გადაწყვეტილება №27187/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.06.2026
№ დოკუმენტი 27187/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27187/2/2026

23 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 20.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27187/2/2026).

 

დავის საგანი:

1. ურთიერთდამოკიდებულ პირზე უძრავი ქონების ჩუქებით გადაცემის დღგ-ით დაბეგვრა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი სარგებლის გაანგარიშება;

2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გათვალისწინება მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე;

3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულებების და ბანკის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების საფუძველზე;

4. დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ფულის ნაშთის გაანგარიშება;

5. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №081-364 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.03.2026 წლის №6646 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

839 987,16 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 507 816,72

დღგ - 270 307,08

საშემოსავლო გადასახადი - 237 509,64

ჯარიმა - 253 526,9

საურავი - 78 643,54

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 19.05.2016 წლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 10.06.2016 წლიდან. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №081-364 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.03.2026 წლის №6646 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ურთიერთდამოკიდებულ პირზე უძრავი ქონების ჩუქებით გადაცემის დღგ-ით დაბეგვრა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი სარგებლის გაანგარიშება ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ურთიერთდამოკიდებულ პირებზე, ჩუქების ხელშეკრულებით, გადაცემული აქვს 2 საცხოვრებელი სახლი და 280,65 კვ.მ კომერციული ფართი. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე განხორციელებული მიწოდების ნაწილი განხორციელებულია ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ნაწილი ნასყიდობის ხელშეკრულებებით, რომლის მიხედვით განსაზღვრული ფასი მიწოდების პერიოდისთვის განსხვავდება სხვა ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასისგან. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, სხვა ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ღირებულებით (1 კვ.მ 400 აშშ დოლარი) გაანგარიშებულ იქნა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე განხორციელებული ოპერაციების შესაბამისი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომლის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, ზემოაღნიშნული ოპერაციების ფარგლებში, მიღებული სარგებელი, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ პუნქტის მიხედვით, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-16 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, 157- ე მუხლის „რ.ა.“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 103-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ურთიერთდამოკიდებულ პირებზე, ჩუქების ხელშეკრულებით, გადაცემული აქვს ორი საცხოვრებელი სახლი და კომერციული ფართი. შემოწმების პერიოდში, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე ფართების მიწოდების ოპერაციის ნაწილი განხორციელდა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ნაწილი ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის შესაბამისად განსაზღვრული ფასი მიწოდების პერიოდისთვის განსხვავდება სხვა ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასისგან. შემოწმებით, სხვა ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ღირებულებით (1 კვ.მ-ის ღირებულება 400 აშშ დოლარი) გაანგარიშდა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე განხორციელებული ოპერაციების შესაბამისი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ამასთან, ზემოაღნიშნული ოპერაციების ფარგლებში, მიღებული სარგებელი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული ქონების ექსპლუატაციაში შესვლის დროს დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, ფიზიკურ პირებზე ფაქტობრივად გადაცემულია ქონება (საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრების უფლება ფიქსირდება ფიზიკურ პირებზე), შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ ფიზიკურ პირებზე ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული ქონების დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას აღებული აქვს მშენებლობის ნებართვა ქ. ---ში, ---ს II ჩიხი №---ში, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი --- №გ --- სამშენებლო ნებართვის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2027 წლის 7 აგვისტომდე. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ყველა ვალდებულების შესრულება და შემდეგ შესაბამისი ორგანოების მიერ შენობა ექსპლუატაციაში მიღებული იქნას სწორედ აღნიშნულ პერიოდამდე (დანართი 3). საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების შეძენის ხელშეკრულება ასახულია, როგორც უძრავი ქონების მომავალი მესაკუთრე მშენებარე ობიექტში. მიუღებელია, რომ კომპანიის მიერ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ურთიერთდამოკიდებულ პირებზე, ჩუქების ხელშეკრულებით, გადაცემული 2 საცხოვრებელი სახლი და 280,65 კვ.მ კომერციული ფართი დღგ-ის მიზნებისათვის ჩათვლილი იქნა დასაბეგრ ობიექტად. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის და 160-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, ეს ოპერაციები ვერ ჩაითვლება (აუდიტორის შეფასებით ქონება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადაცემულია ჩუქებით) დღგ-ის მიზნებისათვის დასაბეგრ ობიექტად, მათი დაბეგვრა მოხდება შენობის ექსპლუატაციაში მიღების დროს. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, №1810 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა უნდა იყოს უსასყიდლოდ მიწოდებული საქონელი დღგ-ის ჩათვლით (უსასყიდლოდ მიწოდებული საქონელი დღგ-ის ჩათვლით * 20%) და არა უსასყიდლოდ მიწოდებული საქონელი დღგ-ის ჩათვლით /0.8*20 %. აქედან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა არასწორად არის გაანგარიშებული.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:

ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

თ) პირები ნათესავები არიან.

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა.

ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შპს ---ს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ურთიერთდამოკიდებულ პირებზე, ჩუქების ხელშეკრულებით, გადაცემული აქვს 2 საცხოვრებელი სახლი და 280,65 კვ.მ კომერციული ფართი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, სხვა ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ღირებულებით (1 კვ.მ 400 აშშ დოლარი) გაანგარიშებულ იქნა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე განხორციელებული ოპერაციების შესაბამისი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო მიღებული სარგებელი, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ პუნქტის მიხედვით, დაიბეგრება გადახდის წყაროსთან.

საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულება. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.

საბჭო ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ საწარმოს მიერ უძრავი ქონების ჩუქებით გადაცემა განხორციელებულია ურთიერთდამოკიდებულ პირებზე და აღნიშნული ოპერაციების ფარგლებში საგადასახადო ვალდებულებები შესრულებული არ არის. ვინაიდან აღნიშნულ შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება მიწოდებული ქონების საბაზრო ფასით, ხოლო ფიზიკური პირის მიერ მიღებული სარგებელი გაიანგარიშება ასევე საბაზრო ღირებულებიდან, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გათვალისწინება მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე

ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმების აქტში სადავო საკითხი მითითებული არ არის.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ პუნქტზე და მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ შეძენებზე მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში არ არის ასახული. ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის გაანგარიშებაში გათვალისწინებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ შეძენებზე მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის თანხა შემმოწმებელს გაანგარიშებაში ნაჩვენები არ აქვს. ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ არის ნაჩვენები დღგ-ის გაანგარიშებაში, გათვალისწინებული უნდა იქნას შემმოწმებლის მიერ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ შეძენებზე მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის დღგ-ის თანხა შემმოწმებელს გაანგარიშებაში ნაჩვენები არ აქვს.

შემოსავლების სამსახურის 26.03.2026 წლის №6646 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 26.03.2026 წლის №6646 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულებების და ბანკის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების საფუძველზე ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მშენებლობის ნებართვა კომპანიას მოპოვებული აქვს 2017 წლიდან, ქ. ----ში, უძრავი ქონების საკადასტრო კოდია --- დღეის მდგომარეობით კომპანიას სარეალიზაციოდ დარჩენილი აქვს 3 ბინა. კომპანიას დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული აქვს მხოლოდ 13 547 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის, 160-ე მუხლის პირველი ნაწილის და 163- ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, საჯარო რეესტრის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებების (სადაც დაფიქსირებულია ნასყიდობის ღირებულების მიღება სრულად) და ბანკის ჩარიცხვების შესაბამისად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 73- ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მშენებლობის ნებართვა კომპანიას მოპოვებული აქვს 2017 წლიდან. დღეის მდგომარეობით კომპანიას სარეალიზაციოდ დარჩენილი აქვს 3 ბინა, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული აქვს მხოლოდ 13 547 ლარის ოდენობით. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, საჯარო რეესტრში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და ბანკის ჩარიცხვების შესაბამისად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრები შემცირდა მშენებლობის დაწყებიდან არსებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით, ბანკის ამონაწერში ასახული ხელფასებით, მომსახურებებით, გადახდილი გადასახადებით, ხოლო გაიზარდა დაბრუნებული გადასახადებითა და 2022 წლამდე მიღებული ფულადი სახსრებით.

შესაბამისად, გამოვლინდა თავისუფალი ფულის ნაშთი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომა მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის პოზიცია დაუსაბუთებელია და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაანგარიშებაში შემმოწმებელს დღგ-ის დასაბეგრი ობიექტი გამოყვანილი აქვს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, აღნიშნულ ნაწილში გაორებულად არის ნაჩვენები მიღებული თანხა, რაც შეცვლის დასაბეგრი ობიექტის ოდენობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. საჯარო რეესტრის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, დაფიქსირებულია ნასყიდობის ღირებულების მიღება სრულად. აღნიშნული ინფორმაციის და ბანკის ანგარიშებზე ჩარიცხვების შესაბამისად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები/დასაბეგრი თანხა საგადასახადო შემოწმებით დადგინდა საჯარო რეესტრის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით და საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ვინაიდან მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ფულის ნაშთის გაანგარიშება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრები შემცირდა მშენებლობის დაწყებიდან არსებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით, ბანკის ამონაწერში ასახული ხელფასებითა და მომსახურებებით, გადახდილი გადასახადებით, ხოლო გაიზარდა დაბრუნებული გადასახადებითა და 2022 წლამდე მიღებული ფულადი სახსრებით, რის საფუძველზეც გამოვლინდა თავისუფალი ფულის ნაშთი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაიბეგრა დირექტორზე, ---ზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე და ასევე, საკითხის ზეპირ განხილვაზე გადამხდელის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელი აცხადებს, რომ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული 2022 წლამდე განხორციელებული იმპორტის სასაქონლო დეკლარაციები.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში ხარჯების გათვალისწინების მიზნით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლამდე საანგარიშო პერიოდში საბაჟო დეკლარაციებით განხორციელებული შეძენები/იმპორტი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების ჩამონათვალში არ არის შეტანილი იმპორტის სასაქონლო დეკლარაციები, მათი გათვალისწინება შეამცირებს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად, 2022 წლამდე მიღებული ფულადი სახსრების, დაბრუნებული გადასახადების და ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობის დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით, საბანკო ამონაწერში ასახული ხელფასების და მომსახურებისთვის ანაზღაურებული თანხებით და გადახდილი გადასახადებით შემცირების შედეგად გამოვლინდა თავისუფალი ფულის ნაშთი.

მომჩივანი მიუთითებს, რომ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების ჩამონათვალში გათვალისწინებული არ არის იმპორტის სასაქონლო დეკლარაციები. მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე მიუთითა, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილია დღგ-ის ჩათვლით თანხა.

საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.

შემოსავლების სამსახურის 26.03.2026 წლის №6646 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში ხარჯების გათვალისწინების მიზნით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლამდე საანგარიშო პერიოდში საბაჟო დეკლარაციებით განხორციელებული შეძენები/იმპორტი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 26.03.2026 წლის №6646 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

5. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 253 526,9 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №081- 364 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 78 643,54 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადების დარიცხვა, რაც შემოწმების აქტში არის განხილული მართლაც გადასახადის გადამხდელის არცოდნითა არის გამოწვეული და გამომდინარე აქედან ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გარდა ზემოთ აღწერილი გადასახადისა, შეუმცირდეს აქტით დარიცხული სანქცია-საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ურთიერთდამოკიდებულ პირზე უძრავი ქონების ჩუქებით გადაცემის დღგ-ით დაბეგვრა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი სარგებლის გაანგარიშება;

2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გათვალისწინება მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე;

3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულებების და ბანკის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების საფუძველზე;

4. დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ფულის ნაშთის გაანგარიშება;

5. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ურთიერთდამოკიდებულ პირებზე, ჩუქების ხელშეკრულებით, გადაცემული აქვს ორი საცხოვრებელი სახლი და კომერციული ფართი (280 კვ.მ). შემოწმების პერიოდში, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით მოძიებულ იქნა ზემოაღნიშნულ ფართებზე არსებული სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე ფართების მიწოდების ოპერაციის ნაწილი განხორციელდა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ნაწილი ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის შესაბამისად განსაზღვრული ფასი მიწოდების პერიოდისთვის განსხვავდება სხვა ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასისგან. შემოწმებით, სხვა ხელშერულებებში დაფიქსირებული ღირებულებით (1 კვ.მ-ის ღირებულება 400 აშშ დოლარი) გაანგარიშდა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე განხორციელებული ოპერაციების შესაბამისი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, ზემოაღნიშნული ოპერაციების ფარგლებში, მიღებული სარგებელი, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი .

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოდგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, საჯარო რეესტრის ელექტრონულ სისტემაში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებების (სადაც დაფიქსირებულია ნასყიდობის ღირებულების მიღება სრულად) და ბანკის ჩარიცხვების შესაბამისად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ამასთან, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრები შემცირდა მშენებლობის დაწყებიდან არსებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით, ბანკის ამონაწერში ასახული ხელფასებით, მომსახურებებით, გადახდილი გადასახადებით, ხოლო გაიზარდა დაბრუნებული გადასახადებითა და 2022 წლამდე მიღებული ფულადი სახსრებით. შესაბამისად, გამოვლინდა თავისუფალი ფულის ნაშთი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19 (1,2); 157 (რ,ა); 159 (1); 160 (1,3,5 ); 163 (1,2); 164 (2,7); 174 (1); 176 (1,2); 73 (9); 101 (1); 154 (1,მ); 269 (7).