ბრძანება N 31226

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.12.2023
№ დოკუმენტი 31226
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 31226

12 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------’’ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------)

იურ. მის.: ----------)

2023 წლის 24 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №20406/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------’’ (ს/ნ ----------) 2023 წლის 24 თებერვლის №79345/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №001-266 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ ნაწარმოები აქვს ბუღალტრული ჩანაწერები პერიოდული აღრიცხვის პრინციპით, სადაც დოკუმენტური რეალიზაციის იდენტიფიკაცია ხდება თითქმის 100%-ით და საცალო რეალიზაციის ჩამოწერა ხდება პერიოდულად, ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს. აცხადებს, რომ ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საქონელი ჩამოწერილია გადამხდელის მიერ დადგენილი საშუალო ფასნამატით, რომელიც შეადგენს 25-35%-მდე. აცხადებს, რომ დავის პროცესში წარმოადგენს დოკუმენტური რეალიზაციის ანალიზს. განმარტავს, რომ საქონლის შენახვის ვადა არის ძალიან მცირე, რის გამოც თუ საქონელი დროულად არ გაიყიდა, კარგავს გასაყიდ სახეს და გარდაიქმნება დაბალ ფასიან პროდუქციად, რომლის რეალიზაცია ან საერთოდ ვერ ხდება ან ხდება თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. აცხადებს, რომ გადამხდელი წარმოადგენს საბითუმოდ მოვაჭრე კომპანიას, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ---------- ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიუთითებს, რომ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 1 392 378 ლარს და დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 392 810 ლარს, მთლიანი საქონლის რეალიზაციის თითქმის 30%-ს. მიუთითებს, რომ გაგზავნილი აქვს განცხადებები გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის შესახებ, რომელიც დადასტურებულია საგადასახადო ორგანოს მიერ.

მომჩივანი ასევე, არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ ფასნამატს (50% და 62%) და აცხადებს, რომ შემოწმებამ აღნიშნული ფასნამატი გაავრცელა ისეთ კატეგორიებზე, რომელზეც დოკუმენტური რეალიზაცია არ არსებობდა. გადამხდელის გაანგარიშებით საშუალო წლიური ფასნამატი შეადგენს 27-28%-ს. აცხადებს, რომ რეალური გაანგარიშებებით სალაროს ნაშთი არ აღემატება დაახლოებით 300 000 ლარს. ითხოვს მათ მიერ წარდგენილი ნოტარიულად დამოწმებული შესყიდვის აქტების გათვალისწინებას და დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №30082 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------’’ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 3 სექტემბრიდან 2022 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 28 დეკემბრის №33472 ბრძანება და ამავე თარიღის №001-266 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 751 153 ლარი, მათ შორის: გადასახადი 425 466 ლარი, ჯარიმა 216 507 ლარი, საურავი 109 180 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 21 ივნისის №14328 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 16 ნოემბრის №20406/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ივნისის №14328 ბრძანება და საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატი), მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ნოემბრის №20406/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, ამ ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს მალფუჭებადი საქონლის (ხილ-ბოსტნეული) იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 392 378 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმების მიმდინარეობისას არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები და შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 49-ე მუხლის გათვალისწინებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდში საქონლის დოკუმენტური რეალიზაციის შესაბამისად გაანგარიშებული იქნა საქონლის დასახელებების მიხედვით ფასნამატი, გაანგარიშდა დოკუმენტით რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. საცალოდ (დოკუმენტების გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე (გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ნებართვით ვადაგასული საქონლის ჩამოწერების გათვალისწინებით) გავრცელებული იქნა კონკრეტული საქონლის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი, ხოლო საერთო საშუალო შეწონილი ფასნამატი გავრცელდა ისეთ კატეგორიებზე, რომლის დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდებოდა. აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი, შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად განისაზღვრა 2 440 110 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა 1 047 733 ლარი (დღგ-ის გარეშე), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე (2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის) მუხლის გათვალისწინებით, დამატებით დაიბეგრა დღგ-ით.

საწარმო 2022 წლის თებერვლის თვის შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს. შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემოსავალი 970 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რომელიც არ იყო აღრიცხული. შემოწმებით დამატებით დადგენილი მიღებული შემოსავლის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და“ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიმდინარეობისას არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები და შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდში საქონლის დოკუმენტური რეალიზაციის შესაბამისად გაანგარიშებული იქნა საქონლის დასახელებების მიხედვით ფასნამატი, დაანგარიშდა დოკუმენტით რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. საცალოდ (დოკუმენტების გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული იქნა კონკრეტული საქონლის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი, ხოლო საერთო საშუალო შეწონილი ფასნამატი გავრცელდა ისეთ კატეგორიებზე, რომლის დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდებოდა. აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი. ასევე, შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემოსავალი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რომელიც საწარმოს არ ჰქონდა აღრიცხული.

შემოწმებით დამატებით დადგენილი მიღებული შემოსავლის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია. შესაბამისად, აღნიშნული შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სარეალიზაციო საქონლის თვითღირებულების გაანგარიშებისას სრულად გათვალისწინებულია, გადასახადის გადამხდელის მიერ, შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩამოწერილი საქონლის თვითღირებულება. ხოლო, რაც შეეხება დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშების მეთოდს, ფასნამატის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული დოკუმენტური რეალიზაციის ის ნაწილი, რომელზეც იყო უარყოფითი ფასნამატი, რადგანაც გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებში შემცირებული იყო სარეალიზაციო ფასი სხვადასხვა არამეწარმე ფიზიკურ პირზე, ხოლო შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი ემთხვევა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დადგენილ ფასნამატს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------’’ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიმდინარეობისას არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები და შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდში საქონლის დოკუმენტური რეალიზაციის შესაბამისად გაანგარიშებული იქნა საქონლის დასახელებების მიხედვით ფასნამატი, დაანგარიშდა დოკუმენტით რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. საცალოდ (დოკუმენტების გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული იქნა კონკრეტული საქონლის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი, ხოლო საერთო საშუალო შეწონილი ფასნამატი გავრცელდა ისეთ კატეგორიებზე, რომლის დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდებოდა. აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი. ასევე, შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემოსავალი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რომელიც საწარმოს არ ჰქონდა აღრიცხული. შემოწმებით დამატებით დადგენილი მიღებული შემოსავლის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია. შესაბამისად, აღნიშნული შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სარეალიზაციო საქონლის თვითღირებულების გაანგარიშებისას სრულად გათვალისწინებულია, გადასახადის გადამხდელის მიერ, შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩამოწერილი საქონლის თვითღირებულება. ხოლო, რაც შეეხება დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშების მეთოდს, ფასნამატის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული დოკუმენტური რეალიზაციის ის ნაწილი, რომელზეც იყო უარყოფითი ფასნამატი, რადგანაც გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებში შემცირებული იყო სარეალიზაციო ფასი სხვადასხვა არამეწარმე ფიზიკურ პირზე, ხოლო შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი ემთხვევა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დადგენილ ფასნამატს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 160; 275.