანება არაკანონიერია, 23.12.2025 წლის შემოწმების აქტს იურიდიული ძალა არ აქვს და შესაბამისად მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის №28292 ბრძანება და №081-357 საგადასახადო მოთხოვნა ექვემდებარება ბათილობას. აღნიშნულ საკითხზე შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება მისი განუხილველად დატოვების შესახებ, რაც მიაჩნია არაკანონიერად. შემოსავლების სამსახურმა შეგნებულად თავი აარიდა და არ იმსჯელა მის არგუმენტებზე, რადგანაც მიგვაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილ არგუმენტაციაზე საფუძვლიანი სამართლებრივი პასუხი. აღნიშნულიდან გამომდინარე საკითხი შემოატრიალა ისე, რომ თითქოსდა საჩივრდებოდა შემოწმების ჩატარების შესახებ ბრძანებები, რომლის გასაჩივრების ვადაც გასულია. საკითხი ასე არ დგას და ამ ბრძანებების ბათილობა არ მოუთხოვია. აფიქსირებს, რომ ეს ბრძანებები კანონსაწინააღმდეგოა და ის ფაქტი, რომ მათი ბათილობა არ მოთხოვნილა შესაბამის ვადაში ამით ისინი კანონიერი ვერ გახდებოდა. შესაბამისად მისი უტყუარი ფაქტია, რომ შემოწმება ჩატარდა არაკანონიერად, ხოლო არაკანონიერად მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ გააჩნია. დიახ! ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაიცვას კანონი და კანონის დარღვევით ჩატარებული შემოწმების შედეგს - შემოწმების აქტს, ზემოაღნიშნულის თანახმად იურიდიული ძალა არ აქვს.

ამდენად, მთელი ეს პროცესი: შემოწმება, შემოწმების აქტის გამოცემა, მის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების გამოცემა არის უკანონო, რადგანაც არ არსებობს შემოწმების დაწყების კანონიერი საფუძველი - საგადასახადო კოდექსით მკაცრად განსაზღვრული შემოწმების დაწყების საფუძველი - შესაბამისი ბრძანება. უკანონო ბრძანება კი იმის მიუხედავად, რომ ის არ გასაჩივრებულა კანონიერად ვერ „გადაიქცევა“. დავის განმხილველმა აღნიშნული, შემოწმების ბრძანებების კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს და უარყოს მის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არა ის, რომ უარგუმენტობის გამო თავი აარიდოს მსჯელობას და საკითხი ხელოვნურად დატოვოს განუხილველად. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნა და დარიცხვის ბრძანება ექვემდებარება ბათილობას მათი შინაარსობრივი განხილვის გარეშეც.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად:

1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.

2. საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

4. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22401 ბრძანებას, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 31.10.2025 წელს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2025 წლის 30 ნოემბერი.

შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2026 წლის 21 იანვარს და 12 თებერვალს. მხარეთა არგუმენტების გაანალიზების, წარმოდგენილი მასალების შეფასების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან, საჩივარი ამ ნაწილში წარდგენილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და მომჩივანი ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/მტკიცებულებებს ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5350 ბრძანება საჩივრის აღნიშნული დავის საგნის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია.

 

2. რეალიზებული ფართებზე საბაზრო ფასის დადგენა და გავრცელების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, ასევე არ არის წარდგენილი ცნობები დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ, გაანგარიშება ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ, მათ შორის მიღებული და გაცემული ავანსების შესახებ, წარმოდგენილია მხოლოდ ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს, კერძოდ: კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%ზე მეტი რეალიზებული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო შემოწმების შეფასებით წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატება ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს.

გარდა ამისა, შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ს ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის განმარტებების შესაბამისად, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 49-ე, მე-18 და 73-ე მუხლების თანახმად. შემოწმებისას დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრა განხორციელდა საჯარო რეესტრში წარდგენილი პირველადი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე (ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით), ასევე მხედველობაში მიღებულ იქნა, როგორც წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, ასევე წინა საგადასახადო შემოწმების პერიოდში დაბეგრილი და ავანსად მიღებული თანხების ოდენობა, ამასთან, გარიგებაში (ნასყიდობის ხელშეკრულებებში) გაცხადებული ფასებიდან ერთი კვადრატული მეტრის (ბინის) საშუალო სარეალიზაციო ფასად განსაზღვრული იქნა 678 აშშ დოლარის ექვივალენტის შესაბამისი ლარი (რაც შესაბამისობაშია მოცემული პერიოდის საბაზრო ფასებთან), რომელიც გავრცელებულ იქნა იმ რეალიზებულ საცხოვრებელ ბინებზე, სადაც უძრავი ქონების გარიგების ფაქტობრივი ფასი 30%-ზე მეტით აღემატება გარიგების გაცხადებულ ფასს.

ზემოთ ნახსენები ერთი კვადრატული მეტრის (ბინის) საშუალო სარეალიზაციო ფასი 678 აშშ დოლარის ექვივალენტის შესაბამისი ლარი არ იქნა გავრცელებული იმ ბინებზე, რომლებზეც წინარე ნასყიდობები გაფორმდა შესამოწმებელი პერიოდის დაწყებამდე (01.04.2022 მდე).

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის საბოლოო ხელშეკრულებების გაფორმების თარიღებში ბინები ჩაითვალა რეალიზებულად და განისაზღვრა დასაბეგრი ბრუნვები, რომლებიც არ შეესაბამება დეკლარირებულ მონაცემებს, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-18 მუხლის მე-2, მე-3, მე-7 და მე-11 ნაწილებით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. ასევე დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, დადგინდა, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს, კერძოდ: კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%-ზე მეტი რეალიზებული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო შემოწმების შეფასებით წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატება ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა საჯარო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებების ანალიზის საფუძველზე, საშუალო სარეალიზაციო ფასად განსაზღვრული 678 აშშ დოლარის ექვივალენტის შესაბამისი ლარის (რომელიც ასევე შესაბამისობაშია მოცემული პერიოდის საბაზრო ფასებთან) გავრცელება იმ რეალიზებულ საცხოვრებელ ბინებზე, სადაც უძრავი ქონების გარიგების ფაქტობრივი ფასი 30%-ზე მეტით აღემატება გარიგების გაცხადებულ ფასს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტით განხორციელდა რეალიზებული საქონლის - საცხოვრებელი ფართების (ბინების) აფასება. აღნიშნული ქმედებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ობიექტის ღირებულება და შესაბამისად დღგ. აღნიშნულს არ ეთანხმება 2 გარემოების გამო:

ა) საგადასახადო კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულია რა შემთხვევაშია უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო გამოიყენოს საბაზრო ფასი. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.

შემოწმების აქტში საბაზრო ფასის გამოყენების საფუძვლად მოცემულია, ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი. კანონის ამ ნორმის მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი

„ბ) თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან“, მაგრამ შემოწმების აქტში გამოტოვებულია კანონის აუცილებელი მოთხოვნა - „საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად“, რომლის თანახმადაც

„2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუკი ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

3. საგადასახადო ორგანო საბაზრო ფასის გამოყენების თაობაზე ვალდებულია გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომლის სამოტივაციო ნაწილში უნდა მიეთითოს ოპერაციის ფორმა, ოპერაციის შინაარსი, არგუმენტაცია საბაზრო ფასის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე და გარემოებები, რომელმაც გამოიწვია საბაზრო ფასის გამოყენება“.

მოცემულ შემთხვევაში რაიმე სამართლებრივი აქტი გამოცემული არ არის. არ არსებობს შესაბამისი გარემოებები და მტკიცებულებები, რომელიც გახდებოდა საბაზრო ფასის გამოყენებაზე გადაწყვეტილების საფუძველი და არც ასეთი გადაწყვეტილება გამოცემულა, რაც სავალდებულოა კანონმდებლობით და მისი მიღების შემთხვევაში, შესაბამისად გვექნებოდა ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის თანახმად გამოცემული - საბაზრო ფასის გამოყენებასთან დაკავშირებული - სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება. გაყიდული ფართების ღირებულების რეალობას სრულად ადასტურებენ მისი შემძენები და არ არსებობს რაიმე მტკიცებულება/დასაბუთება რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან. შემოწმებისას ფასების რეალობა არ გადამოწმებულა მყიდველების გამოკითხვით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში დაადასტურებდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრულის რეალობას. პირიქით მის მიერ იქნა წარდგენილი შემოსავლების სამსახურში მყიდველების ნოტარიულად დამოწმებული მტკიცებულებები, რომ მათ მიერ გადახდილია ის თანხები, რაც მითითებული იყო ხელშეკრულებაში და ეს თანხა არც შემდგომში გაზრდილა (დანართი N6).

ამდენად, შემოწმებით საბაზრო ფასის გამოყენება წარმოადგენს უსაფუძვლოს და სრულიად არაკანონიერს. აქვე აღნიშნავს, რომ შემოწმებისას აღნიშნული საკითხი არ წამოჭრილა. პირიქით გამოეგზავნა გაანგარიშება, დარიცხვების ე.წ. პროექტი, სადაც დამატებით ერიცხებოდა თანხები ყოველგვარი საბაზრო ფასების გარეშეც.

ბ) საბაზრო ფასის გამოყენების არაკანონიერებასთან ერთად, არაკანონიერია ასევე საბაზრო ფასის განსაზღვრაც. თუ არსებობს კანონიერი საფუძველი, ასეთ შემთხვევაში საბაზრო ფასის განსაზღვრა ხდება შესაბამისად სერტიფიცირებული პირების მიერ. ჩამოყალიბებული პრაქტიკის მიხედვითაც, საგადასახადო ორგანოს შემთხვევაშიც, საბაზრო ფასს განსაზღვრავენ შესაბამისი დასკვნით და შესაბამისი სპეციალური საგადასახადო ორგანოს „მოხელეები“ (პირები). მოცემულ შემთხვევაში არც აღნიშნული განხორციელებულა, რაც ასევე წარმოადგენს კანონდარღვევას და არ შეიძლება მიღებული (გამოყენებული) იქნეს არაუფლებამოსილი პირების მიერ განსაზღვრული ფასი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით სრულიად არაკანონიერადაა გამოყენებული ე.წ. „საბაზრო ფასი“ და ამ გარემოების გამო დარიცხული დღგ ექვემდებარება გაუქმებას. აქვე აღნიშნავს, რომ შემოწმების მიმდინარეობისას რაიმე „აფასება“ არ ყოფილა განსაზღვრული და დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე გადაეგზავნა წინასწარი გაანგარიშებები, სადაც არავითარი „აფასება“ არ ყოფილა გათვალისწინებული. აღნიშნულ საკითხზე საჩივრის განხილვის შედეგად შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში მოცემულია სრულიად არაადექვატური პოზიცია. კერძოდ, აღნიშნულია, რომ „სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს“.

გაურკვეველია რა ფორმა შეიცვალა შინაარსთან შეუსაბამობის გამო?! შემოწმებამ შეცვალა, გაზარდა გაყიდული საქონლის (ახალაშენებული ფართების) ფასი და ამის საფუძვლად მითითებული ნორმა ვერანაირად ვერ გამოდგება. მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს, საჩივრის განხილვისას, თუ დაადგენდა რაიმე კანონიერ საფუძველს, მინიმუმ ის გადაწყვეტილება მაინც უნდა მიეღო, რომ დაევალებინა შესაბამისი სამსახურისთვის საბაზრო ფასის განსაზღვრა.

მოცემულ ვითარებაში კი 2 უკანონობა დაადასტურა: - ერთი, რომ ვერ ასაბუთებს საბაზრო ფასის გამოყენების კანონიერ საფუძველს და - მეორე, რომ საბაზრო ფასი არ განსაზღვრულა, არამედ შემოწმების მოსაზრებით გადაანგარიშდა. შესაბამისად შემოსავლების სამსახურის უარი აღნიშნულ საკითხზე ცალსახად უკანონოა და უნდა გაუქმდეს. უნდა გაუქმდეს ასევე საბაზრო ფასით საგადასახადო ვალდებულების (მ.შ. დღგ) გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3, მე-7 ნაწილების და მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

ბ) საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში, თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში. საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაზრო ფასი − ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საგადასახადო კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულია რა შემთხვევაშია უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო გამოიყენოს საბაზრო ფასი. არ არსებობს შესაბამისი გარემოებები და მტკიცებულებები, რომელიც გახდებოდა საბაზრო ფასის გამოყენებაზე გადაწყვეტილების საფუძველი და არც ასეთი გადაწყვეტილება გამოცემულა, რაც სავალდებულოა კანონმდებლობით. გაყიდული ფართების ღირებულების რეალობას სრულად ადასტურებენ მისი შემძენები და არ არსებობს რაიმე მტკიცებულება/დასაბუთება რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

შემოწმებისას ფასების რეალობა არ გადამოწმებულა მყიდველების გამოკითხვით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში დაადასტურებდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრულის რეალობას. პირიქით მის მიერ იქნა წარდგენილი შემოსავლების სამსახურში მყიდველების ნოტარიულად დამოწმებული მტკიცებულებები, რომ მათ მიერ გადახდილია ის თანხები, რაც მითითებული იყო ხელშეკრულებაში და ეს თანხა არც შემდგომში გაზრდილა. საბაზრო ფასის გამოყენება წარმოადგენს უსაფუძვლოს და სრულიად არაკანონიერს. საბაზრო ფასის გამოყენების არაკანონიერებასთან ერთად, არაკანონიერია ასევე საბაზრო ფასის განსაზღვრაც. თუ არსებობს კანონიერი საფუძველი, ასეთ შემთხვევაში საბაზრო ფასის განსაზღვრა ხდება შესაბამისად სერტიფიცირებული პირების მიერ. ჩამოყალიბებული პრაქტიკის მიხედვითაც, საგადასახადო ორგანოს შემთხვევაშიც, საბაზრო ფასს განსაზღვრავენ შესაბამისი დასკვნით და შესაბამისი სპეციალური საგადასახადო ორგანოს „მოხელეები“ (პირები). მოცემულ შემთხვევაში არც აღნიშნული განხორციელებულა, რაც ასევე წარმოადგენს კანონდარღვევას და არ შეიძლება მიღებული (გამოყენებული) იქნეს არაუფლებამოსილი პირების მიერ განსაზღვრული ფასი. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით სრულიად არაკანონიერადაა გამოყენებული ე.წ. „საბაზრო ფასი“. მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს, საჩივრის განხილვისას, თუ დაადგენდა რაიმე კანონიერ საფუძველს, მინიმუმ ის გადაწყვეტილება მაინც უნდა მიეღო, რომ დაევალებინა შესაბამისი სამსახურისთვის საბაზრო ფასის განსაზღვრა.

საგადასახადო ორგანო ვერ ასაბუთებს საბაზრო ფასის გამოყენების კანონიერ საფუძველს და საბაზრო ფასი არ განსაზღვრულა, არამედ შემოწმების მოსაზრებით გადაანგარიშდა. მომჩივნის არგუმენტებზე, საბჭოს სხდომაზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა და ასევე სადავო საკითხზე ამავე დეპარტამენტის 14.04.2026 წლის №31927-21-14 წერილში მითითებულია, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა.

დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთ შეჯერების და ანალიზის საფუძველზე, მიჩნეული იქნა, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს, კერძოდ, კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%-ზე მეტი რეალიზებული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო შემოწმების შეფასებით წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატება ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს.

დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრა განხორციელდა საჯარო რეესტრში წარდგენილი პირველადი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე (ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით), ასევე მხედველობაში მიღებულ იქნა, როგორც წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, ასევე წინა საგადასახადო შემოწმების პერიოდში დაბეგრილი და ავანსად მიღებული თანხების ოდენობა, ამასთან გარიგებაში (ნასყიდობის ხელშეკრულებებში) გაცხადებული ფასებიდან 10 ერთი კვადრატული მეტრის (ბინის) საშუალო სარეალიზაციო ფასად განსაზღვრული იქნა 678 აშშ დოლარის ექვივალენტის შესაბამისი ლარი (რაც შესაბამისობაშია მოცემული პერიოდის საბაზრო ფასებთან), რომელიც გავრცელდა იმ რეალიზებულ საცხოვრებელ ბინებზე, რომლებზეც უძრავი ქონების გარიგების ფაქტობრივი ფასი 30%-ზე მეტით აღემატება გარიგების განცხადებულ ფასს. ერთი კვადრატული მეტრის (ბინის) საშუალო სარეალიზაციო ფასი 678 აშშ დოლარის ექვივალენტის შესაბამისი ლარი არ იქნა გავრცელებული იმ ბინებზე, რომლებზეც წინარე ნასყიდობები გაფორმდა შესამოწმებელი პერიოდის დაწყებამდე (1.04.2022 მდე). შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა საჯარო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებების ანალიზის საფუძველზე, საშუალო სარეალიზაციო ფასად განსაზღვრული 678 აშშ დოლარის ექვივალენტის შესაბამისი ლარის (რომელიც ასევე შესაბამისობაშია მოცემული პერიოდის საბაზრო ფასებთან) გავრცელება იმ რეალიზებულ საცხოვრებელ ბინებზე, სადაც უძრავი ქონების გარიგების ფაქტობრივი ფასი 30%-ზე მეტით აღემატება გარიგების გაცხადებულ ფასს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების მყიდველი შეძენილ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მიწოდებული უძრავი ქონების გარიგების ფაქტობრივი ფასი არსებითად აღემატება გარიგების განცხადებულ ფასს.

საბჭო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგების განცხადებული ფასი არსებითად განსხვავდება გარიგების ფაქტობრივი ფასისგან, საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს საბაზრო ფასის გამოყენებას. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, აგრეთვე სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზანია გადასახადებით დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №990 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის“ ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საბაზრო ფასი იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგებაში მითითებული ფასი არსებითად აცდენილია ბაზარზე არსებულ ფასს და გარემოებათა ერთობლიობა მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ დაფიქსირებული ფასი არ ასახავს ოპერაციის რეალურ ღირებულებას.

საგულისხმოა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ეფუძნება ფორმაზე შინაარსის აღმატებულების პრინციპს, რომლის თანახმადაც ოპერაციის შეფასება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ გარიგების ფორმის, არამედ მისი შინაარსის გათვალისწინებით. შესაბამისად, თუ გარიგებაში დაფიქსირებული ფასი, მნიშვნელოვნად განსხვავდება ბაზარზე არსებული ფასისგან, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია შეაფასოს, არის თუ არა ფასი ხელოვნურად შემცირებული გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მიზნით. ამასთან, „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის“ მე-2 პუნქტი პირდაპირ ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ დაასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან, რაც შეიძლება დადგინდეს არა მხოლოდ ხელშეკრულების ფორმალური მონაცემით, არამედ გარიგების შინაარსის შეფასებით, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი ფასის ხელოვნურად შემცირების შესახებ.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შეფასდეს რამდენად რეალურია გარიგებაში დაფიქსირებული ფასი, შეესაბამება თუ არა იგი საბაზრო პირობებს, არსებობს თუ არა ასეთი ფასის გამოყენების დასაბუთებული მიზეზი. განსახილველ შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, სახეზეა საბაზრო ფასიდან არსებითი გადახრა, გარიგებებში მითითებული ფასი მნიშვნელოვნად დაბალია ანალოგიური ობიექტების საბაზრო ფასთან შედარებით, აღნიშნული განსხვავება არ წარმოადგენს ჩვეულებრივ კომერციულ ფასდაკლებას, შემცირებული ფასი დაფიქსირებულია მრავალჯერადად (სისტემურ ხასიათს ატარებს) და არ არსებობს მისი ეკონომიკურად დასაბუთებული ახსნა. აღნიშნული გარემოებების ერთობლიობა ქმნის საფუძვლიან ვარაუდს (ადასტურებს), რომ გარიგებაში გამოყენებული ფასი შესაძლოა არ ასახავდეს დამოუკიდებელ მხარეებს შორის საბაზრო პირობებში ჩამოყალიბებულ ფასს, რაც საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, გადასახადებით დაბეგვრის მიზნისთვის გამოიყენოს საბაზრო ფასი და შესაბამისი გადასახადები განსაზღვროს საბაზრო ღირებულების მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ აქტში მითითებულია ოპერაციის ფორმა-შინაარსი და საგადასახადო ორგანოს არგუმენტაცია საბაზრო ფასის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო ორგანო ასაბუთებს, რომ განცხადებული ფასები არსებითად შემცირებულია ოპერაციის ფაქტობრივ ფასთან მიმართებით და ბუღალტრული მონაცემები დაბეგვრის ობიექტს არ ასახავს სრულად, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადებით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის მიზნით საბაზრო ფასის გამოყენება მართლზომიერია.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უძრავი ქონების რეალიზაციის საბაზრო ფასის ოდენობის განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული აუდირებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

3. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

შემოწმებისას განხორციელდა გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი, კერძოდ, შემოწმებისას შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები დღგ-ის ჩათვლით, ჩაითვალა საწარმოში მიღებულ ფულად, რასაც გამოაკლდა სასაქონლო ზედნადებით შეძენილი სასაქონლომატერიალური მარაგების ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, შეძენილი სხვადასხვა მომსახურება მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლით, გადახდილი ხელფასები, გადახდილი გადასახადები, ასევე, გაწეული ხარჯი საბანკო ამონაწერის მიხედვით და საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხები, ხოლო ნაშთად დარჩენილი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორის ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, შედეგად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა კომპანიის ფულის ნაშთის განსაზღვრა, რომელიც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, კომპანიის დამფუძნებელმა შპს „---მა“ (ს/ნ ---) კომპანიიდან გაიტანა პირველ რიგში კაპიტალში შეტანილი თანხები სრულად, ხოლო შემდეგ თანხების გატანა განახორციელა დივიდენდის სახით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ფინანსური მოგების და კაპიტალის შესახებ ინფორმაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეისწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტით გაანგარიშებული იქნა ნაღდი ფულის ბრუნვა და ნაშთად განსაზღვრული ოდენობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნული ექვემდებარება სრული მოცულობით ბათილობა/გაუქმებას 2 გარემოებიდან გამომდინარე:

ა) განსაზღვრული ოდენობა არასწორია და ზედმეტი ოდენობითაა გაანგარიშებული, რადგანაც არაკანონიერად განხორციელდა გაყიდული ფართების აფასება. ანუ შემოსავლები გაანგარიშებულია ზედმეტი ოდენობით, რის გამოც ვირტუალურად მიღებული თანხებიც არასწორია.

ბ) შემოწმების დასრულებამდე გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა, რომ შპს ----ის 100%-ის დამფუძნებელმა გადაწყვიტა და რეალურად განახორციელა კიდეც შემდეგი: გატანილი ყოფილიყო შპს ---ში შემოსული ყველა თანხა მისი დამფუძნებლის შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ სრულად, პირველ რიგში შპს ---ის კაპიტალში შეტანილი თანხების შემცირებით სრულად და შემდგომ დივიდენდის გატანის გზით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თანხები არ გატანილა შპს „---“-ის დირექტორის ---ის მიერ, როგორც ეს შემოწმების აქტშია მოცემული, არამედ გაიტანა მისმა დამფუძნებელმა იურიდიულმა პირმა შპს --- მა (ს/ნ ---) და თუნდაც შემოწმებით გაზრდილი ოდენობით ყოფილიყო თანხების გატანა იურიდიული პირის მიერ, ეს არ ექვემდებარება შპს ----ში დაბეგვრას. ამდენად, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა არაკანონიერია და ექვემდებარება სრულად გაუქმებას. აღნიშნულ საკითხზე შემოსავლების სამსახურმა მიიღო დამატებით შესწავლის გადაწყვეტილება. იმის გარდა, რომ შემოწმებისას წარდგენილია 100% დამფუძნებლის შპს „---ის“ გადაწყვეტილება ნებისმიერი თანხის შპს ---დან გატანის შესახებ საჩივარზე ვურთავთ თანხების გადაცემის აქტებს, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „---“-ის სალაროში თანხა არ არსებობდა და გაიცემოდა შპს „---ზე“ (დანართი N7).

ამასთან კანონმდებლობის მიხედვით არ აქვს მნიშვნელობა რის საფუძველზე გადასცა ეს თანხები შპს „---“-მა შპს „----ს“, ესაა კაპიტალის შემცირება და მოგების განაწილება (ასეცაა), თუ ჩაითვლება სესხად, ჩუქებად ან სხვა. ნებისმიერ შემთხვევაში გადაცემული თანხები არ ექვემდებარება დაბეგვრას შპს „---“-ში და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ფულადი თანხები გაიცა 100% დამფუძნებელ იურიდიულ პირზე, სრულიად არაკანონიერია ამ თანხების შპს „---“-ის დირექტორის შემოსავლად ჩათვლა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები ყოველგვარი დამატებით შესწავლა-გადაანგარიშების გარეშე ექვემდებარება სრულად გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5350 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ფინანსური მოგების და კაპიტალის შესახებ ინფორმაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეისწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5350 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5350 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებას აღნიშნულ ნაწილში.

ამასთან, მე-2 დავის საგნის ნაწილში საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5350 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, უძრავი ქონების რეალიზაციის საბაზრო ფასის ოდენობის განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული აუდირებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო საჩივრის განუხილველად დატოვება (კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარების პროცესუალური დარღვევა);

2. რეალიზებული ფართებზე საბაზრო ფასის დადგენა და გავრცელების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა;

3. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. ასევე დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, დადგინდა, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს, კერძოდ: კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%-ზე მეტი რეალიზებული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო შემოწმების შეფასებით წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატება ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს.

საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა საჯარო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებების ანალიზის საფუძველზე, საშუალო სარეალიზაციო ფასად განსაზღვრული 678 აშშ დოლარის ექვივალენტის შესაბამისი ლარის (რომელიც ასევე შესაბამისობაშია მოცემული პერიოდის საბაზრო ფასებთან) გავრცელება იმ რეალიზებულ საცხოვრებელ ბინებზე, სადაც უძრავი ქონების გარიგების ფაქტობრივი ფასი 30%-ზე მეტით აღემატება გარიგების გაცხადებულ ფასს.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა კომპანიის ფულის ნაშთის განსაზღვრა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, უძრავი ქონების რეალიზაციის საბაზრო ფასის ოდენობის განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული აუდირებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 301 (ე); 18; 19; 159 (1); 160 (5); 163 (1,2); 164; 101 (1); 154 (1).