გადაწყვეტილება №25016/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.05.2025
№ დოკუმენტი 25016/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25016/2/2025

05 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 6.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25016/2/2025).

 

დავის საგანი:

1. შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24539 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2.უარი, საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდებზე წარდგენილი, დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2024 წლის დასკვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №27230 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №022-25 საგადასახადო მოთხოვნა;

4. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2024 წლის დასკვნა;

5. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №26796 ბრძანება;

6. შემოსავლების სამსახურის 10.03.2025 წლის №4054 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 227 130.6 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 110 860

დღგ - 73 359

საშემოსავლო გადასახადი - 37 501

ჯარიმა - 55 098

საურავი - 61 172.6

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა სურსათით ვაჭრობა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში ქ. ----. 1. აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის №4145 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 20.06.2023 წელს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის №14637 ბრძანება და ამავე თარიღის №022-21 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 28.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.11.2023 წლის №29527 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29527 ბრძანება არ დაკმაყოფილებულ ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 22.02.2024 წლის №21703/2/2023 (რეგ. 23.04.2024წ. 03/32635) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29527 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 1.03.2024 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა სულ 54 094 ლარით, მათ შორის, გადასახადი 38 080 ლარით და ჯარიმა 16 014 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.03.2024 წლის №6396 ბრძანება და 26.03.2024 წლის №022-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 23.05.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.05.2024 წლის №12862 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 3.10.2024 წლის №23628/2/2024 (16.10.2024წ. 03/77238) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12862 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 20.11.2024 წლის №24539 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა. ხსენებული ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 17.12.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 102 447 ლარით, მათ შორის, გადასახადი 68 298 ლარით და ჯარიმა 34 149 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №27230 ბრძანება და ამავე თარიღის №022-25 საგადასახადო მოთხოვნა.

2. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №26796 ბრძანებით მომჩივანს უარი ეთქვა აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის №4145 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით მოცულ, 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებზე დამატებით, ელექტრონული ფორმით წარდგენილი 2021 წლის დეკემბრის თვის და 2022 წლის აპრილის თვის დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციების (დეკ. ----) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №022-25 საგადასახადო მოთხოვნა და 20.12.2024 წლის №26796 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.03.2025 წლის №4054 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24539 ბრძანების აღსრულების შედეგები

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტიდან სადავო საკითხებზე ირკვევა შემდეგი:

- გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა, თუმცა, წარდგენილი აქვს ფინანსური ანგარიშგება, რომლის საფუძველზეც დადგინდა საქონლის საწყისი ნაშთი. 2022 წლის ბოლოს კომპანიამ შეწყვიტა საქმიანობა და მთლიანი სმფ-ის ნაშთი გაყიდა, შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ის ნაშთი არის 0-ის ტოლი. გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები დაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით: დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი წლების და კატეგორიების მიხედვით და რეალიზებული პროდუქციის ღირებულებაზე, კატეგორიის წილის მიხედვით, მოხდა აღნიშნული ფასნამატის გავრცელება, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

- შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ის უკან დაბრუნებული საქონლის ღირებულებაზე, რომელზეც თავის დროზე გადასახადის გადამხდელს, მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, კომპანიას არ აქვს განხორციელებული ჩათვლის კორექტირება. საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის და სიტუაციური სახელმძღვანელოს №11118 და იმის გათვალისწინებით, რომ საქონლის ნაწილის დაბრუნების ფაქტი სახეზეა (გამოწერილია სასაქონლო ზედნადები) მიუხედავად იმისა, რომ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იქნა გამოწერილი, ჩათვლის მიმღების მიერ დაბრუნებული საქონლის ოდენობაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა გაუქმებას, საქონლის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში. შედეგად განხორციელდა ჩათვლილი დღგ-ის თანხის კორექტირება. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, საწყისი და საბოლოო კაპიტალის ოდენობა (გადასახადის გადამხდელის ინფორმაციით წინა წლებში ბანკში ჩარიცხული აქვს 276 500 ლარი კაპიტალი, რომლის შემცირებასაც ითხოვს შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს არ წარუდგენია აღნიშნულ თანხებზე კრების ოქმები, თუმცა, კაპიტალის საწყისი ნაშთის ნამდვილობა დასტურდება საწარმოს მიერ წარდგენილი ანგარიშგებით).

ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი შესამოწმებელ პერიოდში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით. შ

ემოწმების შედეგების გასაჩივრების შედეგად გამოცემული შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29527 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 1.03.2024 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ:

1. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად, გადაანგარიშების პროცესში, ჩათვლაში გათვალისწინებული იქნა (საწარმოს განცხადების საფუძველზე) საწარმოს მიერ მიღებული და დეკლარაციაზე მიუბმელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის დღგ ჯამში შეადგენს 1 348 ლარს.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ შემცირდა ხელფასის სახით განაცემები 2020 წელს, თუმცა, გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის დანაკლისი, რაც საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად იქნა დაკვალიფიცირებული. რაც შეეხება კაპიტალის ნაწილს, 735 578 ლარის კაპიტალის ნაშთის ნამდვილობა არ დასტურდება (გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია 2018-2019 წლების ბანკის ამონაწერი, საიდანაც 2018 წელს ბანკში შეტანილია 31 425 ლარი და 2019 წელს 276 500 ლარი, ტრანზაქციების დანიშნულებაში მითითებულია სალაროს ნაშთის ბანკში შეტანა). აღნიშნულ ტრანზაქციებს გადასახადის გადამხდელი ურთავს კრების ოქმებს, რომლებიც რეესტრში რეგისტრირებული არ არის. საწარმოს მიერ წარდგენილი 2021 წლის ფინანსური ანგარიშგებიდან ჩანს, რომ კაპიტალის ნაშთი 31.12.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს 422 161 ლარს, აქედან 276 500 ლარი, ფულის ნაშთში შემოწმების შედეგად უკვე გათვალისწინებულია. შესაბამისად, გადაანგარიშების პროცესში დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების შედეგად გაანგარიშებული ფულის ნაშთი, დარიცხული თანხა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირდა 36 732 ლარით, ხოლო ჯარიმის ნაწილში 15 315 ლარით. შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები გადაანგარიშების შედეგად სულ შემცირდა 54 094 ლარით, მათ შორის, გადასახადი 38 080 ლარით და ჯარიმა 16 014 ლარით. გადაანგარიშების შედეგების გასაჩივრებაზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24539 ბრძანება, რომლითაც საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა კაპიტალის ნაშთის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას ხანდაზმულ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24539 ბრძანება არ გასაჩივრებულა. შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტისა 17.12.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება, კერძოდ:

- პირველი სადავო საკითხის ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა 102 447 ლარით;

- მე-2 სადავო საკითხის ნაწილში გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებითი მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხის კორექტირება არ განხორციელებულა. გადაანგარიშების ამ ეტაპზე საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 102 447 ლარით, მათ შორის, გადასახადი 68 298 ლარით და ჯარიმა 34 149 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ კაპიტალის ნაშთის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას ხანდაზმულ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი, რის შედეგადაც განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება, ხოლო დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, რის გამოც შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები აღნიშნულ ნაწილში არ დაექვემდებარა კორექტირებას. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ხარჯის რეალიზაციაში გაშვება - ამ საკითხთან დაკავშირებით შემმოწმებელს საერთოდ არ დაუფიქსირებია პოზიცია (აშკარად უსაფუძვლო დარიცხვის გამო) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოზე 3.10.2024 წელს საკითხის განხილვის დროს, რადგან იმ ფორმატში ვერ ხერხდებოდა ფაქტების დაზუსტება, საკითხი დაუბრუნდა განსახილველად შემოსავლების სამსახურს და დაავალა შემმოწმებელს მოეხდინა აღნიშნული საქონლის იდენტიფიცირება და დაედგინა გამოიყენებოდა თუ არა ეს საქონელი ორგანიზაციის ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად, თუ მოხდა მისი რეალიზაცია და კომპანია ეწეოდა თუ არა მსგავსი პროდუქციის რეალიზაციას. ამ საკითხის შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში განხილვისას შემმოწმებელმა დაადასტურა, რომ ზემოთ აღნიშნული საქონელი გამოიყენებოდა ორგანიზაციის საჭიროებებისათვის და არ იყო განკუთვნილი სარეალიზაციოდ. სამწუხაროდ შემმოწმებლის გაცნობიერებული პოზიცია, მხოლოდ სიტყვები დარჩა და არ აისახა დასკვნაში იმ არგუმენტის გამოყენებით, თითქოს ფინანსთა სამინისტროს არ დაუკმაყოფილებია ეს საკითხი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.10.2024 წლის №23628/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „(სალაროში ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ სარგებლად დაკვალიფიცირებასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება)“. ეს საკითხი პირდაპირ ეხება რეალიზაციის ხელოვნურად გაზრდას და შესაბამისად სალაროში ფულის ნაშთის ხელოვნურად მომატებას. ასევე ამ ბრძანებაში დეტალურად არის გადმოცემული კომპანიის გაანგარიშებაზე, რამოდენიმეჯერ და ცალსახა დავალება, შემოსავლების სამსახურისთვის, მოახდინოს ხელახალი გაანგარიშება. კომპანიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით იგივეა. დეტალურად გაანგარიშებული მეილი გაეგზავნა შემმოწმებელს შემდეგი ტექსტით: „ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს შევთანხმდით, რომ ხარჯებისთვის შეძენილი მასალების გადახდებს (მხოლოდ ბანკიდან 82 105.77 ლარი. კიდევ ერთხელ გიგზავნით ამონაწერს) გაითვალისწინებდით თქვენს ახალ გაანგარიშებაში. რაც ასევე იყო აღნიშნული დავების საბჭოს გადაწყვეტილებაში.

სამწუხაროდ აქაც ვერ გავიგეთ თქვენი პოზიცია. აღნიშნული თქვენ კი გამოაკელით სხვა ხარჯებთან ერთად გაანგარიშების დროს, მაგრამ არ გამოაკელით რეალიზაციას. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნა, თქვენ მთლიან შეძენას (ამ ხარჯის ზედნადებების ჩათვლით) დაარიცხეთ რეალიზაცია, მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით. ამ მთლიან რეალიზაციაში დარიცხვა არ უნდა განხორციელებულიყო ხარჯის 82 105.77 ლარზე. ჩვენი აზრით სწორი გაანგარიშებისათვის 82 105.77 ლარიდან უნდა დაერიცხოს 2020 წლის ხარჯს 57 185.61 თქვენს მიერ გამოყვანილი ფასნამატი 14.8% 8 463.47 ლარი და 2021-2022 წლის ხარჯს 24 920.16 ასევე, თქვენს მიერ გამოყვანილი 22% ფასნამატი 5 482.43 ლარი. ამ რიცხვების ჯამი 57185.61+8463.47+24920.16+5482.43 = 96 051.67 ლარი უნდა მოაკლდეს რეალიზაციას და შესაბამისად ფულის ნაშთს. საერთო რეალიზაცია უნდა შემცირდეს მხოლოდ ამ გარემოების გათვალისწინებით 96 051.67 ლარით.“

ეს გარემოება ეხება შემმოწმებლის მიერ სალაროში ფულის ნაშთის ხელოვნურად გაზრდას და გადამხდელის ვალდებულების განსაზღვრისას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის უტყუარი გარემოება. ყველაფერი დოკუმენტირებულია (რეალური ხარჯი გაცილებით მეტი იყო. კანონის მოთხოვნის შესაბამისად ითხოვს მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებულის გათვალისწინებას). კაპიტალი - აღნიშნულთან დაკავშირებით წარდგენილია მტკიცებულებები, მათ შორის საბანკო ამონაწერები და კრების ოქმები და რაც მთავარია დოკუმენტურად დადასტურებულია არამარტო კომპანიაში შეტანილი თანხები (თანხები შეტანილია საქმიანობის დაწყებამდე) არამედ რაში დაიხარჯა დამფუძნებლის აღნიშნული თანხები. ეს გარემოება შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ გაიზიარა და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად განესაზღვრა კაპიტალის ოდენობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებისას კაპიტალში ჩათვლილია მხოლოდ 664 275 ლარი, ნაცვლად 735 578 ლარისა (ყველა მტკიცებულება წარდგენილი იყო.

ხელახლა გზავნის გაანგარიშებას, (მეილის ასლს) რომელიც შემმოწმებელსაც გაეგზავნა და არცერთი ციფრი სადაო არ არის). შესაბამისად, დააკლდა 73 321 ლარი. აქტში მოცემულია მხოლოდ ციფრები და არანაირი განმარტება. გაუგებარია ამგვარი გაანგარიშების ლოგიკა და შესაბამისად არ ეთანხმება. ამ გარემოების დაზუსტების მიზნით, შემმოწმებელთან 9.02.2025 წელს გაგზავნილ მეილს პასუხი არ მოყოლია. ისევე როგორც სხვა მეილებსაც, სადაც ითხოვდა კონკრეტულ პასუხებს-გაანგარიშებებს შემმოწმებლის პოზიციას დასაბუთებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ითხოვს, რომ კაპიტალის ნაწილში სრულად იქნას აღიარებული მის მიერ მტკიცებულებებით დასაბუთებული გაანგარიშება. სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ კაპიტალის გაანგარიშების ყველა ციფრი გავლილია შემმოწმებელთან და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. შესაბამისად, ითხოვს კაპიტალში 664 275 ლარის ნაცვლად 735 578 ლარის დადასტურებას. ჩასათვლელი და უკან დაბრუნებული საქონლის შესამცირებელი დღგ - დღგ ჩათვლის ნაწილში სრულად არ ჩათვალეს კომპანიის მიერ შეძენილი საქონელზე გამოწერილი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები. არსებობს გარკვეული სამართლებრივი შეზღუდვები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს უკვე თითქმის 4 წელია და აღნიშნული დღგ რეალურად გადახდილი აქვს, თვლის, რომ ზოგადი სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ის გარემოება რაც ბუნებრივად ისედაც უდავოა, გათვალისწინებული იყოს გადამხდელის ვალდებულების განსაზღვრისას. ასევე, დღგ-ის ნაწილში გაურკვეველია (აქტში მოცემული ციფრები არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას), რამდენია უკან დაბრუნებული საქონლის დღგ-ის თანხა, რომლის კორექტირება არ მოუხდენია და ზედმეტად აქვს აღნიშნული დღგ-ის თანხა ჩათვლილი. ამის მიზეზი გახლდათ ის გარემოება, რომ თავის დროზე ზოგიერთ მომწოდებელს არ ჰქონდა გამოწერილი უკან დაბრუნების ანგარიშ-ფაქტურა. კომპანიის გაანგარიშებით (უკან დაბრუნების ზედნადებების ჯამი, რომლებზეც არ არის გამოწერილი უკან დაბრუნების ანგარიშ-ფაქტურები) შეადგენს 115 583.06 ლარს დღგ-ის ჩათვლი (საჩივარს ახლავს RS.GEდან ამოფილტრულ უკან დაბრუნების ს/ზ სქრინი) შესაბამისად არასწორად ჩათვლილი დღგ შეადგენს 17 631.31 ლარს. ამ საკითხის შემმოწმებელთან ერთობლივად გავლის მცდელობას შედეგი არ მოყოლია და გაგზავნილ 9.02.2025 წლის მეილზე პასუხი არ მიუღია.

შემოსავლების სამსახურის 10.03.2025 წლის №4054 ბრძანებაში განვითარებული მსჯელობით დავების განხილვის საბჭომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით (ხარჯის რეალიზაციაში გაშვება და კაპიტალის გაანგარიშება) ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება, ფაქტობრივი გარემოება, გაანგარიშება, არანაირი კონკრეტული ციფრები. მხოლოდ ზოგადი განმარტებები და შეახსენა შემმოწმებლის უფლებამოსილების ფარგლების შესახებ. დავების საბჭომ საფუძვლიანად იმსჯელა მხოლოდ ჩასათვლელი დღგ-ის ნაწილში, წარმოადგინა მტკიცებულებები და სამართლებრივი დასაბუთებები, თუმცა ისიც მხოლოდ საგადასახადო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე და არაფერი უთქვამს აღნიშნული საკითხი სხვა სამართლებრივი აქტებით (სამოქალაქო კოდექსით) რეგულირების შესახებ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24539 ბრძანებით: - ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა კაპიტალის ნაშთის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას ხანდაზმულ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); - დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2024 წლის დასკვნა საიდანაც ირკვევა, რომ: - პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა 102 447 ლარით; - მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებითი მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხის კორექტირება არ განხორციელებულა. მომჩივანი პირველ და მე-2 საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს შემდეგს: - შემმოწმებელს დაევალა მოეხდინა საქონლის იდენტიფიცირება და დაედგინა გამოიყენებოდა თუ არა კონკრეტული საქონელი ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად, თუ მოხდა მისი რეალიზაცია და კომპანია ეწეოდა თუ არა მსგავსი პროდუქციის რეალიზაციას. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას შემმოწმებელმა დაადასტურა, რომ ზემოთ აღნიშნული საქონელი გამოიყენებოდა ორგანიზაციის საჭიროებებისათვის და არ იყო განკუთვნილი სარეალიზაციოდ. სამწუხაროდ არ აისახა დასკვნაში იმ არგუმენტით, თითქოს ეს საკითხი არ დაკმაყოფილდა. შემმოწმებელმა აღნიშნული გამოაკლო სხვა ხარჯებს, გაანგარიშების დროს, მაგრამ არ გამოაკლო რეალიზაციას. მთლიან რეალიზაციაში დარიცხვა არ უნდა განხორციელებულიყო 82 105.77 ლარის ხარჯზე. საერთო რეალიზაცია მხოლოდ ამ გარემოების გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 96 051.67 ლარით (რეალური ხარჯი გაცილებით მეტი იყო, ითხოვს მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებულის გათვალისწინებას).

- აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებისას კაპიტალში ჩათვლილია მხოლოდ 664 275 ლარი, ნაცვლად 735 578 ლარისა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ითხოვს, რომ კაპიტალის ნაწილში სრულად იქნას აღიარებული მის მიერ მტკიცებულებებით დასაბუთებული გაანგარიშება. - დღგ-ის ჩათვლის ნაწილში სრულად არ ჩათვალეს კომპანიის მიერ შეძენილ საქონელზე გამოწერილი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები. - ასევე, დღგ-ის ნაწილში გაურკვეველია რამდენია უკან დაბრუნებული საქონლის დღგ-ის თანხა, რომლის კორექტირება არ მოუხდენია და ზედმეტად აქვს ამ ნაწილში დღგ-ის თანხა ჩათვლილი. ამის მიზეზი გახლდათ ის გარემოება, რომ თავის დროზე ზოგიერთ მომწოდებელს არ ჰქონდა გამოწერილი უკან დაბრუნების ანგარიშ-ფაქტურა. კომპანიის გაანგარიშებით არასწორად ჩათვლილი დღგ შეადგენს 17 631.31 ლარს. აღნიშნულ არგუმენტებთან დაკავშირებით აღსანიშნია შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24539 ბრძანებაში (რომლის აღსრულებაც სადავოა მოცემულ ეტაპზე) აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მითითებული გარემოებები, კერძოდ, პირველ სადავო საკითხზე მითითებულია, რომ: „საწარმოს კაპიტალის ნაშთის 735 578 ლარის ნამდვილობა არ დასტურდება, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია 2018-2019 წლების ბანკის ამონაწერი, საიდანაც 2018 წელს ბანკში შეტანილია 31 425 ლარი, ხოლო 2019 წელს 276 500 ლარი, ტრანზაქციების დანიშნულებაში მითითებულია სალაროს ნაშთის ბანკში შეტანა. აღნიშნულ ტრანზაქციებს გადამხდელი ურთავს კრების ოქმებს, რომლებიც რეესტრში რეგისტრირებული არ არის. საწარმოს მიერ წარდგენილი 2021 წლის ფინანსური ანგარიშგებიდან ჩანს, რომ კაპიტალის ნაშთი 31.12.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს 422 161 ლარს, აქედან 276 500 ლარი ფულის ნაშთში შემოწმების შედეგად უკვე გათვალისწინებულია. ამასთან, ჩატარდა ხანდაზმული პერიოდის ზოგადი ანალიტიკური პროცედურები, რომლითაც დადგინდა, რომ 2018-2019 წლებში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება დეკლარირებულ შემოსავალზე მეტი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი (შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 1 606 982 ლარს, ხოლო დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი - 2 300 237 ლარს), აღნიშნულ წლებში დეკლარირებული ფასნამატია დაახლოებით 4%, რაც არსებითად განსხვავდება (ნაკლებია) იმავე პერიოდის გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატისგან (10%-15%). გარდა ამისა, საბანკო ანგარიშზე შეტანილ თანხებს (გადასახადის გადამხდელის განმარტებით გაზარდა კაპიტალი) დანიშნულებაში მითითებული აქვს სალაროს ნაშთი. შესამოწმებელ პერიოდში ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებული კაპიტალის ნაშთი (276 000+145 661=422 161 ლარი). ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური და დეკლარირებული ფასნამატი განსხვავდება ერთმანეთისგან და ბანკში თანხა შეტანილია „სალაროს ნაშთის“ დანიშნულებით, აუდიტის მიერ გადაანგარიშების შედეგად, დარჩენილი თანხის კორექტირება არ განხორციელებულა. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან და ფულის ნაშთის გაანგარიშებისას დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29527 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის“.

აღნიშნულის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის დავალება (20.11.2024 წლის №24539 ბრძანებაში, რომლის აღსრულებაც სადავოა მოცემულ ეტაპზე) აუდიტის დეპარტამენტისადმი განისაზღვრა მხოლოდ შემდეგი, რომ „ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა კაპიტალის ნაშთის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას ხანდაზმულ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი“, რაც გადაანგარიშების ეტაპზე აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კერძოდ კაპიტალში შეტანილ თანხად (როგორც შემოწმების, ასევე გადაანგარიშებების ეტაპზე) ჯამში ჩათვლილია 695 355 ლარი.

 

მე-2 სადავო საკითხზე, შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24539 ბრძანებაში (რომლის აღსრულებაც სადავოა მოცემულ ეტაპზე) მითითებულია შემდეგი: „გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ საწარმოს შეძენილი აქვს 30 656.00 ლარის საქონელი შემოწმების პერიოდში, რომლებზეც ამ ეტაპზე არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და რის საფუძველზეც, საწარმოს სასარგებლოდ უნდა განხორციელდეს 4 676.34 ლარის დღგ-ის ჩათვლა. ამასთან, უკან დაბრუნებული საქონლის დღგ-ის თანხის კორექტირებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29527 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის“.

ამდენად, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის დავალება (20.11.2024 წლის №24539 ბრძანებაში, რომლის აღსრულებაც სადავოა მოცემულ ეტაპზე) განისაზღვრა მხოლოდ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების კუთხით, რასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებითი მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელებულა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24539 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. უარი, საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდებზე წარდგენილი, დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

9.12.2024 წელს კომპანიის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილია 2021 წლის დეკემბრის და 2022 წლის აპრილის თვეების დღგ-ის ყოველთვიური (დეკ. ---- (დაზუსტებული) დეკლარაციები, რომლებიც ეხება აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის №4145 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით მოცულ, 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებს, რომელზეც საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებულია საგადასახადო შემოწმება.

გადასახადის გადამხდელის მიერ გაგზავნილ დღგ-ის დაზუსტებულ დეკლარაციებში მიბმული და ჩათვლილია/კორექტირებულია იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის თანხა, რომლებიც შემოწმების შედეგად უკვე გათვალისწინებულია საგადასახადო შემოწმების აქტით/აქტის გადაანგარიშებით. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №26796 ბრძანებით მომჩივანს უარი ეთქვა დამატებით, ელექტრონული ფორმით წარდგენილი 2021 წლის დეკემბრის თვის და 2022 წლის აპრილის თვის დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციების (დეკ. ---) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 180-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 179-ე მუხლზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებზე. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის №4145 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. 9.12.2024 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია 2021 წლის დეკემბრის და 2022 წლის აპრილის თვეების დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციები, რომლებიც ეხება იმ საგადასახადო პერიოდს, რომელზეც საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებულია საგადასახადო შემოწმება. გადამხდელის მიერ გამოგზავნილ დღგ-ის დაზუსტებულ დეკლარაციებში მიბმული და ჩათვლილია/კორექტირებულია იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის თანხა, რომლებიც შემოწმების მიერ უკვე გათვალისწინებულია საგადასახადო შემოწმების აქტით/აქტის გადაანგარიშებით.

შესაბამისად, ზემოაღნიშნული დეკლარაციები არ დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გადაგზავნას/ასახვას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2021 წლის დეკემბრის და 2022 წლის აპრილის თვეების დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარი მართლზომიერია, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ამ სადავო საკითზე არგუმენტს არ წარმოადგენს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.

დგინდება, რომ 9.12.2024 წელს მომჩივანმა წარადგინა 2021 წლის დეკემბრის და 2022 წლის აპრილის თვეების დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციები, რომლებიც ეხება აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის №4145 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით მოცულ, 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებს, რომელზეც საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებულია საგადასახადო შემოწმება.

გადასახადის გადამხდელის მიერ გაგზავნილ დღგ-ის დაზუსტებულ დეკლარაციებში მიბმული და ჩათვლილია/კორექტირებულია იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის თანხა, რომლებიც შემოწმების შედეგად უკვე გათვალისწინებულია საგადასახადო შემოწმების აქტით/აქტის გადაანგარიშებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ 2021 წლის დეკემბრის და 2022 წლის აპრილის თვეების დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე აუდიტის დეპარტამენტის უარი მართებულია. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24539 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. უარი, საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდებზე წარდგენილი, დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №24539 ბრძანებით: - ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა კაპიტალის ნაშთის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას ხანდაზმულ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული N 24539 ბრძანების აღსრულების შედეგად:

- პირველი სადავო საკითხის ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა 102 447 ლარით;

- მე-2 სადავო საკითხის ნაწილში გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებითი მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხის კორექტირება არ განხორციელებულა.

საგადასახადო შემოწმებით დგინდება, რომ 9.12.2024 წელს მომჩივანმა წარადგინა 2021 წლის დეკემბრის და 2022 წლის აპრილის თვეების დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) საგადასახადო შემოწმებით მოცულ, 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებს.

გადასახადის გადამხდელის მიერ გაგზავნილ დღგ-ის დაზუსტებულ დეკლარაციებში მიბმული და ჩათვლილია/კორექტირებულია იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის თანხა, რომლებიც შემოწმების შედეგად უკვე გათვალისწინებულია საგადასახადო შემოწმების აქტით/აქტის გადაანგარიშებით. შესაბამისად, გადამხდელს ეთქვა უარი დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24539 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, გ); 69 (3) .