ბრძანება N 17330
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17330
24 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2024 წლის 14 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 და 18 ივლისს გამართულ სხდომებზე (ოქმი №75; №78) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი ივლისის №22441/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 14 იანვრის №86732/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 დეკემბრის №007-364 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. გადასახადის გადამხდელი ითხოვს განმარტებას, თუ რომელი კანონი ავალდებულებს სასურსათო მაღაზიას, რომ ობიექტზე იქონიოს საქონლის გაყიდვის შესაბამისი კომპიუტერული პროგრამა. აგრეთვე, არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებასაც.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარში, მითითებულია შემდეგი არგუმენტები:
● მომჩივანმა განმარტა, რომ მისთვის უცნობია ინფორმაცია იმ მეწარმეების შესახებ, რომლებიც ჩაითვალნენ გადასახადის გადამხდელის ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებად და როგორი იყო აღნიშნულ მეწარმეებთან დაანგარიშებული ფასნამატი.
● მომჩივნის პოზიციით, 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემოწმების მიერ, ინვენტარიზაციით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიების მიხედვით გათვალისწინებული ფასნამატი არასწორია და არ შეესაბამება რეალობას.
● გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმებამ არასწორად გამიჯნა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში შეიყვანა გაყიდვებთან დაკავშირებული ხარჯები როგორიცაა: ერთჯერადი პარკები, საკასო აპარატის ლენტი და სხვა.
● გადამხდელი აგრეთვე, არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და განმარტავს, რომ ხარჯში არ არის გათვალისწინებული ბანკის საკომისიოები, დებიტორული დავალიანება და საბანკო კრედიტის ხარჯები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 სექტემბრის №22838 და 27 ოქტომბრის №26504 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 4 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 12 დეკემბრის №31148 ბრძანება და 13 დეკემბრის №007-364 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 249 880 ლარი, მათ შორის გადასახადი 145 744 ლარი, ჯარიმა 72 358 ლარი და საურავი 31 778 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 13 თებერვლის №3049 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის პირველი ივლისის №22441/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 თებერვლის №3049 ბრძანება და საჩივარი, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი ივლისის №22441/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:
„საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა და დამატებულია (არგუმენტაცია/მტკიცებულება) დავის მეორე ეტაპზე, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივარი, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით, სასმელებით და საკვები პროდუქტებით, იჯარით აღებულ ფართში ----------. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობები შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. კერძოდ, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად არ ხდებოდა ოპერაციის დაწყება-დასრულებაზე კონტროლი. გამოვლინდა არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ დეკლარირებულ ფასნამატსა (2020 5.8%; 2021 1%; 2022 -36.9%, 2023- 42.3%) და შემოწმების მიერ დადგენილს, აუდირებულსა და ინვენტარიზაციით გამოვლენილ ფასნამატებს შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოწმებამ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების რაოდენობიდან და შინაარსიდან (გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშფაქტურები მხოლოდ გაწეულ მარკეტინგულ მომსახურებებზე) გამომდინარე, ვერ მოხერხდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება. საქონლის თვითღირებულებაზე 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში გავრცელდა შემოწმების მიერ იდენტიფიცირებული იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი, ხოლო 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში გავრცელდა 2023 წლის 19 ოქტომბრის N22973 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის ფასნამატები, კატეგორიების შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 161-ე მუხლების და 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების საფუძველზე კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და სხვა ხელთ არსებული მასალები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს სალაროში უნდა ჰქონოდა. ამასთან, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გაცემული დივიდენდები არ ჰქონია. შესაბამისად, შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორი - ----------) გაცემულ ხელფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად არ ხდებოდა ოპერაციის დაწყებასა და დასრულებაზე კონტროლი. გამოვლინდა არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ დეკლარირებულ ფასნამატსა და შემოწმებით დადგენილს შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოწმებამ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ საქონლის თვითღირებულებაზე 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენება, ხოლო, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში 2023 წლის 19 ოქტომბრის ჩატარებული ინვენტარიზაციის ფასნამატების გამოყენება შესაბამისი კატეგორიების მიხედვით. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა კანონშესაბამისია.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარში მითითებულ არგუმენტებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად:
● აუდირებული ფასნამატის გამოყენებასთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის საგადასახადო შემოწმების და გაანგარიშების შედეგების შესახებ ინფორმაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საგადასახადო საიდუმლოებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეცნობა გადასახადის გადამხდელს.
● გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე, შემოწმების მიერ, ინვენტარიზაციით განსაზღვრული ფასნამატი არასწორია და არ შეესაბამება რეალობას, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფასნამატი შემოწმების მიერ გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწერილი საქონლის თვითღირებულებების საფუძველზე.
● მომჩივნის არგუმენტთან მიმართებით, რომ შემოწმებამ არასწორად გამიჯნა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები, აუდიტის დეპარტამენტმა განმარტა, რომ დღგ-ის ბრუნვები, როგორც დასაბეგრი, ისე გათავისუფლებული გაანგარიშდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) შეძენის ელექტრონული დოკუმენტების მიხედვით. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაში, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესულია ერთჯერადი პარკებიც.
● ფულის ნაშთის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა გაანგარიშების ცხრილები შესამოწმებელი პერიოდის ცვლილებამდე არსებული მონაცემებით, ბანკის ამონაწერის ნაწილის გარეშე, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტში გადატანილია მონაცემები სრულად, მათ შორის საკომისიო ხარჯები 1 924 ლარი. ამასთან, ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში ტერმინალით რეალიზაციის თანხა საკომისიოს გარეშეა, შესაბამისად ცალკე არ არის გამოკლებული ტერმინალის საკომისიოს ხარჯი. ხოლო, რაც შეეხება საპროცენტო ხარჯებს, სესხი გაცემული იყო არა კომპანიაზე, არამედ კომპანიის დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე და დებიტორული დავალიანებების შესახებ წარმომადგენელს შემოწმებისათვის არ მიუწოდებია მონაცემები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად არ ხდებოდა ოპერაციის დაწყებასა და დასრულებაზე კონტროლი. გამოვლინდა არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ დეკლარირებულ ფასნამატსა და შემოწმებით დადგენილს შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოწმებამ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ საქონლის თვითღირებულებაზე 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენება, ხოლო, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში 2023 წლის 19 ოქტომბრის ჩატარებული ინვენტარიზაციის ფასნამატების გამოყენება შესაბამისი კატეგორიების მიხედვით. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა კანონშესაბამისია.
● აუდირებული ფასნამატის გამოყენებასთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის საგადასახადო შემოწმების და გაანგარიშების შედეგების შესახებ ინფორმაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საგადასახადო საიდუმლოებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეცნობა გადასახადის გადამხდელს.
● გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე, შემოწმების მიერ, ინვენტარიზაციით განსაზღვრული ფასნამატი არასწორია და არ შეესაბამება რეალობას, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფასნამატი შემოწმების მიერ გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწერილი საქონლის თვითღირებულებების საფუძველზე.
● მომჩივნის არგუმენტთან მიმართებით, რომ შემოწმებამ არასწორად გამიჯნა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები, აუდიტის დეპარტამენტმა განმარტა, რომ დღგ-ის ბრუნვები, როგორც დასაბეგრი, ისე გათავისუფლებული გაანგარიშდა მომჩივანის შეძენის ელექტრონული დოკუმენტების მიხედვით. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაში, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესულია ერთჯერადი პარკებიც.
● ფულის ნაშთის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა გაანგარიშების ცხრილები შესამოწმებელი პერიოდის ცვლილებამდე არსებული მონაცემებით, ბანკის ამონაწერის ნაწილის გარეშე, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტში გადატანილია მონაცემები სრულად, მათ შორის საკომისიო ხარჯები 1 924 ლარი. ამასთან, ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში ტერმინალით რეალიზაციის თანხა საკომისიოს გარეშეა, შესაბამისად ცალკე არ არის გამოკლებული ტერმინალის საკომისიოს ხარჯი. ხოლო, რაც შეეხება საპროცენტო ხარჯებს, სესხი გაცემული იყო არა კომპანიაზე, არამედ კომპანიის დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე და დებიტორული დავალიანებების შესახებ წარმომადგენელს შემოწმებისათვის არ მიუწოდებია მონაცემები.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)