გადაწყვეტილება №22637/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22637/2/2024
16 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ს 21.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22637/2/2024).
დავის საგანი:
1. ნადუღის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის მართლზომიერება;
2. დამფუძნებელზე/დირექტორზე ჩუქებით გადაცემული ქონების ღირებულებაზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა;
3. სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
4. ჯარიმა-საურავების პატიება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №043-17 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.03.2024 წლის №4805 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 116 205,17 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 70 579
დღგ - 23 915
მიწაზე (სასოფლო) ქონების გადასახადი - 4
საშემოსავლო გადასახადი - 46 462
ქონების გადასახადი - 198
ჯარიმა - 34 793
საურავი - 10 833,17
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ნატურალური რძის გადამუშავების შედეგად მზა პროდუქციის (ყველი, ნადუღი და არაჟანი) მიღება. კომპანიის დაფუძნების თარიღია 13.05.2016 წელი,ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის (ნებაყოფლობითი) თარიღია 13.11.2021 წელი. საწარმოს საქმიანობის ადგილია დედოფლისწყარო, ჰერეთის მე-2 შესახვევი №6.
აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.10.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №043-17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.03.2024 წლის №4805 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ნადუღის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 50 500 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები, ახსნა-განმარტებები, კალკულაცია, შესყიდვის აქტები), გადასახადების ადმინისტრირების ერთიანი საინფორმაციო ბაზის მონაცემების და სხვადასხვა უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის შესწავლის/ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 2 556 818 ლიტრი რძე, რომლიდანაც რეალიზებულია 59 975 ლიტრი, ხოლო დარჩენილი ნედლეულით, წარმოებული და რეალიზებულია ნადუღი, არაჟანი, ყველი, სულგუნი და შებოლილი სულგუნი. ნადუღის წარმოებისთვის იყენებდა უშუალოდ რძის გადამუშავების შედეგად დარჩენილ შრატს.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქონლის წარმოების კალკულაციებისა და ნადუღის წარმოებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი პოზიციის გათვალისწინებით, სულ შეძენილი ნედლეულის (ნატურალური რძე) გადამუშავებით, შემოწმების მიერ დადგენილ იქნა მიღებული/მისაღები ნადუღის და არაჟნის რაოდენობა, რომელთა რეალიზაციის შედეგად მიღებული/მისაღები შემოსავალი აღემატებოდა აღნიშნული პროდუქციის დოკუმენტურ რეალიზაციას, კერძოდ, დოკუმენტური რეალიზაციით მიღებული შემოსავალი შეადგენდა: ნადუღი 119 004 ლარს, არაჟანი 9 820 ლარს, ხოლო შემოწმებით დამატებით დადგენილი უდოკუმენტო რეალიზაცია შეადგენდა: ნადუღი 81 370 ლარს, არაჟანი 10 729 ლარს. აღნიშნული პროდუქტის დამატებითი რაოდენობის წარმოება არ მომხდარა ყოველდღიურად. დამატებით დადგენილი რაოდენობა გაანგარიშდა წარმოების დღეს გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციის/გამოსავლიანობის მიხედვით.
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ რეალიზებულია 500 ლარის საქონელი - ღორღი, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე მუხლების საფუძველზე, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე, 172-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი ნადუღის წარმოებისთვის იყენებდა უშუალოდ რძის გადამუშავების შედეგად დარჩენილ შრატს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საქონლის წარმოების კალკულაციებისა და ნადუღის წარმოებასთან დაკავშირებით წარდგენილი პოზიციის გათვალისწინებით, სულ შეძენილი ნედლეულის (ნატურალური რძე) გადამუშავებით, შემოწმების მიერ დადგენილ იქნა მიღებული/მისაღები ნადუღის და არაჟნის რაოდენობა, რომელთა რეალიზაციის შედეგად მიღებული/მისაღები შემოსავალი აღემატებოდა აღნიშნული პროდუქციების დოკუმენტურ რეალიზაციას. აღნიშნული პროდუქტის დამატებითი რაოდენობა გაანგარიშდა წარმოების დღეს გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული კალკულაციის/გამოსავლიანობის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, ნადუღის რეალიზაციით მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ქვეპუნქტებით განსაზღვრულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სახეობები, რომლებიც გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ხოლო ჩამოთვლილ სახეობებს არ მიეკუთვნება წარმოებული ნადუღი. შესაბამისად, ნადუღის რეალიზაციით მიღებული თანხები ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტმა 9.11.2023 წელს დანიშნა კამერალური შემოწმება 1.01.2020 წლიდან 1.10.2023 წლის ჩათვლით პერიოდზე. მოთხოვნილი იქნა დოკუმენტაცია საბანკო ამონაწერები, ეკონომიკური საქმიანობის პირველადი დოკუმენტაცია. კომპანიამ ითანამშრომლა შემმოწმებელ მხარესთან და მიაწოდა ყველა მათ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები და ყველა საკითხზე ახსნაგანმარტებები. იყო რამდენიმე სატელეფონო გასაუბრებაც კომპანიის დირექტორთან და ბუღალტერთან. 25.12.2023 წელს გამოიცა შემოწმების აქტი, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო დაუსწრებლად. არ მოგვეცა დავაზე ჩვენი პოზიციის დაფიქსირების საშუალება.
კომპანია ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას ნედლი რძით ყველის წარმოებას, მისი საქმიანობა არის ყველ მრეწვი. ასევე აწარმოებს არაჟანს და ნადუღს. კანონმდებლობით ნედლი რძისგან წარმოებული პროდუქცია გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. ასევე, ნადუღიც იწარმოება ნედლი რძის შრატისაგან არ შეიცავს არანაირ დანამატს და არ ბეგრავდით დღგ-ით. არაჟანს ვაწარმოებთ და ვბეგრავთ დღგ-ით, ვინაიდან ის შეიცავს სხვა კომპონენტებს და იბეგრება კანონმდებლობით. კომპანიას აქვს გრანტები და სესხები საქმიანობის პერიოდში. ასევე აქვს საკუთრებაში საწარმოო შენობა, რომელიც საკუთარი ძალებით ააშენა და აფართოებს დღეის მდგომარეობით. აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რითაც ახდენს პროდუქციის ტრანსპორტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11–0203 19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00–0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22 000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლიდან მოქმედი რედაქციით, საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11– 0203 19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00–0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22 000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 2 556 818 ლიტრი რძე, რომლიდანაც რეალიზებულია 59 975 ლიტრი, ხოლო დარჩენილი ნედლეულით, წარმოებული და რეალიზებულია ნადუღი, არაჟანი, ყველი, სულგუნი და შებოლილი სულგუნი. ნადუღის წარმოებისთვის იყენებდა უშუალოდ რძის გადამუშავების შედეგად დარჩენილ შრატს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქონლის წარმოების კალკულაციებისა და ნადუღის წარმოებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი პოზიციის გათვალისწინებით, სულ შეძენილი ნედლეულის (ნატურალური რძე) გადამუშავებით, შემოწმების მიერ დადგენილ იქნა მიღებული/მისაღები ნადუღის რაოდენობა, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული/მისაღები შემოსავალი აღემატებოდა დოკუმენტურ რეალიზაციას. პროდუქტის დამატებითი რაოდენობის წარმოება არ მომხდარა ყოველდღიურად. დამატებით დადგენილი რაოდენობა გაანგარიშდა წარმოების დღეს გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციის/გამოსავლიანობის მიხედვით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გაანგარიშების დროს მხედველობაში იქნა მიღებული მომჩივნის განმარტება ნადუღის წარმოებისთვის გამოყენებული შრატის მოსათავსებელი ავზის მოცულობის გათვალისწინების თაობაზე. მომჩივნის მიერ ნადუღის წარმოების დაწყებამდე, არაპირდაპირი მეთოდით წარმოებული ნადუღის გაანგარიშება და დაბეგვრა არ მომხდარა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ წარმოებული ნადუღის მიწოდება საგადასახადო კანონმდებლობით არ განიხილება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად, ხოლო წარმოების მოცულობასთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტება გათვალისწინებულია საგადასახადო შემოწმების დროს, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დამფუძნებელზე/დირექტორზე ჩუქებით გადაცემული ქონების ღირებულებაზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემების შესწავლა/ანალიზით აღმოჩნდა, რომ საწარმოს 2019 წლის 23 აგვისტოს ფიზიკური პირისგან - "------"-სგან (პ/ნ "------") ჩუქებით მიღებული აქვს შემდეგ საკადასტრო კოდზე "------" რეგისტრირებული მიწა მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებით (საცხოვრებელი სახლი და საწარმოო შენობა) 937 კვ.მ. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით, ფ/პ "------"-სა (პ/ნ "------") და სს „-------“ (ს/ნ „-------“) შორის 2018 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, იპოთეკის საგანი ("------" რეგისტრირებული მიწა მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებით: საცხოვრებელი სახლი და საწარმოო შენობა) შეფასებულია 52 500 აშშ დოლარად, რაც მოცემული თარიღის კურსით შეადგენდა 137 466 ლარს.
შემოწმების მსვლელობისას დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა აღნიშნული ქონების დაყოფა ორ ნაწილად: ს/კ "-------" მიწა მასზე დამაგრებული საწარმოო შენობით 595 კვ.მ და "------" მიწა მასზე დამაგრებული შენობით-სახლი 342 კვ.მ, ხოლო 2021 წლის 14 ივნისს "------" მიწა მასზე დამაგრებული შენობით-სახლი 342 კვ.მ ჩუქებით - უსასყიდლოდ გადასცა (გადაუფორმა) მისსავე დამფუძნებელს/დირექტორს "------"-ს , რომელთან დაკავშირებითაც საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია. ზემოაღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულების შეფასების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განსაზღვრული იქნა დამფუძნებელზე/დირექტორზე ჩუქებით გადაცემული/გადაფორმებული ქონების პროპორციული ღირებულება 50 174 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ ზემოთ აღნიშნული ოპერაციიდან გამომდინარე განსაზღვრული იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის მოცულობა და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, მე-12, 154-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს 2019 წლის 23 აგვისტოს ფიზიკური პირისგან - "------"-სგან ჩუქებით მიღებული აქვს მიწა მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით, ფ/პ "------"-სა და სს „------ -ს “ შორის 2018 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით იპოთეკის საგანი შეფასებულია 52 500 აშშ დოლარად. შემოწმების მსვლელობისას დადგინდა, რომ აღნიშნული ქონება დაიყო ორ ნაწილად, მიწა მასზე დამაგრებული საწარმოო შენობით და მიწა მასზე დამაგრებული შენობანაგებობით (სახლი). 2021 წლის 14 ივნისს მიწა მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით (სახლი) ჩუქებით - უსასყიდლოდ გადაეცა კომპანიის დამფუძნებელს/დირექტორსვ"------"-ს, რომელსაც, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია.
იმის გათვალისწინებით, რომ საწარმომ მიწა მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით (სახლი) უსასყიდლოდ გადასცა დამფუძნებელს/დირექტორს, რომელიც ბანკის მიერ იყო შეფასებული და რომელთან დაკავშირებით დირექტორს კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ იპოთეკის ხელშეკრულების შეფასების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დირექტორზე ჩუქებით გადაცემული ქონების პროპორციული ღირებულებით, 50 174 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
იმის გათვალისწინებით, რომ საწარმომ მიწა მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით (სახლი) უსასყიდლოდ გადასცა დამფუძნებელს/დირექტორს, რომელიც ბანკის მიერ იყო შეფასებული და რომელთან დაკავშირებით დირექტორს კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ იპოთეკის ხელშეკრულების შეფასების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დირექტორზე ჩუქებით გადაცემული ქონების პროპორციული ღირებულებით, 50 174 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის რეგისტრაციის დროს დამფუძნებელმა სახლიც კი კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეიტანა, რაც შეცდომა იყო და შემდეგ 2021 წლის ფინანსურ წელს გამოყო საცხოვრებელი ფართი საწარმოო ფართიდან ვინაიდან ისინი ინდივიდუალური მდგომი შენობებია.
არასწორად არის დაბეგრილი ქონების გაყოფის გასხვისების შემოსავლები, რაც ამცირებს დარიცხვას. ქონების დაყოფა ორ ნაწილად: მიწა მასზე დამაგრებული საწარმოო შენობით 595 კვ.მ (ს/კ "--------" ) და მიწა მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით (სახლი) 342 კვ.მ (ს/კ "-------" ). 14.06.2021 წელს მიწა, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით (სახლი) ჩუქებით - უსასყიდლოდ გადასცა კომპანიის დამფუძნებელს/დირექტორს "------"-ს, შემოწმების დროს ქონების შეფასება და საბაზრო ფასი არასწორად არის აღებული. მისი ღირებულება ბევრად დაბალი იყო მაგ პერიოდისთვის და ვითხოვთ ამის გათვალისწინებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს 2019 წლის 23 აგვისტოს ფიზიკური პირისგან - "-------"-სგან (პ/ნ "------") ჩუქებით მიღებული აქვს შემდეგ საკადასტრო კოდზე "------" რეგისტრირებული მიწა მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებით (საცხოვრებელი სახლი და საწარმოო შენობა) 937 კვ.მ. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით, ფ/პ "------"-სა"------"-სა (პ/ნ "------") და სს „------ -ს “ (ს/ნ „-------“ ) შორის 2018 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, იპოთეკის საგანი ("------" რეგისტრირებული მიწა მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებით: საცხოვრებელი სახლი და საწარმოო შენობა) შეფასებულია 52 500 აშშ დოლარად, რაც მოცემული თარიღის კურსით შეადგენდა 137 466 ლარს. გადასახადის გადამხდელმა განახორციელა აღნიშნული ქონების დაყოფა ორ ნაწილად: ს/კ "-------" მიწა მასზე დამაგრებული საწარმოო შენობით 595 კვ.მ და "-------" მიწა მასზე დამაგრებული შენობითსახლი 342 კვ.მ, ხოლო 2021 წლის 14 ივნისს "------" მიწა მასზე დამაგრებული შენობით-სახლი 342 კვ.მ ჩუქებით - უსასყიდლოდ გადასცა (გადაუფორმა) მისსავე დამფუძნებელს/დირექტორს"------"-ს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიის დირექტორის მეუღლემ ჩუქებით გადასცა კომპანიას მიწა, მასზე დამაგრებული ორი შენობა-ნაგებობით. აღნიშნული ქონება ჩუქებამდე გამოყენებული იყო სესხის უზრუნველყოფის საგნად და შეფასებული იქნა ბანკის მიერ. ბანკის მიერ შეფასებული არ არის საწარმო დანადგარები, შეფასებულია მხოლოდ უძრავი ქონება. უძრავი ქონების ორ საკადასტრო კოდზე გაყოფის შემდეგ, საცხოვრებელი სახლი გადაფორმდა კომპანიის დირექტორზე/დამფუძნებელზე, რაც მის მიერ საწარმოს კაპიტალში შენატანს არ წარმოადგენდა და აღნიშნული ჩაითვალა ჩუქებით მიღებულ შემოსავლად. ქონების სრული შეფასების თანხა ფართის გათვალისწინებით პროპორციულად გაიმიჯნა და განისაზღვრა გადახდის წყაროსთან დასაბეგრი თანხა. იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებულია 2018 წელს, უძრავი ქონება ამ პერიოდში ეკუთვნოდა ფიზიკურ პირს და ამ პერიოდისთვის საწარმოს მიერ ქონებაზე დანახარჯები გაწეული არ იყო. მომჩივნის მიერ მითითებული ქონების საბაზრო ღირებულება არ დასტურდება რაიმე დოკუმენტით/დასკვნით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ დირექტორისთვის ჩუქებით გადაცემული ქონების ღირებულების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განხილვა მართლზომიერია და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქონების ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით მტკიცებულებები/შეფასების დასკვნა მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში და საბჭოში დავის განხილვის ეტაპებზე წარმოდგენილი არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების მსვლელობისას, საზოგადოებას დაბეგვრის ობიექტის დადგენის მიზნით ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ან/და ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ნედლეულის (ნატურალური რძე) გადამუშავებით მიღებული მზა პროდუქციის რეალიზაცია წარმოებდა როგორც დოკუმენტურად, ასევე პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გარეშე, ხოლო საქონლისა და ნედლეულის შეძენას ახორციელებს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციის შესაბამისად, შემოწმების პროცესში გაანგარიშდა შეძენილი ნედლეულის გადამუშავებით მისაღები მზა პროდუქციის მოცულობა და მისივე პოზიციით დაფიქსირებული საქონლის/ნედლეულის ნაშთი. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში მთლიანი რეალიზაციით მიღებული შემოსავლიდან შემოწმებამ გაითვალისწინა საქონლისა და მომსახურების შესაძენად გადახდილი თანხების მოცულობა, დეკლარირებული მონაცემები და გაითვალისწინა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პოზიცია შემდეგ საკითხებზე: შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი, საქონლისა და ნედლეულის ნაშთი, დებიტორული/კრედიტორული დავალიანება და წარმოების პროცესში გაწეულ სხვა ხარჯებზე გადახდილი თანხები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში მის მიერ დაფიქსირებულ ნაშთს აღემატება 128 357 ლარით, რომელიც შემოწმებით შესაბამის პერიოდში საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე განხილულ იქნა საზოგადოების ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე -"------" პ/ნ "------") ხელფასის სახით გაცემულ თანხად. შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიტიკური პროცედურებით დადგინდა, რომ საზოგადოებაში არც შესამოწმებლ პერიოდში და არც მანამდე კაპიტალის ზრდის/ცვლილების საჭიროება არ დგებოდა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 154-ე მუხლების გათვალისწინებით, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განსაზღვრული იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხების მოცულობა და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, მე-12, 154-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ან/და ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარუდგენია. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე მომსახურების ანაზღაურება განხორციელდა საბანკო გადარიცხვებით, რომელთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეუსრულებია. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ნედლეულის (ნატურალური რძე) გადამუშავებით მიღებული მზა პროდუქციის რეალიზაცია წარმოებდა როგორც დოკუმენტურად, ასევე პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გარეშე. შემოწმებამ გამოიანგარიშა შეძენილი ნედლეულის გადამუშავებით მისაღები მზა პროდუქციის მოცულობა და მისივე პოზიციით დაფიქსირებული საქონლის/ნედლეულის ნაშთი. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში მთლიანი რეალიზაციით მიღებული შემოსავლიდან შემოწმებამ გაითვალისწინა საქონლისა და ნედლეულის ნაშთი, დებიტორული/კრედიტორული დავალიანება და წარმოების პროცესში გაწეულ სხვა ხარჯებზე გადახდილი თანხები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში 128 357 ლარით აღემატება მის მიერ დაფიქსირებულ ნაშთს, რომელიც შემოწმებით განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე მომსახურების ანაზღაურება განხორციელდა საბანკო გადარიცხვებით, რომელთან დაკავშირებით საწარმოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეუსრულებია, ხოლო შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში მის მიერ დაფიქსირებულ ნაშთს აღემატება, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არასწორად არის დაბეგრილი შემოტანილი და გატანილი თანხები, რაც ამცირებს დარიცხვას. სესხები მოზიდულია და კომპანიას დარიცხული აქვს ფიზიკური პირებისგან მიღებული. მერე ნაწილობრივ აქვს დაბრუნებული თანხები, რაც არ არის გათვალისწინებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში აღემატება საწარმოს მიერ დაფიქსირებულ ნაშთს 128 357 ლარით. აგრეთვე, შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიტიკური პროცედურებით დადგინდა, რომ საზოგადოებაში არც შესამოწმებლ პერიოდში და არც მანამდე კაპიტალის ზრდის/ცვლილების საჭიროება არ დგებოდა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ცხრილის გავლა ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელთან, ვინაიდან კომპანიის ბუღალტერი შემმოწმებლებთან არ კონტაქტობდა. შედგენილია ფულის მოძრაობის ანგარიში, ხარჯებში გათვალისწინებულია ხარჯის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი, რაც წარმოადგინა კომპანიის დირექტორმა, მათ შორის შესყიდვის აქტები. ფულის მოძრაობა შესწავლილია დამფუძნებლის შენატანის მონაწილეობის გარეშე. მომჩივანი შემოწმების პროცესში და დავების ეტაპზე ვერ უთითებს კონკრეტულ მონაცემებს, რომელიც ხარჯში არ არის გათვალისწინებული.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ შემოწმების შედეგად ფულის ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია საქონლისა და მომსახურების შესაძენად გადახდილი თანხები, დეკლარირებული მონაცემები, აგრეთვე გათვალისწინებულია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთის, საქონლისა და ნედლეულის ნაშთის, დებიტორული/კრედიტორული დავალიანების შესახებ და წარმოების პროცესში გაწეულ სხვა ხარჯებზე გადახდილ თანხებზე გადასახადის გადამხდელის ინფორმაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. ჯარიმა-საურავების პატიება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 34 693 ლარი, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით 100 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №043-17 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 10 833,17 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე და 291-ე მუხლებზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, შპს „------“(ს/ნ „------“) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №043-17 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია ითხოვს მიეცეს საშუალება შემცირდეს გადასახადები, მოხდეს განხილვა კომპანიის წარმომადგენლების დასწრებით და კომპანიას ქონდეს საშუალება წარმოადგინოს მტკიცებულებები. შემცირდეს და ეპატიოს ჯარიმა-საურავები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.შემოსავლების სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო დაუსწრებლად.მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
2.მომჩივანი მიიჩნევს,რომ შემოწმების დროს ქონების შეფასება და საბაზრო ფასი არასწორად არის აღებული. მისი ღირებულება ბევრად დაბალი იყო მაგ პერიოდისთვის და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას.
3.გადამხდელი მიიჩნევს,რომ არასწორად არის დაბეგრილი შემოტანილი და გატანილი თანხები, რაც ამცირებს დარიცხვას.
4.კომპანია ითხოვს მიეცეს საშუალება შემცირდეს გადასახადები.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ რეალიზებულია 500 ლარის საქონელი - ღორღი, რომელიც გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი. საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე მუხლების საფუძველზე, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2.შემოწმების მიერ განსაზღვრული იქნა დამფუძნებელზე/დირექტორზე ჩუქებით გადაცემული/გადაფორმებული ქონების პროპორციული ღირებულება.საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ ზემოთ აღნიშნული ოპერაციიდან გამომდინარე განსაზღვრული იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის მოცულობა და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
3.სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე განხილულ იქნა საზოგადოების ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად. შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიტიკური პროცედურებით დადგინდა, რომ საზოგადოებაში არც შესამოწმებლ პერიოდში და არც მანამდე კაპიტალის ზრდის/ცვლილების საჭიროება არ დგებოდა. საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 154-ე მუხლების გათვალისწინებით, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განსაზღვრული იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხების მოცულობა და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
4.საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით,საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით 100 ლარი.
გადაწყვეტილება
1.საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ წარმოებული ნადუღის მიწოდება საგადასახადო კანონმდებლობით არ განიხილება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად, ხოლო წარმოების მოცულობასთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტება გათვალისწინებულია საგადასახადო შემოწმების დროს, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3.საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
4.საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,154,269(7),272,275.