გადაწყვეტილება №23535/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 23535/2/2024
25 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 23.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23535/2/2024).
დავის საგანი:
1. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა;
2. უარი დაკისრებული საურავისგან გათავისუფლებაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 25.06.2024 წლის №ELC37128 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 27.06.2024 წლის №EL69070/44 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 18.07.2024 წლის №16973 წლის ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 414,91 ლარი.
მათ შორის:
ჯარიმა - 1 000
საურავი - 4 14.91
ფაქტების აღწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 8.05.2023 წელს ----------- მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ---------, სატრანზიტო № ---------) ზოგადი დეკლარირება, რომლის დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 7.07.2023 წელი.
სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა დანიშნულების საბაჟო ორგანოში და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევა ან/და საქართველოდან გატანა, რაზეც 25.06.2024 წელს შედგენილი №ELC37128 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა
1 000 ლარის ოდენობით.
ამასთან სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ -----------, სატრანზიტო №---------) 27.06.2024 წელს მომჩივნის მიერ მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, აღნიშნულიდან გამომდინარე გამოიცა №--------- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელებზე დაერიცხა საურავი 414.91 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.07.2024 წლის №16973 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლზე და საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, ხოლო საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის პირს ეკისრება საურავი. ამდენად, საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული პასუხისმგებლობა და იმპორტის გადასახდელებზე საურავის დარიცხვა მართლზომიერია.
საგულისხმოა, რომ მომჩივანს სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირების არაერთი ფაქტი უფიქსირდება. ამასთან, იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო, წარსულშიც არის დაჯარიმებული. შესაბამისად, მისთვის კარგად არის ცნობილი სატრანსპორტო საშუალების დეკლარირებისა და გამოცხადების ვადები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენდა ----------- მეორადი ავტომობილების იმპორტი, მათი აღდგენა და შემდგომი რეალიზაცია. წელიწადში საშუალოდ ახორციელებდა სამი ან ოთხი ავტომობილის შემოტანას და რეალიზაციას. ახდენდა მიღებული შემოსავლების დეკლარირებასა და გადახდას.
8.05.2023 წელს მომჩივანმა შემოიტანა ერთი ავტომობილი №---------, რომლის აღდგენის შემდეგ, 2023 წლის ივნისის ბოლოდან შეწყდა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი -----------, რომელიც წარმოადგენდა მომჩივნის მიერ შემოტანილი მარკის ავტომანქანების ძირითად ბაზარს. შესაბამისად, ვერ მოახდინა შემოტანილი ავტომანქანის რეექსპორტი.
ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირების/გამოცხადების ვადის დარღვევის გამო 26.06.2024 წელს მიუვიდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. 27.06.2024 წელს მან ისესხა თანხა და განაბაჟა ავტომანქანა.
მომჩივანი ითხოვს, გათვალისწინებულ იქნეს საქართველოში ავტომანქანების რეალიზაციისას შექმნილი პრობლემები და ეპატიოს დარიცხული ჯარიმა და საურავები.
ელოდებოდა სიტუაციის გამოსწორებას ავტომობილების რეალიზაციისთვის და მისი მიზანი არ ყოფილა გადასახადებისგან თავის არიდება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა (შემდგომ − დავა) განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
საგადასახდო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 7.07.2023 წელი.
საბაჟო დეპარტამენტის 31.07.2024 წელს №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ -----------, სატრანზიტო №-----------) 27.06.2024 წელს მომჩივნის მიერ მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით №------------.
ვინაიდან მომჩივნის მიერ დაირღვა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების/დეკლარირების ვადა, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის დაკისრება და იმპორტის გადასახდელებზე საურავის დარიცხვა მართლზომიერია.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და იმ გარემოებების გათვალიწინებით, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც დაადასტურა საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.07.2024 წლის №16973 ბრძანება;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 25.06.2024 წლის №ELC37128 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 25.06.2024 წლის №ELC37128 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს გაფრთხილება;
5. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა;
2. უარი დაკისრებული საურავისგან გათავისუფლებაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება, რომლის დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 7.07.2023 წელი. სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა დანიშნულების საბაჟო ორგანოში და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევა ან/და საქართველოდან გატანა, რაზეც 25.06.2024 წელს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა , სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 33(2);165;