ბრძანება N 2152

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.02.2026
№ დოკუმენტი 2152
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2152

03 თებერვალი 2026

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2025 წლის 16 ოქტომბრის, 17 ოქტომბრის და 3 ნოემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 29 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 იანვრის №26296/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 16 ოქტომბრის №98383/1/2025, 17 ოქტომბრის №98414/1/2025 და 3 ნოემბრის №CA00412515953944 (რეგ. №173907/21 და №174006/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 სექტემბრის №002-137 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საკუთარი ფართიდან ახორციელებს საცალო და საბითუმო ვაჭრობას. განმარტავს, რომ საქონლის მიწოდების ფასი დამოკიდებულია გადამხდელის მიერ პერიოდის განმავლობაში შეკვეთილი საქონლის რაოდენობაზე. მიუთითებს, რომ ახალი საქონლის დასაწყობების მიზნით საწარმო ცდილობს ყოველი სასაქონლო პარტიის განაშთვას, შესაბამისად, წინა საქონლის პარტიიდან დარჩენილი საქონლის რაოდენობაზე საწარმო მარჟას ამცირებს, რომლითაც ამოიყიდება საცალო გაყიდვით დარჩენილი მცირე ნაშთი, თუმცა, მთლიან შესყიდულ პარტიაზე რჩება სოლიდური მოგება, რომელიც შემოწმებისას არ იქნა გათვალისწინებული. აცხადებს, რომ საბუღალტრო პროგრამაში ზედმიწევნით არის აღწერილი საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით გაყიდული საქონლის ჩამოწერა, კერძოდ, ყოველ გაყიდულ საქონელზე გამოწერილ ქვითარზე შესაბამისი ნომრით არის ჩამოწერილი საქონელი, შესაბამისად, შესაძლებელია გაყიდული საქონლისა და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება, რომლის დასადასტურებლად საჩივარზე თანდართული აქვს სასაქონლო ზედნადებებისა და ქვითრების რეესტრი.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 მარტის №4415 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 12 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 18 სექტემბრის №20521 ბრძანება და ამავე თარიღის №002-137 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 315 557 ლარი, მათ შორის, გადასახადი 197 614 ლარი, ჯარიმა 91 360ლარი, საურავი 26 583 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2025 წლის 17 ნოემბრის №25132 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 5 იანვრის №26296/2/2025 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 ნოემბრის №25132 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 იანვრის №26296/2/2025 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები და ფასნამატის საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს რძის პროდუქტებით ვაჭრობა. საქონელი შეძენილია იმპორტის საშუალებით და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოს მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 9 629 276 ლარს, ხოლო ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“ 9 674 421 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია 6 349 352 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), რაც დეკლარირებული ბრუნვის 66%-ს შეადგენს. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების პროცესში წარმოდგენილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა „ორისი“, სადაც რეალიზებული საქონელი ჩამოიწერება ყოველდღიურად, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი აღირიცხება ჯამურად, საიდანაც არ იდენტიფიცირდება ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხა. აღნიშნულის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს საშუალოდ დაახლოებით 15,8%-ს, კერძოდ, 2024 წელს - 15,9%-ს, ხოლო 2025 წელს - 14,8%-ს. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს დაახლოებით 11%-ს. შედეგად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმების მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი წლების მიხედვით (საშუალოდ 15,8%). შესაბამისად, შემოწმებით დადგენილმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 10 035 965 ლარი. ამასთან, საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის მიხედვით და განისაზღვრა არაგონივრული ნაშთის ოდენობა 472 297 ლარის ოდენობით, რაც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია 6 349 352 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), რაც დეკლარირებული ბრუნვის 66%-ს შეადგენს. გადამხდელს საგადასახადო შემოწმების პროცესში წარდგენილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, სადაც რეალიზებული საქონელი ჩამოიწერება ყოველდღიურად, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი აღირიცხება ჯამურად, საიდანაც არ იდენტიფიცირდება ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხა. აღნიშნულის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს დაახლოებით 15,8%. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი კი დაახლოებით 11%-ს. შედეგად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმების მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი წლების მიხედვით (საშუალოდ 15,8%). ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და დადგინდა სალაროს არაგონივრული ნაშთი, რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მიხედვით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ, გადამხდელს უფიქსირდება არაიდენტიფიცირებადი რეალიზაციები. ამასთან, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან (რაც შეადგენს რეალიზებული საქონლის 40%-ს) მიღებული შემოსავალი აღრიცხულია ჯამურად, ჩეკების მიხედვით, შესაბამისად, შეუძლებელი იყო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ერთეულის სარეალიზაციო ფასის დადგენა. იმ შემთხვევაში, როდესაც გადამხდელის მიერ წარდგენილ პროგრამაზე დაყრდნობით (სადაც გატარებები შესრულებულია ოპერაციის განხორციელებიდან თვეების შემდეგ) იდენტიფიცირებადია რეალიზაცია, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად დაბალია დოკუმენტით რეალიზებული საქონლის ფასნამატზე, კერძოდ, ისეთ საქონელზე, როგორიცაა რძის ფხვნილი, კარაქი, ზეთი, რძის ცხიმის შემცვლელი, რომელთა წილიც მაღალია რეალიზაციაში, საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატები შეადგენს შესაბამისად 16%, 16%, 14% და 8%-ს, ხოლო პროგრამის მიხედვით, არადოკუმენტური რეალიზაციის საშუალო შეწონილი ფასნამატები 5%, 6%, 3%, 4%-ია. აღნიშნულთან დაკავშირებით, არც საგადასახადო შემოწმების პროცესში და არც დავების წარმოების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა მოწოდებული რაიმე სახის მტკიცებულება/სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის დაწყებას, მიმდინარეობასა და დასრულებას (შედეგს) შორის კავშირის დადგენა (კერძოდ, გადამხდელს არ გააჩნია ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება თითოეული საქონლის შეძენა-რეალიზაციის ოპერაციის იდენტიფიცირება). ამასთან, დავის ეტაპზე წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ასლი, რომელიც მოწოდებული იყო შემოწმების პროცესშიც, ასევე, რამდენიმე სასაქონლო ზედნადები და საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდილი ქვითრების რეესტრი. აღნიშნული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელმა რამდენიმე დოკუმენტური რეალიზაცია დააკავშირა საკონტროლო-სალარო აპარატიდან გამოწერილ ჩეკთან (გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატის შესაბამისი ფასნამატი), რაც გავლენას არ ახდენს საგადასახადო შემოწმების შედეგებზე. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელს,შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდებოდა სმფ-ის ბუღალტრული ნაშთი 620 129 ლარის ოდენობით, ხოლო საბოლოოო ნაშთი 556 890 ლარი, რაც სრულად იქნა რეალიზებული შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, 2025 წლის აპრილის თვიდან. საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან კი საწარმომ შეაჩერა საქმიანობა. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, სმფ-ის ნაშთის მინიმალური ოდენობა შეადგენდა 277 300 ლარს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს რძის პროდუქტებით ვაჭრობა.საწარმოს მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 9 629 276 ლარს, ხოლო ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“ 9 674 421 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია 6 349 352 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), რაც დეკლარირებული ბრუნვის 66%-ს შეადგენს.

შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს საშუალოდ დაახლოებით 15,8%-ს, კერძოდ, 2024 წელს - 15,9%-ს, ხოლო 2025 წელს - 14,8%-ს. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს დაახლოებით 11%-ს. შედეგად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.ასევე,განისაზღვრა არაგონივრული ნაშთის ოდენობა 472 297 ლარის ოდენობით, რაც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),101,154,163,164.