ბრძანება N 10708
📄 სრული ტექსტი
N 10708
14 მაისი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.:„-------“)
2026 წლის 27 იანვრისა და 28 აპრილის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 აპრილისა და 30 აპრილის სხდომებზე (ოქმი №29 და №34) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 27 იანვრის №11828/21 და 28 აპრილის №68859/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 დეკემბრის №081-329 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, კერძოდ, შემოწმების მიერ დადგენილ ხორცისა და ძვლის გამოსავლიანობას. განმარტავს, რომ აღნიშნულის შედეგად გაიზარდა მიწოდებული პროდუქციის რაოდენობა/ღირებულება და შესაბამისად, სალაროს ნაშთიც. მიუთითებს, რომ ხორცისა და ძვლის გამოსავლიანობის დასადგენად გადამხდელმა მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლითაც დგინდება საქონლის დამუშავებით მიღებული და მიწოდებული ხორცის/ძვლის რაოდენობა. ამასთან, აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მიერ განსაზღვრული გამოსავლიანობის გათვალისწინებითაც უზუსტობა იკვეთება გაანგარიშებაში, კერძოდ, არასწორად/ზედმეტად არის გაზრდილი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ სასაკლაოს მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის ოდენობას. მიუთითებს, რომ სასაკლაოს მომსახურებით მიღებული შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში შეადგენდა დაახლოებით 3 500 ლარს. აცხადებს, რომ შემოწმებას არ დაუდგენია თუ რა წონის საქონლის დაკვლის მომსახურება იქნა გაწეული, შესაბამისად, არასწორად განისაზღვრა დაბეგვრის ობიექტი. მიუთითებს, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით, რომლის მიხედვით, ერთი ერთეული ბუღას დაკვლის ფასი შეადგენს 100 ლარს. აღნიშნავს, რომ მოცემული სასაქონლო ზედნადები გამოწერილია კომპანიაზე, რომელმაც სამი დღით იქირავა სასაკლაო და შესაბამისად, სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული თანხა მოიცავს არსებული ინვენტარით, აღჭურვილობით, ხარჯებითა და პერსონალით მომსახურების თანხებსაც. განმარტავს, რომ 100 კგ-ზე მეტი წონის საქონლის შემთხვევაში დაკვლის ფასი შეადგენს 40 ლარს, ხოლო 100 კგ-ზე ნაკლების 20-25 ლარს.განმარტავს, რომ საჩივრებზე თანდართული აქვს აღრიცხვის ჟურნალი, სადაც ასახულია თუ რა წონის საქონელი იკვლებოდა გადამხდელის მიერ იჯარით აღებულ სასაკლაოზე.
3. აცხადებს, რომ სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმებამ არ გაითვალისწინა საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლითაც მნიშვნელოვნად შემცირდება სალაროს ნაშთი.
4. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია მექანიკური შეცდომით და მიზნად არ ისახავდა გადასახადებისგან თავის არიდებას. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის №8864 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 07 დეკემბრიდან, შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 8 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 10 დეკემბრის №27189 ბრძანება და ამავე თარიღის №081-329 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 230 192 ლარი, მათ შორის, გადასახადი 141 422 ლარი, ჯარიმა 70 711 ლარი, საურავი 18 059 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ხორცით და ხორცის პროდუქტებით. კომპანიამ, შემოწმების პროცესში, წარმოადგინა ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტები, როგორც დოკუმენტური რეალიზაციის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლებიც გაფორმებულია 2024 წლის სრული პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა თარიღით. პირველი ოთხი თვის განმავლობაში გადამხდელი ფიზიკური პირებისგან ყიდულობდა უშუალოდ საქონელს, კლავდა საკუთარ სასაკლაოზე და აწვდიდა ტენდერის შემსყიდველებს მოთხოვნილ პროდუქციას, ასევე, 2024 წლის მაისის, ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებში კომპანია ფიზიკური პირებისაგან ყიდულობდა უშუალოდ საქონლის ხორცს და შემდეგ აწვდიდა შემსყიდველს, ხოლო 2024 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში კომპანია ფიზიკური პირებისაგან ყიდულობდა საქონლის ტანხორცს. ამასთან, 2024 წლის პირველი ოთხი თვის შესყიდვის აქტებში მითითებულია ერთი კილოგრამი გასაყიდი (გამოსუფთავებული ძვლისგან, ტყავისა და ქონისგან) ხორცის სრული ღირებულების ოდენობა, რომლითაც დადგინდა საქონლიდან სუფთა ხორცის გამოსავლიანობა საშუალოდ 43%-ის ოდენობით. დანარჩენ თვეებზე გადასახადის გადამხდელმა სატელეფონო კომუნიკაციის გზით განმარტა, რომ შესყიდვის აქტებში ჩაწერილი სიტყვები „საქონლის ხორცი“ იგივეა, რაც ზოგიერთ შესყიდვის აქტში ჩაწერილი „ტანხორცი“. აღნიშნული ინფორმაცია გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიერ, რადგან შესყიდვის აქტებში ჩაწერილი ერთი კილოგრამი საქონლის ხორცისა და ერთი კილოგრამი საქონლის ტანხორცის ფასი ედრება ერთმანეთს და ორივე შემთხვევაში განხილულ იქნა ერთი კილოგრამი საქონლის ტანხორცის ღირებულებად, ვინაიდან, მითითებული ფასები შეუსაბამოდ დაბალია საქონლის ხორცის ღირებულებისთვის. გადასახადის გადამხდელისგან სატელოფონო კომუნიკაციის საშუალებითა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოთხოვნილ იქნა ახსნა-განმარტება საქონლის ხორცის რა გამოსავლიანობა უნდა ყოფილიყო აღებული შესყიდვის აქტებში მითითებულ ტანხორცებში, რაზეც გადამხდელმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განმარტა, რომ გამოსავლიანობის პროცენტულობა შეადგენს 50%-დან 65%-მდე. მოწოდებული პროცენტულობის დიაპაზონი დიდია იმისათვის, რომ შემოწმების ეტაპზე მიზანშეწონილად მიჩნეულიყო მისი გამოყენება და ამავდროულად, აღნიშნული პროცენტი ნაკლებია შემოწმების ანალიზის შედეგად მიღებულზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმებამ გამოიყენა ტანხორციდან საქონლის ხორცის გამოსავლიანობის აუდირებული პროცენტული მაჩვენებელი 77%-ის ოდენობით. აღნიშნული პროცენტი გამოყენებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2024 წლის ბოლო რვა თვის შესყიდვის აქტებიდან, ტანხორციდან გამოსავლიანობის გასაანგარიშებლად. შესაბამისად, შესყიდვის აქტებით სუფთა (ტენდერის მოთხოვნებისათვის დამაკმაყოფილებელი) საქონლის ხორცის ოდენობამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შეადგინა 94 935 კილოგრამი, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციით დადგენილი საქონლის ოდენობა შეადგენს 83 643 ლარს. შემოწმების ეტაპზე შემოწმებამ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია გადამხდელის სასაკლაოზე შესამოწმებელ პერიოდში დაკლული ცხოველების რაოდენობის შესახებ. შედეგად, შემოწმებას მიეწოდა თვეების მიხედვით ჩაშლილი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლისა და ღორის დაკვლის ოდენობის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულ ოდენობას გამოაკლდა შესყიდვის აქტებითა და სასაქონლო ზედნადებით განსაზღვრული საქონლის ოდენობა და დარჩენილი რაოდენობა დაკვალიფიცირდა მესამე პირებისთვის გაწეული დაკვლის მომსახურებად. გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად, მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლის მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 100 ლარი, ხოლო წვრილფეხა პირუტყვის 40 ლარი. დაკვლის მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა სრულ შესამოწმებელ პერიოდზე შეადგინა 278 600 ლარი. გადასახადის გადამხდელს სასაქონლო ზედნადებით უფიქსირდება საქონლის ხორცისა და ძვლის გაყიდვა. შესყიდვის აქტების მონაცემებიდან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გაანგარიშდა საქონლის ძვლის გამოსავლიანობა, როგორც საქონლიდან ასევე, საქონლის ტანხორციდან და რადგან მიღებული ოდენობა აღემატებოდა დოკუმენტურ რეალიზაციას, აღნიშნული მიჩნეულ იქნა ნაშთად/დანაკლისად. შესაბამისად, საქონლის ხორცისა და ძვლის დანაკლისი შემოწმების მიერ გაიყიდა დოკუმენტური რეალიზაციიდან გამოყვანილი ფასნამატით და ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი პერიოდების მიხედვით, დირექტორების შესაბამისად და 556 863 ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელთან 2025 წლის 6 მაისს ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიება სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნული ლარის ოდენობით. ამავე დღეს კომპანიამ დააზუსტა 2024 წლის დეკემბრის თვის მოგების გადასახადის დეკლარაცია და განაწილებული მოგება გაზარდა 53 580 ლარით, თუმცა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში იგივე თანხის ნაცვლად მიუთითა უშუალოდ გადასახდელი მოგების გადასახადი 9 455 ლარი, რაც შემოწმების მიერ გასწორდა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანიამ, შემოწმების პროცესში, წარმოადგინა ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტები, როგორც დოკუმენტური რეალიზაციის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლებიც გაფორმებულია 2024 წლის სრული პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა თარიღით. 2024 წლის პირველი ოთხი თვის შესყიდვის აქტებში მითითებულია ერთი კილოგრამი გასაყიდი (გამოსუფთავებული ძვლისგან, ტყავისა და ქონისგან) ხორცის სრული ღირებულების ოდენობა, რომლითაც დადგინდა საქონლიდან სუფთა ხორცის გამოსავლიანობა საშუალოდ 43%-ის ოდენობით. დანარჩენ თვეებზე გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ შესყიდვის აქტებში ჩაწერილი სიტყვები „საქონლის ხორცი“ იგივეა, რაც ზოგიერთ შესყიდვის აქტში ჩაწერილი „ტანხორცი“. გადამხდელმა განმარტა, რომ გამოსავლიანობის პროცენტულობა შეადგენს 50%-დან 65%- მდე, რაც საკმაოდ დიდი დიაპაზონია მიზანშეწონილად მიჩნევისა და გამოყენებისთვის. ამავდროულად, აღნიშნული პროცენტი ნაკლებია შემოწმების ანალიზის შედეგად მიღებულზე. შესაბამისად, შემოწმებამ გამოიყენა ტანხორციდან საქონლის ხორცის გამოსავლიანობის აუდირებული პროცენტული მაჩვენებელი 77%. აღნიშნული პროცენტი გამოყენებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2024 წლის ბოლო რვა თვის შესყიდვის აქტებიდან, ტანხორციდან გამოსავლიანობის გასაანგარიშებლად. ასევე, შემოწმებამ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია გადამხდელის სასაკლაოზე შესამოწმებელ პერიოდში დაკლული ცხოველების რაოდენობის შესახებ, რომელსაც გამოაკლდა შესყიდვის აქტებითა და სასაქონლო ზედნადებით განსაზღვრული საქონლის ოდენობა და დარჩენილი რაოდენობა დაკვალიფიცირდა მესამე პირებისთვის გაწეული დაკვლის მომსახურებად. გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად, მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლის მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 100 ლარი, ხოლო წვრილფეხა პირუტყვის 40 ლარი. დაკვლის მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა სრულ შესამოწმებელ პერიოდზე შეადგინა 278 600 ლარი. გადასახადის გადამხდელს სასაქონლო ზედნადებით უფიქსირდება საქონლის ხორცისა და ძვლის გაყიდვა. შესყიდვის აქტების მონაცემებიდან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გაანგარიშდა საქონლის ძვლის გამოსავლიანობა, როგორც საქონლიდან ასევე, საქონლის ტანხორციდან და რადგან მიღებული ოდენობა აღემატებოდა დოკუმენტურ რეალიზაციას, აღნიშნული მიჩნეულ იქნა ნაშთად/დანაკლისად. შესაბამისად, საქონლის ხორცისა და ძვლის დანაკლისი შემოწმების მიერ გაიყიდა დოკუმენტური რეალიზაციიდან გამოყვანილი ფასნამატით და ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი პერიოდების მიხედვით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ დადგენილი ხორცისა და ძვლის გამოსავლიანობის ოდენობა არასწორია. განმარტავს, რომ ტენდერის მოთხოვნების დაცვით ხორციელდება საქონლის დამუშავება და საბავშვო ბაგა-ბაღებზე საქონლის ხორცის მიწოდება. აცხადებს, რომ ტენდერით საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები იყო დადგენილი და შესასრულებელი, შესაბამისად, აღნიშნულ პირობებში ხორცის 77%-იან გამოსავლიანობის დადგენა არამართლზომიერია. მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ დადგენილი გამოსავლიანობის შედეგად გაიზარდა მიწოდებული პროდუქციის რაოდენობა/ღირებულება და შესაბამისად, სალაროს ნაშთიც. გადამხდელმა დავის განხილვის პროცესში წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ხორცისა და ძვლის გამოსავლიანობის შესახებ, რომლითაც დგინდება საქონლის დამუშავებით რა ოდენობის ხორცი/ძვალი იქნა მიღებული და მიწოდებული შემსყიდველებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაითვალისწინოს დავის განხილვის პროცესში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ხორცისა და ძვლის გამოსავლიანობის შესახებ და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების (№„-------“; №„-------“) შესაბამისად, მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლის მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 100 ლარი, ხოლო წვრილფეხა პირუტყვის 40 ლარი. აღნიშნულს მოწმობს საბანკო ჩარიცხვები. ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული ღირებულების ზრდის სასაკლაოს გაქირავების შედეგად წარმოშობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელს არც შემოწმების პროცესში და არც დავის განხილვის ეტაპზე არ წარმოუდგენია დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული ფასისგან განსხვავებული ფასი.
რაც შეეხება გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართულ სააღრიცხვო ჟურნალს, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ აღნიშნული დოკუმენტი კომპანიას შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია. ამასთან, საჩივრებზე თანდართული დოკუმენტის გაანალიზება შეუძლებელია, რადგან წარმოდგენილ სააღრიცხვო ჟურნალში შეუძლებელია მონაცემების იდენტიფიცირება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივნის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირის განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ სალაროს ნაშთის გაანაგრიშებაში გათვალისწინებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები ხარჯებთან დაკავშირებით გადამხდელს არც შემოწმების პროცესში და არც დავების განხილვის ეტპაზე არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის არგუმენტაცია საფუძველს მოკლებულია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაითვალისწინოს დავის განხილვის პროცესში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ხორცისა და ძვლის გამოსავლიანობის შესახებ და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის ოდენობას.
3.აცხადებს, რომ სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმებამ არ გაითვალისწინა საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლითაც მნიშვნელოვნად შემცირდება სალაროს ნაშთი.
4.გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
-გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ხორცით და ხორცის პროდუქტებით.
კომპანიამ, შემოწმების პროცესში, წარმოადგინა ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტები.პირველი ოთხი თვის განმავლობაში გადამხდელი ფიზიკური პირებისგან ყიდულობდა უშუალოდ საქონელს, კლავდა საკუთარ სასაკლაოზე და აწვდიდა ტენდერის შემსყიდველებს მოთხოვნილ პროდუქციას, ასევე, 2024 წლის მაისის, ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებში კომპანია ფიზიკური პირებისაგან ყიდულობდა უშუალოდ საქონლის ხორცს და შემდეგ აწვდიდა შემსყიდველს, ხოლო 2024 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში კომპანია ფიზიკური პირებისაგან ყიდულობდა საქონლის ტანხორცს.
შემოწმების ეტაპზე შემოწმებამ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია გადამხდელის სასაკლაოზე შესამოწმებელ პერიოდში დაკლული ცხოველების რაოდენობის შესახებ. შედეგად, შემოწმებას მიეწოდა თვეების მიხედვით ჩაშლილი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლისა და ღორის დაკვლის ოდენობის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულ ოდენობას გამოაკლდა შესყიდვის აქტებითა და სასაქონლო ზედნადებით განსაზღვრული საქონლის ოდენობა და დარჩენილი რაოდენობა დაკვალიფიცირდა მესამე პირებისთვის გაწეული დაკვლის მომსახურებად.
გადამხდელს სასაქონლო ზედნადებით უფიქსირდება საქონლის ხორცისა და ძვლის გაყიდვა. შესყიდვის აქტების მონაცემებიდან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გაანგარიშდა საქონლის ძვლის გამოსავლიანობა, როგორც საქონლიდან ასევე, საქონლის ტანხორციდან და რადგან მიღებული ოდენობა აღემატებოდა დოკუმენტურ რეალიზაციას, აღნიშნული მიჩნეულ იქნა ნაშთად/დანაკლისად. შესაბამისად, საქონლის ხორცისა და ძვლის დანაკლისი შემოწმების მიერ გაიყიდა დოკუმენტური რეალიზაციიდან გამოყვანილი ფასნამატით და ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი პერიოდების მიხედვით, დირექტორების შესაბამისად და ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს, სსკ-ის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
-გადამხდელთან ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიება სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნული ლარის ოდენობით. ამავე დღეს კომპანიამ დააზუსტა 2024 წლის დეკემბრის თვის მოგების გადასახადის დეკლარაცია და განაწილებული მოგება გაზარდა,თუმცა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში იგივე თანხის ნაცვლად მიუთითა უშუალოდ გადასახდელი მოგების გადასახადი , რაც შემოწმების მიერ გასწორდა. შედეგად,სსკ-ის 130-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაითვალისწინოს დავის განხილვის პროცესში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ხორცისა და ძვლის გამოსავლიანობის შესახებ და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,154,275.